აქა ამბავი ნიკოლოზ II-ის და ლავრენტი ბერიას პირადი სტომატოლოგისა - კვირის პალიტრა

აქა ამბავი ნიკოლოზ II-ის და ლავრენტი ბერიას პირადი სტომატოლოგისა

ჰოდა, ამან უნდა თქვას, ბიოგრაფია მაქვსო!ლეგენდარულობისა რა გითხრათ, - ლეგენდარულობა ალბათ მეტ ცნობადობას და პოპულარობას გულისხმობს, - მაგრამ ამ კაცის იდუმალი ბიოგრაფია რომ უაღრესად შთამბეჭდავია, წინააღმდეგობებითა თუ უკიდურესობებით არის აღსავსე და ზოგჯერ დაუჯერებელიც გვეჩვენება, ფაქტია!

გრაფ აპოლონ ურუშაძეზე მოგახსენებთ. ცოტამ თუ იცის, რომ 1921 წლის თებერვალში თბილისს შემოსეულ წითელ არმიას სხვებთან ერთად ებრძოდა გენერალ-მაიორი აპოლონ ურუშაძეც. თუმცა მის ხსენებას ვერ ნახავთ დამოუკიდებელი საქართველოს გენერალთა შორის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამხედრო წოდება მას არ ჰქონია. საქმე ის არის, რომ 1915 წელს მას, სრულიად ახალგაზრდას, 29 წლისას, ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი მიენიჭა, რაც რუსეთის იმპერიის რანგთა ტაბელით გენერალ-მაიორის სამხედრო წოდებას შეესაბამებოდა. არადა, რა გრაფი, რის გენერალ-მაიორი, რომელი სახელმწიფო მრჩეველი... სამსახურებრივი კარიერა ჩვეულებრივი სტომატოლოგობით დაიწყო.

01-makharobel-urushadze-2-1685652593.jpg
მახარობელ ურუშაძე

მისი რამდენადმე შორეული, მაგრამ უშუალო წინაპარი ყოფილა ლანჩხუთელი აზნაური, გურიელთა სამთავრო კარის მდივან-მწიგნობრის ოჯახში დაბადებული მახარობელ ურუშაძე (1788-1861) - გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია V გურიელის სიყრმის მეგობარი და თანამოაზრე, რომელიც მამიას მხარდამხარ იბრძოდა ლანჩხუთის სეპარატისტი მოურავის - ზუბაიდელ ჟორდანიას წინააღმდეგ. ჟორდანიას დამარცხებისა და მამიას სამთავრო ტახტზე ასვლის შემდეგ, მახარობელ ურუშაძეს ჯერ ლანჩხუთის მამასახლისობა ებოძა ზუბაიდელ ჟორდანიასეული მამულით და მასზე მოსახლე გლეხებითურთ, შემდეგ კი - გურიელების სოფელ ლესას მამულის მოურავობა. მახარობელ ურუშაძე 1810-1812 წლებში მონაწილეობდა თურქ-ოსმალთა წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. ამას გარდა, იყო 1828-1829 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომის მონაწილე. მხედრული წარჩინებისთვის დააჯილდოვეს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენითა და I და II ხარისხის მედლებით. ცოლად ჰყავდა იმერეთის მეფე დავით II-ის შვილთაშვილი მართა თავდგირიძე. მათი შვილიშვილი ყოფილა პავლე ურუშაძე, ხოლო ამის შვილები - ძმები აპოლონ და აკაკი ურუშაძეები მახარობელის შვილთაშვილები არიან. აპოლონი 1886 წელს დაიბადა, აკაკი - 1893-ში (სხვა ცნობით - 1890-ში). აპოლონსა და აკაკის დაც ჰყოლიათ - სარა, რომელიც მეორე ცოლი იყო 1888 წელს ლანჩხუთში დაბადებული ჯერ სოციალ-დემოკრატი, შემდეგ სოციალ-ფედერალისტი და ბოლოს კომუნისტი თედო ღლონტისა. თედო ღლონტი - გაზეთ “ზვირთის” დამფუძნებელი და რედაქტორი, გაზეთ “სახალხო ფურცლის” რედაქტორი, საბჭოთა კავშირის ფინანსთა სახალხო კომისრის რწმუნებული საქართველოში, რომელმაც 1926 წელს თბილისის უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე ივანე ჯავახიშვილი შეცვალა, 1937 წელს დახვრიტეს, როგორც გერმანიის დაზვერვის აგენტი, რაც თავადვე აღიარა დაკითხვისას.

family-nicholas-ii-of-russia-ca-1914-2aaaaaaaaaaaaaaaaaaa-1685652593.jpg
ნიკოლოზ II ოჯახთან ერთად (1914 წ.)

