როგორ ჩაახშეს პირველი უკრაინული აღორძინება ივან მიკიტენკოს ტრაგედია - კვირის პალიტრა

როგორ ჩაახშეს პირველი უკრაინული აღორძინება ივან მიკიტენკოს ტრაგედია

1918 წელს უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დაიწყო პირველი უკრაინული აღორძინება. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 1922 წლამდე გაგრძელდა. როგორც ცნობილია, ეს ბრძოლა მარცხით დამთავრდა. უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. ქვეყნის უდიდესი ნაწილი საბჭოთა კავშირის ანუ რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის შემადგენლობაში შეიყვანეს. გალიჩინა პოლონეთმა მიიტაცა, ბუკოვინა რუმინეთმა, იმიეკარპატისპირეთი ჩეხოსლოვაკიამ.ამრიგად, ერთიანი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა იმხანად ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, უკრაინული კულტურული აღორძინება მაინც გრძელდებოდა. მან მსოფლიო მასშტაბის გენიოსები წარმოშვა, როგორებიც იყვნენ ალექსანდრ დოვჟენკო კინორეჟისურაში, მიკოლა კულიში დრამატურგიაში, მიკოლა ხვილევოი, ვლადიმირ ვინიჩენკო პროზაში, პავლო ტიჩინა და ევგენი მალანიუკი პოეზიაში, მიხაილ ბოიჩუკი ფერწერაში. პირველი უკრაინული აღორძინების ერთ-ერთი კოლორიტული წარმომადგენელია მწერალი, დრამატურგი და პუბლიცისტი ივან მიკიტენკოც (1887-1937).

მწერალი კლასობრივი სიფხიზლითივან კონდრატიევიჩ მიკიტენკო ფრიად წინააღმდეგობრივი შემოქმედია. უკრაინაში კარგა ხანს კამათობდნენ, საბოლოო ჯამში მან დადებითი როლი შეასრულა თუ არა. სსრ კავშირის დანგრევის შემდეგ უამრავი საარქივო მასალა გამოქვეყნდა, რის წყალობითაც მიკიტენკოს პიროვნებასაც ამომწურავი შეფასება მიეცა.ივან მიკიტენკო დაიბადა ხერსონშჩინაზე, გლეხის ოჯახში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. იყო ჯარისკაცთა კომიტეტის წევრი. თებერვლის რევოლუციის შემდეგ თვითნებურად მიატოვა ფრონტი და შინ დაბრუნდა. იდგა 1917 წელი. უკრაინაში შეიქმნა ცენტრალური რადა. დამოუკიდებლობის საკითხი დღის წესრიგში მთელი სიმწვავით დადგა. მიკიტენკოც ცენტრალური რადის მომხრე ხდება, დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი და ყველაზე რადიკალ პატრიოტთა რიცხვს განეკუთვნებოდა.

- თავისი შეხედულებებით მიკიტენკო უფრო ნაციონალისტებთან იყო ახლოს და არა ლიბერალ-პატრიოტებთან, - წერს უკრაინელი პუბლიცისტი ივან ძიუბა.1920 წლისთვის ვითარება შეიცვალა. ცხადი გახდა, რომ სიმონ პეტლიურა - უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დირექტორის უფროსი, არმიისა და ფლოტის მთავარი ატამანი და მისი თანამოაზრენი ვერ გაიმარჯვებდნენ. მიკიტენკოც რადიკალი კომუნისტი გახდა. ის შევიდა კომპარტიაში, გახდა ღარიბთა კომიტეტის თავმჯდომარე. ომის შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის სამედიცინო ინსტიტუტში. ამ დროს აქვეყნებდა თავის პირველ პიესებსა და მოთხრობებს.- მიკიტენკოს სახელი უმალ პოპულარული გახდა, - წერს უკრაინელი კრიტიკოსი ალექსანდრ რუდენკო-დესნიაკი.

