"თუ სტატუსი არ მოგვანიჭეს, საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხე გაიზრდება" - კვირის პალიტრა

"თუ სტატუსი არ მოგვანიჭეს, საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხე გაიზრდება"

ერთი წელი ხდება, რაც ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად პირობები განუსაზღვრა და სულ უფრო ცოტა დრო რჩება მათი შესრულების შესაფასებლად. ხელისუფლება კი ამბობს, რომ 12-ივე პუნქტი შეასრულა, მაგრამ რეალობა ასეთი ოპტმიზმის საფუძველს არ იძლევა. ამას ემატება­ რუსეთთან ავიაფრენების აღდგენა, რამაც საქართველოსთვის სანქციების დაწესების რისკი შექმნა. რა შანსია, რომ ქვეყანას სანქციები დაუწესონ და როგორ აისახება ეს ქვეყნის ევროპერსპექტივაზე, ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ:

- ვფიქრობ, ევროკავშირი საქართვ­ელოს სანქციებს არ დაუწესებს.­ თუმცა ჩვენი პარტნიორების განცხადებები თანდათან სერიოზულ სახეს იღებს. პრემიერის გამოსვლა ბრატისლავაში შოკისმომგვრელი იყო, ფაქტობ­რივად, ერთი-ერთში იმეორებდა რუსულ­ ნარატივს. მოლდოვაში შედარებით "რბილი" გამოსვლა ჰქონდა. ამას დაემატა პრეზიდენტის მშვენიერი გამოსვლა ბრიუსელში - ანუ ჯერ რაღაც ჩარჩო არსებობს, სადაც მეტ-ნაკლებად ჯდება "ქართული ოცნება". ოღონდ არ ვიცით, ხვალ რას იზამენ. ვფიქრობ, დასავლეთი უკვე სერიოზულად ფიქრობს ქართულ პრობლემატიკაზე და არ არის დამოკიდებული ცალკეულ ინფორმაციაზე. ამიტომ უფრო ღრმად დაიწყებენ­ პროცესში ჩახედვას, მხოლოდ ხელისუფლება ხომ არ არის, საზოგადოების განწყობებიც ყურადსაღებია. ამიტომაც მგონია, გადაწყვეტილებას ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებენ.

- ხელისუფლების ასეთ რიტორიკას რითი ხსნით? მით უმეტეს, ეუბნებიან, რომ ასე მოქ­ცევა არ შეიძლება, თუკი დასავლეთთან ურთიერთობა გვინდა.

- ევროკავშირის 12 პუნქტზე ხელისუფლება კი ამბობს, შესრულებულიაო, მაგრამ ფაქტია, თითოეულის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ისეთი არ არის, რაც გვაფიქრებინებს, რომ რეკომენდაციები­ მართლა შესრულდა. ანტიკორუფციული ბიურო კი შექმნეს, მაგრამ არ არის ისეთი,­ რომ შედეგი მოგვცეს. ყველა პუნქტი ფორმალურად შესრულებულია, მაგრამ არ პასუხობს იმას, რასაც ევროკავშირი გვთხოვს და რაც მთავარია, ქვეყანას სჭირდება. მგონი, დასავლეთი ხვდება, რომ ჯობს, გადადგას პოლიტიკური ნაბიჯი და მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ დათქმები რეალურად შესრულებულია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ აკეთებს ხელისუფლება ამას, უპირველესად, ალბათ, იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, მეორე კი, ალბათ, იმიტომ, რომ რეალურად რუსეთის თამაშს თამაშობს, რადგან მისი ეშინია. დასავლეთი თუ სანქციებს დაუწესებს, ცუდია, მაგრამ გაუძლებენ. რუსეთის კი ეშინიათ. ალბათ, არის რუსეთისგან პერსონალური მუქარები და ამიტომაც ურჩევნიათ, თავი ცოცხალი­ შეინახონ,­ ვიდრე ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

- თუ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, ეს ხომ "ოცნებისთვის" ბერკეტი იქნება, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და პირიქით, თუ არ მოგვანიჭეს, ეს ოპოზიციას მისცემს ბერკეტს.­ ამიტომაც ჩნდება კითხვა, რატომ არ უნდა უნდოდეს ხელისუფლებას ამ ვალდებულებების რეალურად შესრულება?

- სტატუსის მონიჭება დათქმებით არაფერს ნიშნავს ხელისუფლებისთვის, რადგან ამით "ოცნება" პოლიტიკურ კაპიტალს ვერ მიიღებს. ამიტომაც პირობები უნდა იყოს მკაფიო და მკვეთრად ჩამოწერილი. უნდა იყოს ხაზგასმა იმაზე, რომ ქართველი­ ხალხი იმსახურებს სტატუსს. ეს, ჩემი აზრით, იქნება დასავლეთის ის პოლიტიკური სვლა, რომელიც არასტაბილურობას თავიდან აგვაცილებს და არჩევნებამდე მიგვიყვანს. არჩევნები უკვე სხვა საქმეა. თუ სტატუსს­ არ მოგვანიჭებენ, ოპო­ზი­ცია შეეცდება ეს გამოიყენოს საპროტესტო მუხტის ასაგორებლად. მუხტი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ოპოზიცია არ არის მზად ამ პროტესტის რეალიზებისთვის­. ამიტომაც­ სტატუსს თუ არ მოგვცემენ, შესაძლოა ეს გახდეს დეტონატორი, რომ ოპოზიციისა და ელექტორატის ნაწილმაც­ დაიწყოს აქციები, რამაც შესაძლოა სულაც არ მიგვიყვანოს ხელისუფლების ცვლილებამდე... ოპოზიციაც­ არ არის ერთ­იანი, იქაც ბევრი გაუგებრობაა. ამიტომ, თუკი სტატუსს მოგვანიჭებენ დათქმებით, ამას ხელისუფლება პოლიტი­კური ქულებისთვის ვერ გამოიყენებს, ვერც ოპოზიცია გამოიყენებს საპროტესტო ტალღის ასაგორებლად. სამაგიეროდ, გახდება მოტივატორი, ოპოზიცია არჩევნებისთვის მოემზადოს.

