ნულოვანი საწყისი კაპიტალით ათობით მილიონიან კაპიტალამდე - მთავარია შრომა და მიზანი / ბექა ხოფერიას წარმატების ფორმულა - კვირის პალიტრა

ნულოვანი საწყისი კაპიტალით ათობით მილიონიან კაპიტალამდე - მთავარია შრომა და მიზანი / ბექა ხოფერიას წარმატების ფორმულა

წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც 4 წელში საკმაოდ ამბიციური გეგმის შესრულება შეძლო და წინ კიდევ უფრო დიდი მიზნები აქვს - ეს ბექა ხოფერიაა. ბექა მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მის მიერ დაფუძნებული „აპარტ დეველოპმენტი“ კი თბილისში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექსებს ქმნის.

ბავშვობაში ფეხბურთელი და კინორეჟისორი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დიდ ბიზნესში მენეჯერულ პოზიციაზე აღმოჩნდა. მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით კი 2019 წელს „აპარტ დეველოპმენტი“ დააფუძნა და ახლა უკვე საკმაოდ მსხვილი ჰოლდინგის, „აპარტ ჯგუფის“ სათავეშია.

საკმაოდ მოკლე დროში მიღწეული წარმატებით ბექამ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია. ბევრს საუბრობენ იმაზეც, რომ ბექას უკან მისი ოჯახი დგას და ფინანსურად ეხმარება. თუმცა რეალურად ახალგაზრდა ბიზნესმენის ისტორია სრულიად განსხვავებულია. პირველ კაპიტალზე და ბიზნესის სხვა საინტერესო დეტალებზე ბექა თავად გვესაუბრება.

როდის და რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი ბიზნესი დაგეწყოთ?

საკუთარი ბიზნესის დაწყება გადავწყვიტე, როდესაც თითქმის 2 წელი ერთ-ერთ წარმატებულ დეველოპერულ კომპანიაში გენერალური დირექტორის პოზიციაზე ვმუშაობდი, დამფუძნებლის მხრიდან იყო დიდი ნდობა და მეც ჩემის მხრივ, ვფიქრობ ყველაფერი გავაკეთე ბიზნესის განვითარებისთვის. სრულად ვიყავი ჩართული როგორც დეველოპმენტის, ისე მშენებლობის ნაწილში. ჩემი უშუალო ჩართულობით ხდებოდა მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა, ინჟინერიისა და მშენებლობის დაგეგმვა, გაყიდვების მართვა, ფინანსური მიმართულების მენეჯმენტი, მოლაპარაკებების წარმოება. გარკვეული გამოცდილება რომ დავაგროვე, მივხვდი, უკვე დამოუკიდებლად შემეძლო პროცესების მართვა, დავრწმუნდი, რომ ეს არის საქმე, სადაც თავს კარგად ვგრძნობ, საკუთარი ბიზნესის დაწყება გადავწყვიტე. მინიმალური სესხი ავიღე და პირველი მშენებლობა დავიწყე.

თბილისისადმი ჩემი სიყვარული და სურვილი, რომ მის ურბანულ განვითარებასა და თბილისური ტრადიციების შენარჩუნებაში პატარა წვლილი მაინც შემეტანა – ეს იყო მთავარი მოტივაცია სამშენებლო-დეველოპერულ ბიზნესში შესვლის დროს. ასევე, მინდოდა ამეშენებინა ისეთი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ყველნაირი კომფორტი, რაც მე, როგორც მაცხოვრებელს მჭირდება, ერთ სივრცეში მექნებოდა. შესაბამისად, ვფიქრობ, ჩვენი მომხმარებლისთვის წინასწარ გვაქვს ნაფიქრი რა შეიძლება დასჭირდეთ და დახვდეთ ჩვენ პროექტებში.

საკმაოდ ახალგაზრდამ და თან შესაბამისი განათლების გარეშე საკმაოდ თამამი ნაბიჯი გადადგით, როდესაც საკუთარი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტეთ. რა გახდა ამ დროს თქვენი ინსპირაცია და მამოძრავებელი ძალა?

ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა საკუთარი თავის რწმენა იყო. კომპანიაში, რომელშიც მანამდე ვმუშაობდი, დამფუძნებელი მუდმივად კმაყოფილი იყო მართვის ჩემი სტილითა და შედეგებით. საკმაოდ მსხვილი კომპანიის მართვას კარგად გავართვი თავი. ამიტომ საკუთარ თავში ვიგრძენი ძალა, რომ შემეძლო ეს ნაბიჯი გადამედგა.

მას შემდეგ, რაც ბიზნესის დაწყება გადავწყვიტე, მენეჯმენტის რამდენიმე საერთაშორისო კურსიც გავიარე, რაც ასევე ძალიან დამეხმარა.

თუმცა, ზოგადად, საკმაოდ ადრეული ასაკიდან ვცდილობდი, ფინანსურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. ბევრი მიმართულებით მიმუშავია. ფლაერებიც დამირიგებია და ეს არ მეთაკილება. ვთვლი, რომ მაღალ საფეხურზე ასვლამდე საჭიროა, ყველაფერი გამოცადო – გაჭირვებაც, სიცივეც, ფიზიკური შრომაც… ფული მხოლოდ შრომით იშოვება. დღეს რომ საკუთარი, წარმატებული კომპანიის მმართველი ვარ, ესეც დიდი რისკის შედეგია და სწორედ მიღებულმა გამოცდილებამ მომცა ეს სითამამე.

რამდენი იყო თქვენი პირველი სამუშაო კაპიტალი და როგორ მიიღეთ ის?

როდესაც საკუთარი ბიზნესის დაწყება გადავწყვიტე, არანაირი ფინანსური რესურსი არ გამაჩნდა, თუმცა ჩემ გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჩემი სჯეროდათ და დამეხმარნენ. იმ პერიოდში ბანკში სესხის გაკეთებას ვერ ვახერხებდი და ამიტომ ნათესავისგან ვისესხე 40 000 დოლარი, რომელიც ჩემი პირველი კაპიტალი გახდა. ასევე ჩემი ახლობელი ადამიანისგან მივიღე მიწა, რომელზეც მშენებლობა დავიწყე. შეთანხმების საფუძველზე მშენებლობის დასრულების შემდეგ მისთვის კორპუსში ბინები უნდა გადამეცა. ჩემი პირადი ფინანსები და კაპიტალი ამ საქმეში არ ჩამიდია, თუმცა შევძელი საქმის სწორი მენეჯმენტი და პირველი მშენებლობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

რამდენად ჩართული იყო ოჯახი თქვენს საქმიანობაში? გეხმარებოდნენ თუ არა ოჯახის წევრები ფინანსურად ან რჩევებით?

როგორც უკვე აღვნიშნე, უშუალოდ ჩემი ოჯახი ჩემს საქმეში ფინანსურად ჩართული არაა, თუმცა დედასგან რჩევებს ვიღებ ხოლმე. პირველი პროექტის, Old City Panorama-ს მიწის სანახავად რომ მივედით, მახსოვს, იმდენად აღფრთოვანებული დავრჩით ამ ლოკაციით და საოცარი ხედით, რომ დედამ მითხრა, ახლა გეძლევა შესაძლებლობა შენი ქალაქისთვის უნიკალური პროექტი შექმნა, გვერდში მიგულე, წაგებაშიც კი მოგყვებიო. თუმცა მხოლოდ რისკი არ არის გამართლებული, თუ გარკვეული დაზღვევა არ მოყვება ამ ყველაფერს.

შემდეგ იყო კიდევ რამდენმე მაცდური წინადადება, მაგალითად, როდესაც პირველი მშენებლობა დავასრულე, ფართის შეძენას მთავაზობდნენ მთლიანი, ნაღდი თანხის გადახდით, თუმცა საკმაოდ დაბალ ფასად. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, დასრულებულ პროექტში ბინების დაბალ ფასად გასხვისება არ მინდოდა, თუმცა რადგან თანხა მჭირდებოდა, გადავდგი ეს ნაბიჯიც და დღეს ვიცი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მიღებული თანხით ბიზნესის ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა მივიღე.

ვინ არის დღეს ბექა ხოფერია? რა ბიზნესს ფლობს ის?