მიკიტენკოს ნაწარმოებები საკმაოდ სწორხაზოვანი გახლდათ. მათი ძირითადი დედააზრი კლასობრივი თემა იყო. მიკიტენკო შეურიგებელი რჩებოდა პატრიოტული ინტელიგენციის, სამღვდელოების, ეკლესიის, კულაკების მიმართ. მკაცრად ილაშქრებდა უკრაინული ემიგრაციის წინააღმდეგ. კომუნისტურმა პარტიამაც კლასობრივი მიმართულების მწერალი გულში ჩაიკრა. მიკიტენკოს რომანები, მოთხრობები თუ პიესები მრავალ ენაზე ითარგმნა. 1926 წლის მიწურულს სრულიად უკრაინის პროლეტარ მწერალთა კავშირის ("ვუსპპ" - Всеукраїнська спілка пролетарських письменників) შექმნის შემდეგ მიკიტენკო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა.- ასეთი დაფასება მას ნამდვილად არ ეკუთვნოდა, - წერს რუდენკო-დესნიაკი.თუმცა ბოლშევიკები უანგაროდ არავის აღაზევებენ. მიკიტენკოსაც კატეგორიულად მოსთხოვეს ეროვნული ორიენტაციის უკრაინელი კორიფეების წინააღმდეგ გალაშქრება.მიკიტენკო და "ვაპლიტე"1926 წლის თებერვალში უკრაინაში შეიქმნა პროლეტარული ლიტერატურის თავისუფალი აკადემია ("ვაპლიტე" - Вільна Академія Пролетарської Літератури). მის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს მწერალი მიკოლა ხვილევოი, რომლის მოთხრობებიც მსოფლიოს ხალხთა ენებზე ითარგმნა. უკრაინაში ხვილევოის პოპულარობა და გავლენა უზარმაზარი იყო. - ის მსოფლიო მნიშვნელობის მწერალია, - იტყვის ხვილევოიზე უკრაინელი ბოლშევიკების ლიდერი მიკოლა სკრიპნიკი.ვაპლიტეში თავი მოიყარეს ისეთმა კორიფეებმა, როგორებიც იყვნენ პოეტები პავლო ტიჩინა და მიკოლა ბაჟანი, მწერლები მაიკ იოჰანსენი, ოლექსა სლისარენკო, ოლეს დოსვიტნი, იური სმოლიჩი, იური იანოვსკი, დრამატურგი მიკოლა კულიში და სხვები. მალე მთელი სსრ კავშირი ვაპლიტეზე ალაპარაკდა.

symon-petlura-1685653628._Photo_1920s.jpg
სიმონ პეტლიურა (1920 წ.)

- უკრაინაში ნამდვილი კულტურული აღორძინებაა, - წერდა სანდრო ახმეტელი.ხვილევოიმ მსოფლიო სახელი მოიხვეჭა. ამის შემდეგ უკრაინელ მწერლებს მოუწოდა, გაეწყვიტათ ყოველგვარი კავშირი რუსულ კულტურასთან და ორიენტაცია ევროპაზე აეღოთ. ამან კრემლი აღაშფოთა. ხვილევოის წინააღმდეგ თავად სტალინი გამოვიდა._ მაშინ, როცა მსოფლიოს მშრომელები საბჭოთა რუსეთს სასოებით შესცქერიან, კომუნისტი ხვილევოი მოუწოდებს თანამემამულეთ, რომ რუსეთს გაექცნენ, - წერდა სტალინი.ეს გახლდათ სიგნალი ვაპლიტეზე შეტევის დასაწყებად. ხვილევოის წინააღმდეგ ვუსპპ-ი გამოდის. მიკიტენკო, როგორც მისი ერთ-ერთი ლიდერი, ვაპლიტესთან ბრძოლის წინა რიგებში ჩადგა.

- საით მიექანება მწერალი ხვილევოი? პეტლიუროვშჩინისკენ ხომ არა? - წერდა მიკიტენკო.ეს უკვე სერიოზული ბრალდება იყო. ხელისუფლებამ დაიწყო მზადება ვაპლიტეს ლიკვიდაციისთვის. ხვილევოი, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, ამას მიხვდა. მან ვაპლიტეს პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ეს ადგილი დაიკავა დრამატურგმა, ხვილევოის საუკეთესო მეგობარმა მიკოლა კულიშმა. ამან საბჭოთა ხელისუფლება არ დააკმაყოფილა. მთავრობის მოთხოვნით ვაპლიტემ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა 1928 წლის 28 თებერვალს.

