"სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებამ შესაძლოა, პირიქით, ცუდი სამსახური გაუწიოს "ნაცმოძრაობას" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებამ შესაძლოა, პირიქით, ცუდი სამსახური გაუწიოს "ნაცმოძრაობას"

სულ ცოტა ხნის წინ სააკაშვილი იმის საჩვენებლად, რომ მას ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს და მისთვის მთავარი სამკურნალოდ წასვლაა, სასამართლოზე უკრაინულადაც კი გამოდიოდა და პირდაპირ ამბობდა, რომ მისი სამშობლო უკრაინაა. ბოლო პერიოდში კი ამგვარი განცხადებები "დაივიწყა" და ქართული პოლიტიკითაც "დაინტერესდა". უფრო მეტიც, მისმა მომხრეებმა უკვე დაიწყეს ლაპარაკი, რომ საპარლამენტო არჩევნებზე "ნაცმოძრაობის" პრემიერობის კანდიდატი იქნება. რას ნიშნავს მისი პოლიტიკური ინტერესების კიდევ შეცვლა და თან იმ დროს, როდესაც მის პარტიაში აშკარად პრობლემებია, რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს ქართულ პოლიტიკაზე და როგორ შეიძლება პროცესების განვითარება, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოს რამაზ­ საყვარელიძეს ესაუბრა:

sayvarelidzeee.png

- იმისთანებს ფიქრობენ, რომ რაიმეს გამორიცხვა და იმის თქმა, ეს არ უფიქრიათო,­ შეუძლებელია. იმ ვერსიამ, რომ სააკაშვილი ისე იყო დაუძლურებული, ფეხზე დგომა არ შეეძლო, ძირს ვარდებოდა და გონებას კარგავდა, სტრასბურგის ფილტრი ვერ გაიარა და შესაბამისად, ამ სცენარმა არ გაამართლა. ჩემი აზრით, ეს ვერსია თავად ამ პარტიისთვისაც არ იყო მომგებიანი, რადგან სააკაშვილის ფიგურას უზარმაზარი რესურსი აქვს - პარტიის მხარდამჭერები პირადად სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. შესაბამისად, მის პიროვნებას თუ ისე მოარყევენ, რომ მხარდასაჭერად აღარ გამოდგება, თუ გააგრძელებდა იმის თქმას, მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარო და ისევ ჩამოიკიდებდა უკრაინის ფოტოებს, ცხადია, პარტიას ვეღარაფერს მოუტანდა. ამიტომაც არ არის გამორიცხული, ახლა ეს მოიფიქრეს, რათა პარტიას მხარდამჭერები არ გაექცეს. ახლა, ალბათ, ეცდებიან, შეცვალონ რიტორიკა საწინააღმდეგოთი - ანუ იმით, რომ სააკაშვილი ისევ ხალხის ბელადია. თუმცა ამდენ ხანს ერთ ვერსიაზე რომ ჰქონდათ აქცენტი, არა ვარ დარწმუნებული, რომ ახლა ამ ვერსიის ყველა დეტალი აქვთ გათვლილი. შესაძლოა მათთვის ესეც წამგებიანი და მცდარი აღმოჩნდეს. არ ვთვლი თავს ვალდებულად, მე დავითვალო ასეთი გადაწყვეტილების სწორი და მცდარი მხარეები, ეს მათი საქმეა.

- რამდენად შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის სცენარმა არ გაამართლა და ამით არის გამოწვეული სააკაშვილის "დაბრუნება" ქართულ პოლიტიკაში, რათა დაშლილი პარტია ისევ გააერთიანოს და ეს არ უკავშირდებოდეს თუნდაც სტრასბურგის გადაწყვეტილებას?

