"დავიჯერე, რომ სასწაულები ხდება!" - კვირის პალიტრა

"დავიჯერე, რომ სასწაულები ხდება!"

სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ცნობილმა და წარმატებულმა მოცეკვავემ - მზია ორველაშვილმა ახალი და განსხვავებული სამუშაო პოზიცია მოირგო - სამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორი გახდა. ასევე, საკუთარი ატელიე ჩამოაყალიბა, სადაც სამეჯლისო-სპორტული ცეკვების კოსტიუმებთან ერთად, სხვადასხვა ტიპის სამოსს ქმნიან...

- თავს გემოვნებიანად მივიჩნევ. საერთოდ, როცა ადამიანს ფული აქვს, თავს საშუალებას მისცემს, კარგად ჩაიცვას. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ გემოვნება ყველა ფულიანს აქვს. იყო პერიოდი, როცა ისე ვიცვამდი, როგორც თავად მინდოდა და ეს ყველას ძალიან მოსწონდა.

- დღეს ისე ვერ იცვამ, როგორც გინდა?

- დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე, ყველაფერი დალხენილად არ არის... თუმცა მაინც ვცდილობ, ისე გამოვიყურებოდე, რომ კარგი გაგებით, ყურადღების ცენტრში მოვხვდე.

- გაპრანჭვა რა ასაკიდან დაიწყე?

- დედაჩემი ძალიან კოპწია ქალია. უყვარს, როდესაც მისი შვილები მოწესრიგებულები, ლამაზად ჩაცმულები დადიან. ყოველთვის დედა გამომპრანჭავდა ხოლმე. ცდილობდა გამორჩეულად მცმოდა სკოლაში, ბაღში... კლასიკური სტილი მოსწონს. როცა უკვე ცალკე ცხოვრება დავიწყე, სპორტულად ჩავიცვი. "ქუსლოჩკები" აღარ მაცვია, რადგან დავიღალე. ამასთან დაკავშირებით, მე და დედა სულ ვკამათობდით. მეუბნებოდა, - გოგო, ცოტათი გაიპრანჭე, კლასიკურად ჩაიცვიო.

- წვეულებაზე წასასვლელად როგორ ემზადები, რამდენი დრო გჭირდება?

- მაგალითად, 1 თვე ვემზადებოდი, თუ რა ჩამეცვა თურქეთში, სამშენებლო კომპანიის ბიზნესკონფერენციებზე. 4-დღიანი ტური გვქონდა. ოთხივე დღეს ხომ გამორჩეულად ლამაზი უნდა ვყოფილიყავი, არა? თან, დრესკოდი იყო... ბიზნესლედის შესაფერისად უნდა მცმოდა. იმდენი ვიფიქრე, რომ ბოლოს სამოსი 4 დღეში შევაკერვინე... სხვათა შორის, საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდი და ეს ყველამ აღნიშნა. ყველა სტანდარტი დაცული მქონდა. დიპლომიც მივიღე, როგორც ყველაზე მეტად მოწესრიგებულმა, ოღონდ - პლუსით (იღიმის)...

- სამოსი შენი დიზაინით შეაკერვინე?

- კი. საერთოდ, ისეთი ტანსაცმელი არ მიყვარს, როგორიც ყველას აცვია. თუ რაღაც ვიყიდე და დავინახე, რომ სხვასაც აცვია, აღარ ვიცვამ - ვინმეს ვჩუქნი. ვცდილობ, ყოველთვის გამორჩეულად გამოვიყურებოდე.

- სამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორი როგორ გახდი?