- უკრაინაში მასობრივი რეპრესიები დაიწყო, - წერს უკრაინელი პოეტი და პუბლიცისტი დმიტრო პავლიჩკო.

კურბასისა და კულიშის წინააღმდეგ1929 წელს ხარკოვში დაიდგა პიესა "მინა მაზაილო", რომლის ავტორი იყო დრამატურგი მიკოლა კულიში, რეჟისორი კი ლეს კურბასი.პიესის პრემიერამ ტრიუმფით ჩაიარა. დარბაზში აპლოდისმენტები არ წყდებოდა. ივან მიკიტენკო საგანგებოდ მივიდა ჯერ კურბასთან, შემდეგ კულიშთან და ორივე მხურვალედ გადაკოცნა.

rada-1685653628.jpg
ცენტრალური რადას სხდომები კიევიs პედაგოგიურ მუზეუმში იმართებოდა (1917 w.)

- მომილოცავს! - გულწრფელად წარმოთქვა მან.თავის პუბლიცისტურ წიგნში "მშვიდობის მტრედები" მიკიტენკო ბევრს და აღტაცებით ლაპარაკობს ამ პიესაზე, მოჰყავს იქიდან ციტატები და წერს: - უკრაინული დრამატურგია ახალ სიმაღლეზე ავიდა!მალე ვითარება შეიცვალა.კულიშის სხვა პიესებს - "სახალხო მალაქია", "პათეტიკური სონატა" და "მაკლენა გრასა" საბჭოთა კრიტიკა მტრულად შეხვდა. მწერალი ანტისაბჭოელად გამოაცხადეს. მიკიტენკო, როგორც თავისი პარტიის ერთგული მსახური, კულიშის წინააღმდეგ გამოვიდა.- პიესა "მინა მაზაილოს" არაფერი საერთო არა აქვს ხელოვნებასთან. ეს არის პრიმიტიული, ნაციონალისტური პროპაგანდა. "სახალხო მალაქია" საბჭოთა სინამდვილეზე ცილისწამებას წარმოადგენს! "პათეტიკურ სონატაში" უკრაინელი ნაციონალისტი ტრაგიკულ გმირადაა გამოყვანილი! "მაკლენა გრასა" კი შეიცავს პირდაპირ მოწოდებას შეიარაღებული აჯანყებისაკენ! - წერდა მიკიტენკო.ბრალდებები სერიოზული იყო. კულიშისა და კურბასის თავზე შავი ღრუბლები გროვდებოდა. ხელისუფლებამ კურბასს კომპრომისი შესთავაზა. მას უნდა დაედგა მიკიტენკოს პიესა "დიქტატურა". აქ ავტორი მიესალმა კოლექტივიზაციას, რომელმაც უკრაინაში გოლოდომორი გამოიწვია და 3,5-დან 5 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

- კურბასი იძულებული იყო დათანხმებულიყო! - წერს უკრაინელი მწერალი და კრიტიკოსი ივან დრაჩი.მიუხედავად ამისა, დიდმა რეჟისორმა "დიქტატურა" სულ სხვანაირად დადგა. კრიტიკა აღშფოთებული იყო. მაღალი რანგის საბჭოთა ფუნქციონერი ლაზარ კაგანოვიჩი წერდა:

- მიკიტენკოს პიესა საბჭოთა პატრიოტული სულითაა გაჟღენთილი! კურბასმა კი ანტისაბჭოთა პასკვილი შექმნა.თავად მიკიტენკო პიესის აკრძალვასა და კურბასის დაპატიმრებას მოითხოვდა. 1933 წელს კურბასი თეატრ "ბერეზილის" მთავარი რეჟისორის პოსტიდან მოხსნეს. ის მოსკოვში გაემგზავრა.

lit-encik-img-litencyk-1006-1685653628.jpg
სცენა ივან მიკიტენკოს სპექტაკლიდან "ჩვენი ქვეყნის გოგონები" მოსკოვის თეატრში (1933 წ.)

