"მწერდნენ, როგორც გიორგი... ამ დროს ჩემი შვილი ცოცხალი არ იყო" - რას ჰყვება ველისციხეში სასტიკად მოკლული ბიჭის დედა?
შაბათის ფორმულამ ველისციხეში 26 წლის გიორგი მირზაშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა. მოკლულის მეგობარი შაბათის ფორმულასთან საუბარში ვარაუდობს, რომ მირზაშვილს მძინარეს ჩაარტყეს ურო, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
"ვფიქრობ მძინარეს [ჩაარტყეს], რადგან საცვლების ამარა იყო, როცა ამოიყვანეს [ჭიდან]", - ამბობს მეგობარი.
მკვლელობაში ბრალდებულები არიან გიორგი სულხანიშვილი და უშანგი ბერძენიშვილი. აღსანიშნავია, რომ სულხანიშვილი მოკლულის ნათესავია.გამოძიების ვერსიით ბრალდებულებმა მიმდინარე წლის იანვარში მირზაშვილი რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სულხანიშვილის სახლში წაიყვანეს. ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას მირზაშვილი მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი სოფლიდან მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს.
რა გახდა მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მირზაშვილს სულხანიშვილის ვალი ჰქონდა და კონფლიქტის მიზეზი შესაძლოა ეს ყოფილიყო, უარყოფს მოკლულის დედა. თუმცა ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ ბრალდებულები მას შვილის ტელეფონიდან წერდნენ, მას შემდეგ, რაც მკვლელობა მოხდა.
"მწერდნენ როგორც გიორგი - რომ მივდივარ მონასტერში და მართლა აპირებდა წასვლას, ამიტომ არ შემპარვია ეჭვი. ასევე მწერდნენ, რომ გიორგი სულხანიშვილი აპირებს ჩივილს და დაუბრუნე ფულიი. არ დამიბრუნებია, რა თქმა უნდა, რადგან ვალის ამბავი გარკვეული მქონდა. ამ დროს ჩემი შვილი ცოცხალი არ იყო", - ამბობს მოკლულის დედა. (გააგრძელეთ კითხვა)