"ან მსოფლიო აფეთქდება, ან რუსეთი ომს წააგებს..." - კვირის პალიტრა

"ან მსოფლიო აფეთქდება, ან რუსეთი ომს წააგებს..."

გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს უმნიშვნელოვანესი საგარეო ვიზიტები ჰქონდათ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს სტუმრობდა, სადაც ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. მისი გამოსვლა იყო დაბალანსებული და საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ორიენტირებული. "მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით - ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ის ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ბრძოლას, შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისთვის, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს. მე ვარ აქ როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი, იმ ქვეყნისა, რომლის კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციას. მე ამას გავაკეთებ უწყვეტად და ამას გავაკეთებ არა მხოლოდ იმისთვის, რომ შევასრულო კონსტიტუციის მოთხოვნები, არამედ მორალური პოზიციიდან გამომდინარე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ჯერ ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმს სტუმრობდა, შემდეგ კი მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტს დაესწრო. სწორედ ამ ვიზიტების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

tvalchrelidze-sandro.jpg

- ნება მიბოძეთ საუბარი პრეზიდენტის ვიზიტით დავიწყო, რომლის დროსაც სალომე ზურაბიშვილმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ძალიან გამოცდილი დიპლომატია. მისი გამოსვლა ევროპარლამენტში ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, სიმართლე გითხრათ, მე უფრო გამიკვირდა 26 მაისს წარმოთქმული სიტყვა. დამოუკიდებლობის დღეს მთავრობის ასეთი მძაფრი კრიტიკა არასწორად მივიჩნიე, მაგრამ დღეს უკვე ცხადია, რომ ეს ყველაფერი იყო გააზრებული და წარმოადგენდა საგარეო ვიზიტებისთვის სამზადისს. ქალბატონი სალომეს ყველა სიტყვას აკვირდებიან ანალიტიკოსები და შესაბამის დასკვნებ­საც აკეთებენ. ამ ვიზიტით და ევროპარლამენტში მისი დაბალანსებული სიტყვით მან აჩვენა ორი რამ: პირველი - საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ყველა ერთიანი უნდა იყოს; და მეორე - შიდა და საგარეო პოლიტიკა სხვადასხვა რამეა და მიუხედავად იმისა, ქვეყანაში ხელისუფლების შტოებს შორის არის განსხვავებები და რიგ შემთხვევაში დაპირისპირებაც, ქვეყნის გარეთ, საგარეო პოლიტიკის წარმართვისას და პარტნიორებთან საუბრისას, ეს უნდა გახდეს მეორეხარისხოვანი, უმთავრესი კი უნდა იყოს საქართველოს ინტერესების დაცვა. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტები, მთავრობები იცვლებიან, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები კი რჩება. ამიტომაც მიიღო ჩვენი პარტნიორების ასეთი მაღალი შეფასება. მან გამოხატა სწორი პოზიცია, როგორც უკრაინის მხარდაჭერის, ისე რუსეთთან დაკავშირებით. პრეზიდენტის გამოსვლაში არაფერი ყოფილა ზედმეტი, მან სრულიად სწორად გააკეთა აქცენტები საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა თუ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას. ვფიქრობ, ეს ჩვენს პარტნიორებს არ დარჩენიათ ყურადღების გარეშე.

- მისი გამოსვლისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ჯერ ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, შემდეგ მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, მეტიც, ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ბრატისლავაში მისი ნათქვამი ნატოს შესახებ. კერძოდ, პრემიერმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ნატოსკენ კიევის სწრაფვა წარმოადგენდა. იგივე გაიმეორა 1-ლ ივნისსაც ჟურნალისტებთან საუბრისას. ბევრმა ეს ასე აღიქვა - საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მიანიშნებს, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრებას აღარ უჭერს მხარს.

- ღარიბაშვილის და ზოგადად მთავრობის განცხადებებსა და მოქმედებებს მე პროვინციული პოლიტიკა დავარქვი. ჩემი აზრით, ღარიბაშვილი ასე ფიქრობს, ნატოში კი უნდა გავწევრდეთ, მაგრამ თუ ომი დაიწყო საქართველოში, ჩვენი ქვეყნისგან რაღა დარჩებაო. ყოველ შემთხვევაში, ცდილობს სწორედ ასე წარმოაჩინოს საკუთარი პოზიცია... ნუ დაგვავიწყდება, რომ ხელისუფლება უკვე დიდწილად მომავალ არჩევნებზე ფიქრობს და ბევრ რამეს სწორედ ძალაუფლების შენარჩუნების პრიზმიდან უყურებს, რაც, ჩემი აზრით, არასწორია, მაგრამ ასე ფიქრობენ.

