ლაზარე გრიგორიადისის მამამ პარლამენტის უკანა შესასვლელთან კარავი გაშალა - კვირის პალიტრა

ლაზარე გრიგორიადისის მამამ პარლამენტის უკანა შესასვლელთან კარავი გაშალა

მარტის აქციებისას დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებულ სკვერთან კარავი გაშალა.

გრიგორიადისი პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან კარვის გაშლას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა.

„მხოლოდ თქვენ შეძელით მეგობრებო, მხოლოდ ხალხი აკეთებს ამას, სხვა ვერავინ. ასე დავიცავთ საქართველო რუსებისგან და ლაზარე იქნება თავისუფალი! მე არ ვამბობ, ლაზარე არ გაასამართლონ, უბრალოდ, ამ სასამართლომ რომ გაასამართლოს, ეს იქნება ტრაგედია. მოვაწესრიგოთ სასამართლო და ჩემ კაცობას გეფიცებით, ჩემი ხელით მივიყვან იმ ბავშვს და გავასამართლოთ, ოღონდ, ამ სასამართლოში არ დაუშვათ ეს“, - განაცხადა გრიგორიადისმა.

კარვის გაშლამდე მან პოლიციელებს მიმართა, განემარტათ, თუ რომელ კანონს არღვევდა ის კარვის გაშლით.

„პატრულის ეკიპაჟის ორ თანამშრომელს ვთხოვ, მოვიდეს ჩემთან და განმიმარტოს, რომელი კანონით არ მაქვს პარლამენტის სკვერთან კარვის გაშლის უფლება“, - განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.