- "გზასთან" ინტერვიუში მოყოლილი მაქვს, რომ ცხოვრებაში რთული პერიოდები გავიარე. შეიძლება გარკვეული დოზით ეს ახლაც გრძელდება... ზუსტად თვე-ნახევრის წინ, ფოკას მამათა მონასტერში წავედი, მამაოები ვნახე, ვილაპარაკეთ... ტაძარში შესულმა სანთელი დავანთე, - ღმერთო, რა იქნება, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავის ადგილას დადგეს, როგორც ადრე იყო-მეთქი?.. ტაძრიდან გამოსვლისთანავე მეგობარმა - დიმამ (რომელიც წლების წინ, ბელარუსში გავიცანი) დამირეკა, - სიურპრიზს გიკეთებო... კამერა ჩამირთო: - აი, ნახე, სად ვარო... თურმე, უკვე საქართველოში, წინანდალში, თავის საქმეებზე იყო. მითხრა, - შევხვდეთ, შენთან ძალიან მაგარი შემოთავაზება მაქვსო... მეგობრის ნახვამ ისე გამახარა, რომ არც მახსოვდა, შემოთავაზების შესახებ რომ უნდა ეთქვა... მოკლედ მითხრა, - მეგობართან ერთად, სამშენებლო კომპანია გავაკეთე და გვინდა, საქართველოს ფილიალის დირექტორი იყოო. იცი, როგორ გამიხარდა?! თითქოს ფრთები შემესხა! დავიჯერე, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება. არასოდეს უნდა თქვა "არასოდეს"!.. ღმერთის იმედი მაქვს, რადგან ტაძრიდან გამოვედი თუ არა, იმწამსვე სატელეფონო ზარი გაისმა... რაც ხდება, ყველაფერი უფლის ნებაა - ის ცუდიც, რაც აქამდე გამოვიარე და კარგიც... როგორც უფალს მოუნდება, ისე იქნება.

- მოცეკვავეს სამშენებლო სფეროში, ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობა როგორ გესახება?

- ფინანსური ანალიზი ძალიან მიყვარს. ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა. თავისთავად, დამატებითი კურსები გავიარე. კიდევ უფრო რთულია, "დირექტორის" სტატუსით ამ საქმეს გაუძღვე. ყველაფერს უნდა დაუკვირდე... რაც არ ვიცი, ვსწავლობ. ყველა ძალიან კმაყოფილია. უკვე ჩემი იდეები მაქვს, რომელიც მოსწონთ და ითვალისწინებენ. ვერ ვიტყვი, რომ დიდი გამოცდილება მქონდა, მაგრამ იცი, დიმამ რა მითხრა, როცა დირექტორობა შემომთავაზა? ისეთი ადამიანი არ მყავს, ვისაც შემიძლია, ამ საკითხში ვენდო. შენ გენდობი. ჩათვალე, რომ ჩემს ცხოვრებას განდობ, ყველაფერი შენს ხელშიაო. მეგობრობაში და თუნდაც ბიზნესში ღალატი არ მიყვარს. გულწრფელი ვარ. მირჩევნია, ადამიანს პირდაპირ მწარე სიმართლე ვუთხრა, ვიდრე ზურგს უკან ვილაპარაკო და ცუდი საქმე ვაკეთო... ჩვენი მეგობრობა 2009 წელს, მინსკში დაიწყო, როცა ბელარუსში ხელშეკრულებით გავემგზავრე, როგორც მოცეკვავე. დიმას სპორტული კომპლექსი ჰქონდა. მასთან ვმუშაობდი. მის სპორტკომპლექსში ყოველთვის ნომერი პირველი ქორეოგრაფი და მწვრთნელი გახლდით. ყოველთვის სამაგალითო ვიყავი იმით, რომ არასოდეს მომიტყუებია, თუნდაც - ფინანსური თვალსაზრისით. ამ დიდი ხნის მეგობრობამ ის გამოიწვია, რომ ადამიანი მენდობა და ამხელა საქმეს მაბარებს. ეს სახუმარო თემა არ არის...

orvelashvili2-1685805523.jpg

- შენი ახალი საქმიანობა ჩაცმის სტილზეც აისახა?

- კი. ვატყობ, ჩემს გარდერობს ისევ კლასიკური სტილის სამოსი იკავებს, რის გამოც დედაჩემი გახარებულია. დროებით საცხოვრებლად მშობლებთან, კაჭრეთში, აგარაკზე გადავედი. დილით, საქმიანი შეხვედრისთვის სწრაფად მოვემზადე, ჩავიცვი და მანქანამ რომ მომაკითხა, შევნიშნე, დედა გაღიმებული მიყურებდა - ძლივს არ დავინახე ჩემი შვილი ისევ ლამაზად, კლასიკურ სამოსშიო (იცინის)?!.

