"აფხაზები კატე­გორიულად აყენებდნენ საკითხს, რომ ვინც მათ წინააღმდეგ იბრძოდა, ისინი არ უნდა დაბრუნებულიყვნენ" - კვირის პალიტრა

"აფხაზები კატე­გორიულად აყენებდნენ საკითხს, რომ ვინც მათ წინააღმდეგ იბრძოდა, ისინი არ უნდა დაბრუნებულიყვნენ"

ბოლო პერიოდში საზოგადოების ნაწილში მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, რომ დეოკუპაციის საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდეს. ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- პირდაპირ გეტყვით, არავითარი დიპლომატიური ურთიერთობით არ მოგვა­რდება დეოკუპაციის საკითხი. ამის თქმის­ საფუძველს მაძლევს რუსეთთან მრავალ­წლიანი ურთიერთობის მწარე გამოცდილება. რუსები თავს ყოველთვის სიტუა­ციის ბატონ-პატრონად მიიჩნევენ, ვითარება შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც­ რუსეთს გაუჭირდება, საქართველოს კი ექნება ამერიკისა და ევროპის უპირობო მხარდაჭერა. ჯერჯერობით რუსეთს არ უჭირს. კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი - რაც არ უნდა გაუჭირდეს რუსეთს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ისეთი ფორმით აღარ აღდგება, როგორც ჩვენ გვსურს. ილუზია ნუ გვექნება,­ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არასოდეს დათან\ხმდებიან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ძველი ფორმატით აღდგენას. რატომ? იმიტომ, რომ აუცილებლად დაიწყება საუბარი, კონფედერაციაზე ან ფედერაციის განსაკუთრებულ მოდელზე. დასავლეთის სტილი ასეთია - პრობლემას ჩარჩოში მოაქცევენ, მაგრამ არ აგვარებენ.

- კონფედერაციის იდეა რუსებმა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში შემოგვთავაზეს, 1997 წელს კი საქართველოში რუსეთის მაშინდელი­ საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი და ვლადისლავ არძინბა ჩამოვიდნენ და ედუარდ შევარდნაძესთან დახურული შეხვედრა გამართეს. როგორც გაირკვა, რუსული და აფხაზური მხარე თანახმა იყვნენ აფხაზეთი როგორც კონფედერაციული სუბიექტი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო, მაგრამ შევარდნაძე არ დათანხმდა. თქვენი აზრით, რა იქნებოდა უარის მიზეზი?

- სხვათა შორის, მე შეხვედრას ჟურნალისტის სტატუსით ვესწრებოდი. მართალია, კონფიდენციალურ შეხვედრას აღარ დამასწრეს, მაგრამ ვიცოდი, რა საკითხიც განიხილებოდა და ვის რა პოზიცია ჰქონდა. თქვენ იცით, რომ კონფედერაცია ნიშნავს რამდენიმე სახელმწიფოსგან შემდგარ კავშირს, რომელშიც შემავალი სუბიექტები სრულად ინარჩუნებენ სუვერენიტეტს და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი დროს შეუძლიათ გავიდნენ კონფედერაციიდან რეფერენდუმით ან სხვა ფორმით. შევარდნაძე რომ პრიმაკოვსა და არძინბას დასთანხმებოდა, აფხაზეთი­ ოფიციალურად და კანონიერად გავი­დოდა საქართველოს შემადგენლობიდან. ლტოლვილების დაბრუნების საკითხშიც ბევრი კითხვის ნიშანი იყო. აფხაზები კატე­გორიულად აყენებდნენ საკითხს, რომ ვინც მათ წინააღმდეგ იბრძოდა, ისინი არ უნდა დაბრუნებულიყვნენ. გამოდიოდა, რომ ქართველი მოსახლეობის აქტიური ნაწილი­ აფხაზეთში არ უნდა დაბრუნებულიყო. კიდევ ბევრი ნიუანსი იყო ისეთი, რის გამოც შევარდნაძემ თქვა, ეს რომ გავაკეთო, ქართველები ჩამქოლავენო.

- უფრო ადრე შევარდნაძემ სწორედ დევნილების აფხაზეთში დაბრუნებისა და დეოკუპაციის იმედით საქართველო დსთ-ში­ შეიყვანა. როგორ მოტყუვდა მაშინ რუსული პოლიტიკის კარგად მცოდნე შევარდნაძე?

