"ლეო ანთაძემ ასით ნული მოიგო და კონკურსი უნდა შევწყვიტოო, თამადამ გამოაცხადა" - მსახიობის ცხოვრების საუკეთესო მოგონებები - კვირის პალიტრა

"ლეო ანთაძემ ასით ნული მოიგო და კონკურსი უნდა შევწყვიტოო, თამადამ გამოაცხადა" - მსახიობის ცხოვრების საუკეთესო მოგონებები

"...საბავშვო ბაღის სპექტაკლზე ისეთი როლი მქონდა, სადაც პატარა ტექსტი უნდა მეთქვა და ეს ორი სიტყვა რომ ვთქვი, ირგვლივ ყველა სიცილით დაიხოცა... ნატო ვაჩნაძემ მუხლებზე დამისვა, მომეფერა და მითხრა, შენ აუცილებლად მსახიობი გახდებიო"... - ცოცხალმა ლეგენდამ, ლეო ანთაძემ თავისი ცხოვრების საუკეთესო მოგონებები ჟურნალის "გზა" მკითხველებს გაუზიარა...

- ჩემი ცხოვრებიდან ყველაზე სასიამოვნოდ საბავშვო ბაღის პერიოდი მახსენდება. ბებია - ნინო ნაკაშიძე საბავშვო მწერალი გახლდათ, იმ დროს ძალიან ცნობილი პიროვნება, რომელმაც ილია ჭავჭავაძის დასაფლავებაზე იმდენად შთამბეჭდავი სიტყვა თქვა, წლების მერეც ყველა იხსენებდა... მისი ავტორიტეტის დამსახურებით თბილისის პრესტიჟულ, საბავშვო ბაღში დავდიოდი, სადაც ჩემთან ერთად სწავლობდა ელდარ შენგელია და ჩვენ ბაღიდან მეგობრები ვართ... საბავშვო ბაღში ჩვენთან იყო ლიანა ასათიანის უმცროსი ძმა, რეზო ასათიანი და კიდევ ბევრი ცნობილი ოჯახის შვილი... ერთხელ სპექტაკლი „ექიმი აიბოლიტი“ დავდგით და ნატო ვაჩნაძესთან მოვაწყვეთ შეხვედრა. მე ისეთი როლი მქონდა, რომ პატარა ტექსტი უნდა მეთქვა და ეს ორი სიტყვა რომ ვთქვი, ირგვლივ ყველა სიცილით დაიხოცა... ნატო ვაჩნაძემ მუხლებზე დამისვა, მომეფერა და მითხრა, შენ აუცილებლად მსახიობი გახდებიო.

მე და ელდარი ბაღიდან ხომ ვმეგობრობდით და სკოლაშიც ერთ მერხთან ვისხედით... თქვენ წარმოიდგინეთ, საბავშვო ბაღამდეც ვხვდებოდით, რადგან მამამისი კინორეჟისორი იყო, მამაჩემი კი მასთან მეორე რეჟისორად მუშაობდა და ჩვენ ბავშვები ერთად ვისვენებდით, როცა კიკეთსა და ქობულეთში გადაღებები ჰქონდათ.

საბედნიეროდ, გადასარევი მეხსიერება მაქვს და ბავშვობიდან ყველაფერი შთამბეჭდავად მახსოვს... სამი წლის რომ ვიყავით, მე და ელდარი კიკეთში ერთ სახლში ვცხოვრობდით. ტყეში იყო ეს ხის სახლი და ცალ-ცალკე ოთახები გვქონდა. მახსოვს, ძალიან პატარა ელდარი ღამის ქოთანზე იჯდა (სხვათა შორის, სულ რუსულად საუბრობდა) და დედამისს, ნატო ვაჩნაძეს რუსულად ეძახდა: „მამა, მამა, უ მენია ესტ სკანდალ". მაშინ პირველად გავიგე სიტყვა სკანდალი. ახლაც ნათლად მიდგას თვალწინ ის ეპიზოდი.

- სკოლის პერიოდს როგორ იხსენებთ?