- როგორც ვიცი, სამკერვალო ატელიეც გაქვს...

- კი, რამდენიმე კვირაა, რაც ეს საქმე დავიწყე. სამეჯლისო-სპორტული კაბების გარდა, საქორწინო, საღამოს კაბებს, კოსტიუმებს ვკერავთ... ამისთვის კარგი გუნდი ავიყვანე. რამდენიმე საკონკურსო კაბა უკვე შევკერეთ, საღამოს კაბებიც შეგვიკვეთეს...

- სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სამოსის შექმნისას დიზაინერი ამ ტიპის ცეკვაში უნდა ერკვეოდეს, არა?

- რა თქმა უნდა. თუნდაც, ბავშვების რეიტინგის კატეგორია რომ ავიღოთ, დამწყებს მთლიანად ერთ ფერში გადაწყვეტილი კოსტიუმი უნდა ეცვას. როცა ოდნავ მაღალ კატეგორიაში გადადის, კაბის 2 ფერში შექმნა შეიძლება. კაბის სიგრძესთან დაკავშირებული სტანდარტებიც არსებობს... მოკლედ, ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს.

- ატელიეს შექმნის იდეა როგორ გაგიჩნდა?

- რამდენიმე კარგი მკერავი არსებობს, ვისთანაც თავადაც ვიკერავდი კაბებს და კმაყოფილიც ვარ, მაგრამ ზოგისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი არაა. ისინი შვილებს ცეკვაზე ზუსტად იმიტომ ვერ ატარებენ, რომ ხარჯებს ვერ უმკლავდებიან. თუნდაც, ჩაცმულობა ძალიან ძვირი უჯდებათ. ჯერ მხოლოდ ჩვენი ცეკვისთვის საჭირო ფეხსაცმლის ფასი 100 ლარიდან იწყება... იდეა გამიჩნდა, მოცეკვავეებისთვის კოსტიუმი ხელმისაწვდომ ფასად შემექმნა. გოგონებს კონკურსებზე ახალ-ახალი კაბების ჩაცმა გვიხარია... საბანკეტო კაბებზეც იმავეს თქმა შემიძლია: ზოგი ქირაობს, რადგან საშუალება არ აქვს, შეიკეროს. არადა, შეიძლება საკუთარი კაბა ჰქონდეს, სამახსოვროდ შეინახოს... ამიტომ ხელმისაწვდომ ფასებს ვთავაზობთ.

- შენს გარდერობში რომელი ფერის სამოსი ჭარბობს?

- თითქმის ყველანაირი, მაგრამ უფრო შავი, ნაცრისფერი ჭარბობს, რადგან ელეგანტურია და ძალიან მიყვარს.

- როგორ ფიქრობ, ასაკის მატებასთან ერთად, გემოვნება შეგეცვალა?

- უფრო დაიხვეწა, უკეთესობისკენ შეიცვალა. ადრე ცოტათი ბავშვური ჩაცმულობა მახასიათებდა. შიგადაშიგ ახლაც შევაპარებ ხოლმე, რადგან არ მინდა, მალე დავბერდე (იღიმის). რა თქმა უნდა, ვცდილობ, ისეთი რაღაც არ ჩავიცვა, რაც ძალიან გამომწვევი იქნება, რადგან ასე მგონია, ეს ჩვენს ქვეყანაში მიზანშეწონილი არ არის. ვცდილობ, ზედმეტად სალაპარაკო არ იყოს. 33 წლის ვარ. უკვე ცოტათი მოკრძალებული ჩაცმულობა მჭირდება (იღიმის).

- მამაკაცების ჩაცმულობასთან დაკავშირებით არაფერი გვითქვამს...

- ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ! მიყვარს, როცა მამაკაცს კლასიკურად აცვია, მაგრამ ძალიან "გამოკვანწულები" რომ დადიან, არ მომწონს. კაცმა სპორტულადაც უნდა ჩაიცვას, მაგრამ - გემოვნებიანად, დახვეწილად, თანამედროვედ... ჩემ გვერდით მამაკაცი ლამაზად ჩაცმული უნდა იყოს, რომ ყველამ აღტაცებულმა გამოაყოლოს თვალი.

- შვილების ჩაცმულობაში აქტიურად ერევი?

- უფროსი შვილის ჩაცმულობაში ვეღარ ვერევი. არ მომწონს, როგორც იცვამს და ამის გამო სულ ვეჩხუბები. რა თქმა უნდა, ყველა დედისთვის საკუთარი შვილი საუკეთესოა, მაგრამ არ შემიძლია, ლევანის აღნაგობას, სიმპათიურობას ხაზი არ გავუსვა - დახვეწილი გარეგნობა აქვს, თუმცა "ოვერსაიზ" სამოსი უყვარს. ამას წინათ, კაჭრეთში ყოფნისას შემცივდა. სახლის მეორე სართულზე ასვლა დამეზარა და ლევანს ვთხოვე, - შენი რომელიმე სამოსი მომეცი, ჩავიცვამ-მეთქი. წარმოიდგინე, ლევანის სიმაღლე 187 სმ-ია. თავისი "ოვერსაიზ" ჰუდი მომცა. - ნახე, როგორ გიხდება. "ოვერსაიზით" იარეო (იცინის). - შენი "ოვერსაიზი" რად მინდა? ვცდილობ, შენც გაგხადო-მეთქი... ახლა 16 წლისაა. ცოტათი რთული ასაკია... უმცროს ბიჭს რასაც ჩავაცმევ, სიამოვნებით იცვამს. უხარია, - დედა, ზიზია მომიტანეო (იღიმის)...

- ჩაცმასთან დაკავშირებული შენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე გავლენა ვინ მოახდინა?

- დედამ, რადგან ყოველთვის ცდილობს, ჩემს ჩაცმულობაში მონაწილეობა მიიღოს. ზუსტად ისეთი გემოვნება ჩამომიყალიბდა, როგორიც მას აქვს. მაგალითად, როცა რომელიმე დიზაინერის სამოსის ჩვენებას ვუყურებთ, ორივეს ერთი და იგივე "ლუქი" მოგვწონს. ჩემთვის დედა სამაგალითო ქალია.

- მზიკო, საქმიანობაში სასიამოვნო ცვლილებების ფონზე, პირად ცხოვრებაშიც ხომ არაა სიახლე?

- ჩემს პირად ცხოვრებაში მართლა არაფერი ხდება. ისე მინდა, ჩემი შვილებისთვის ცხოვრებაში ყველაფერი დავალაგო, რომ პირადზე ფიქრისთვის დროც არ მრჩება. რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლები არიან, თან - ძალიან ბევრნი (იცინის), მაგრამ არ მცალია. ცეკვაში ახალი მეწყვილე, "მსოფლიოს ტოპ 15" მოცეკვავეს შორის ერთ-ერთი - ნიკა მიქაძე მყავს. სექტემბრიდან შეჯიბრებებზე გასვლას დავიწყებთ, ვემზადებით... ასევე, ცეკვის სტუდია მაქვს, ერთი - თბილისში, ერთიც - კაჭრეთში. სექტემბრიდან მოსწავლეების ახალ ნაკადს ველოდები... ახლახან "ტიკტოკზე" ვიდეო, რომელშიც ვმღერი, "გამივარდა" - გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში უკვე 10 ათასი "ნახვა" ჰქონდა. მოგეხსენებათ, სიმღერა ძალიან მიყვარს... მეგობრები მეუბნებიან, - ნიჭიერი ხარ. შენი შესაძლებლობები უნდა წარმოაჩინოო. ამიტომ ხან მაცეკვებენ, ხან - მამღერებენ, "მამშენებლებენ" (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"