იმ დროს იგი უკვე საქართველოს კომუნალური ბანკის დირექტორი და საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარი იყო. ხოლო გერმანიის დაზვერვასთან სათანამშრომლოდ მისი პირველი ცოლის, ერნას მამას - რიხარდ ციულკეს მიუდრეკია. წარჩინებული ლანჩხუთელი აზნაურების შთამომავალი, უკვე გრაფი და უკვე პროფესორი აპოლონ ურუშაძე, 1953-ში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მტრული საქმიანობის ბრალდებით დაპატიმრებული, პირველსავე დაკითხვაზე ასე იხსენებდა მისი ცხოვრების იმ საწყის პერიოდს:”რსდმ პარტიაში შევედი 1904 წლის ბოლოს თბილისში, სადაც მაშინ მე-2 გიმნაზიაში ვსწავლობდი.

1905 წელს შევუერთდი მენშევიკებს, რომელთაც მაშინ ნოე ჟორდანია ხელმძღვანელობდა. ეს განაპირობა იმან, რომ ჟორდანია ავტორიტეტად ითვლებოდა და თანაც ჩემი თანასოფლელი იყო. 1906 წელს მოსალოდნელ რეპრესიებს გავეცალე და პეტერბურგში წავედი, სადაც თავისუფალ მსმენელად შევედი უნივერსიტეტში”.

ჩვენებაში ამას აპოლონ ურუშაძე არ ამბობს, მაგრამ საქმეში ჩართულ მის ავტობიოგრაფიაში წერს, რომ 1905 წელს აქტიურად მონაწილეობდა გურიის ამბებში და, როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო მოელოდა რეპრესიებს, რომელთაც პეტერბურგში გარიდებია. იმავე ავტობიოგრაფიიდან და მისი სხვა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ პეტერბურგში აპოლონ ურუშაძე, ნოე ჟორდანიას დავალებით, გადასახლებიდან თავდახსნილ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებაში ეხმარებოდა, რისთვისაც კონსპირაციული ბინა ჰქონია.კონსპირაციული მუშაობისა და უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად სიარულის პარალელურად, აპოლონ ურუშაძე პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა, რომელიც დაუდგენელი მიზეზების გამო არ თუ ვერ დაუმთავრებია.”სამაგიეროდ”, 1910 წელს დაუმთავრებია პეტერბურგის კბილ-საექიმო სასწავლებელი და სტომატოლოგიურ კლინიკაში დაუწყია მუშაობა ცნობილი ოდონტოლოგის, პროფესორ ფრანც ზვერჟხოვსკის ასისტენტად. შემდეგ კბილ-საექიმო კურსების ქირურგიული განყოფილების გამგე ყოფილა.

03-apolon-da-oleg-urushadze-carskoe-selo-1685652593.jpg
აპოლონ და ოლეგ (ბავშვი მამის ხელში) ურუშაძეები ცარსკოე სელოში