- არ არის გამორიცხული, ესეც იყოს ფაქტორი და ისევ ვუბრუნდები ზემოთ ნათქვამს - გამოდის, მაინც არასწორად ითვლიან. ხაბეიშვილი წამგებიანი რომ იქნებოდა, ამის გათვლა ძალიან მარტივი იყო. ცალყბა კომენტარების გაკეთება რომ მოუწიათ მას შემდეგ, რაც გაიგეს ხაბეიშვილის ლიდერობა, სწორედ მათ გაა­კეთეს ეჭვიანი შეფასებები მათივე კანდიდატურაზე და, თუკი პარტია სერიოზულად დაფიქრდებოდა, ვინ აწყობდა თავმჯდომარედ, არა მგონია, მისულიყო იმ დასკვნამდე, რომ მაინცდამაინც ხაბეიშვილი აწყობდათ. თუ ამის იქით მართლა სერიოზული რამ არ დგას, ესე იგი, მართლა არასწორად ითვლიან. რაც შეეხება მელიას, ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა, ალბათ, უფრო მელიას ჩამოშორებაზე იყო გათვლილი, რადგან "სააკაშვილის გათავისუფლება" მხარდამჭერების მოსაზიდად ნათქვამი ფრაზაა, მით უმეტეს, ის ინსტრუმენტები, რომლებიც აქვთ, საავადმყოფოდან გამოტაცება იქნება თუ საპროტესტო აქციები, სააკაშვილის გასათავისუფლებლად დიდად პერსპექტიული არ არის. ეს პარტია საპროტესტო აქციისთვის ხალხის დიდი რაოდენობის მობილიზებას ვერ ახერხებს.

- დღეს რისი თქმა შეიძლება, "ნაცმოძრაობაში" რა პროცესები მიმდინარეობს?

- მე შიდა პროცესები არ ვიცი და ამას თავისი ანალიტიკოსები სჭირდება, ვინც პარტიულ სამზარეულოში ჩახედულია. თუმცა, ნათქვამია, ერთ ქარქაშში 2 ხანჯალი ვერ ეტევაო და ფაქტია, 2 ხანჯალი იყო და მელია პოზიციების დათმობას არ აპირებდა. ამიტომ მოხდა ეს შეჯახება და დასრულდა ასე, როგორც დასრულდა. ხაბეიშვილის ფიგურა რა პოზიციაშია სააკაშვილთან, ბოლომდე გაშიფრული არა გვაქვს. ამაზე თავი არ შეუწუხებიათ ჩვენს ანალიტიკოსებს, მაგრამ ზედაპირულად თუ გავიხსენებთ, რომ ხაბეიშვილი მერაბიშვილთან არის ასოცირებული, მერაბიშვილზე სააკაშვილს ბევრი მწარე სიტყვა აქვს ნათქვამი. ამასთან, სააკაშვილს პარტიის თავმჯდომარედ თავის დროზე სხვა ადამიანი უნდოდა და მერე ერთმა ჯგუფმა მელია აირჩია. ესე იგი, მელიას მომხრეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სააკაშვილის გადაწყვეტილებას - ანუ ორივე ამ ფიგურასთან სააკაშვილს შესაძლოა აქვს პრეტენზიები და მისთვის, რბილად რომ ვთქვათ, არც ერთი არ არის იდეალური.

- შარშანდლის შემდეგ ვრცელდებოდა­ ჭორ­ები, იმის გამო, რომ მერაბიშვილი პარტიასა­ და სააკაშვილზე იყო ნაწყენი­, ხელისუ­ფლებას გაურიგდა და სწორედ "ოცნების"­ ირიბი მხარდაჭერით შეძლო, რომ ხაბეიშვილი გაეხადა პარტიის თავმჯდომარედ, რასაც პარტიის დასუსტება მოჰყვა და "ოცნების" მიზანიც ეს იყოო. თუ ჩავთვლით, რომ ასეა, მაშინ სააკაშვილის ადგილი სად არის ამ პარტიაში?