- თუ არ მოგვანიჭეს­ სტატუსი, ხელისუფლე­ბის ქუჩიდან შეცვლის სცენარი გათამაშდება?

- თუ საქართველომ დეკემბერში სტატუსი ვერ მიიღო, ქვეყანაში დაიწყება საპროტესტო აქციები. პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება და რუსული სპეცსამსახურები მღვრიე წყალში თევზის ჭერას დაიწყებენ. მოსკოვში შეიძლება ჩათვალონ, რომ დასავლეთმა საქართველო მიატოვა და რუსული ცოფიანი დათვი, სავარაუდოდ, გადამწყვეტ შეტევაზე გადმოვა...

მეორე მხრივ, არა ვარ დარწმუნ­ებული, რომ ოპოზიციის აქციები შედეგს მოიტანს. დღეს გვაქვს ასეთი­ ელექტორალური­ განწყობა - მხარს უჭერენ "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას". არსებობს­ 1/3, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე­. ამიტომ ოპოზიცი­ურ ელექტორატზე­ ლაპარაკისას, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ამომრჩევლის 2/3-ია, მაგრამ­ აქედან ნახევარზე მეტი ოპოზიციურია "ნაცმოძრაობის" მიმართაც. შესაბამისად, ოპოზიცია ამ ელექტორატს ვერ გააერთიანებს...

- ევროპასთან ინტეგრაციის საკითხი ვერ გახდება ამ ელექტორატის გამაერთიანებელი?

- ევროინტეგრაციის საკითხზე კი იქნება­ ერთიანი, მაგრამ შიდა საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა აქვთ. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რომლითაც მერე ვინ როგორ ისარგებლებს და პირველ რიგში რუსეთი, ადვილი მისახვედრია.

- თუ გაერთიანდა ოპოზიცია და მოახერხეს ელექტორატის მობილიზება, რევოლუციური­ სცენარი მოსალოდნელია?

- 2003 წელს სხვა ვითარება იყო, არჩევნების შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი. "ნაცმოძრაობის" ის ფრთა კი, რომელიც დღეს პარტიას განკარგავს, მოინდომებს, რომ არჩევნებამდე შეცვალოს ხელისუფლება. ოპოზიციისთვის ეს კარგია, რადგან არჩევნებამდე ხელისუფლების შეცვლა ნიშნავს, რომ "ოცნება" მთლიანად გაქრება პოლიტიკური­ არენიდან. მაგრამ განსხვავება 2003 წელთან შედარებით ის არის, რომ მაშინ "ნაცმოძრაობასთან" კოალიციაში სხვა ძალებიც­ იყვნენ და ელექტორატი გააერთიანეს. ამიტ­ომაც პროცესი თუ დაიწყება, დიდი ალბათობით, ჩაფლავდება, რადგან საპროტესტო მუხტი ვერ გადაიქცევა იმ ძალად, რაც ოპოზიციას უნდა და მაინც არჩევნებამდე მივალთ - ასეთ შემთხვევაში ელექტორატში გულგატეხილობა იმდენად დიდი იქნება, ისევ "ოცნება" გაიმარჯვებს. დიდი შანსია, სწორედ ასეთი სცენარი განვითარდეს. თუ სტატუსს არ მოგვცემენ და საპროტესტო აქციები დაიწყება, რომელიც დიდი ალბათობით ჩაფლავდება, საბოლოოდ განადგურდება ოპოზიციური სპექტრი.

- რა რისკია, რომ ეს ყველაფერი რუსეთმა გამოიყენოს?

- მთავარი რისკი სწორედ ის არის, რომ გამოიყენებს. რუსეთი უკრაინაში ომს რომ იწყებდა, სწორედ ეს გათვალა, ევროპა რუსულ ენერგეტიკაზე იმდენად არის დამოკიდებული, უკრაინას გვერდით არ დაუდგებაო. რუსეთმა ენერგორესურსები პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენა. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ საქართველო აზერბაიჯანთან ერთად დარჩა იმ ღერძად, სადაც ევროპას აზიიდან ენერგორესურსების მიღება შეუძლია. შესაბამისად, რუსეთს ამ ტრანზიტული ხაზის მნიშვნელობა ძალიან კარგად ესმის და შესაძლოა მისი გადაკეტვა სცადოს. ამისთვის კი შეეცდება ქვეყანაში შექმნას არასტაბილური გარემო. იმედია, ეს საფრთხე ესმის როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ევროპას... დასავლეთი დღეს უფრო არის დაინტერესებული კავკასიის რეგიონით, ვიდრე იყო თუნდაც ომის დაწყებამდე უკრაინაში და არ გამიკვირდება, რომ ეს ხაზი ძალიან მალე შუა აზიისკენაც გაგრძელდეს. დასავლეთი დღეს კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში გაცილებით ყურადღებით აკვირდება პროცესებს, ისმენს არა მარტო ხელისუფლების განცხადებებს, არამედ იკვლევს საზოგადოების განწყობებსაც. აქედან გამომდინარე, მაქვს იმედი, რომ მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს მაშინაც კი, თუ ვალდებულებები ისე არ იქნება შესრულებული, როგორც საჭიროა, და მოგვანიჭებს განსაზღვრული დათქმებით.

რუსა მაჩაიძე