1912 წელს საიმპერატორო კარზე მიუწვევიათ და 1917 წლამდე ნიკოლოზ II-ის და მთელი მისი ოჯახის პირადი სტომატოლოგი გამხდარა.მისი ბიოგრაფიის ამ ალბათ ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ეპიზოდის შესახებ არაფერია ნათქვამი აპოლონ ურუშაძის საქმეში, რომელიც ფოტოპირების სახით დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება. როგორც ჩანს, და ეს გასაგებიც არის, აპოლონ ურუშაძე მთელი თავისი მომდევნო ცხოვრების განმავლობაში მალავდა იმპერატორის ოჯახთან თავის ასეთ სიახლოვეს, მალავდა გრაფის ტიტულსაც, მაგრამ ის კი გაუგებარია, როგორ დარჩათ ეს მომენტები ყურადღების მიღმა საბჭოთა კავშირის უშიშროებისა თუ შინაგან საქმეთა ორგანოებს. საკვირველია, რომ არაფერია ნათქვამი აპოლონ ურუშაძის ცხოვრების ამ ეპიზოდის შესახებ არც გრიგოლ ლიპარტელიანის წიგნში “ქართველები პეტერბურგში”, რომელიც ორჯერ - 2008 და 2012 წლებში გამოიცა სანკტ-პეტერბურგში. ამ წიგნში აპოლონ ურუშაძეს ერთი გვერდი ეთმობა და, ჩემი ცოდნით, ეს არის ყველაზე ვრცელი მასალა, რაც მის შესახებ დღემდე გამოქვეყნებულა ამა თუ იმ ენაზე.შეიძლება ეს ამბავი თანადროულ თუ გვიანდელ ლეგენდად, გამოგონილ ამბად, ერთგვარ ფაქტოიდად ჩაგვეთვალა, მაგრამ აპოლონ ურუშაძის კარის სტომატოლოგობა ერთი-ორი ისეთი სანდო წყაროთი დასტურდება, როგორიცაა, მაგალითად ცარსკოე სელოში გადაღებული მისი და მისი პირველი ვაჟიშვილის ფოტოები ან საბჭოთა ეპოქის ყველაზე გამოჩენილი დანტისტის, ალექსეი დოინიკოვის მოგონებები.სხვათა შორის, სწორედ აპოლონ ურუშაძის მიერ ნამკურნალები კბილების მიხედვით მოხერხდა თავის დროზე ეკატერინბურგში დახვრეტილი ნიკოლოზ II-ისა და მისი ოჯახის წევრთა იდენტიფიკაცია.

paola-urushadze-101-1685652593.jpg
იგორურუშაძე დეიდა-შვილთან ერთად

აი, რას იხსენებს ამასთან დაკავშირებით მთელი საბჭოთა და პარტიული ელიტის კბილების მკურნალი, 1953-1984 წლებში სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობილი მე-4 სამმართველოს მთავარი სტომატოლოგი, კრემლის ლეგენდარული დანტისტი, პროფესორი ალექსეი დოინიკოვი:- 1952 წელს თბილისში მე გავიცანი აპოლონ პავლეს ძე ურუშაძე, გრაფი და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის გამგე. თავის დროზე ის მკურნალობდა ნიკოლოზ II-ის კბილებს და პროთეზიც გაუკეთა მეფეს. ურუშაძემ კერძოდ მიამბო, თუ რა დიდხანს მკურნალობდა იგი მე-4 კბილის პერიოდონტიტს და როგორ აღუდგინა მეფეს ქვედა ეშვი პლატინის შტიფტზე დამაგრებული კბილით. ექსპერტიზის დროს სწორედ ქვედა მარჯვენა მეოთხე კბილში აღმოჩნდა პლატინის შტიფტი. აპოლონ ურუშაძე მკურნალობდა ანა დემიდოვასაც - შინამოსამსახურეს, რომელსაც მაშინ ყველაზე მოწინავე ევროპული მეთოდით ოქროსგან გაუკეთა ხიდისებური პროთეზი, რაც დადასტურდა კიდეც ნეშტზე. თავიდან ასე იყო: ჯერ მე და მერე სხვა სპეციალისტებსაც მოგვცეს ლენინგრადული ექსპერტიზის ორი ვეება ტომი - დაწვრილებითი აღწერებით, კარგად დოკუმენტირებული და უხვად ილუსტრირებული... ექსპერტ-პროკურორს ვუამბე, რაც ვიცოდი და ვუთხარი, რომ ამის შესახებ შეიძლება რაღაც ჩანაწერები ყოფილიყო თბილისში, აპოლონ ურუშაძის ოჯახში. მართლაც, ასეთი ჩანაწერები აღმოჩნდა და ჩემი ცნობები და მტკიცებულებები დამაჯერებლად ჩათვალეს... აპოლონ ურუშაძე სამეფო კარის სტომატოლოგობის პერიოდში დაოჯახდა - ცოლად მოიყვანა მისივე კოლეგა ელიზავეტა ანდრიას ასული გავრილოვა (1893-1953). მათ ორი ვაჟი შეეძინათ - ოლეგი (1913-1930) და იგორი (1916-1997).