- სკოლის პერიოდი შავბნელ დღეებად მახსოვს: ომი, გაჭირვება, შიმშილი, სიცივე... დუხჭირი პერიოდი იყო და საშინელ დღეში ვიყავით. როგორც ომის, ასევე ომის შემდგომი პერიოდი ჩემთვის არასასიამოვნო მოსაგონარია. ომის გამო ბავშვობა გაძარცული მაქვს. ცოტა მოგვიანებით რაღაც გამოკეთდა.

მაშინდელ პიონერთა სასახლეში ხელოვნების წრეზე ჩავეწერე და იქ ვერთობოდი, ძალიან გამიტაცა... მანამდე მუსიკაზე დავდიოდი, სადაც შესანიშნავი პედაგოგი, გვარად პოღოსოვა გვყავდა. იგი ოპერის პირდაპირ, მეორე სართულზე ცხოვრობდა. ახლაც რომ ჩავივლი, სულ ავხედავ ხოლმე, იმდენად კარგად მახსენდება მასთან სწავლის პერიოდი. მასთან გარკვეული წარმატებები მქონდა, კონცერტებზე ხშირად გავყავდი.

- წლების წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც თქვენ ფორტეპიანოზე უკრავთ...

- დიახ, მას გამოვყავდი კონცერტებზე და სხვათა შორის, მაყურებელს მაშინ შევეჩვიე. თუმცა, იმდენად ვღელავდი, გული მისკდებოდა... შემდეგ პოღოსოვა კონსერვატორიაში გადაიყვანეს და მე სხვა პედაგოგთან აღმოვჩნდი. იგი ძალიან შორს ცხოვრობდა, კოჯრის ქუჩამდე ფეხით უნდა მევლო... სამწუხაროდ, ძალიან ზარმაცი ქალბატონი იყო, რომელსაც თავისი საქმე არ უყვარდა. უბედური მგონია ადამიანი, რომელსაც ის საქმე არ უყვარს, რომელიც მისი პროფესიაა და მაინც მუშაობს. იგი მეორე ოთახში წამოწვებოდა, ეძინა და მის ნაცვლად მისი მეუღლე მამეცადინებდა. მის გამო საგანში "ორიანებიც" კი მქონდა - აი, ამას ნიშნავს ცუდი და კარგი პედაგოგი. მაგალითად, სკოლაში გამორჩეულად საინტერესო ქიმიის პედაგოგი გვყავდა და ეს საგანი იმდენად შემიყვარდა, რომ საუკეთესო ნიშნებს ვიღებდი, ხოლო იმ პედაგოგის გამო, რომელსაც საკუთარი საქმე არ უყვარდა, მუსიკაზე გული ამიცრუვდა, შატალოზე სიარულს მოვუხშირე, შემდეგ ბებიაჩემის დამ ქუჩაში დამინახა და შემაჩვენა, არ გცხვენიაო?.. სახლში რომ გაიგეს, მიხვდნენ, გული აყრილი მქონდა და თავი დამანებეს. დღეს იმ ზარმაცი პედაგოგის მიმართ მადლიერების გრძნობა მაქვს! ის რომ არა, ალბათ პიანისტობაზე ფიქრს გავაგრძელებდი, დიდ მწვერვალებს ვერ დავიპყრობდი და დღეს ვიღაც "ესტრადნიკის" აკომპანიატორი თუ ვიქნებოდი... ჩემი პროფესია - მსახიობობა უსაზღვროდ შემიყვარდა და წარმოუდგენლად დიდი ბედნიერება, სიხარული, პოპულარობა მომანიჭა.

- პირველი ნაბიჯი სცენაზე...

