"თუ სულ თმობ, ესე იგი, მსხვერპლი ხარ, რაც სულაც არ ნიშნავს დიდ სიყვარულს... საშინლად არ მომწონს, როცა ჩემს საქმეში ვინმე იქექება" - კვირის პალიტრა

"თუ სულ თმობ, ესე იგი, მსხვერპლი ხარ, რაც სულაც არ ნიშნავს დიდ სიყვარულს... საშინლად არ მომწონს, როცა ჩემს საქმეში ვინმე იქექება"

"პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს, არის რაღაცები, რაც ჩემია და ჩემთან უნდა დარჩეს", - ამბობს მომხიბვლელი ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, რომელიც მკითხველს სიყვარულსა და ადამიანურ ურთიერთობებზე ესაუბრება.

- ეკო, რა როლს ასრულებს სიყვარულში მიტევების და დათმობის უნარი? თქვენ როდის მიდიხართ კომპრომისზე და როდის - არა?

- ორი ადამიანის ურთიერთობაში დათმობა აუცილებელია, მაგრამ ეს ძალდატანებით არ უნდა ხდებოდეს. რატომ? - ორი ადამიანი არის ორი ინდივიდი, თავისი მენტალიტეტით, შეხედულებებით, გემოვნებით და ა.შ. ხანდახან უთანხმოებაც შეიძლება მოხდეს, შესაძლოა, ერთმანეთს ყველაფერში ვერ გაუგონ, მაგრამ ურთიერთობის შენარჩუნება თუ სურთ, კომპრომისზეც წავლენ. მნიშვნელობა არა აქვს, რა ურთიერთობაა ეს - მეგობრული, პარტნიორული თუ საქმიანი - მოთმინება და დათმობა ყველგან საჭიროა. რაც შეეხება იმას, თუ როდის ჯობია კომპრომისზე წასვლა და როდის - არა, ეს არავინ იცის, რადგან ორი ინდივიდის ურთიერთობა განსაკუთრებული და სხვებისგან გამორჩეულია.

მით უმეტეს, როცა საქმე წყვილს შეეხება, თუ მათ ამ ურთიერთობის შენარჩუნება და კონფლიქტის თავიდან არიდება სურთ, კომპრომისზე მაშინ წავლენ, როცა ამის საჭიროებას იგრძნობენ.

- როგორც წესი, საქართველოში ქალები უფრო ხშირად თმობენ, როგორ ფიქრობთ, ეს გამართლებულია?

- ქალი და მამაკაცი ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც ჰორმონალური აგებულებით, ასევე, ფსიქოლოგიური წყობითაც. თანაც, ჩვენს ქვეყანაში მაინც პატრიარქატია და, ხშირ შემთხვევაში, ოჯახში გადამწყვეტი სიტყვა და როლი მამაკაცს ეკუთვნის. ამას ხელს უწყობს კაცის და ქალის ფსიქოლოგიური თავისებურებები, მენტალიტეტი, რომლითაც ჩვენ გავიზარდეთ და, ასევე, ის, თუ როგორი ფსიქოტიპია ადამიანი შინაგანად.

ზოგი ფიქრობს, რომ დათმობა სიყვარულის ნიშანია და ის უფრო მეტს თმობს, ვისაც უფრო მეტად უყვარს... მე ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები: უკვე გითხარით, რომ ურთიერთობაში კომპრომისები აუცილებელია, მაგრამ ვინ თქვა, რომ მას უფრო მეტად უყვარს, ვინც უფრო ხშირად თმობს? იქნებ, ამ ადამიანს სხვანაირად არ შეუძლია ან ეს მისი ხასიათია?

დათმობის უნარი სულ სხვა თვისებაა და სიყვარულის ნიჭი - სულ სხვა.

ყველა ადამიანს სიყვარულის განსხვავებული აღქმა და გამოხატულება აქვს, მაგრამ მე ვერ დავეთანხმები იმას, რომ ვინც უფრო მეტს თმობს, იმას უფრო მეტად უყვარს. ადამიანის შინაგანი წყობა განსაზღვრავს, ვის როგორ შეუძლია სიყვარული გამოხატოს, მაგრამ თუ სულ თმობ, ესე იგი, მსხვერპლი ხარ, რაც სულაც არ ნიშნავს დიდ სიყვარულს.

- რას არ აპატიებდით საყვარელ ადამიანს - ორგულობას, ღალატს თუ სხვა რამეს?

- ჩემი აზრით, ეს გაცვეთილი ფრაზაა, რადგან წინასწარ არავინ იცის, ძვირფას ადამიანს რას აპატიებს. ყველას ყველაფრის პატიება შეუძლია, მაგრამ შეიძლება ერთ ადამიანს მარტივი რამ არ ვაპატიოთ და ამ დროს მეორეს ძალიან მძიმე შეცდომა "გავუტაროთ". ამიტომ, გააჩნია ურთიერთობას, სიყვარულს, შეცდომას და ადამიანის მდგომარეობას იმ წუთებში...

