"ჩემი უკომპრომისობის გამო, რამდენიმე პროდიუსერი განაწყენებული მყავს" - კვირის პალიტრა

"ჩემი უკომპრომისობის გამო, რამდენიმე პროდიუსერი განაწყენებული მყავს"

ინტერვიუ ცირა კობიაშვილთან:

ასაკი: 26 წლის.

განათლება: დაამთავრა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: მომღერალი.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: მოგზაურობა.

ცხოვრების დევიზი: "სჯობს სცადო, ვიდრე მთელი ცხოვრება გაინტერესებდეს - რომ გეცადა, რა მოხდებოდა".

- ცირა, როგორ ხარ?

- მშვენივრად (იღიმის). ჩემს ცხოვრებაში ეს პერიოდი უფრო საინტერესოა, ვიდრე წინა თვეები, თუნდაც - კარიერული მიმართულებით...

- როგორ ფიქრობ, საზოგადოებას შენ შესახებ როგორი წარმოდგენა აქვს და რეალურად როგორი ხარ?

- საერთოდ, ვინმეს შესახებ საზოგადოების აზრი ყოველთვის ერთნაირი არ არის. იმაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს, რომ ყველას მოსწონდე ან უყვარდე. ალბათ, ჩემ შესახებაც განსხვავებული მოსაზრებები არსებობს: ზოგს მოვწონვარ, ზოგს - არა, მაგრამ მთავარია, ადამიანის პიროვნული იმიჯი ნეგატივთან გაიგივებული არ იყოს, მისი სახელის ხსენება ცუდ ემოციას არ იწვევდეს. შეიძლება ჩემი იმიჯის და ხისტი ხასიათის გამო, ხანდახან უცხო ადამიანებისთვის არამეგობრული, არაკომუნიკაბელური ვჩანდე. ადამიანებს რომ გავიცნობ ხოლმე, თითქმის ყოველთვის ძალიან გაოცებულები და ბედნიერები არიან - როგორი "გახსნილი", უშუალო და უბრალო ხარ. ასეთი არ გვეგონეო... სინამდვილეში მართლაც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩემი კომპლექსებით, ნაკლოვანებებით... ამის გამოსწორებას ყოველდღიურად ვცდილობ.

- როგორ ფიქრობ, სიმღერის გარდა, ყველაზე უკეთ, რომელი საქმე გამოგდის?

- პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. შემიძლია ახლობლებს მხარში ამოვუდგე, რთული პერიოდი გადავალახვინო... ემოციურად ვხვდები ხოლმე, ადამიანებს რისი თქმა, რისი "ხაზგასმა" სჭირდებათ... რასაც საკუთარ თავს ვარიგებ და ვიცი, გამომადგება, მაგრამ ვერ ვასრულებ, ყოველთვის ვცდილობ, ასეთი რჩევებით ახლობლებს დავეხმარო, მხარში ამოვუდგე. ხშირად უთქვამთ, - საოცარი ფსიქოლოგი იქნებოდიო, რადგან რასაც ვურჩევ, ასრულებენ - დარწმუნების უნარი მაქვს.

- შენთან დამეგობრება იოლია?

- თავიდან კი, მაგრამ მეგობრობის შენარჩუნება იოლი არაა. იოლად არც სხვის სივრცეში ვიჭრები. შეიძლება კომუნიკაცია მარტივად დავამყარო და უცხო ადამიანს ჩემ გვერდით თავი კომფორტულად ვაგრძნობინო, მაგრამ ისე არ ხდება, რომ მეორე, მესამე დღეს ჩემი მეგზური და მეგობარი გახდეს. ჩვენ შორის საერთო ინტერესები, ღირებულებები, სიმპათია უნდა არსებობდეს. ადამიანებთან, ვისაც ცხოვრებაში ისეთი შეხედულებები და ღირებულებები არ აქვთ, როგორიც - მე, დიდი ხნით კომუნიკაცია მიჭირს. 26 წლის ასაკში ურთიერთობების დაწყებას (მნიშვნელობა არ აქვს, მეგობრული იქნება თუ სასიყვარულო) მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდები, რადგან ადამიანებში ხშირად შევმცდარვარ - რაც ჩემთვის მიუღებელია, წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ ამის გაკეთება სხვას შეეძლო...

- სცენაზე გასვლისთვის როგორ ემზადები?