- ამ სცენარებში ვერსიების თუ ჭორების ერთ-ერთი წყარო შესაძლოა სწორედ­ სააკაშვილის გარემოცვა იყოს, თუ თვითონ სააკაშვილი არა, სწორედ იმიტომ, რომ დისკრედიტაცია გაუკეთოს ამა თუ იმ ხაზს. გავიხსენოთ, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ბმა მელიას კისერზეც არის და მის პასიურობას სწორედ ამას აბრალებდნენ. ასე რომ, ხელისუფლებასთან ურთიერთობის ეს ბრალდება უფრო შიდაპოლიტიკური იარაღია. რაც შეეხება იმას, თუ ხელისუფლებას უფრო რომელი აწყობს, საქმე ის არის, რომ ხელისუფლებისთვის ერთი თავისი პასიურობით და მეორე თავისი უაზრო, არასტრატეგიული აქტიურობით, ორივე მომგებიანია და ამდენად ხელისუფლებას შეუძლია წყნარად უყუროს ამ სცენარს და საერთოდ არ ჩაერიოს მათ ურთიერთობაში.

- სოციალურ ქსელებში სააკაშვილის ბოლოდროინდელ აქტიურობას როგორ ხსნით? აქცენტი ჰქონდა იმაზე, რომ გვარამიას საკითხი მის გარეშე არ უნდა განიხილებოდეს.

- სააკაშვილმა კარგად იცის, რომ გარეთ მყოფებს ციხეში მყოფები ავიწყდებათ­. თავადაც ხომ ბევრი თავისი თანამებრძოლი დაივიწყა, მერაბიშვილი, ახალაიები და ა.შ. მათზე არასოდეს ხმას არ ამოიღებდა და როცა ამოიღო მერაბიშვილზე, ისე ილაპარაკა, ლამის უკან შეაბრუნებინა ციხეში. ამიტომაც თავის შეხსენება მგონია სოციალურ ქსელებში მისი გააქტიურება.

- გვარამიას დაჭერამ ბევრი კითხვა გააჩინა და პირდაპირ დაუკავშირდა ევროკავშირში ­საქართველოს გაწევრებას. სააკაშვილის პატიმრობა, რაც არ უნდა თქვან მან და მისმა­ მომხრეებმა, არ ჯდება ამ კატეგორიაში და გვარამიასთან თავისი თავის დაკავშირებით რისი მიღწევა სურს?

- გვარამიას თემაზე მიკერება სააკაშვილისთვის მაინც ალიბია, რადგან ბოლო პერიოდში გვარამიას უფრო გულშემატკივრობს დასავლეთი, ვიდრე სააკაშვილს. გვარამიას საკითხი თავსდება იმ ქუდის ქვეშ, რომ მედია ძალისმიერი მეთოდებით იჩაგრება. ეს უფრო გასაგები და ადვილად მისაღები ტექსტია დასავლეთში, ვიდრე იმაში გარკვევა, პრეზიდენტი დამნაშავეა თუ არა, ბოლოს და ბოლოს, საზღვარი აქვს დანაშაულებრივად გადმოკვეთილი.ამასთან, ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღე ხდება ცნობილი პრეზიდენტების დანაშაულების შესახებ. ამ ორიოდე დღის წინ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი დააყენეს სასამართლოს წინაშე. ასე რომ, პრეზიდენტების სასამართლოში ყოფნა მოულოდნელი აღარ არის, მედიაპერსონების გასამართლება კი უფრო იშვიათია. ამდენად, გამოდის, სააკაშვილის ყოფნა ციხეში სულაც არ არის მოულოდნელობა, გვარამიასი კი არის და სააკაშვილიც ამიტომ არ უშვებს ხელს გვარამიას თემას.

- სააკაშვილის პრემიერად დასახელების თემა გააქტიურდა. ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს მისმა მომხრეებმა.

- პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ პრემიერად დასახელება ლოგიკურად გამომდინარეობს პარტიის თავმჯდომარეობიდან და ეს ნიშნავს, რომ "ნაცებმა" პარტიის თავმჯდომარედ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი უნდა დანიშნონ და მნიშვნელობა აღარ აქვს, ის ციხეშია თუ არა.