- ქართული თეატრის ასი წლისთავი იყო და სკოლაში სპექტაკლი დავდგით, სადაც მეც ვითამაშე. მაშინ გოგონათა და ვაჟთა კლასები ცალ-ცალკე იყო... გოგონები მოიწვიეს. ამ სპექტაკლში მონაწილეობდა კონსტანტინეს ქალიშვილი - თამრიკო გამსახურდია, ასევე მანანა ხიდაშელი (ლევან აბაშიძის დედა), ჯულიეტა ვაშაყმაძე... სპექტაკლის მიხედვით, მანანა ორბელიანის სალონში მე ილია ორბელიანის როლს ვასრულებდი. დიდი ულვაში გამიკეთეს და როგორც კი დიალოგზე გადავედი, ცალი ულვაში ამძვრა... საუბრისას, სადაც თუს ან ფუს ვიტყოდი, ეს ცალი ულვაში ყალყზე დგებოდა. ისეთი კომედია იყო, მსგავსი სიცილი მე არ მახსოვს. ხალხი ლამის დაიხოცა...

პირველი განყოფილება ასე ჩავატარეთ, მეორე განყოფილება კი იყო ნაწყვეტი სპექტაკლიდან „გაყრა“... იოანეს მსახური ვითამაშე, რის შემდეგაც ქართულის პედაგოგმა მითხრა, შენ აუცილებლად მსახიობობა უნდა დაიწყოო... დავეთანხმე, რადგან უკვე მეთერთმეტე კლასში ვიყავი, სკოლას ვამთავრებდი და ამ პროფესიის დაუფლება მქონდა გადაწყვეტილი. ვუთხარი, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებას ვაპირებდი. - რაღა გინდა ინსტიტუტში, პირდაპირ სცენაზე უნდა გახვიდეო, - ეს ისეთი პათოსით მითხრა, სულ მახსოვს.

მართლაც, ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში. დოდო ალექსიძეს ჯგუფი აჰყავდა და მაშინვე თქვა, ამ ყმაწვილს მე ავიყვან, ჩემთან იქნებაო. ასე გამიღიმა ბედმა. სტუდენტობა არაჩვეულებრივად მახსენდება, ჩემს საქმეში ძალიან წარმატებული ვიყავი. დიდი და საუკეთესო სამეგობრო წრე შევიძინე. მხოლოდ ჩემი კურსელები კი არა, ჩემთან სხვებიც მეგობრობდნენ, გარს მეხვეოდნენ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი... ბედმა გამიღიმა და ერთმანეთზე უკეთესი, საოცარი პედაგოგები მყავდა: დიმიტრი ალექსიძე, მიხეილ თუმანიშვილი, სერგო ზაქარიაძე... ყველა როლმა პოპულარობა მომიტანა, ბოლოს კი განსაკუთრებულად ჯემალის როლმა, ტელესერიალში - „ჩემი ცოლის დაქალები“...

ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ამდენი ბედნიერება, სიყვარული რომ მომიტანა... ისეთი პროფესიაა, შრომა გახალისებს, შრომითაც ბედნიერი ხარ, რაღაც გასამრჯელოს იღებ და უმთავრესია, რომ ხალხს უყვარხარ...

- საზღვარგარეთ პირველად სად წახვედით?

- პირველად უნგრეთში ვიყავით, სადაც ორი სპექტაკლი წავიღეთ... ერთი უნგრელმა რეჟისორმა დადგა. იმხანად რუსთავის თეატრში ვმუშაობდი... უნგრელ რეჟისორთან ძალიან დავმეგობრდით, პატივს ვცემდით, რესტორნებში დაგვყავდა და ამიტომაც დადგა ეს სპექტაკლი. რომელ სპექტაკლშიც დამაკავეს, მას დიდი მოწონებით შეხვდნენ. მათი კლასიკაა ეს პიესა, სამშობლოს გათავისუფლებაზეა. ვიცით, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უნგრელები დაარბიეს, ისინი ძალიან სძულდათ... მაღაზიაში რომ შევედი, რაღაც ტანსაცმელი რუსულად მოვითხოვე. მომაწოდეს, მაგრამ არ მომეწონა და დავაბრუნე. გამყიდველმა ხელიდან გამომგლიჯა და რუსულად ძალიან უხეშად მომმართა, მადლობაო... მივხვდი, რომ რუსებს ვერ იტანდნენ.