რეპრესიები გრძელდება1933 წელს სტალინის ბრძანებით ე.წ. უკრაინიზაცია ოფიციალურად შეაჩერეს. შემდეგ რესპუბლიკაში მასობრივმა შიმშილმა დაისადგურა. მისი თანმხლები იყო ასევე მასობრივი რეპრესიები. პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა უკრაინის სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მიკოლა სკრიპნიკმა. ასევე თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე დიდმა მწერალმა მიკოლა ხვილევოიმ. მთელ რესპუბლიკაში ერთიმეორის მიყოლებით იჭერდნენ მწერლებს, პოეტებს, ე.წ. ნაციონალ კომუნისტებს. მიკიტენკო ამ პროცესის ავანგარდში იყო. ის მასობრივ რეპრესიებს მიესალმა და მათი გაფართოება მოითხოვა.მალე მისი ეს სურვილი ახდა! 1934 წელს დააპატიმრეს მიკოლა კულიში. მიკიტენკო ამას საგანგებო სტატიით გამოეხმაურა. მან კულიშს საერთაშორისო ფაშიზმის აგენტი და ჯაშუში უწოდა.

- არავინ არ გამოდიოდა კულიშის წინააღმდეგ ისე ხშირად, როგორც მიკიტენკო, - წერს თავის მემუარებში საბჭოთა მწერალი იური სმოლიჩი.ტერორი კი სულ უფრო ძლიერდებოდა. კულიშს წამებით გამოგლიჯეს აღიარება, რომ ე.წ. ბოროტბისტების პარტიის იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრია. ის დააპატიმრეს და სოლოვკის საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს. დააპატიმრეს კურბასიც.

წამების შემდეგ მანაც აღიარა არარსებული დანაშაული. კულიშის მსგავსად, კურბასიც სოლოვკიზე გაგზავნეს.- რეპრესიებმა უამრავი უკრაინელი მწერალი შეიწირა, - წერს სმოლიჩი.სტალინური ტერორის შედეგად დაღუპულ მწერლებს შორის უნდა გამოვყოთ ოლექსა სლისარენკო, მაიკ იოჰანსენი, გრიგორი ეპიკი, ვალერი პიდმოგილნი, ვალერი პოლისჩუკი, ევგენ პლუჟნიკი, გნატ ხოტკევიჩი.

berezili-1685653627.jpg
თეატრ „ბერეზილისთვის" საქართველოში გასტროლები ბოლო აღმოჩნდა (1931). ცენტრში თეთრ პერანგში ლეს კურბასია, მის გვერდით კი დრამატურგი მიკოლა კულიში. ისინი ერთ დღეს, 1937 წლის 3 ნოემბერს დახვრიტეს კარელიაში, სოლოვკელი პატიმრების ეტაპის შემადგენლობაში, რომელიც 1111 კაცს ითვლიდა

- პირველი უკრაინული აღორძინება დახვრიტეს, - წერს იური ლავრინენკო.ივან მიკიტენკო კი აქვეყნებდა ახალ-ახალ პიესებს, რომანებს, მოთხრობებს. ის ამტკიცებდა, რომ კომუნიზმის მწვერვალებისკენ მივდივართ და არავითარ უკანონო რეპრესიებს ადგილი არა აქვსო. ტერორი კი ძლიერდებოდა.დადგა 1937 წელი. "არ დავნებდები" 1934 წელს ლენინგრადში მოკლეს სერგეი კიროვი, პოლიტბიუროს წევრი. ამით სსრ კავშირში დიდი ტერორის ახალი ტალღა აგორდა. სტალინმა არმიის, პარტაპარატისა და უშიშროების ორგანოების ძირეული განახლება დაიწყო, რომლის პიკი იყო 1937 წელს.

- ბოლშევიკების ძველი თაობა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა, მოაწყო წითელი ტერორი, განახორციელა კოლექტივიზაცია და მასობრივი რეპრესიების პირველი ტალღა, სტალინს უკვე აღარ სჭირდებოდა. ძველების ადგილი მუშფაკებში აღზრდილ ახალგაზრდობას უნდა დაეკავებინა, - წერს ივან დრაჩი.მიკიტენკოც იმათ შორის აღმოჩნდა, ვინც დიქტატორს აღარ სჭირდებოდა. მწერალი მოახლოებულ აღსასრულს გრძნობდა. ის სულ უფრო ხშირად ესაუბრებოდა ცოლს სიკვდილზე. შეშინებული ქალი ცდილობდა, მისთვის იარაღი დაემალა._ ეტყობა ეშინოდა, რომ ქმარს თავი არ მოეკლა, - წერს დრაჩი.მიკიტენკომ ცოლს იარაღი წაართვა და ხმამაღლა გაიცინა. ქალი უნებლიედ შეკრთა. რაღაც საზარელი იყო ამ სიცილში.

