"საუკეთესო საუკეთესოთა შორის" - კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საუკეთესო საუკეთესოთა შორის! - სწორედ ამ სიტყვებით შეგვატყობინა სოციალურ ქსელში სერია ა-ს ოფიციალურმა გვერდმა ისტორიული წარმატების შესახებ. ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის 2022-2023 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
"საუკეთესო საუკეთესოთა შორის! კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშეა. გამორჩეული სადებიუტო სეზონით ის იმსახურებს ადგილს სერია A-ს სეზონის გუნდში. " - წერია სერია A-ს "ფეისბუქის" ოფიზიალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევმა 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც "ნაპოლის" 33 წლიანი ლოდინი დაასრულა და კლუბის გაჩემპიონებაში საკვანძო როლი ითამაშა.
სხვა ჯილდოები კი ასე გადანაწილდა:
საუკეთესო მწვრთნელი – ლუჩანო სპალეტი („ნაპოლი“).
საუკეთესო 23-წლამდელი მოთამაშე – ნიკოლო ფაჯიოლი („იუვენტუსი“).
საუკეთესო მეკარე – ივან პროვედელი („ლაციო“).
საუკეთესო მცველი – კიმ მინ-ჯე („ნაპოლი“).
საუკეთესო ნახევარმცველი – ნიკოლო ბარელა („ინტერი“).
საუკეთესო თავდამსხმელი – ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“).
საუკეთესო ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“).