ხელისუფლება, ერთი მხრივ, ცდილობს საკუთარი საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელად წარმოაჩინოს პროდასავლური მიმართულება. რიტორიკის დონეზე მაინც ვნახეთ, ღარიბაშვილმაც რამდენი ილაპარაკა ევროპულ კურსსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე - მისი თქმით, სტატუსი აუცილებლად უნდა მივიღოთ და რომ ამისთვის ხელისუფლება თურმე ყველაფერს აკეთებს. იმავდროულად, მაქსიმალურად ფრთხილობს რუსეთთან ურთიერთობაში, მეტიც, იმის შიშით, რომ ვითარება არ გამწვავდეს, ზედმეტადაც კი თმობენ პოზიციებს, თანაც ცდილობენ შექმნილი ვითარებიდან მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი მიიღონ. მოკლედ, ცდილობენ არც შამფური დაწვან, არც მწვადი, საბოლოოდ კი ვხედავთ, დასავლეთიდან როგორ კრიტიკას იმსახურებენ ამ პროვინციული, ვითომ ნეიტრალური და პროქართული პოლიტიკით.

სხვათა შორის, ღარიბაშვილმა კიდევ უარესი რამ თქვა 26 მაისის ღონისძიებისას, როცა განაცხადა, დასავლეთს რომ უნდოდეს, ომს უკრაინაში ახლავე დაასრულებდა, მაგრამ არ სურსო... ეს, ჩემი აზრით, ყოველგვარ მორალს მოკლებული გამოსვლა იყო. ზუსტად პროვინციული პოლიტიკის ნიმუშია ის, რომ ფიქრობს, შეუძლია ამგვარი განცხადებებით საქართველო სამხედრო კონფლიქტს გადაარჩინოს. ჩემი აზრით, ამ ვითარებაში ღარიბაშვილი აშკარად ვერ უმკლავდება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით თავის ფუნქციებს, ამიტომ ვურჩევდი, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის ნაცვლად, მას მოუსმინოს, დასხდნენ, გააანალიზონ შექმნილი ვითარება და დასახონ მოქმედების ერთობლივი გეგმა.

სამწუხაროდ, საქართველო დღესაც გამოუყენებელი შესაძლებლობების ქვეყანაა. გვაქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი წინსვლისთვის, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ ერთმანეთთან დაპირისპირებაზე ვფიქრობთ და არა ქვეყნის განვითარებაზე. ჩემი აზრით, დღეს ხელისუფლება არც პროდასავლურ და არც პრორუსულ პოლიტიკას არ აწარმოებს, ის აწარმოებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას, რასაც პროქართულად წარმოადგენს. ეს კი ძალიან შორს არის იმისგან, რაც რეალურად უნდა კეთდებოდეს.

ისმის კითხვა, ეს ყველაფერი როგორ წაადგება ქვეყანას? ჩემი აზრით, მსოფლიოში პოლიტიკური პროცესები ისეთ ხისტი გახდა, რომ ჩვენი ხელისუფლების გამონათქვამებს, მიდგომებს, წარმოდგენებს დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს. პროცესები არის შეუქცევადი, რომლის შედეგადაც ან მსოფლიო აფეთქდება, ან რუსეთი ამ ომს წააგებს, რისი დიდი იმედიც მაქვს. ორივე შემთხვევაში დადგება სულ სხვა რეალობა, როდესაც ღარიბაშვილის გამონათქვამები აღარავის ემახსოვრება.

- ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავაც განაცხადა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო კიდევ ერთი უარი "მორიგი უსამართლობა" და "ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა" იქნება... თუმცა ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ საქართველო "ასოცირების ტრიოს" კონტექსტიდან ამოვარდნილია და სტატუსის მიღებაც სათუოა.

