კადიროვი პრიგოჟინს დაემუქრა - მივა თუ არა საქმე "ახმატისა" და "ვაგნერის" შეიარაღებულ დაპირისპირებამდე? - კვირის პალიტრა

კადიროვი პრიგოჟინს დაემუქრა - მივა თუ არა საქმე "ახმატისა" და "ვაგნერის" შეიარაღებულ დაპირისპირებამდე?

რუსეთში მართლაც საოცარი ამბები ხდება, რაც კიდევ უფრო აღვივებს მოსაზრებას, რომ კრემლის მთავარი ბინადარი - პუტინი თავის ყოფილ თუ არსებულ პროტეჟეებს ან საერთოდ ვეღარ აკონტროლებს, ან პირიქით - ერთმანეთს სპეციალურად უსევს "დაყავი და იბატონეს" ცნობილი პრინციპით...

როდესაც მეომარი ქვეყნის ორი სერიოზული, ნახევრად ოფიციალური შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერები ერთმანეთთან საქმის გარჩევას სოციალური ქსელებით იწყებენ, საქმე, ეტყობა, სერიოზულადაა...

"ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი და "ახმატის" "მფლობელი" რამზან კადიროვი რამდენიმე თვის წინ ერთმანეთს მთლად ძმობას თუ არ ეფიცებოდნენ, სახალხოდ ერთმანეთის მიმართ დიდ სიმპატიებს მაინც გამოხატავდნენ და გაერთიანებული ძალებით ღიად და ძალზე აგრესიულად აკრიტიკებდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრის - შოიგუსა და გენშტაბის უფროსი გერასიმოვის დუეტს და სწორედ მათ აბრალებდნენ რუსეთის არმიის წარუმატებლობებს უკრაინასთან ომში.

2-axmat-1685684874.png
კადიროვის „მინიარმიას“ –„ახმატს“ ამ ომში დიდი დანაკლისი არ აქვს, რადგან პირდაპირ იერიშებს თავს არიდებს...

მაგრამ გუშინ საკმაოდ მოულოდნელად სამი ცნობილი და გავლენიანი ჩეჩენი - რუსეთის დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი და "ახმატის" სპეცდანიშნულების შენაერთის მეთაური აპტი ალაუდინოვი სოციალურ ქსელში, ფაქტობრივად, "გარჩევას" უწყობდნენ პრიგოჟინს და მას "სტრელკაზე" იბარებდნენ...

გასაგებია, რომ ეს ჩეჩნები თავიანთი ლიდერის - რამზან კადიროვის გარეშე ვერ გაბედავდნენ ასე თამამ მიმართვებს "ვაგნერის" ხელმძღვანელის მიმართ და საინტერესოა, როდის და რა ზომის შავმა კატამ გაირბინა კადიროვსა და პრიგოჟინს შორის მას შემდეგ, რაც ისინი გროზნოში, ტელეკამერების წინაშე ერთმანეთს "ეხუტებოდნენ"?

დაპირისპირების საბაბი შეიძლება გამხდარიყო პრიგოჟინის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ, რომელშიც ის აკონკრეტებს, რომ ბახმუტი მხოლოდ მისმა "ვაგნერმა" აიღო და იქ კადიროვის "ახმატი" არ უნახავს.

ამასთან პრიგოჟინმა ოფიციალური წერილი მისწერა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომელშიც სთხოვდა, რომ ბრძოლებში დიდი დანაკლისის შემდეგ ფრონტის ხაზიდან მოხსნილი "ვაგნერი" ჩეჩნების "ახმატით" ჩაენაცვლებინა...

სავარაუდოდ, კადიროვის უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია ამ ომში "ახმატის" როლის დაკნინებამ პრიგოჟინის მხრიდან, რაც გახდა იმის საბაბი, რომ კადიროვმა თავისი ქვეშევრდომები "მიუქსია" პრიგოჟინს, მაგრამ დაპირისპირების ძირითადი მიზეზი ბევრად უფრო რთულია...

3-axmat-1685684907.png
პრიგოჟინმა კი პუტინთან თავის გამოჩენისთვის ბახმუტის აღებას „ვაგნერის“ 40 ათასზე მეტი მებრძოლი შეაკლა...

მეფის ფავორიტებს შორის "ფარული ომები", სასახლის კარზე გავლენების გაძლიერების მიზნით, თითქმის ყველა ქვეყნის ისტორიაში ყოფილა და რუსეთში ახლაც იგივე გრძელდება - კადიროვიც და პრიგოჟინიც თავს მოიაზრებენ პუტინის რეჟიმის ერთგვარ მემკვიდრეებად და ყველანაირად ცდილობენ, უკრაინასთან ომი თავიანთი სამხედრო-პოლიტიკური ამბიციების გასამყარებლად გამოიყენონ.

პრიგოჟინის "ვაგნერი" და კადიროვის "ახმატიც", ფაქტობრივად, კერძო მინიარმიებს წარმოადგენენ და თუკი პუტინის ჩამოგდებისა თუ სიკვდილის შემდეგ, რუსეთში ხელისუფლების გადანაწილებისას, მოსკოვის ქუჩებში ტანკების ქვემეხებიც ჩაერთვებიან, მაშინ პრიგოჟინსაც და კადიროვსაც შანსები გაეზრდებათ თავიანთი კერძო "მინიარმიებით" ბედი სცადონ...

შესაბამისად, კადიროვი პრიგოჟინს მომავალ სერიოზულ მოწინააღმდეგედ აღიქვამს, ვალში არც ეს უკანასკნელი რჩება, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში პუტინის რეჟიმის ყველაზე გავლენიან ვიწრო წრეს სურს, კადიროვის ხელით "ჩააჩუმოს" "აფეთქებული" პრიგოჟინი, რომელიც აღარც კი ერიდება რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების - თავდაცვის მინისტრის, გენშტაბის უფროსის, სხვა მინისტრებისა და თვით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ჩინოვნიკების უშვერი სიტყვებით სახალხოდ გინებასაც კი...

კადიროვ-პრიგოჟინს შორის გეომეტრიული პროგრესით მზარდი დაპირისპირება (კადიროვის ქვეშევრდომების უხეშ გამოხტომებს პრიგოჟინის მოადგილემ და "ვაგნერის" სამხედრო მეთაურმა უტკინმა არანაკლებ "ლამაზი სიტყვებით" დაუბრუნა პასუხი) გადაიზრდება თუ არა "ახმატისა" და "ვაგნერის" შენაერთებს შორის უშუალოდ ფრონტის ხაზზე საბრძოლო დაპირისპირებაში, ამას უახლესი მომავალი გვიჩვენებს, ისე კი, ეს უკრაინის არმიისთვის საუცხოო საჩუქრად იქცეოდა - სიამოვნებით უყურონ ფრონტის მეორე მხარეს ერთმანეთს როგორ დაერევიან პუტინის ფავორიტების მინიარმიები...