07-apolon-urushadze-elizaveta-gavrilova-wife-1685652593.jpg
aპოლონ ურუშაძე და ელიზავეტა გავრილოვა

რევოლუციამდე ორივენი ცარსკოე სელოში ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ.ოლეგი სრულიად ახალგაზრდა, 17 წლისა გარდაიცვალა, იგორ ურუშაძემ კი რვა ათეულ წელზე მეტი იცოცხლა და ქართველ ხელოვნებათმცოდნეთა არაერთი თაობა აღზარდა. მათ შორის - საკუთარი ქალიშვილები - ლიორა (დ. 1943) და პაოლა (დ. 1947) ურუშაძეები. ლიორასა და პაოლას დედა - ნინო ურუშაძე - მოქანდაკე იყო, იაკობ ნიკოლაძის მოწაფე. ლიორა ურუშაძემ სასცენო კოსტიუმების მხატვრობაში გამოიჩინა თავი, ხოლო მისმა თეატრმცოდნე დამ - პოეზიაში: პაოლა ურუშაძე რუსულენოვანი პოეტია და მისი მშვენიერი ლექსები, გარდა იმისა, რომ რეგულარულად იბეჭდება საქართველოში გამომავალ რუსულ ლიტერატურულ პრესაში, ცალკე კრებულებადაც არის გამოცემული. სწორედ პაოლა ურუშაძემ ჩააბარა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ურუშაძეთა ოჯახში დაცული იშვიათი ფოტოები, რომელთა ნაწილი ამ ნარკვევსაც დაერთვის ჟურნალში პუბლიკაციისას.

იგორ ურუშაძე ცნობილი მეცნიერი და პედაგოგი იყო. ვიკიპედიის ცნობით, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა. სხვადასხვა დროს იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიის, ქართველ და კავკასიელ მხატვართა შემოქმედების, ხელოვნების ესთეტიკისა და თეორიის საკითხებზე. გამოსცა მონოგრაფიები სერგო ქობულაძეზე, იაკობ ნიკოლაძეზე, აპოლონ ქუთათელაძესა და სილოვან კაკაბაძეზე...იგორის დაბადებისას აპოლონ ურუშაძე პეტროგრადის საიმპერატორო ჰოსპიტლის სტომატოლოგიური განყოფილების უფროსი იყო - ის ამ თანამდებობას 1914-1917 წლებში იკავებდა. სწორედ იმ პერიოდში ებოძა აპოლონ ურუშაძეს გრაფის ტიტული. ერთი ხანობა - საიდან სადაო! - პეტერბურგის ვიბორგის მხარის რაიონის კომენდანტიც ყოფილა და ამ თანამდებობაზე კარლო ჩხეიძის რეკომენდაციით დაუნიშნავთ. ის კი არა, საბჭოთა სპეცსამსახურების ისტორიის ცნობილი მკვლევარი, არაერთი წიგნის ავტორი, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ ზდანოვიჩი წერს, რომ ურუშაძე თითქოს 1917 წელს რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრადაც აირჩიეს, თუმცა მისი გვარი დამფუძნებელი კრების წევრთა სიაში არ იძებნება. არ იძებნება ურუშაძის გვარი არც სახელმწიფო დუმის წევრთა შორის, თუმცა მისი ნათესავი და მახარობელ ურუშაძის კიდევ ერთი შთამომავალი, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის კურატორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ახალგაზრდულ ასაკში ტრაგიკულად დაღუპული ლევან ზ. ურუშაძე წერდა, რომ აპოლონ ურუშაძე რუსეთის მეოთხე სათათბიროს წევრი იყო 1916-1917 წლებში...

1918 წელს აპოლონ ურუშაძე საქართველოში ჩამოსულა. ცოლ-შვილი, როგორც ჩანს, უფრო ადრე გამოარიდა რევოლუციურ ქაოსს.1953 წლის 9 სექტემბერს იგი სიტყვა სიტყვით ასეთ ჩვენებას აძლევს პოლკოვნიკ მაკლაკოვს:”აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდი თებერვლის რევოლუციაში და არჩეული ვიყავი მუშათა დეპუტატების პირველ საბჭოში და დავინიშნე პეტროგრადის რაიონის სამხედრო კომენდანტად. 1917 წლის მაისში ცენტრალურ დუმაში შევედი მენშევიკებისაგან.

1918 წლის თებერვალში კი საქართველოში ჩამოვედი, ოჯახთან”.სამწუხაროდ, ურუშაძის რომელიმე წარმომადგენლობით ორგანოში არჩევის დადასტურება ჯერჯერობით არ ხერხდება. ცენტრალური დუმა რა არის, საერთოდ გაუგებარია. ისე კი გამორიცხული არაფერია: იმ ქაოსში ვინ ვის სად ირჩევდა და ვინ რომელი საბჭოს წევრი იყო, მართლა ძნელი გასარკვევია. სამაგიეროდ, დადასტურებული ფაქტია, რომ აპოლონ ურუშაძე პეტროგრადის ვიბორგის მხარის სამხედრო კომენდანტი იყო და სწორედ მას ევალებოდა ევროპიდან ჩამოსული ლენინის დაჭერა და იზოლაცია. ვინ იცის, აპოლონ ურუშაძეს რომ ისეთივე პროფესიონალიზმი გამოეჩინა ამ პოსტზე, როგორსაც იგი სტომატოლოგიაში იჩენდა მანამდე თუ შემდეგ, რუსეთისა და მსოფლიო ისტორია იქნებ სხვაგვარად წარმართულიყო. ქართველი თუ რუსი ავტორები ვერც აპოლონ ურუშაძის პოლიტიკურ შეხედულებებსა თუ პარტიულ კუთვნილებაზე თანხმდებიან საბოლოოდ. მის ესერობაზე ყველა წერს, მაგრამ ამავე დროს იგივე ალექსანდრ ზდანოვიჩი ამტკიცებს, რომ თითქოს იგი ბოლშევიკებს ემხრობოდა, რასაც ქართველი მკვლევრები არ იზიარებენ. თუმცა, მეორე მხრივ, შემორჩენილია საგაზეთო ცნობა, რომ აპოლონ ურუშაძე უეჭველ სიკვდილს სწორედ ბოლშევიკების მიერ გაცემულმა რაღაც მოწმობამ გადაარჩინა. ვერ თანხმდებიან ისტორიკოსები ვერც აპოლონ ურუშაძის სამთავრობო კარიერაზე. რუსი ავტორები თვლიან, რომ იგი 20-30-იანი წლების მიჯნაზე საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრი იყო, ხოლო იმავე ლევან ზ. ურუშაძის აზრით, ის დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრი იყო. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ აპოლონ ურუშაძე აქტიური კაცი გახლდათ და საკმაო ავტორიტეტითაც სარგებლობდა როგორც თავის პროფესიაში, ისე პოლიტიკურ თუ სახელისუფლებო წრეებში. თებერვლის რევოლუციიდან მოყოლებული, აპოლონ ურუშაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ნოე ჟორდანიასთან, ნოე რამიშვილთან, ევგენი გეგეჭკორთან, აკაკი ჩხენკელთან და სხვა ქართველ მენშევიკებთან. ის კი არა, თუ მისი წინაპარი მახარობელ ურუშაძე ზუბაიდელ ჟორდანიას ებრძოდა, აპოლონი იმ ჟორდანიას შთამომავალს თუ შორეულ ნათესავს - ნოე ჟორდანიას - არათუ უპირისპირდებოდა, ემეგობრებოდა კიდეც.ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, რუსეთის დამფუძნებელი კრების დათხოვნისთანავე, აპოლონ ურუშაძე საქართველოში ჩამოვიდა, თავისი სტომატოლოგიური კაბინეტი დააარსა და კერძო პრაქტიკას მიჰყო ხელი. ამავე დროს როგორც წითელი ჯვრის საქართველოს საზოგადოების ცენტრალური გამგეობის წევრი, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელიც ყოფილა. პარალელურად იყო ამიერკავკასიის სამედიცინო განყოფილების უფროსი.