შეიძლება პატიება სულაც არ გინდოდეს, მაგრამ სხვაგვარად არ შეგეძლოს ან - პირიქით.

ამიტომ მე აბსოლუტურად ვეთანხმები და ხშირად ვიმეორებ ცნობილ გამონათქვამს - "არასოდეს თქვა არასოდეს!"

- მამაკაცის იდეალი თუ გყოლიათ და არის თუ არა ასეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში?

- იდეალების შექმნა არასდროს მიყვარდა, მაგრამ როგორი სტილის ხალხიც მომწონს, ასეთები, ცხადია, შემხვედრია. საერთოდ, პირად ცხოვრებაზე საუბრისგან ყოველთვის თავს ვიკავებ და ახლაც გაჩუმება მირჩევნია. არ მინდა, ამის თაობაზე საქვეყნოდ ვისაუბრო.

- თქვენი დაკვირვებით, რა არის ოჯახის დანგრევის მიზეზი ყველაზე ხშირად?

- ცუდია, როცა ოჯახი ინგრევა - ეს ამ ოჯახის თითოეული წევრისთვის დიდი ტრავმა და სტრესია, მაგრამ მე არასდროს ვაკვირდები და არ მაინტერესებს, სხვისი ოჯახი რატომ ინგრევა. ალბათ, ყველას თავისი მიზეზი აქვს: ერთმანეთს არასწორად შეხვდნენ, შეცდომები დაუშვეს, ერთ დროს ძვირფასი ადამიანი აღარ უყვართ და ა.შ. ეს ჩემი ინტერესების სფერო არ არის. საშინლად არ მომწონს, როცა ჩემს საქმეში ვინმე იქექება, ასევე, არ მომწონს, როდესაც მე ვიქექები სხვის საქმეში. სად, როდის და რატომ დაშორდა წყვილი ერთმანეთს - ეს ჩემი ინტერესის სფეროში საერთოდ არ შედის. თბილისი პატარა ქალაქია, სადაც უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება, მაგრამ მე იმდენი საქმე მაქვს, რომ დროც არ მრჩება, სხვის ოჯახზე ვიფიქრო და სხვისი საქმეები ვარჩიო.

- ეკო, ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში ხართ? ამას როგორ ახერხებთ?

- მე არასოდეს ვყოფილვარ დიეტაზე ან საათობრივ კვებაზე, პირიქით, ძალიან ბევრს ვჭამ და ეს დიდი ბედნიერებაა. ამავდროულად, ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, მაგრამ ამას გახდომისთვის არ ვაკეთებ. ის, რომ წონაში არ ვიმატებ, ალბათ ჩემი გენეტიკის დამსახურებაა. ეს მაძლევს საშუალებას, რომ ვიცხოვრო ისე, როგორც მინდა და იმდენი საკვები მივირთვა, რამდენიც მინდა. უბრალოდ, სპორტი მაბედნიერებს, სულ ვვარჯიშობ, განსაკუთრებით, დარბაზში. ვჯირითობ, თხილამურებზე ვსრიალებ და თითქმის ყველა სპორტის სახეობა მიყვარს. ვარჯიშის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია.

- ზოგი დღეში 7-8 კილომეტრს ფეხით ფარავს, რომ წონაში არ მოიმატოს.

- ფეხით სიარული ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ სწორად არ იკვებები. აქ მთავარი სწორი კვებაა და ვისაც წონის პრობლემა აქვს, ისე უნდა იკვებოს, რომ ზედმეტი კალორიები არ დააგროვოს. ადამიანმა დღის განმავლობაში უფრო მეტი კალორია უნდა დახარჯოს, ვიდრე მიიღებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება.

- ამბობთ, რომ ძალიან რთული, დაძაბული გრაფიკი გაქვთ... თქვენს დროს და ენერგიას როგორ ანაწილებთ?

- ასეთი პრინციპით ვცხოვრობ: მე ყველაფერი შემიძლია და რაც კი შეიძლება ადამიანმა მოასწროს, ყველაფერს მოვასწრებ. ეს პრინციპი ყოველთვის მშველოდა და დღემდე მშველის.

- და ბოლოს, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება წლების შემდეგ, როცა ასაკში იქნებით?

- ზუსტად ისეთი ვიქნები, როგორიც ახლა ვარ, რადგან ასაკი მხოლოდ ციფრებია. ძალიან მინდა, სიბერეში მთაში ვიცხოვრო, მაგრამ ვარჯიშს, სპორტს და თხილამურებით სრიალს იქაც ვერ დავთმობ. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩემს სახლში ბევრი ბავშვი იქნება და კიდევ, ვიცი, რომ ბევრი ცხოველი მეყოლება - სულ ეს არის, რასაც ვნატრობ და დაახლოებით ასე წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება რამდენიმე ათეული წლის შემდეგ.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)