- მაქსიმალური პასუხისმგებლობით. ყოველთვის ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო. საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ, როგორც ვოკალური თვალსაზრისით, ასევე - გარეგნობასთან დაკავშირებითაც. ჩემი უკომპრომისობის გამო, რამდენიმე პროდიუსერი განაწყენებული მყავს, რადგან რაც არ მომწონს და ჩემთვის მიუღებელია (მაგალითად: შერჩეული კაბა, სიმღერა, იმიჯი და ა.შ.), იმას არასოდეს გავაკეთებ... საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ, ყელს გავუფრთხილდე - ცივი სასმელი არ მივირთვა, თამბაქო არ მოვწიო, მაგრამ სცენაზე გასვლის დღეს უმნიშვნელოვანესია სიმშვიდის შენარჩუნება, რადგან ჩემი ნერვიულობა ოდნავ შფოთვაში თუ გადადის, ყელი საერთოდ "მეკეტება" - ისე ვეღარ ვმღერი, როგორც უნდა ვიმღერო. ამის გამო ბევრჯერ შემშლია ხელი და ჩემი ვოკალური შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამომიმჟღავნებია... ცხოვრების წესს რაც შეეხება, რეგულარულად ვვარჯიშობ, კვების სწორ რეჟიმს ვიცავ. არაჩვეულებრივი ტრენერი მყავს, რომელიც მაქსიმალურად მეხმარება, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

- მოულოდნელად მილიონი დოლარი რომ მიიღო, რაში გამოიყენებ, შენს ცხოვრებას როგორ წარმართავ?

- ძალიან შემაშინებს, ეს დიდი ტვირთი იქნება... უპირველეს ყოვლისა, ვეცდები, ადამიანობა არ დავკარგო და ტიპური ფულის მოყვარული არ გავხდე, რომლისთვისაც წმინდა აღარაფერია, ღირებულებები ეცვლება, საკუთარი ფინანსური ბერკეტის გარდა, მისთვის არაფერი არსებობს, მეგობრებს კარგავს... ვფიქრობ, ჩემს ბიზნესს დავიწყებ და ირგვლივ არავის დავჩაგრავ, ზემოდან ყურებას არავის დავუწყებ იმის გამო, რომ დიდი ფული მოვიგე. ბევრ ადამიანს დახმარების ხელს გავუწვდი, ქართველ მუსიკოსებსაც დავეხმარები...

- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი, ქალს ფორმაში ყოფნისთვის დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება?

- კარგ ფორმაში ყოფნისთვის ქალს ბედნიერების განცდა, შინაგანი სიმშვიდე სჭირდება, მაგრამ გარკვეული ფინანსური სახსრები მაინც საჭიროა, თუნდაც - იმისთვის, რომ ჯანსაღად იკვებოს, ივარჯიშოს, ბიუჯეტურად და თან, მოდურად ჩაიცვას, სტილისტს კვირაში ერთხელ მაინც მიაკითხოს. არსებობს სიტუაციები, როცა ქალებს ფინანსები აქვთ, მაგრამ შინაგანად იმდენად არ არიან ბედნიერები, რომ თავსაც ვერ უვლიან. მთავარია, ქალმა ქალური ბედნიერება მიიღოს.

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- ვცდილობ, მეგობრებისთვის კომფორტული და კარგი მეგობარი ვიყო, საყვარელ ადამიანებს გვერდით დავუდგე, სიამოვნება მივანიჭო... ცივილიზაცია ჩემამდეც არსებობდა, ზოგადსაკაცობრიო მისიისთვის მზად არ ვარ (იცინის).

- ბოლოს რის გამო იტირე?

- ფილმის - "კაცი სახელად ოტო" - ნახვისას ვიტირე... საერთოდ, შეიძლება ადამიანების მზაკვრობის, ტყუილის გამო ვიტირო. მიფიქრია, არასდროს მეყოფა ძალა, ისეთ ადამიანებს ვებრძოლო, ვისი ღირებულებებიც ჩემთვის საერთოდ მიუღებელია და ცუდ საქმეებს სჩადიან; შეიძლება გავიარო, გასაჭირში მყოფი ცხოველი ვნახო და ამან ამატიროს...

- რა მავნე ჩვევა გაქვს?

- ჩამოთვლა გამიჭირდება, მაგრამ ალბათ - უყურადღებობა, "გაფანტულობა", რაც ჩემი ხასიათის გამო ხდება: ძალიან ბევრს ვფიქრობ. შეიძლება ფიქრებში ჩავიძირო და ხანდახან მოსაუბრესთან კავშირი გავწყვიტო. მერე მეკითხებიან, - ცირა, აქ ხარო? - ბოდიში, "სხვაგან წავედი"-მეთქი (იღიმის)... ჩემი "გაფანუტულობის" გამოსწორებაზე ვმუშაობ.

- 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ 1 ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

- შავს, რადგან ჩემი საყვარელი ფერია.

- საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნია?