17-apolon-urushadze-center-scientific-session-1685652593.jpg
აპოლონ ურუშაძე (ზის ცენტრში) თბილისის სტომატოლოგიური სამეცნიერო სესიის პრეზიდიუმში

1918 წლის 26 მარტს საქართველოსკენ გზად მომავალი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. აი, როგორ აღწერს იმ ამბავს “სახალხო ფურცლის” კორესპონდენტი გაზეთის 1918 წლის 214-ე ნომერში:”არმავირის სადგურზე იმ ვაგონს, რომელშიც პეტროგრადიდან სამხრეთისკენ მომავალი ქართველები ისხდნენ, ბოლშევიკებმა ალყა შემოარტყეს. ყველა ქართველი (სულ 15) გარდა აპ. ურუშაძისა და კალ. გოგუასი, რომელთაც ბოლშევიკური მთავრობის მოწმობები ჰქონდათ, ბოლშევიკებმა დახვრიტეს. გვამების გადმოსვენება შეუძლებელი იყო, ისინი ძალიან დაუსახიჩრებიათ და საერთო ორმოში ჩაუმარხავთ”.

ამ ამბავს ადასტურებს გაზეთი “საქართველოც” 1918 წლის 77-ე ნომერში.თუმცა არც იმდროინდელ პრესაში წერია და არც არავინ იცის, საიდან ჰქონდა აპოლონ ურუშაძეს ბოლშევიკური მთავრობის მოწმობა. მისი სახელი იმთავითვე მემარჯვენე ესერებთან ასოცირდებოდა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე აქტიურად ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში. იყო საქართველოს ესერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის სექტემბერში, ირაკლი წერეთლისა და დიომიდე თოფურიძის რეკომენდაციითა და ნოე ჟორდანიას წინადადებით, თბილისის პოლიციის უფროსად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ნიკოლოზ II-ის ყოფილი პირადი სტომატოლოგი 1919 წლის აპრილამდე დარჩა.რატომ ასე მცირე ხნითო, გამომძიებელი რომ ჰკითხავს 1953 წლის 9 სექტემბერს, აპოლონ ურუშაძე იტყვის:”მე შემომთავაზეს, რომ მილიციას პოლიტიკური საქმეებიც აეღო თავის თავზე, რასაც არ დავეთანხმე და მეტიც - 1919 წლის 4 აპრილს ყოველდღიურ “ტიფლისსკი ვესტნიკში” დავაბეჭდვინე განცხადება, რომ ქალაქის მილიცია მასობრივ დაპატიმრებებში არ მონაწილეობს და პასუხისმგებლობას არ კისრულობს. ამის შემდეგ მე გამათავისუფლეს”.გამომძიებელი მაკლაკოვი ეკითხება, რომ მათ ხელთ არსებული ცნობებით, მილიციის უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას აპოლონ ურუშაძე მონაწილეობდა ალექსანდრეს ბაღში ბოლშევიკების დარბევასა და დახვრეტაში, რაზეც ბრალდებული პასუხობს, რომ ის და მისი მილიცია პოლიტიკური საქმეებში არ ერეოდა და თანაც ეს დარბევა მის დანიშვნამდე კარგა ხნით ადრე იყო მომხდარი.

