"მამაკაცმა უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩემი სითბო და სიყვარული დაიმსახუროს. კაცს უნდა ვუყვარდე და მერე აღარც დევნა იქნება საჭირო, აღარც აქტიურობა"
"ის კარგი მოთამაშეა, მაგრამ იშვიათად აქვს ვინმესთან გაჯიბრების სურვილი. საკუთარ თავს ხშირად უსვამს შეკითხვას, იქცევა თუ არა სამართლიანად? მშრომელია, მაგრამ მოტივაცია სჭირდება. ეს მოტივაცია არც თანამდებობაა, არც სახელი, არც პოპულარობა, მისთვის მთავარი მოტივაცია მატერიალური კეთილდღეობაა.
საშინლად ჯიუტია, თუმცა საკუთარ თავს ასეთად არ მიიჩნევს. მისთვის დამახასიათებელია ირონიული ტონი, ცინიზმი. თუ გაბრაზდა, უფრთხილდით, მისი განრისხება საშინელებაა, სტიქიასავით დაუნდობელია და ყველაფერ გზად შემხვედრს ანადგურებს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ კუროს, ეს კი მსახიობ თაკო აბაშიძის ზოდიაქოს ნიშანია.
- რამდენად ინტერესდებით ასტროლოგიით? პირადი ჰოროსკოპი თუ გაქვთ შედგენილი?
- პირადი ჰოროსკოპი არ მაქვს შედგენილი და ვერ ვიტყვი, რომ ასტროლოგთა პროგნოზით ვგეგმავ ცხოვრებას, თუმცა დღის ან კვირის პროგნოზი თუ შემხვდება, ვკითხულობ.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ ღორის წელში დაბადებული ადამიანები თავაზიანები, გულუბრყვილოები და დაუზარლები არიან. ეთანხმებით?
- დიახ, ზუსტად ასეა.
- ადამიანებს ადვილად ენდობით? ყოველთვის გჯერათ იმის, რასაც გეუბნებიან?
- ადრე მართლა ადვილად ვენდობოდი, ახლა - ნაკლებად. გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ყველა ადამიანის ნდობა არ შეიძლება, რომ ზოგჯერ საკმაოდ ცბიერები არიან. ადამიანი ბოროტად თუ არ მატყუებს და მას ეს სჭირდება, არ ვაგრძნობინებ, რომ მის ტყუილს მივხვდი.
- "სიტყვაძუნწია, მაგრამ გულახდილობის ბუშტი თუ გაუსკდა, შეიძლება მისგან თავი დიდი ხნით ვეღარ დაიძვრინოთ".
- ეს ტყუილია, არც სიტყვაძუნწი ვარ და არც ზედმეტი საუბრით ვაწუხებ გარშემო მყოფებს. ამ შემთხვევაში ასტროლოგების მოსაზრება ჩემს ხასიათს არ ემთხვევა.
- "ინტელექტუალია, ბევრს კითხულობს".
- კითხვა ძალიან სასიამოვნო და აუცილებელი პროცესია. სულ მაქვს ახალი პროფესიების შესწავლის სურვილი და სულ ვცდილობ, კიდევ ვისწავლო. ახლაც ვემზადები, ჩემი კარიერისა და დაკავებულობის მიუხედავად, მაინც ვისწავლო.
- საკუთარ თავს რამდენად ხშირად უსვამთ შეკითხვას, იქცევით თუ არა სამართლიანად?
- ძალიან ხშირად, ოღონდ ამ შეკითხვას საკუთარ თავს კონკრეტული საქციელის ჩადენამდე ვუსვამ. ვერ ვიტან უსამართლობას და სადმე უსამართლოდ თუ მოვიქცევი, ამისთვის ბოდიშს ვიხდი.
- "იშვიათად ცრუობს და ისიც - მხოლოდ თავდაცვის მიზნით".
- ვერ ვიტყვი, რომ ტყუილი არ მითქვამს, ზოგჯერ ეს აუცილებელია, თუმცა არც ტყუილებით ვცხოვრობ და - არც ტყუილში.
- "მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი, ხშირად არ ჰყოფნის მოხერხებულობა, ფარისევლებისა და მლიქვნელების წინაშე არ დაიბნეს".
- იცით, არ მინდა იმაზე ფიქრი, გარშემო მყოფები თუ რა ცბიერები და ფარისევლები არიან. მინდა ვიყო ბედნიერი და ყველანაირ მიზეზს ვეძებ ამისთვის. ვცდილობ ვიყო გულღია და კეთილგანწყობილი, ნაგვით ტვინს არ ვიბინძურებ.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ფიქრობთ, ყველაფერს აწონ-დაწონით, მაგრამ გადაწყვეტილება თუ მიიღეთ, მერე თქვენი შეჩერება შეუძლებელია. ეთანხმებით?
- ბევრს ვფიქრობ, მერე ჩემი შეჩერება ადვილი საქმე არ არის. მიზანდასახული ვარ.
- "მას არ უყვარს კამათში ჩართვა. ურჩევნია, დაძაბულ სიტუაციას განერიდოს".
- ნამდვილად ასეა, ვერ ვიტან კონფლიქტებს, მიყვარს სიყვარული, პოზიტივი და ბედნიერება.
- "სიყვარულში მზრუნველია, პარტნიორს ძვირად ღირებული ნივთებითაც ანებივრებს".
- დიახ, ვინც მიყვარს, მათზე ვზრუნავ, მათი ზრუნვის საპასუხოდ.
- "კარგი დედაა".
- ვთვლი, რომ ასეა.
- "მას ცოტა მეგობარი ჰყავს, მაგრამ მათ ბოლომდე ინარჩუნებს".
- ბევრი მეგობარი მყავს, მათგან რამდენიმე გამორჩეული. არ შეიძლება, ყველა ერთნაირად გიყვარდეს. ზოგადად, ძალიან მეგობრული ადამიანი ვარ.
- ამბობენ, რომ კუროები შეგრძნებებით ცხოვრობთ. როგორი ინტუიცია გაქვთ, საკუთარ შეგრძნებებს რამდენად უჯერებთ?
- საოცარი ინტუიცია მაქვს. თუ რამეს ვგრძნობ, ეს უტყუარია.
- "მისთვის აუცილებელია ფეხქვეშ მყარ ნიადაგს გრძნობდეს. დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს, რადგან დღევანდელი ნაღდია, ხვალინდელი კი - სათუო".
- დაპირებას ვერ ვიტან. ვერ ვიტან სიტყვას "ხვალ". დღეს, დღეს არის საჭირო. ხვალემ იფიქროს ხვალისა. თუმცა არსებობს რაღაცები, რაზეც მხოლოდ ერთი დღე ვერ იფიქრებ და წინ გახედვა აუცილებელია.
- "მშრომელია, მაგრამ მოტივაცია სჭირდება. ეს მოტივაცია არც თანამდებობაა, არც სახელი, არც პოპულარობა, მისთვის მთავარი მოტივაცია მატერიალური კეთილდღეობაა".
- ჩემთვის მთავარი მოტივაცია არის ჩემი მიზნები. ძალიან მშრომელი ვარ. ვინმეს მატერიალური კეთილდღეობა თუ არ სიამოვნებს, ვფიქრობ, მას პრობლემები აქვს ჯანსაღ ფსიქიკასთან დაკავშირებით.
- "კურო საშინლად ჯიუტია, თუმცა საკუთარ თავს ასეთად არ მიიჩნევს".
- ჯიუტი - არა, თავისი მოსაზრება აქვს და გისმენთ, მაგრამ აზრი შეაცვლევინოთ, გიჭირთ. ეს თუ სიჯიუტეა, მაშინ ვყოფილვარ.
- "მისთვის დამახასიათებელია ირონიული ტონი, ცინიზმი".
- იუმორი, ჩემთვის დამახასიათებელია იუმორი.
- სიახლეებს რთულად ეგუებით?
- კარგ სიახლეებს კარგად ვეგუები, ცუდს - ღირსეულად.
- "სოლიდური, მშვიდი არსებაა. რამეში თუ არ გეთანხმებათ, რაც უნდა გაუკეთოთ, ვერაფერს დაუმტკიცებთ. თავი დაანებეთ და ბედნიერი იქნება".
- მე ჩემი აზრი მაქვს ყველაფერზე. დიახ, ვარ მშვიდი და გაწონასწორებული, თუმცა - საკმაოდ მგრძნობიარე.
- "თუ გაბრაზდა, უფრთხილდით, მისი განრისხება საშინელებაა, სტიქიასავით დაუნდობელია და ყველაფერ გზად შემხვედრს ანადგურებს".
- ეს სიმართლეა, საშინელი გაბრაზება ვიცი. ძალიან ძნელია, წონასწორობა დამაკარგვინო, მაგრამ თუ ეს მოხდა, სჯობს დაიმალო.
- "შეუძლია, მოწინააღმდეგეს თავზე მაგიდა დაამტვრიოს (ოღონდ ის მაგიდა მისი არ იქნება)".
- ყველაფერი შეიძლება.
- "სასურველ მამაკაცს დევნას არასდროს დაუწყებს. ურჩევნია, რჩეული მოხიბლოს და აიძულოს, მისკენ თავად ილტვოდეს, იაქტიუროს".
- დევნას, რა თქმა უნდა, არავის დავუწყებ. მამაკაცმა უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩემი სითბო და სიყვარული დაიმსახუროს. კაცს უნდა ვუყვარდე და მერე აღარც დევნა იქნება საჭირო, აღარც აქტიურობა.
- "გიჟდება სახლსა და ოჯახურ სიმყუდროვეზე".
- კი, ძალიან მიყვარს სახლი, სიმყუდროვე, სტუმრები, ოჯახური იდილია... ოღონდ, სულ სახლში ყოფნა წარმოუდგენელია.
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი "გზა"