- ძირითადად, საკუთარ შესაძლებლობებს ეჭვქვეშ ვაყენებ. ჩემთვის პატივსაცემი, ავტორიტეტული ადამიანებისგან ყოველთვის შემოძახება მჭირდება, - შენ ეს შეგიძლიაო! ამაში დათვური სამსახურის გაწევას, ტყუილად შექებას არ ვგულისხმობ - არგუმენტირებული მსჯელობით უნდა ამიხსნას, რომ არ დავნებდე, რადგან ისეთი ხასიათი მაქვს, რომ შეიძლება ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანის ცუდმა კომენტარმა ისე უარყოფითად იმოქმედოს, არაფრის გაკეთება აღარ მინდოდეს...

- ოქროს თევზის ამბავი რეალური რომ იყოს, რომელი 3 სურვილის ახდენას სთხოვდი?

- იმას, რომ ადამიანები ზეციურ სამყაროში ადრეულ ასაკში არ მიდიოდნენ. რაღაცნაირად, ამ მხრივ დანდობა იყოს... ასევე, სტიქიური უბედურებები და ომი არ არსებობდეს; ბოღმისგან სავსე არავინ იყოს; კაცობრიობაში ღვარძლი, ბოროტება და ინტრიგა, ადამიანებს შორის ღალატი და მუხანათობა არ არსებობდეს...

- ახლობელი ადამიანისგან ღალატი გიგრძნია?

- კი. დღეს უკვე ჩუმ "გამოცდებს" ვუწყობ ადამიანს. ვაკვირდები, რომ მასში ბოლომდე დარწმუნებული ვიყო...

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრები?

- დედას და ჩემს რამდენიმე ძალიან ახლობელ და საყვარელ ადამიანს. ვინტერესდები, მათმა დღემ როგორ ჩაიარა. თუ რჩევა მჭირდება, ვეკითხები...

- ოდესმე საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო ყოფილხარ, თუნდაც - მოზარდობისას?

- არა მხოლოდ მოზარდობისას: ბავშვობის სურათებს რომ ვუყურებ, ვარცხნილობასთან, ჩაცმულობასთან დაკავშირებული პრეტენზიები მაქვს ხოლმე (იღიმის). დედა ყოველთვის მეუბნება, - იმ ასაკში ასე უნდა გამოიყურებოდე, ბავშვი იყავიო... გარეგნობასთან დაკავშირებით ძალიან მომთხოვნი ვარ. საერთოდ, მაქსიმალისტი გახლავართ, რაც ცუდია. მაგალითად, 2-3 წლის წინ ვერ გავბედავდი, სახლიდან ისე გავსულიყავი, რომ 10-ბალიანი სისტემიდან 9 ბალით შემეფასებინა თავი. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი მაკვირდებოდა. ახლა დროც შეიცვალა და ამ საკითხში თავისუფლებას ვგრძნობ. შემიძლია მაკიაჟის გარეშე, სპორტულ სამოსში გამოწყობილი გავიდე და ამის გამო კომპლექსი არ მქონდეს. საერთოდ, მინდა, ყველაფერი საუკეთესოდ იყოს. ამიტომ მაინც მაქვს სიტუაციები, როცა სახლიდან გასვლამდე ვფიქრობ, მაგალითად, ჩაცმულობას რამე შტრიხი ხომ არ დავამატო-მეთქი?..

- შენი პიროვნების ჩამყალიბებაზე განსაკუთრებული ზეგავლენა ვინ, რამ მოახდინა?

- ოჯახმა და გარემო პირობებმა. რა თქმა უნდა, ხასიათის გარკვეული თვისებები გენეტიკურად მომდევს (იღიმის), თუმცა ადამიანის პიროვნული ჩამოყალიბება მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს...

- როგორ ფიქრობ, ამჟამად, შენი მუსიკალური კარიერა რა ეტაპზეა?

- ნელ-ნელა წინ მიიწევს. ვცდილობ, არ გაჩერდეს. პროდიუსერის, ისეთი ადამიანის გარეშე მუშაობა რთულია, ვინც ამ სფეროში გზას გაგიკვალავს. დამოუკიდებლად რაც შემიძლია, ვაკეთებ. მაგალითად, მადლობელი ვარ გადაცემის - "აკუსტიკა". მისი დამსახურებაა, რომ არ ვჩერდები, ახალ სიმღერებს ვწერ... ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ქართულ ხალხურ სიმღერას ჩავწერდი. გიორგი ასანიშვილი დამეხმარა, რომ ეს გამებედა. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ხალხმა ამ ჟანრშიც გამიცნო...

- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?

- მაქსიმალურად ვცდილობ, სამართლიანი ვიყო და ადამიანებს იმედი არ გავუცრუო, არ მოვატყუო, ჩემ გამო დადარდიანებულები არ იყვნენ, ჩემი დანახვისას ან ჩემი სახელის გაგონებისას ცუდი ემოციები არ დაეუფლოთ; ადამიანების ცხოვრებაში მოსვლაც ვიცოდე და წასვლის ნიჭიც მქონდეს - ისე, რომ ჩემი წარსულიდან "გაპარვა" არ დამჭირდეს...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"