- კი არ მოტყუვდა, სხვა გზა არ ჰქონდა. დასავლეთის მოლოდინი გაგვიც­რუვდა. უფრო სწორად, იმ კონტაქტებმა­ არ იმუშავა, რომლის იმედიც შევარდნაძეს ჰქონდა. ვგულისხმობ მის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ჩამოყალიბებულ პირად კონტაქტებს­ დასავლელ პოლიტიკოსებთან. ზოგიერთი უკვე აღარც იყო თანამდებობაზე, მაგრამ სიტყვა მაინც ეთქმოდათ, მაგალითად, გენშერსა და ბეიკერს. იმ პერიოდში რუსეთს სხვა წონა ჰქონდა, პრეზიდენტი ელცინი დასავლელ პოლიტიკურ წრეებში დემოკრატ ლიდერად­ იყო მიჩნეული და მის სიტყვას გაცილებით დიდი ფასი ჰქონდა, ვიდრე საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს. გარდა იმისა, რომ შევარდნაძეს დასავლელმა მეგობრებმა გაუცრუეს იმედი, შიდა პრობლემებიც გვქონდა - ზვიად გამსახურდია ახალი გარდაცვლილი­ იყო და მისი მომხრეები გამოსვლებს მართავდნენ, შეტევისთვის ემზადებოდნენ, დასავლეთი­ თითქმის დაკავებული ჰქონდათ, სამეგრელო­დან გადმოსული იყვნენ და გურიაში იყო საბრძოლო მოქმედებები. შეიძლება ითქვას, საქართველო წელში იყო გაწყვეტილი ერთი მხრივ, აფხაზეთის ომისგან და მეორე მხრივ, შიდა დაპირისპირებებისგან. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი შევარდნაძე რუსეთს შეჰპირდა, რომ დსთ-ში შევიდ­ოდა, სანაცვლოდ კი ფოთში რუსული ჯარის კონტინგენტი შემოვიდა ადმირალ ბალტინის მეთაურობით და ქვეყანაში სიტუაცია დამშვიდდა.

- რუსეთმა რა მიზეზით არ შეასრულა თავისი დათქმები?

- ეს დიდ სახელმწიფოებს სჩვევიათ. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ბარაკ ობამას თხოვნით დაუჭირა მხარი მსოფ­ლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის­ გაწევრებას. სანაცვლოდ, ამერიკელი პრეზიდენტი სააკაშვილს დაჰპირდა, რომ საქა­რთველოში შემოსულ ტვირთებს შვეიცარიული კომპანია გააკონტროლებდა, რომელიც დადგებოდა ფსოუზე და როკის გვირაბთან. ეს ფორმალურად თუ არაფორმალურად ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის დელიგიტიმიზაციას მოახდენდა.­ აბა, სად არის შვეიცარიული კომპანია?..

- რამდენჯერაც რუსეთმა დეოკუპაციის საკითხი წამოჭრა, იმდენჯერ საქართველო ხაფანგში გააბა. ამჯერად რა ოინს გვიმზადებს?

- ამჯერად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე არც ერთ რუს ოფიციალურ პირს განცხადება არ გაუკეთებია.

- კი, მაგრამ პრორუსი პოლიტიკოსები ამ საკითხზე უკვე ხშირად ლაპარაკობენ და საზოგადოებაში მოლოდინიც კი გააჩინეს.

- ადამიანებს მუდმივად აქვთ იმედი, რომ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი დადებითად გადაწყდება. მათ ვარაუდი გამოთქვეს. ეს დაემთხვა საზოგადოების განწყობას და ასე აგორდა თემა. მე ვამბობ, რომ ეს არის ნონსენსი, არ მოხდება, გამორიცხულია. გაგიკვირდებათ, მაგრამ იმ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებთან ურთიერთობაც მაქვს და მათზე მაღალი რანგის პირებთანაც, რომლებიც გაცილებით ხშირად და იოლად შედიან კრემლის სხვადასხვა­ კაბინეტში. ერთმა ასეთმა მაღალი რანგის პოლიტიკოსმა მითხრა, სექტემბრისკენ იძუ­ლებული ვიქნებით აფხაზეთთან დაკავშირებით რევერსი დავიწყოთო.­ ესე იგი, უკან დავბრუნდეთ და უარი ვთქვათ მათ დამოუკიდებლობაზეო. მე იქვე ვუთხარი, რომ ამის არ მჯერა!

- როგორც ჩანს, თქვენც მიზანმიმართულად ჩაგაწვეთეს ეს ინფორმაცია...

- კი და იმიტომ ჩავაცივდი, ვისგან გაქვს ეგ ინფორმაცია-მეთქი და ბოლოს ამოღერღა, მხოლოდ ჩემი ვერსიააო. სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი დღეს საქართველოსთან დათმობაზე წასასვლელად მზად არ არის, ჩვენს ხელისუფლებას მაინც შეუძლია რუსები გვარიანად აწრუწუნოს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამის შანსი არის. მხოლოდ ერთ მარტივ სქემას გეტყვით.­ მაგალითად, ვიცით, რომ დასავლური პროდუქცია ტრაილერებით შედის­ სომხეთში და იქიდან მიდის რუსეთში.­ საქართველოს შეუძლია ეს "სომხური ტვირთი" არ გაატაროს არც სომხეთისკენ და არც სომხეთიდან.

- ნუთუ ამ შესაძლებლობების შესახებ "ქართულმა ოცნებამ" არაფერი იცის?

- ვფიქრობ, იცის და ამის ნიშნებს ხშირად ვხედავ. ერთია, რას ლაპარაკობენ საჯაროდ მოლაპარაკე "თავები" და მეორე, რას აკეთებენ კულუარებში გადაწყვეტილების მიმღები პირები. მე ვხვდები, რაც ხდება კულუარებში, მაგრამ არ ვიცი, დღის წესრიგი... წესით, არც უნდა ვიცოდე. წაიკითხე სტატია სრულად