- ასეც ნუ იტყვით, ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი წესის მიხედვით რომ არ ხდება­, ღარიბაშვილის პრემიერობა და კობახიძის პარტიის თავმჯდომარეობაც მეტყველებს.

- მართალია, ასეა. მაშინ წესით და რიგით ასე უნდა მოხდეს. თუმცა, რომც არ მოხდეს და მხოლოდ პრემიერად დაასახელონ, მოქალაქე მაინც არ არის. ცხადია, იურიდიული საკითხი დიდად არ ადარდებთ, ან მოგვარდება რამე ფორმით. უბრალოდ, მეტ ადამიანს მიიზიდავს სააკაშვილის სახელი, თორემ სხვა მხრივ არა მგონია, გადამწყვეტი იყოს. 2012 წლის შემდეგ რამდენი არჩევნები გაიმართა, როდესაც სააკაშვილი ციხეში არ იყო, ისიც გაცხადებული იყო, რომ ის დგას პარტიის უკან, მაგრამ ამან პარტიას გამარჯვება მაინც ვერ მოუტანა.

- ახლა ის ციხეშია, რაც მისი მომხრეების მის მიმართ მგრძნობელობას უფრო ზრდის. მმართველი პარტია აღარ არის ძლიერი და დანარჩენი ოპოზიცია იმაზე სუსტია, ვიდრე აქამდე. ამ ფაქტორებმა რამდენად შეიძლება იმუშაოს იმაზე, რომ "ნაციონალები" ერთპიროვნულად მოვიდნენ ხელისუფლებაში?

- თქვენა კითხვაზე ერთი რამ გამახ­სენდა­ - 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა - ეს იყო მათ მხარდასაჭერად მიცემული ხმებიც და "ნაციონალების" წინააღმდეგაც მიცემული. ხშირად ამბობენ, რომ ეს ორი მოტივი დღესაც არ უდებს ერთმანეთს ტოლს და დღეს "ქართული ოცნება" უფრო იმის გამო იმარჯვებს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელისუფლებაში სააკაშვილისა და მისი გუნდის მოსვლა არ სურს. ანალოგიური კითხვა ისმის სააკაშვილის მომხრეებშიც - ისინი სააკაშვილს უჭერენ მხარს თუ "ქართული ოცნების" წინააღმდეგი არიან და ეს ორი რამ შესაძლოა ერთსა და იმავეს არ ნიშნავდეს. 60%-მდე ადის მათი რიცხვი, ვისაც არც ერთი უნდა და არც მეორე. ამ ფონზე კი "ნაცმოძრაობა" სულ უფრო და უფრო წამგებიან ნაბიჯებს დგამს. კერძოდ, ერთი და იგივე რიტორიკა ისმის ყველასგან - რევოლუციისკენ მოწოდება, მოდით, ქუჩაში დადექითო. ყველა ხედავს, რომ ამ მოწოდებებს შედეგი არა აქვს და რამე სხვა ხომ უნდა შესთავაზონ? არაფერს სთავაზობენ, გარდა იმისა, რასაც ამ 11 წლის განმავლობაში, მით უმეტეს, შემთავაზებლები არიან ერთი და იგივე სახეები. ამასთან, მათი რიტორიკაა, რომ ხელისუფლება გადააგდონ და მერე ისევ თვითონ მოვიდნენ, ეს კი ბევრისთვის მიუღებელია. ამიტომ სააკაშვილის წინ წამოწევამ და უფრო გააქტიურებამ შესაძლოა, პირიქით, ცუდი სამსახური გაუწიოს "ნაცმოძრაობას", რადგან ეს გააქტიურება ხალხს კიდევ უფრო მეტად გაახსენებს 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობას. ფაქტობრივად, ასეთი ვერსიის შემოთავაზება, რომ პრემიერობის კანდიდატი სააკაშვილი იყოს, იგივეა, 2012 წლამდე არსებულ სისტემას დავუბრუნდეთ.

რუსა მაჩაიძე