შემდეგ იტალიაში წავედით... იტალიამ ჩემზე საოცრად დიდი შთაბეჭდილება დატოვა... ვენეციამ, ფლორენციამ, რომმა მომაჯადოვა.

- რუსთავში ახალგაზრდების ჯგუფმა საქართველოში გამორჩეული თეატრი შექმენით...

- რუსთავში ისეთი თეატრი იყო, პრემიერაზე სულ თბილისიდან ჩამოდიოდნენ ავტობუსებით. დარბაზს ავსებდნენ. ჩვენ ხიდივით ვიყავით, რუსთავის თეატრს საფუძველი ჩავუყარეთ და დღეს უკვე დადის იქ მაყურებელი, განსაკუთრებით - ახალგაზრდები... რთული პერიოდებიც ჰქონდა, მაგრამ უზარმაზარი წარმატებებიც მოიპოვა მოსკოვში გასტროლებზე. ძლიერი სპექტაკლი წავიღეთ, სადაც მთავარ როლს ოთარ მეღვინეთუხუცესი თამაშობდა... მოსკოვში გვითხრეს, ქალაქი რუსთავი თუ არსებობდა, არც ვიცოდით და თქვენ რამდენად დიდი კულტურა, ხელოვნება გაგვაცანითო. ძალიან გვაქეს.

- ამერიკაში ყოფნას როგორ იხსენებთ, სადაც ემიგრანტებმა განსაკუთრებული შეხვედრა მოგიწყვეს...

- საოცარ ქალაქში, სანტა-ბარბარაში ვიყავით. ქალაქები რომ შევადაროთ, ბათუმის უკეთესი ვარიანტი იყო... შექსპირის პიესების ფესტივალი გახლდათ, რომელშიც სხვადასხვა თეატრი მონაწილეობდა და ჩვენ იქ სპექტაკლი „ზაფხულის ღამის სიზმარი“ წავიღეთ. იქ რა სპექტაკლებიც ვნახე, ჩვენსას ვერც შევადარებ - ჩვენი ბევრად მაღალი დონე იყო. მაგალითად, ამერიკის თეატრის ერთ-ერთ სპექტაკლში, სკამზე იჯდა მეფის როლის შემსრულებელი, გვერდზე ვეზირი და მთელი სპექტაკლი მათი დიალოგი გახლდათ... მეორე სპექტაკლი - „იულიუს კეისარი“ ბევრად უკეთესი იყო, რადგან იქ უკვე ორი სკამი იდგა, რაც პროგრესს ნიშნავდა.

ახლებურად იყო გადაწყვეტილი... შექსპირის პერიოდში ქალის როლებს მამაკაცები თამაშობდნენ, მათ პირიქით გადაწყვიტეს და მამაკაცების როლებს ქალები ასრულებდნენ. თავად იულიუს კეისარი კოჭლი არ იყო და რატომ დააკოჭლეს, ვერაფრით მივხვდი. საშინელება გახლდათ კოჭლი ქალი რომ დადიოდა სცენაზე მეფის როლში...

ჩვენმა სპექტაკლმა ასეთების ფონზე, უზარმაზარი წარმატება პოვა. ისედაც კარგი იყო, მაგრამ იმათთან შედარებით, მართლა სასწაული გახლდათ... სპექტაკლების შემდეგ ყველა თეატრს რაღაც კონცერტისმაგვარი უნდა ჩაგვეტარებინა... ჩვენ „მრავალჟამიერი“ ვიმღერეთ, სადაც პირველი ხმა ვიყავი, მე ვიწყებდი. ეს სიმღერა რომ დავასრულეთ, ხალხი ფეხზე წამოდგა და მქუხარე ტაშით დაგვაჯილდოვა. უზარმაზარი ემოციები იყო... გარეთ რომ გამოვედით, ხალხი დაგვესია, არ გვშორდებოდნენ. ასე რომ, სპექტაკლშიც პირველი ადგილი ავიღეთ და კონცერტშიც...

