გააგრძელებს თუ არა ერდოღანი შუამავლის როლს რუსეთ-უკრაინის ომში, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ? - რას წერს Le Figaro? - კვირის პალიტრა

გააგრძელებს თუ არა ერდოღანი შუამავლის როლს რუსეთ-უკრაინის ომში, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ? - რას წერს Le Figaro?

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro) სათაურით „პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რეჯეფ ერდოღანი უკრაინის კონფლიქტში შუამავლობას გააგრძელებს“ აქვეყნებს ინტერვიუს პოლიტოლოგ ბაირამ ბალჩთან - საერთაშორისო კვლევების პარიზის ცენტრის (CERI/Sciences) თანამშრომელთან, რომელსაც ჟურნალისტი რონან პლანშონი ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- რეჯეფ ერდოღანი არჩევნების წინ ეკონომიკური კრიზისის წინაშე დადგა, რომელმაც ჰიპერინფლაცია და მოსახლეობის შემოსავლების შემცირება გამოიწვია, რასაც მიწისძვრით მიღებული უდიდესი ზარალიც დაემატა. როგორ მოიგო ასეთ ნეგატიურ პირობებში არჩევნები? ოპოზიციის სისუსტით?

- მოსალოდნელი იყო, რომ რეჯეფ ერდოღანი არჩევნებს წააგებდა. ბევრი ექსპერტი მიანიშნებდა იმას, რომ მან, როგორც სახელმწიფოს ხელმძღვანელმა, კრიზისულ სიტუაციაში მოქმედების მოლოდინი ვერ გაამართლა.... მაგრამ მოხდა საკვირველება: რეჯეფ ერდოღანმა არჩევებში გაიმარჯვა, თანაც მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებშიც. ამ ფაქტს რამდენიმე მიზეზი აქვს:

ჯერ ერთი, რომ რეჯეფ ერდოღანმა ამომრჩევლების მძლავრი მობილიზება შეძლო, დაეხმარა დაზარალებულებს, მშენებლობა სწრაფად დაიწყო და იმედი ჩაუნერგა;

მეორე - მის გამარჯვებას ხელი შეუწყო თვითონ ოპოზიციამაც, რომელიც აქცენტს ძირითადად ეკონომიკურ კრიზისზე და ინფლაციაზე აკეთებდა და შექმნილი მძიმე სიტუაციის გამო ბრალს მთლიანად მმართველ პარტიას და მის ლიდერს უყენებდა, სინამდვილეში კი თურქებმა იციან, რომ კრიზისი ბევრმა საგარეო ფაქტორმაც განაპირობა;

მესამე - თურქები ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ სახელმწიფოებრივი ძლიერების სიმბოლოებს, ამაყობენ ქვეყნის როლით და გავლენით, ყურადღებით აკვირდებიან მთავრობის მიერ გატარებულ საგარეო პოლიტიკას. რეჯეფ ერდოღანმა, შეიძლება ითქვას, ამ საკითხებში გარკვეულ წარმატებას მიაღწია - იგი მეტ ყურადღებას უთმობს თურქეთის ეროვნული ინტერესების დაცვას და თუ საჭიროდ თვლის, ეწინააღმდეგება და არ ეთანხმება და მხარს არ უჭერს ნატოს ლიდერებს. მან შეძლო შუამავლობა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხში, გააქტიურა ტერორიზმთან ბრძოლა, უზრუნველყო ქვეყნის საზღვრების დაცვა და ლტოლვილთა ნაკადის შეჩერება...

- გამარჯვებული რეჯეფ ერდოღანისადმი მილოცვების გაგზავნაში მსოფლიო ლიდერები, შეიძლება ითქვას, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ყველას დაასწრო და თურქეთის ლიდერს წარმატება მიულოცა... გააგრძელებს თურქეთი შუამავლის როლს რუსეთ-უკრაინის ომში?

- ბოლო წლებში ანკარა და მოსკოვი მნიშვნელოვნად დაახლოვდნენ. ვლადიმერ პუტინს და რეჯეფ ერდოღანს პირადი ურთიერთობები აკავშირებთ, ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან - ტემპერამენტით, სტრატეგიით, სახელმწიფოს მართვის სტილით. ოპოზიციონერ ქემალ ქილიჩდაროღლუს რომ გაემარჯვა, ვლადიმერ პუტინს მისი ალიანსის წევრი ექვსი პარტიის ლიდერებთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდებოდა. ამიტომაც თურქეთის ხელისუფლებაში რეჯეფ ერდოღანის პარტიისა და მისი ხელმძღვანელის პრეზიდენტად ყოფნა რუსეთს სრულიად აწყობს.

ვფიქრობ, რომ ანკარა მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლობას გააგრძელებს. თურქეთი, შეიძლება ითქვას, „განწირულია“ შუამავლის როლის შესრულებისთვის. ორ მეზობელ ქვეყანას (მათ შავი ზღვა ყოფთ) ერთმანეთთა მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ. თურქეთს რუსეთი ძალიან ჭირდება გაზის მიწოდების სფეროში, ტურიზმის საკითხებში. ორივეს აქვს ინტერესები სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში და ორივე ცდილობს ერთმანეთის პოზიციები მეტ-ნაკლებად გაიზიარონ. რუსეთს თურქეთი ჭირდება როგორც ნატოს წევრი, რომელსაც ალიანსში „ხმაურის“ ატეხა და წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია თვით აშშ-ის მიმართაც კი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო