"ჩემი ქმარი იჩემებს: ჩემს ოჯახში ნამდვილი მატრიარქატია - ქალები სათევზაოდ დადიან და კაცები ოჯახს უვლიანო..." - კვირის პალიტრა

"ჩემი ქმარი იჩემებს: ჩემს ოჯახში ნამდვილი მატრიარქატია - ქალები სათევზაოდ დადიან და კაცები ოჯახს უვლიანო..."

საქართველოში ბევრი რეალიზებული, წარმატებული ქალი ცხოვრობს, მათ შორის არის ცნობილი ადვოკატი ციცინო ცხვედიანი. წლები დამჭირდა, ვიდრე ჩემს "ნამდვილ სიყვარულს" ვიპოვიდიო, - ამბობს ქალბატონი ციცო, რომელსაც არაერთი ჰობი და გატაცება აქვს.

- ადვოკატობა როდის გადაწყვიტეთ?

- შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ არც ბავშვობაში და არც სკოლის შემდეგ ადვოკატობაზე არ მიოცნებია. სულ სხვა გატაცებები მქონდა: ბავშვობაში მინდოდა მოქანდაკე გავმხდარიყავი. ქანდაკების შესასწავლად ქუთაისის პიონერთა სასახლეშიც კი დავდიოდი. რაღაც პერიოდის შემდეგ არქიტექტურით დავინტერესდი. მომწონდა უცხო ენების შესწავლაც, თან ძალიან მიადვილდებოდა. მახსოვს, როგორ ვწერდი დღიურებს გერმანულ ენაზე, თუმცა, ახლა ეს ენა დავიწყებული მაქვს. საერთოდ, მრავალმხრივი ბავშვი ვიყავი: ვწერდი ლექსებს, ჩანახატებს, იუმორესკებს. ამავდროულად, ჩემი საყვარელი საგანი მათემატიკა იყო. სკოლა რომ დავამთავრე, ბევრი არ მიფიქრია და საბუთები თსუ-ში, აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე შევიტანე, რადგან თურქოლოგიით ვიყავი დაინტერესებული. მოგეხსენებათ, მაშინ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება რა რთული იყო და მეც, სამი წელი ვაბარებდი. ქართული ენის გამოცდაზე სამივეჯერ უმაღლესი შეფასება მივიღე, თანაც, მაშინ მისაღები კომისიის თავმჯდომარე მზექალა შანიძე იყო, რომელთან ხუთიანის მიღება ადვილი არ გახლდათ. მიუხედავად ამისა, ბოლოს მაინც მაკლდებოდა ქულა და ვერ ვაბარებდი.

- ამის გამო იმედი გაგიცრუვდათ?

- ალბათ ასე იყო, რადგან გადავწყვიტე, ამ ფაკულტეტზე აღარ ჩამებარებინა და საბუთები იურიდიულზე შევიტანე, სადაც 1980 წელს ჩავირიცხე. გუშინდელივით მახსოვს: თავისუფალი თემა დავწერე, სათაურით "ჩემი პროფესია", რომელიც ასეთი სიტყვებით დავიწყე: "არასოდეს მიოცნებია, იურისტი გავმხდარიყავი"... მიუხედავად ამ დასაწყისისა, მაქსიმალური ქულა მივიღე და ჩავირიცხე. აქ უკვე თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ადვოკატობა მინდოდა - არც გამომძიებლობაზე მიფიქრია, არც მოსამართლეობაზე, არც ნოტარიუსობაზე... აი, ასე - დიდი ხნის ძიებისა და მონდომების შემდეგ გავხდი ადვოკატი.

- ოდესმე ისეთი ადამიანი თუ დაგიცავთ, რომლის დაცვა საერთოდ არ გსურდათ?

- არასოდეს ვყოფილვარ ე.წ. სახაზინო ადვოკატი და არჩევანის უფლება ყოველთვის მქონდა. როცა თავისუფალი ადვოკატი ხარ და საქმე ან პირობები არ მოგეწონება, ამ საქმეზე უარს იტყვი - ეს ჩემი საქმიანობის დადებითი მხარეა. იშვიათად, მაგრამ მეც მქონია საქმეები, რომლებიც არ მინდოდა, არც იმ კლიენტის დაცვა მსურდა, მაგრამ ახლობელმა ან ნათესავმა მთხოვა და უარი ვერ ვთქვი. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე პროცესი, რომლის გამოც მინანია, მაგრამ კლიენტი უნდა დამეცვა - სხვა გზა არ მქონდა. ზოგჯერ არის ასეთი სიტუაცია: შენს ნაცნობს სურს, რომ მისი ადვოკატი იყო. შენც უხსნი, ეუბნები, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მაგრამ არ გიჯერებენ. ამიტომ, ზოგჯერ ისეთი საქმისთვისაც მომიკიდია ხელი, რომელსაც პერსპექტივა არ ჰქონდა.

- ბევრი საქმე წაგიგიათ?

- წაგებული საქმეებიც მქონია. არ არსებობს ადვოკატი, რომელსაც წაგებული საქმე არ აქვს, რადგან საქმის მოგება ან წაგება მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ბევრ რამეს წყვეტს მოსამართლე. გარდა ამისა, არსებობს მოულოდნელი ფაქტორები, რომელთა გამოც ვერ გათვლი, პროცესი როგორ დასრულდება. ამიტომ ძნელია, კლიენტი წინასწარ დააიმედო, რომ საქმეს აუცილებლად მოიგებ.

- თქვენი მეუღლე - ზურაბ როსტიაშვილიც ადვოკატია. რას ნიშნავს ორი ადვოკატის ყოფნა ერთ ოჯახში?

- უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით, კურსელები ვიყავით და დავმეგობრდით. მესამე კურსზე ვიყავით, როცა დავქორწინდით და ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ. თავიდან ბაგებში, სტუდქალაქში ვცხოვრობდით და იმის შემდეგ ერთად მოვდივართ. როგორია ორი ადვოკატის ცხოვრება ერთ ჭერქვეშ? - ძალიან რთული. ხშირად ვკამათობთ, თანაც, ისეთ თემებზე, რომლებზეც არც ერთი ჩვეულებრივი ცოლ-ქმარი არ იკამათებს: ჩვენ ძირითადად, სამართლის საკითხებსა და ჩვენს პროფესიაზე ვმსჯელობთ, ვკინკლაობთ. ზურა საინგილოდან - ისტორიული ჰერეთიდანაა. კახის რაიონში დაიბადა და გაიზარდა. ეს მართლა საოცარი მხარეა: პირველად საინგილოში რომ ჩავედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ წინა საუკუნეების ქრისტიანულ საქართველოში მოვხვდი. ამ უძველეს მხარეში ქართული სული ყველაზე ცხადადაა შემორჩენილი. სოფელ ალიბეგლოში ზურას დედა ცხოვრობდა. იქ რომ ჩავედი და წყაროზე მხარზე თუნგშემოდგმული ქალები დავინახე, ჩემი თავი წინა საუკუნეების საქართველოში მეგონა. ინგილოები მშრომელი, წყნარი და მშვიდი ხალხია, რაღაცით რაჭველებს მაგონებენ და ყველას დიდ პატივს ვცემ.

- თქვენს პროფესიას დავუბრუნდეთ: ყველაზე მძიმე ან პირიქით, სასიამოვნო შემთხვევები თუ გახსენდებათ?

- ყველა საქმე თავისებურად რთულია, მაგრამ მორალური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მეტისმეტად მძიმე საქმეებიც მქონია. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, ბავშვის მამობის დადგენის მიზნით, გვამის ექსჰუმაცია დაგვჭირდა... ყოფილა შემთხვევა, როცა ცოლ-ქმარს განქორწინება სურდა, თითქოს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ჩემს კოლეგებთან ერთად შემირიგებია და მათი ოჯახი გადაგვირჩენია. მხარეთა შერიგებასა და მორიგებას კანონიც ითვალისწინებს. მეც მიყვარს, როცა საქმე მშვიდობიანად, კარგად დასრულდება. ამ დროს ორივე მხარე მადლიერია, რაც ძალიან მახარებს. მქონია შემთხვევა, როდესაც საქმე სასამართლომდე არც კი მისულა, ყველაფერი ისე მოგვარებულა.

- კლიენტები როგორ გამოხატავენ მადლიერებას თქვენ მიმართ?

- სხვადასხვანაირად: ზოგი უბრალოდ, მადლობას მეუბნება; შეიძლება წლების წინ გაცნობილმა კლიენტმა დამირეკოს, თავი შემახსენოს და სამადლობელი სიტყვები მითხრას, ხან ახალ წელს მილოცავენ, ხან - ქალთა დღეს და ა.შ. მოკლედ, მადლიერებას ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს. გახარებულ კლიენტს ჩემთვის ოქროს ძეწკვიც უჩუქებია და ტკბილეულიც. ეს აუცილებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ მათი ყურადღება მაინც სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, უსიამოვნო ინციდენტებიც მქონია. მაგალითად: ქუთაისში ვიცავდი ერთ ქალბატონს, რომელსაც თაღლითობაში ედებოდა ბრალი. დარბაზში რომ ვთქვი, ამ ქალს დანაშაული არ ჩაუდენია-მეთქი, დაზარალებული მხარის ქომაგებმა წყევლა-კრულვა დამაყარეს. სამწუხაროდ, ასეთებიც მახსენდება.

- ოდესმე მკვლელის ინტერესები თუ დაგიცავთ?

- მხოლოდ ერთხელ დავიცავი მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადამიანი და დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ის დამნაშავე არ იყო.

- ცნობილია, რომ კარგი იუმორი გაქვთ. თქვენს საქმეში ეს თვისება თუ გეხმარებათ?

- რა თქმა უნდა. ზოგჯერ ვხუმრობ: სასამართლო პროცესზე რომ შევდივარ, ჩემი იუმორიც თან შემაქვს-მეთქი. ეს თვისება ძალიან მშველის.

- ამბობთ, რომ ბევრი ჰობი გაქვთ. რომელია მათ შორის ყველაზე ძვირფასი?

- ბევრნაირი ჰობი მქონია და დღესაც მაქვს: ჩემით ვისწავლე კერვა და ქარგვა, ხოლო ქსოვა მეორე კლასში მასწავლა მეზობელმა. ჩემით ვიკერავდი ტანსაცმელს - "პლაშჩი" და პალტოც კი შემიკერავს. სტუდენტობაში მეუღლეს ისეთი შარვალი შევუკერე, რომ ყველა გვეკითხებოდა, რომელი ქვეყნიდანაა ჩამოტანილიო? მოგეხსენებათ, 1980-იან წლებში უცხოური სამოსი ასე ყოველ ნაბიჯზე არ იყიდებოდა. თეთრიწყაროს რაიონში აგარაკი გვაქვს და მისი ეზო ქვებით მოვაპირკეთე, მოზაიკაც დავაგე და ა.შ. ამ მრავალფეროვნების მიუხედავად, თევზაობა განსაკუთრებით მიყვარს. მე ფოთში დავიბადე, მამაჩემი მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის წევრი იყო და კატერი ჰქონდა, რომლითაც ხშირად დადიოდა სათევზაოდ პალიასტომის ტბაზე. როგორც ჩანს, მამის გენები გამომყვა - ჩხირკედელაობითა და თევზაობის სიყვარულით მას დავემსგავსე.

- სათევზაოდ ხშირად დადიხართ?

- როცა ჩვენს აგარაკზე ვართ, სულ ვთევზაობ. სამწუხაროდ, ქმარ-შვილი ვერ ავიყოლიე, თან იმ შემოგარენში მარტო მე ვარ მეთევზე ქალი. ამის გამო, თითქმის ყველა მიცნობს და ჩემს გატაცებაზეც იციან. ბევრჯერ მომხდარა, სტუმრები მოსულან, მე სათევზაოდ ვყოფილვარ, მეუღლე კი შინ იყო და კითხულობდა. ამიტომ, ზურა სულ ხუმრობს - ქალი მოვიყვანე ცოლად თუ კაცი, ვეღარ გამიგიაო. თანდათან შეეჩვია ამ ჩემს გატაცებებს, სხვა რა გზა ჰქონდა? ახლა იჩემებს: ჩემს ოჯახში ნამდვილი მატრიარქატია - ქალები სათევზაოდ დადიან და კაცები ოჯახს უვლიანო...

- "ფეისბუკზე" ხშირად აზიარებთ მიუსაფარი ცხოველების ფოტოებს. მათი დაცვაც თქვენი ჰობია?

- ცხოველების სიყვარული ჰობი კი არა, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს იცით, როგორ აღვიქვამ? - მგონია, რომ ისინი მესაუბრებიან და თავის ენაზე რაღაცას მიყვებიან. ყველანაირი ცხოველი მიყვარს. გველს ხელში ვიჭერ, ბაყაყები და ხვლიკებიც მიყვარს და ჩემს შვილიშვილებსაც შევაყვარე. მთელი გულით ვგრძნობ, რომ მეც მათი ნაწილი ვარ. არ მიკვირს, რომ ინდიელები ცხოველებს ჩვენს უმცროს ძმებს უწოდებდნენ. სოციალურ ქსელშიც ჩემს ძაღლთან ერთად გადაღებული ფოტო მიდევს, რომელიც დამეღუპა. ასე მგონია, ეს ფოტო რომ შევცვალო, მასაც ვუღალატებ და მეც რაღაც დამიშავდება... მიუსაფარი ცხოველები ხომ მიყვარს და მიყვარს - ყველას თავისი ხასიათი აქვს, ყველა განსაკუთრებული და გამორჩეულია. მათ ჩემი ესმით და მე - მათი.

- როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახს, კარიერას და ამდენ საზრუნავს?

- სამი შვილი გავზარდე. ალბათ, პროფესიაში ხელი იმიტომ არ შემეშალა, რომ არასდროს ვყოფილვარ ე.წ. გიჟი დედა. რა თქმა უნდა, ჩემი შვილები ქვეყანას მირჩევნია, მაგრამ მათ არ ვზღუდავდი და დამოუკიდებელ ადამიანებად ვზრდიდი. პირველად მარტო რომ დავტოვე და პროცესზე წავედი, უფროსი გოგონა 8 წლის იყო, ბიჭი - 5-ის, ხოლო ნაბოლარა - სამის. ასე თანდათან შეეჩვივნენ ერთმანეთზე ზრუნვას და ერთმანეთი გამოზარდეს. მაშინ ძიძის ინსტიტუტი არ არსებობდა და არც გვქონდა საშუალება, ძიძა გვყოლოდა.

- რომელიმემ თქვენი პროფესია თუ აირჩია?

- მხოლოდ ნაბოლარამ - ნუგბარა როსტიაშვილმა. მან ისე ჩააბარა იურიდიულზე, რომ არც ვიცოდი. რომ გავიგე, უკვე ჩარიცხული იყო. ახლა ის საკმაოდ კარგი ადვოკატია. ალბათ მკითხავთ, ნუგბარა რატომ დავარქვით? - ეს ჩემი დედამთილის სახელია, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი იყო და ასე ჩემი სურვილით დავარქვით ჩვენს ნაბოლარას. უფროსებს რაც შეეხებათ, მათ სულ სხვა გზა აირჩიეს: უფროსმა - თამთამ თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა, ოჯახი შექმნა და უკვე 2 შვილი ჰყავს, ხოლო ბაქარი თსუ-ში სწავლობდა, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. მეორე კურსიდან კიევში წავიდა, უკრაინული ისწავლა და კიევის უნივერსიტეტი დაამთავრა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები უბრალოდ კარგი ადამიანები არიან და ერთმანეთს პატივს სცემენ - სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"