მართლაც, სახალხო გვარდიის მიერ ამიერკავკასიის სეიმის გადაწყვეტილებით ბოლშევიკთა მასშტაბური მიტინგის დარბევა 1918 წლის 10 თებერვალს მოხდა. დღეს ძნელი სათქმელია, როგორ მოიქცეოდა აპოლონ ურუშაძე, ეს ყველაფერი რომ მის დროს მომხდარიყო, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ დარბევის შედეგად ჩაიშალა სტეფანე შაუმიანის მეთაურობით ბოლშევიკთა ამიერკავკასიის ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობა.მერე ის იყო, აპოლონ ურუშაძე ფრონტზე წავიდა და თავისი სტომატოლოგიური თუ საპოლიციო გამოცდილება საქართველოს შეიარაღებული ჯარების სამსახურში ჩააყენა სწორედაც ბოლშევიკების წინააღმდეგ. ჟურნალ “მწყემსის” ცნობილი რედაქტორისა და გამომცემლის, დეკანოზ დავით ღამბაშიძის შვილიშვილი გივი ღამბაშიძე, რომელიც მოხალისედ იბრძოდა იმ ომში, თავის მემუარებში იხსენებს თბილისისთვის გამართულ ერთ-ერთ უკანასკნელ ბრძოლას, როცა “საჩქაროდ მოიქრიალა თბილისიდან ავტომობილი და აპოლონ ურუშაძემ მოგვიტანა ჯიჯიხიას სამახარობლო ტელეგრამა, რომ გამარჯვება ჩვენ მხარეზედ იყო და მტერი საშინლად გარბოდა უკან. სიხარული იმდენათ დიდი იყო, რომ აღტაცებულნი ვეცით ჩვენი გუნდის უფროსს, კაპიტან ანდღულაძეს და მისი სურვილის წინააღმდეგ რამოდენიმეჯერ შევაგდეთ ჰაერში. სულ ყველა გამოცოცხლდა, გამხიარულდა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. ასე დამთავრდა ვაზიანის გმირული ბრძოლა, რომელშიდაც ქართველები კიდევ ერთხელ გამარჯვებულნი დარჩნენ”.

სხვათა შორის, იმ დროს ბოლშევიკურ წითელ არმიაში იბრძოდა აპოლონის უმცროსი ძმა აკაკი ურუშაძე, რომელიც 1918-1919 წლებში მენშევიკური პარტიის წევრი იყო. 1923 წელს აკაკი ურუშაძე ბოლშევიკებმა აიყვანეს და 7 თვე პატიმრობაში ჰყავდათ. მანამდე, საქართველოს გასაბჭოებისთანავე, სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით მენშევიკებმა ქუთაისში დააპატიმრეს აპოლონ ურუშაძეც, რომელიც თითქოს ბოლშევიკებს ეხმარებოდა და ქვეყნის მთავრობასთან ერთად ბათუმში წასულმა წითელი ჯვრის ორი გატენილი ვაგონი ბოლშევიკებს დაუტოვა თბილისში. ბრალდება სულაც არ იყო მოკლებული საფუძველს, რადგან გასაბჭოების პირველსავე დღეებში აპოლონ ურუშაძე ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში რევკომის წარმომადგენლად დაინიშნა ბათუმში. საინტერესოა, რომ იგი მისი ძველი მოკეთისა და მფარველის, ნოე ჟორდანიას სატელეგრაფო განკარგულების საფუძველზე დააპატიმრა საქართველოს რკინიგზის გენერალ-გუბერნატორმა ვალოდია სულაქველიძემ. არანაკლებ საინტერესო ფაქტია, რომ ეს სწორედ ის სულაქველიძე გახლავთ, რომელმაც სულ რაღაც ორი წლით ადრე ურუშაძე თბილისის მილიციის უფროსის პოსტზე შეცვალა და მთავრობამ ეს თანამდებობა მას რკინიგზის უფროსად დანიშვნის შემდეგაც შეუნარჩუნა.

ვალოდია სულაქველიძემ თავისი წინამორბედი საველე სასამართლოს გადასცა. იგი ერთხანს სერგო ქავთარაძესთან ერთად ყოფილა საკანში, მაგრამ არ გაუსამართლებიათ, რადგან როგორღაც გაქცევა მოუხერხებია და კარგა ხანს გურიაში იმალებოდა. დაკითხვაზე იგი ამტკიცებს, რომ 1919 წლის შემდეგ არავითარი კავშირი აღარ ჰქონია მენშევიკებთან, თუმცა აღიარებს, რომ 30-იანი წლების დასაწყისში ვორონეჟში მატარებლით გავლისას ორჯერ შეხვდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძეს, რომელიც იქ იყო გადასახლებული, მას შემდეგ, რაც სტალინს 50 წლის იუბილეზე საკმაოდ მკაცრი წერილი მისწერა.

(დასასრული მომდევნო ნომერში)

პაატა ნაცვლიშვილი

"ისტორიანი" .#127