- გგონია, რომ თავს მოვიკლავ? არა, საყვარელო! თავს სუსტი ფსიქიკის ადამიანები იკლავენ, მე კი რკინის ვარ, რკინის! გესმის?მიკიტენკოს თვალები უელავდა. ცოლს შეეშინდა კიდეც, ხომ არ გაგიჟდა, ან შიზოფრენია ხომ არ ეწყებაო. - მითხარი, რატომ ეტანება ადამიანი ალკოჰოლს? - მიკიტენკოს თვალები უელავდა.ცოლი დუმდა.- მიპასუხე, - მიკიტენკო ცოლს მხარში სწვდა და მოუჭირა. ქალმა შიშით შეჰკივლა:-გამიშვი! მეტკინა!- მიპასუხე! - მიკიტენკომ ცოლს ხელი გაუშვა. - არ ვიცი... ალკოჰოლს ხომ მშიშარა და სუსტი ხასიათის ხალხი ეტანება! ისინი, ვისაც არ შეუძლია მიიღოს რეალობა! ფხიზელი ხმას ვერ იღებს, მთვრალი კი ქედმაღალი და ძლიერია, თავიც გოლიათი ჰგონია.მიკიტენკომ გაიცინა. ცოლი შეკრთა.

- ახლა გაიგე?- ვცდილობ, გავიგო, - ცოლი კანკალებდა, - მაშ, შენ არ სვამ იმიტომ, რომ მიიღე ცხოვრება ისეთი, როგორიც არის?- ეგ არ მითქვამს! კარგად ვიცოდი, რომ მიკოლა ხვილევოი, მიკოლა კულიში და ლეს კურბასი დიდი ხელოვანები არიან! იმასაც ვხვდებოდი, რომ მათ უკრაინული კულტურა მსოფლიო მწვერვალებზე აიყვანეს. - მიუხედავად ამისა, ყველაზე ხშირად მათ წინააღმდეგ სწორედ შენ გამოდიოდი. - ჰო. იმიტომ, რომ პარტიამ მიბრძანა და მეც დავემორჩილე. ვხედავდი, რომ ძალა წითლების ხელშია! მე კი ცხოვრება მინდოდა, მსურდა მქონოდა კარგი ბინა, მანქანა, აგარაკი! როგორც ყველა მწერალს, მწყუროდა ტაში, დაფასება, პრემიები! მეც ეშმაკს მივყიდე სული.მიკიტენკო მწარედ იცინოდა. დაზაფრულმა ცოლმა ყურებზე აიფარა ხელები. ავის მოლოდინშიუკრაინელი მწერალი როსტისლავ სამბუკი წერს, რომ ამ საუბრის შემდეგ მიკიტენკო ხშირად ესაუბრებოდა ცოლს სიკვდილზე, შინსახკომის ჯურღმულებში წამებაზე.

- ტექნიკა მარტივია: იღებენ ლურსმანს, კარგად ახურებენ ცეცხლზე, შემდეგ ხელფეხშეკრულ კაცს მკერდზე ადებენ. - გაჩუმდი! - შეჰკივლა ცოლმა. - არსებობს მეორე საშუალებაც, - განაგრძობდა მიკიტენკო, - კაცს ხელ-ფეხს შეუკრავენ ისე, რომ ფრჩხილებიდან სისხლი წვეთავდეს. თავზე ჩამოაცვამენ ცელოფნის პარკს. ადამიანს სუნთქვა უჭირს, მას კი ფრჩხილში შეურჭობენ ნემსს! საშინელი ტკივილი პირდაპირ კეფაში არტყამს!ცოლმა ყურებზე ხელი აიფარა.

- ახლა ხომ ხვდები, რატომ აღიარეს თავიანთი "დანაშაულები" კურბასმა, კულიშმა და სხვებმა?- გინდა მითხრა, რომ ისინი აწამეს?- რა თქმა უნდა! - თუკი მართალი ხარ, წამებას უნდა გაუძლო. - წამებას, ჩემო კარგო, ვერავინ გაუძ­ლებს! დაიმახსოვრე, გაუტეხელი ადამიანები არ არსებობენ! არიან კარგი ან ცუდი გამომძიებლები.

კარგი გაგტეხს, ცუდი - ვერა! შინსახკომში წამების უბადლო ოსტატები სხედან, დამიჯერე!_ შენ გიჟი ხარ, _ წაიჩურჩულა ცოლმა.

- გიჟი აქამდე ვიყავი! ახლა გონს მოვეგე! თვალიც ამეხილა!ცოლს მეტის მოთმენა აღარ შეეძლო, წამოდგა და ოთახიდან გასვლა სცადა. მიკიტენკო მაჯაში სწვდა და სკამზე ძალით დასვა.

-შემიბრალე! -შეეხვეწა ცოლი, - ნუ მეუბნები ასეთ საშინელებებს! - მე ჩეკისტებს არ დავნებდები! მე მათ ვესვრი, გესმის?! - მერე ხომ მოგკლავენ? - და ძალიანაც კარგი! ამით წამებას თავიდან ავიცდენ! თუმცა სანამ მომკლავენ, ბევრ სხვასაც მივაწვენ! - შენ ფსიქიატრი გჭირდება...მიკიტენკომ გადაიხარხარა. მას საათობით შეეძლო ელაპარაკა წამებაზე შინსახკომის ჯურღმულებში, იმაზე, თუ როგორ გაუხსნიდა ცეცხლს ჩეკისტებს, როგორ მიიღებდა უდიდეს სიამოვნებას მათი დასისხლიანებული გვამების ხილვით...

* * *

მალე გაზეთებში გამოჩნდა სტატიები, სადაც ეწერა, რომ მიკიტენკო შენიღბული მტერია. თავის კულაკ ძმას მფარველობდა, სამსახურში მოაწყო და ყველაფერს აკეთებდა, რათა რეპრესიები მას არ შეხებოდა. ძმა მალე დააპატიმრეს.მიკიტენკომ დიდი ყურადღებით წაიკითხა სტატია. შეშინებული ცოლი უხმოდ მისჩერებოდა. მიკიტენკომ გაზეთი დაკეცა და მაგიდაზე დადო: - ახლა ჩემი დაჭერის ჯერია!ცოლი დუმდა, ქმარს შეშინებულ მზერას არ აშორებდა.

უშიშარი ლიტერატორიმწერალი როსტისლავ სამბუკი დაწვრილებით აგვიწერს მიკიტენკოს უკანასკნელ წუთებს. შინსახკომი მიკიტენკოს უთვალთვალებდა. მწერალი საკმაოდ გამოცდილი კაცი იყო და "კუდი" უმალ შენიშნა. ის ჩეკისტებს არ გაქცევია, პირიქით, ხშირად ჩერდებოდა და უხამს ჟესტსაც არ ერიდებოდა. ჩეკისტები არ რეაგირებდნენ, მხოლოდ აწითლებულ სახეებზე ეტყობოდათ, რომ შეურაცხყოფა აღიზიანებდათ.

1937 წლის 4 ოქტომბერს მწერალი კიევის ქუჩებში მიაბიჯებდა. მოულოდნელად მის ახლოს მანქანა გაჩერდა. იქიდან ორი მხარბეჭიანი ახალგაზრდა გადმოვიდა. მიკიტენკო შედგა. მიხვდა, რომ უკანასკნელმა საათმა დაჰკრა.

- მოქალაქე მიკიტენკო ბრძანდებით? _ თავაზიანად შეეკითხა ერთ-ერთი მათგანი._ დიახ!_ ცოტა ხნით ჩვენთან უნდა წამობრძანდეთ.

- რაშია საქმე?- ჩვენ შინსახკომიდან ვართ, - ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მოწმობა ამოიღო.

- რაკი ასეა, კი ბატონო.