შემდეგ ნიუ-იორკში ვიყავით, იქ სპექტაკლი გვქონდა და მახსოვს, როგორ მოცვივდნენ ქართველი გოგონები, ქალბატონები, რომლებმაც სპექტაკლის წინ ხაჭაპურები, ლობიანები, ნამცხვრები მოგვიტანეს. დიდი პატივი გვცეს... სპექტაკლი რომ დამთავრდა, ერთმა ქართველმა ებრაელმა ცნობილ ქართულ რესტორანში წაგვიყვანა. ერთმანეთს ძალიან მოვეფერეთ, ჩავეხუტეთ.

თამადას თან მიკროფონი ეჭირა, თან დადიოდა, სუფრას ისე უძღვებოდა... მან თქვა, ახლა კონკურსი უნდა გამოვაცხადო, ჩამოსული სტუმრები გვაჯობებენ თუ ჩვენო და სიტყვა მე მომცა... არ დავიბენი, ლადო ასათიანის ლექსი - „სუმბული" წავიკითხე: "ვახტანგ მეექვსემ ერთხელ ერთ ხევში,/ სუმბული ნახა თეთრი და წმინდა,/ მოთხარა, ფრთხილად აიღო ხელში,/ რომ სავარდეში მიეცა ბინა./ ფიქრობდა მეფე: "ყვავილი მწველი,/ გრძელ ყლორტებს გაშლის, გაინავარდებს,/ ვითარც ამბარი, მისი სურნელი/ გადაეფრქვევა მდიდრულ სავარდეს!" / ფიქრობდა, მაგრამ ვაი რომ ტყვილად:/ არ ესალბუნა ყვავილს ალერსი,/ თავი დახარა და მოიწყინა,/ როგორც ჭაბუკმა უცხო მხარეში./ბევრი ეფერა მეფე მგოსანი,/ თავს დამღეროდა, როგორც ბულბული,/ მაგრამ საამო სურნელ-ფშოსანი/ მაინც დაჭკნა და გახმა სუმბული./ მეც სუმბულივით დავიგოლვები/ და მეც გამახმობს უცხო ზმანება,/ თუ საქართველოს ლურჯი გორები/ დროზე არ ნახა ჩემმა თვალებმა./ დავჭკნები, როგორც დაჭკნა სუმბული,/ ხევის ყვავილი მზისკენ მზირალი/ და ვახტანგივით სადღაც ჩავკვდები/ ჩემთა მკვიდრთაგან დაუტირალი./ მშობლიურ ბაღიდან გადმოყვანილი,/ უცხო მიწაზე ვერ გავიხარებ,/ ვიდრე დავმჭკნარვარ შენი ყვავილი,/ მომხედე, ჩემო სამშობლო მხარევ".

ეს დიდებული ლექსი წავიკითხე და იმ ქართველ ებრაელებს მივუძღვენი, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, გაიზარდნენ, საქართველოს თავის სამშობლოდ თვლიდნენ და შემდეგ სხვა ქვეყანაში წავიდნენ საცხოვრებლად. მართალია, უფრო ძლიერ ქვეყანაში ცხოვრობენ, მაგრამ მაინც ნოსტალგია აქვთ... მახსოვს, თამადამ თქვა, კონკურსი უნდა შევწყვიტო, ბატონმა ლეომ ასით ნული მოიგოო... ჩვენს ემიგრანტებზეც სულ ეს ლექსი მახსენდება და ყველას ვუსურვებ, რომ სულ მალე აყვავებულ, ჩვენს ძვირფას სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ.

- ვიცი რომ თქვენთვის აფხაზეთი განსაკუთრებულია...

- დიახ. სტუდენტობაში გაგრაში ვისვენებდით. ის დღეები საოცრად მახსოვს, სიტყვებით ვერ აღვწერ, ისეთი კურორტია, საოცარი ჰავით. რაც იქ ვიყავი, წვიმა არ ყოფილა, სულ მზიანი ამინდები იყო. საოცარი რამ დავკარგეთ, თუმცა დროებით!..

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"