რთულია საკუთარი თავის შეფასება, თუმცა ერთი ვიცი - ბექა ხოფერია დღეს არის ადამიანი, რომელიც აკეთებს თავის საყვარელ საქმეს და თუ ეს ყველაფერი კარგად გამომდის, სწორედ ამ დამოკიდებულების შედეგია. ჩვენი პროექტები არასდროს არის მხოლოდ მოგებაზე გათვლილი, რადგან მინდა ჩემი ქალაქის განვითარებაში დადებითი წვლილი შევიტანო.

ვფიქრობ, რომ შევდექი, როგორც პროფესიონალი, რადგან ჩვენი პროექტები დღეს ნამდვილად გამორჩეულია და ტოპ დეველოპერების სიაში შევდივართ. ეს ყველაფერი კი საოცრად მაბედნიერებს.

რაც შეეხება უშუალოდ კაპიტალს, ჰოლდინგის „აპარტ ჯგუფის“ 100% მფლობელი ვარ. დღეს ჩვენს ჯგუფს ბევრი შვილობილი კომპანია აქვს. ჯგუფი ფლობს 20 ჰექტრამდე მიწის კაპიტალს თბილისსა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე. კომპანიის კაპიტალი კი 60 მილიონს ცდება.

სამომავლოდ საკმაოდ დიდი და ამბიციური გეგმები მაქვს ჩემს ბიზნესთან დაკავშირებით.

როგორი იყო წარმატებამდე მისასვლელი გზა? რა გამოწვევებთან გამკლავება მოგიწიათ ამ გზაზე და რა დაგეხმარათ მათთან გამკლავებაში?

საკმაოდ რთული და ამავდროულად, საინტერესო 4-წლიანი გზა გავიარე. სწრაფად გავიზარდეთ და ამ პერიოდში ბევრი გამოწვევაც გვქონდა. ყველაზე დიდი სირთულე ჩვენთვის კოვიდპანდემია აღმოჩნდა. „აპარატ დეველოპმენტი“ 2019 წლის გაზაფხულზე შეიქმნა, რამდენიმე თვეში კი პანდემია დაიწყო. ბევრი სირთულის წინაშე აღმოვჩნდი. ჩემი მიზანი იყო, რომ მშენებლობა არ გამეჩერებინა, რაც იმ პერიოდში ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო. თუმცა ეს მაინც შევძელი. მახსოვს, მაშინ ვიყიდე მოტოციკლეტი, რადგან ერთადერთი ტრანსპორტი იყო, რომელზეც არ მოქმედებდა შეზღუდვა. ხელოსნებსაც თავად ვატარებდი, რომ საქმე არ გამეჩერებინა. მეორე მხრივ, ფინანსური გამოწვევების წინაშეც ვიდექით. თუმცა გარკვეული რისკები გავწიე და ამ ყველაფერმა გაამართლა. ყოველთვის მჯეროდა იმის, რასაც ვაკეთებდი და ეს ბიზნესის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რას ურჩევთ ახალგაზრდებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ?

პირველ რიგში, ვურჩევ იყვნენ საკუთარ თავში დარწმუნებულები. აუცილებლად უნდა გარისკონ საჭირო დროს და თუ გინდათ, რომ დაიწყოთ საკუთარი საქმე, აუცილებლად დაიწყეთ, მაგრამ დარწმუნდით, რისკი არ იყოს იყოს 100%-იანი, უნდა იყოთ დაზღვეულები, ისე, რომ წაგების შემთხვევაშიც, გქონდეს საქმის თავიდან დაწყების შესაძლებლობა. თუ რისკთან ერთად მონდომება ექნებათ, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.. შრომა უკვალოდ არასდროს იკარგება.

თქვენი აზრით, რა არის წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები?

პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენა, შემდეგ კი მონდომება და სურვილი, რომ იყო წარმატებული. უნდა დაიჯერო, რომ აუცილებლად გამოგივა. მე ასევე ძალიან მეხმარება ბიზნეს ინტუიცია და ლოგიკური აზროვნება. რთული ამოცანის სწორად გადაჭრაში, ხშირ შემთხვევაში, თეორიაზე მეტად, ლოგიკური აზროვნების უნარია გადამწყვეტი.