- ჩემი აზრით, ვინც სტატუსის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, ასე მარტივად არ უყურებს პროცესებს. ისინი ძალიან ღრმად აკვირდებიან და აანალიზებენ ყველაფერს. აფასებენ როგორც რეალპოლიტიკას, ისე გეოპოლიტიკურ პროცესებს და ა.შ. საქართველოს მდგომარეობა მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებულია, ჩვენ არ გვაქვს უშუალო საზღვარი ევროპულ სივრცესთან, მაგრამ ჩვენი გეოპოლიტიკური როლი არის სრულიად სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც, ვფიქრობ, აუცილებლად გაუწევენ ანგარიშს. ბოლოს და ბოლოს, ევროპულ სივრცეში ერთიანდებიან ხალხები და არა მთავრობები, ქართველი ხალხის პოზიცია კი ურყევია. ჩვენში მშვენივრად ესმით, რომ საქართველოს ადგილი სწორედ ევროპულ ოჯახშია. ის ენთუზიაზმი და სწრაფვა, რაც ჩვენს საზოგადოებაშია ამ თვალსაზრისით, შესაძლოა ევროპული ქვეყნებისთვისაც კი სამაგალითო იყოს. სამწუხაროდ, ქვეყანაში არის პოლიტიკური ელიტის კრიზისი, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ "ქართული ოცნებაც" ძალიან მოჰბეზრდა, მაგრამ არა აქვთ მესამე არჩევანის საშუალება. არ ვიცი, როგორ უნდა მოხერხდეს, რომ გაჩნდეს მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომელიც პირველ ორს კონკურენციას გაუწევს. ქვეყანაში არსებობს საპროტესტო განწყობა, მაგრამ მისი ორგანიზება ვერ ხერხდება პოლიტიკური ძალების ჩარევის გარეშე. შესაბამისად, ეს საპროტესტო მუხტი იფლანგება ისეთი პატარ-პატარა აქციებით, რაც, მაგალითად, ამ ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტთან იმართებოდა, როდესაც იმ ყმაწვილის, გრიგორიადისის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ეს მაშინ, როდესაც მისთვის წარდგენილი ბრალდება საკმაოდ მძიმეა. ჩვენ ხომ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით იმ "მოლოტოვის კოქტეილების" სროლას.

მე არ ვიცი, ეს ახალგაზრდა არის თუ არა ამაში დამნაშავე, ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, მაგრამ მისი გათავისუფლების მოთხოვნაში მე სამოქალაქო მიდგომას ვერ ვხედავ, სამწუხაროდ.

ამ პოლიტიკურ პროცესში ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ქვეყანა ავიწყდებათ. ჩვენი ქვეყნის ისედაც მყიფე სახელმწიფოებრიობას კიდევ ზურგში ლახვარი არ სჭირდება. ამაზე უნდა იფიქრონ და არა იმაზე, რომ მხოლოდ ერთმანეთის ჯიბრზე იმოქმედონ. ეს ძალიან ღრმა პოლიტიკური წინააღმდეგობაა, რაც ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოქმნის. გაგახსენებთ, პოლარიზაციის დაძლევა არის ერთ-ერთი პუნქტი ევროკომისიის იმ 12 რეკომენდაციიდან და არ არის გამორიცხული, ძალიან ხელშემშლელიც აღმოჩნდეს. ამაზე პასუხისმგებელი კი ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციაც არის.

- მახსოვს, წინა ინტერვიუებისას, რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას, რა იმედიანად იყავით, რომ ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებდა ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, თუმცა ასე არ მოხდა, საინტერესოა, ახლა როგორ აფასებთ მომხდარს?

- ნამდვილად მეგონა, რომ ეს არ მოხდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თანამედროვე საქართველოში დღევანდელი მანეთი თუ დოლარი ზნეობაზე მაღლა დგას... ჩემი აზრით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, ეს არის ჯიბეში მეტი ფულის დაგროვების მცდელობა. აღმოჩნდა, რომ ხვალინდელ საქართველოზე ზრუნვას დღეს 2 კაპიკით მეტის შოვნა ურჩევნიათ. სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი მენტალიტეტი. მარტო "ქართული ოცნება" არ მოქცეულა ჩვენ უახლეს ისტორიაში ასე. გაიხსენეთ სააკაშვილის ხელისუფლება, რომელსაც ომის შემდგომ 3 მილიარდი დოლარი მისცეს და იმის ნაცვლად, დაზარალებულ მოსახლეობას მოხმარებოდა, მისი მესამედი ჯიბეში ჩაიდეს, შედეგად კი კეზერაშვილი მომენტალურად გახდა მილიარდერი. ამგვარი მიდგომები უნდა შეიცვალოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას თაობების შეცვლა სჭირდება. ერთ დღეში ვერ იქმნება სამოქალაქო საზოგადოება და მაღალი შეგნების პოლიტიკური კლასი. დღეს ყველა უპირველესად საკუთარ თავზე ფიქრობს და არა საქართველოზე. ეს არის ყველაზე მეტად ტრაგიკული და დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს. ვერ ვხედავ ამ ვითარებიდან ნორმალურ გამოსავალს...

რაც შეეხება რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს, სამწუხაროდ, მოყოლებული შევარდნაძის ხელისუფლებიდან დღემდე, ეკონომიკურად სტრატეგიული ობიექტები რუსების ხელში ხვდებოდა. აღარ ჩამოვთვლი ენერგეტიკულ თუ წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიებს, ისედაც იცის ყველამ... ღარიბაშვილი და მთელი მთავრობა დღესაც მხოლოდ დღევანდელობაზე ფიქრობენ, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა კი არის პოლიტიკა პოლიტიკის გარეშე. ჩვენ არ გვაქვს სტრატეგიული ხედვა.