მიკიტენკომ ეს სიტყვები მშვიდად წარმოთქვა. ამან ჩეკისტებიც დაამშვიდა. მოულოდნელად მწერალმა პირდაპირ ჯიბიდან გაისროლა.ერთ-ერთი ჩეკისტი დაეცა, ტყვია თვალებშუა მოხვდა. მწერალი ადგილიდან არ დაძრულა, პირზე ღიმილი აუთამაშდა.

- ესეც თქვენ, წყეულებო! - იყვირა მწერალმა, - ეს თქვენი ლენინი! ესეც სტალინი! მიკიტენკო გაქცევას არ ცდილობდა. ფეხები ფართოდ გაეჩაჩხა, ხარხარებდა და ისროდა. იქაურობა წამში აივსო შეიარაღებული ჩეკისტებით. ერთმანეთში აირია ყვირილი, კვნესა, გინება. მიკიტენკო არ განძრეულა, ფეხებგაჩაჩხული უძრავად იდგა და სროლას განაგრძობდა.ტყვიით განგმირული კიდევ რამდენიმე ჩეკისტი დაეცა. - ესეც თქვენ, წყეულებო! - დაიყვირა მიკიტენკომ, - თქვენი გამზრდელი დედაც... გაისმა საპასუხო სროლა, ჩეკისტების ტყვია პირველად მიკიტენკოს მკერდში მოხვდა, შემდეგ მხარში. მწერალი წაბარბაცდა, მაგრამ რაღაც მანაქანებით ფეხზე გაჩერდა.- ოჰ, თქვენი... ძალა მოიკრიბა და იარაღი მოიმარჯვა. ჩეკისტი სულ ახლოს მივიდა და შეეცადა იარაღი წაერთმია.

მიკიტენკომ გაისროლა და ჩეკისტიც ტყვიით განგმირული დაეცა. ამჯერად ჩეკისტებმა გაისროლეს. მიკიტენკო დაეცა. მთელი სხეული გასისხლიანებული ჰქონდა. უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და წამოდგომა სცადა._ გაუმარჯოს უკრაინას! სიკვდილი კომუნისტებს!ეგონა ყვიროდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ჩურჩული იყო. ჩეკისტებმა კვლავ ესროლეს. მიკიტენკოს ტყვია ახლა მუცელში მოხვდა. ფეხები მოეცელა, სხეული მოუდუნდა, იარაღი ხელიდან გაუვარდა. და მიწას დაენარცხა.ჩეკისტები სროლას განაგრძობდნენ.

244701654-4762598717097887-8933628291689046819-n-1685653627.jpg
ბრალდებული ლეს კურბასი (1933 წ.)

* * *

მეორე დღეს ყველა წამყვან უკრაინულ საბჭოთა გაზეთში დაიბეჭდა ცნობა მწერალ ივან მიკიტენკოს ე.წ. მხილების შესახებ. მართალია, არავითარი სასამართლო არ ყოფილა, მაგრამ ვერდიქტი გამოტანილი იყო: - ტროცკისტი, ფაშიზმის აგენტი, ბურჟუაზიული ნაციონალისტი, ხალხის მტერი!მიკიტენკოს წიგნები აიკრძალა. უკრაინის მწერალთა კავშირში გაიმართა კრება, რომელზეც ე.წ. ხალხის მტრის საქმიანობა დაგმეს. ვრცელი სიტყვით გამოვიდა მიკიტენკოს მეგობარი და მარჯვენა ხელი მწერალი ივან ლე (ნამდვილი გვარია მოისია).

- წყეულიმც იყვნენ ხალხის მტრები, ფაშიზმის აგენტები, მოღალატენი! წყეულიმც იყოს იუდა მიკიტენკო! ვწყევლით მას ჩვენი წინაპრებისა და შთამომავლობის სახელით! - თქვა მან.1956 წელს ივან მიკიტენკო რეაბილიტირებულ იქნა. დღეს უკრაინაში არსებობს მისი სახელობის ქუჩები. მიკიტენკოს მშობლიურ სოფელში აღმართულია მისი ძეგლი. - სიცოცხლეში ანტიეროვნულ საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ ღირსეულად მოკვდა! - ამბობდა მიკიტენკოზე უკრაინის გმირი დმიტრო პავლიჩკო.

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი

"ისტორიანი" .#127