„პრემიერმა რაც თქვა, პრაქტიკულად ნატოზე უარის თქმა იყო“
რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად სულ უფრო აქტიურდება უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხი, მიუხედავად ცალკეული წევრი ქვეყნების სკეპტიციზმისა. ამ დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის უკრაინაში შეჭრას სწორედ ამ ქვეყნის ნატოში გაწევრების სურვილით ხსნის და რაც მთავარია, ამას საერთაშორისო ტრიბუნიდან აცხადებს. შარშან ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ საქართველომ ნატოში გაწევრებამდე ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უნდა მოაგვაროს, რაც მაშინვე ნატოზე უარის თქმად ჩაითვალა. იმავე შეფასებებს ვისმენთ ახლაც. რას ნიშნავს პრემიერის განცხადებები და უსაფრთხოების რა გარანტიები აქვს საქართველოს, ამ საკითხებზე GშAჩ-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნოდარ ხარშილაძეს ვესაუბრეთ:
- საქართველოს დღეს გარე და შიდა საფრთხეები აქვს. გარე საფრთხე რუსეთია, შიდა კი ჩვენი სიბრიყვე, უფრო სწორად, ხელისუფლების, რადგან ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა რუსეთიდან მომავალი საფრთხისთვის მოუმზადებელი იყოს. ასეთ ვითარებაში ევროპელებსა და ამერიკელებთან ჭიდილი სისულელეა, რადგან ასეთი პოლიტიკით ხელისუფლება უსაფრთხოების ერთადერთ გარანტიასაც კი კლავს. პრემიერის ნათქვამი, უკრაინაში რუსეთი ნატოს გამო შეიჭრაო, პრაქტიკულად ნატოზე უარის თქმა იყო. ამიტომაც არა მგონია, ახლა საქართველოს ამბიციები ნატოში გაწევრებაზე რეალური იყოს...
- უკრაინაში შეჭრამდე პუტინი მიზეზად სწორედ ნატოს გაფართოებას ასახელებდა და პრემიერს ერთი სიტყვა რომ დაემატებინა ამ განცხადებაში და რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის საბაბად მოეხსენიებინა ნატო, ჩვენთვის შეცვლიდა რამეს პერსპექტივის თვალსაზრისით?
- ევროკავშირში გაწევრებისთვისაც არ ველოდით, რომ ამის პერსპექტივა გაჩნდებოდა. ასევე შეიძლება უცბად გაიღოს ნატოს კარები და ამ მომენტისთვის თუ ნატოს შავ სიაში ვიქნებით, არაფერი შეიცვლება.
- მინიმალური რა უნდა გავაკეთოთ, რათა შავ სიაში მოხვედრის საფრთხე ავიცილოთ?
- რაიმე განსაკუთრებულს არავინ მოელის ჩვენგან. მთავარია, ზედმეტი სისულელეები არ აკეთონ, ისე დარჩეს, როგორც არის, რომ კარი მაინც იყოს ღია, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ვერც ერთს აკეთებს და ვერც მეორეს. აშკარად აგრესიული ტონი რაში სჭირდებათ, ვის რას უმტკიცებენ. გავიხსენოთ, ე.წ. აგენტების კანონიც. პირდაპირ მიუთითეს, ეს არ ქნათო, მაგრამ ვინ მოუსმინა? ბოლოს მაინც უკან წაიღეს. შესაბამისად, რეპუტაცია გავიფუჭეთ, ის კანონიც ვერ გაიტანეს. საერთაშორისო თანამეგობრობას კი კითხვები და ეჭვი გაუჩნდა.
- რამდენიმე დღის წინ მაკრონმა ნატოში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციაზე განაცხადა, შეიძლება მივიღოთ დაცვის გარანტიების გარეშეო. დაცვის გარანტიების გარეშე ნატოში მიღებას რა აზრი აქვს?
- საფრანგეთი გერმანიასთან ერთად არასდროს ყოფილა ჩვენი გაწევრების მხარდამჭერი და ეს სკეპტიციზმი გრძელდება. იგივე იყო ევროკავშირთან დაკავშირებითაც, პერსპექტივაზეც კი ლაპარაკი ზედმეტი იყო, მაგრამ ახლა კარი ღიაა. ამიტომაც ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ ხვალ ნატოში გაწევრების პერსპექტივა არ გაჩნდება. უკრაინას საფრანგეთმა და გერმანიამაც მიანიჭეს კანდიდატობა, არადა, ერთხანს კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ.
- უკრაინას ნატოს წევრი სახელმწიფოები ეხმარებიან და არა უშუალოდ ეს ორგანიზაცია. ნატოს შეუძლია მეტის გაკეთება?
- ამ ეტაპზე არა მგონია, რადგან რუსეთთან პირდაპირი ომი არ სურთ. ნატო რუსეთს უკრაინაში რომ გააჩერებს, ამას ყველა ხვდება, რუსებმა ვერც კიევი აიღეს და ვერც ვერაფერი გააკეთეს, ახლა კი პირიქით, უკრაინის შეტევას ელოდებიან. ამიტომ თავის გეგმას ნატო ამ ეტაპზე ასრულებს. დაარსების დღიდან მას არავინ დასხმია თავს, სხვა მიზანი კი ნატოს არა აქვს.
- ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის გაწევრების გადაწყვეტილება რომ მიეღოთ, რუსეთი გაბედავდა ჯერ საქართველოში ომს, ყირიმის წართმევას და მერე უკრაინაში შეჭრას? თუნდაც დაჩქარებული წესით რომ მიეღოთ უკრაინა...
- მაშინ არ უნდოდათ უკრაინის მიღება სკეპტიკურად განწყობილი წევრი სახელმწიფოების გამო. დაჩქარებული გაწევრება როცა მოინდომეს, ხომ მიიღეს ფინეთი? უკრაინის მიღებაზე წევრი ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ და ახლაც აზრთა სხვადასხვაობაა. შესაბამისად, ჯერ ვერც მიიღებენ.
- მაგრამ ხომ შეიძლებოდა რუსეთისთვის მოქმედების საშუალება არ მიეცათ?
- რთული სათქმელია. უკრაინაში რუსეთის კიდევ ერთი აგრესიის დაბალი ალბათობა გვქონდა და არა მგონია, სამართლიანი იყოს წარსულის ასეთი გადახედვა. ნატო ნელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის ძალიან ეფექტიანია.
- ნატოს სამიტისგან რას ელოდებით?
- შეიძლება იყოს ლაპარაკი ჩვენს რეგიონში გაფართოების შესახებ. თუმცა ძალიან ოპტიმისტურადაც არ ვიქნებოდი განწყობილი - ჩვენი ხელისუფლების ასეთი პოლიტიკის გამო ვერ ვხედავ, რომ რაიმე კარგი მოხდეს ჩვენთვის. აი, უკრაინას, ალბათ, იმედი უნდა ჰქონდეს. ჯერ ყველა უკრაინაში ომის დასრულებას ელოდება.
- საქართველოსთან დაკავშირებით თუნდაც დასწრებაზე თამაშის შანსი არის, რათა კავკასიაში მაინც შემცირდეს საფრთხე?
- ნატოს ასეთი მიდგომა არა აქვს. მისი წევრი ქვეყნებისთვის მთავარია ფასეულობები. თუ შენ ამ ფასეულობებში არ თავსდები, ნატოს ნაწილი ვერ იქნები. ამის კლასიკური მაგალითია ფინეთის მიღება, ალბათ, შვედეთის საკითხიც მალე გადაწყდება. ჩვენ კი, ჯერ ერთი, დემოკრატიული სახელმწიფო ვერ ვართ და მეორე, პრემიერი გამოდის და ამბობს, რა ნატო, რის ნატოო...
რუსა მაჩაიძე