გაიხსენეთ, ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე გასვლას და წარმატებას რამ შეუწყო ხელი - რუსულმა ემბარგომ, ჩვენი მეღვინეები იძულებული გახდნენ მკვეთრად გაეზარდათ ხარისხი. ეკონომიკის სხვა დარგებშიც იგივე მოხდება, თუ მოვახერხებთ ჩვენი ბაზრის დივერსიფიცირებას. 2-3 წელიწადი, ალბათ, გაგვიჭირდება, მაგრამ შემდგომ ყველაფერი უკეთ იქნება. მაგრამ ამას არ აკეთებენ, იმიტომ, რომ ხელმძღვანელობენ ტაქტიკით, დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამსო. ეკონომიკა ძირითადად საარჩევნო კამპანიის ნაწილად არის ქცეული. მაგალითად, "ქართულ ოცნებას" გაისად არჩევნები აქვს, ეშინიათ ეკონომიკური დონე რომ დავარდეს, შესაძლოა არჩევნები ვერც მოიგონ, ამიტომაც ამყარებენ იმედს რუსულ კაპიტალზე. სანამ ჩვენს წარმოებაზე არ ვიზრუნებთ, ჩვენი ეკონომიკა სულ გამოწვევების წინაშე იქნება.

გავიხსენებ თურქეთის შემთხვევას. ამ 30 წლის განმავლობაში საქართველოდან რა აღარ გაიტანეს თურქეთში გასაყიდად, მაგრამ მალევე ამ ქვეყანამ თავის წარმოებაზე დაიწყო ზრუნვა და ახლა ლამის ყველაფერს თურქეთიდან ვყიდულობთ. მან შექმნა თავისი დამოუკიდებელი, მწარმოებლური ეკონომიკა, ჩვენ კი ეს დრო ამაოდ გავფლანგეთ.

როცა ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, ვცდილობდით გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგია შეგვექმნა, მაგრამ მოთხოვნა იყო მხოლოდ ოთხწლიან, არჩევნებზე მორგებულ გეგმებზე. გრძელვადიანი პერსპექტივის დანახვა და სამოქმედო გეგმის დაწერა არავის აინტერესებდა.

მე მაინც მგონია, რომ საქართველო უკვე იმდენად ღია ქვეყანაა, უკვე ისეთი კავშირები გვაქვს დასავლეთთან, ჩვენი ევროინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. შესაბამისად, შეუძლებელი მგონია რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. შეხედეთ ახალგაზრდებს, მათ არა მარტო რუსული არ იციან, არანაირი პოზიტიური წარმოდგენა რუსულ ცხოვრებაზე არა აქვთ. საბაზრო-ეკონომიკური მექანიზმები ცალკე მუშაობს. რუსული ეკონომიკის ექსპანსიაზე ლაპარაკი მე ცოტა გაზვიადებული მგონია. ჩემი აზრით, რუსეთი ვერასდროს იქნება საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორი! დასავლეთი, თურქეთი, ჩინეთი - უკვე ბევრი მოთამაშე გამოჩნდა. რაღა დაგიმალოთ და, მე ჩინეთის ფაქტორი უფრო მაშინებს. ვგულისხმობ იმას, რომ გზებსა და მნიშვნელოვან მაგისტრალებს ჩინელები აშენებენ და კაცმა არ იცის, როგორ. ამიტომ ამ გზებზე გავლისას სულ იმის უნდა გეშინოდეს ადამიანს, ან ხიდი არ ჩაინგრეს, ან გვირაბი არ დაგეცეს თავზე.

საზოგადოების განვითარებას აქვს თავისი იმანენტური კანონები, რომელთაც ვერც რუსეთის აგრესია, ვერც მათი შემოსევები ვერ გააჩერებს, შეიძლება ეს ოდნავ შეფერხდეს. როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, ვფიქრობ, სადღაც წელიწად-ნახევარში, ეს ტენდენციები მყისიერად შეიცვლება.

არასასიამოვნოა ეს ყველაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი განვითარდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ვიმეორებ, ძალიან კარგია ახალგაზრდებში ეს ანტირუსული მუხტი, თან მომწონს, რომ მიმართულია არა პიროვნებების, არამედ ტენდენციების მიმართ, ანუ რუსებს ჩვენთან არ სცემენ. ჩემი აზრით, მსოფლიო კარგი მიმართულებით მიდის - რუსეთს აღარავინ ელოლიავება. ავად თუ კარგად, ჩვენც გავყვებით ამ დინებას და აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს.