„ამათ მურუსიძე და კანდიდატის სტატუსი ერთდროულად უნდათ?! არ გამოვა!“
"პრემიერი არის მატყუარა, რუსული ბოტი", - ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მას ახალი არაფერი უთქვამს, როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზად უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა დაასახელა... როგორ შეიძლება ვიაროთ უსაფრთხოდ ნატოსა და ევროკავშირისკენ, როგორია დასავლელი პოლიტიკური ლიდერების აზრი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შესახებ და როგორია ოპოზიციის მოლოდინი, ამ საკითხებზე გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:
- პრემიერმა ღარიბაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ალბათ, გახსოვთ მისი გამოსვლა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე. ბლუმბერგის ჟურნალისტი შოკში ჩააგდო, გაოცებული ეკითხებოდა ღარიბაშვილს, თქვენ ახლა იმავეს იმეორებთ, რასაც პუტინი ამბობსო. ღარიბაშვილი იქ საუბრობდა არა როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არამედ პუტინის წარმომადგენელი, უფრო სწორად, რუსული ბოტი. ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა უკრაინაში საომარი მოქმედებების გადაწყვეტის რუსულ მოდელს, თითქოს უკრაინამ უნდა დათმოს რაღაც, და მიანიშნა, რომ თუ უკრაინამ უნდა დათმოს, საქართველომაც უნდა დათმოს. გაიმეორა დუგინის იდეოლოგიის მთავარი ნარატივი, რომ რუსეთთან ვაჭრობის გარეშე საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა. ეს არის დუგინის წლების წინ შემუშავებული იდეოლოგია. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს საქართველოს გაყიდვასთან, ეროვნული ინტერესების ღალატთან. ღარიბაშვილმა მსოფლიოს გასაგონად თქვა, თავი დაგვანებეთ, ჩვენ რუსეთი გვინდაო. სინამდვილეში რუსეთთან მარტო დარჩენა საქართველოსთვის უდიდესი საფრთხეა. ხომ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში? გვინდა ასეთი სახელმწიფო?! გვინდა ევროპაში უვიზოდ სიარულის საშუალება აღარ გვქონდეს და მხოლოდ რუსეთში დავდიოდეთ თავისუფლად?! გვინდა რუსეთზე ჩამოკიდებული ეკონომიკა?! მაინტერესებს, რატომ არაფერს ამბობენ "ქართული ოცნების" ლიდერები და მათი პროპაგანდისტი ტელევიზიები იმის შესახებ, რომ მას შემდეგ, რაც ესტონეთი ევროკავშირის წევრი გახდა, 6 წლით გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ლიტვაში ევროკავშირში გაწევრების შემდეგ ორ-ნახევარჯერ გაიზარდა ხელფასი და ეს სულ 3-4 წლის განმავლობაში.
- ევროკავშირისა და ნატოს ქოლგის ქვეშ ყოფნის სიკეთე ყველამ კარგად იცის, მაგრამ საინტერესო ის არის, ოპოზიციამ თუ იცის იქამდე უსაფრთხოდ მისასვლელი გზა?
- უსაფრთხო არაფერია და მით უფრო საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტვა. რუსეთიც ამას ელოდება, რომ ქვეყანა უცებ გადაგვიქციოს თბილისის გუბერნიად! თუ ჩვენ განვითარებას შევწყვეტთ, იზოლაციაში მოვექცევით, დამოუკიდებლობაზე უარს ვიტყვით და საერთოდ აღარ ვისუნთქებთ, რაღად გვინდა ქვეყანა?! ნახეთ რა ხდება საერთაშორისო ასპარეზზე, უკრაინა ომს იგებს! მსოფლიოში უსაფრთხოების ახალ სისტემაზეა საუბარი, რომელიც უნდა შეიქმნას ევროპის არეალში რუსეთის გარეშე. ამ სისტემაში რომ მოლდოვას გარანტირებული ადგილი აქვს, ამაზე კიშინიოვში ჩატარებული სამიტი მეტყველებს. იქნება იქ საქართველოს ადგილი? არ ვიცი! რუსეთს განა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრებული საქართველო არ უნდა, რუსეთს არ უნდა ძლიერი საქართველო. ის ვერ უპატიებიათ ჩვენთვის, თავის დროზე რეფორმები რომ გავატარეთ. სხვათა შორის, მედვედევსა და პუტინს მოუწიათ იმის აღიარებამ, რომ საქართველოში ჩატარებული რეფორმები მათთვის სამაგალითო იყო. ხალხი გამომიგზავნეს, უნდოდათ მათთან მეთანამშრომლა.
- რას გულისხმობთ?
- უკრაინაში რომ ვმუშაობდი, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა შემომთავაზეს, რომ იუსტიციის სახლების მოდელი რუსეთში გადამეტანა. მე ვუთხარი, რომ რუსეთში არაფერი მესაქმებოდა, ჭირსაც წაუღია იქაურობა-მეთქი. ჩვენ ვართ ამაყი და ძლიერი ერი, რომელსაც შეიძლება ჩვენზე ძლიერმა მეზობლებმა ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთში არაერთხელ წაგვართვა სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა, მაგრამ ბრძოლის უნარი ვერასდროს დაგვაკარგვინა. ნახეთ, რუსეთთან შეკრული "ქართული ოცნება" რას ცდილობს, თავს გვჭრის საქვეყნოდ, ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საკუთარი თავის დაცვის უნარიც კი არა გვაქვს. ქართველი კაცი დღემდე მამაც და მებრძოლ ადამიანთან ასოცირდებოდა, ამათ კი სურთ ლაჩრებისა და მშიშრების სინონიმებად გვაქციონ. როგორი მხდალებიც თავად არიან, მთელი ერიც ისეთად უნდათ წარმოგვაჩინონ. სომხეთის პრემიერმა დააფიქსირა საკუთარი პრინციპული პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომზე. არადა, სომხეთი არც ასოცირების წევრია, არც კანდიდატის სტატუსს სთავაზობს ვინმე და არც ნატოში ინტეგრაცია აქვს გაცხადებული. დღეს, როდესაც სომხეთი, ყაზახეთი და თურქმენეთი, ყველა, აქცევს ზურგს რუსეთს, ამათ რა ჯანდაბა ეტაკათ, ვერ ვხვდები და ვერც ახსნას ვუძებნი, გარდა იმისა, რომ მტერთან არიან შეკრული.
"ქართულმა ოცნებამ" საქართველოში პოლიტიკის პროვინციალიზაცია მოახდინა. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ უკრაინა ომს მოიგებს! ამის გარანტია არის უკრაინის თანამედროვე შეიარაღება. ამასთან, უკრაინულ არმიას დღეს რუსულზე სამჯერ მეტი ცოცხალი ძალა ჰყავს. რუსეთი ჩამოშლის ზღვარზეა. იცით, იქ რამდენი სამხედრო დაჯგუფებაა შექმნილი? პრიგოჟინის "ვაგნერი" ერთადერთი კი არ არის. ყველა ოლიგარქი და გუბერნატორი ცდილობს კერძო ჯარი ჰყავდეს. ისინი პოსტპუტინისეული ეპოქისთვის ემზადებიან, ომის წაგების მოლოდინში არიან და კერძო სამხედრო დაჯგუფებებით აპირებენ ძალაუფლების შენარჩუნებას. რუსეთში დიდი ქაოსი იწყება. ჩვენ გვინდა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, არადა, რუსების ეროვნული ინტერესების დაცვას ვეწირებით და სამარეში მივყვებით.
- "ქართული ოცნების" ლიდერების აზრით, მხოლოდ რუსული საფრთხე კი არ არის პრობლემა, საქმე ის არის, დიდი ხალისით არც ნატოსა და ევროკავშირის კარი იღება ჩვენთვის. ამის არგუმენტად ის ფაქტი მოჰყავთ, რომ გასულ წელს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი და არა საქართველოს.
- ჩვენ ხომ ვიცით, უკრაინას იმიტომ მისცეს კანდიდატის სტატუსი, რომ ომშია, მოლდოვა კი საქართველოზე გაცილებით დიდ სურვილსა და მიზანსწრაფვას ავლენს ევროკავშირის მიმართ. ამას გარდა, დაგავიწყდათ, რა მავნებლობები ჩაიდინეს ამ მოღალატეებმა შარშან? ევროსაბჭოს გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე დაიჭირეს ოპოზიციური მედიის მენეჯერი ნიკა გვარამია. მოსმენების სულელური კანონი რომ მიიღეს, დასავლელი პარტნიორების ლანძღვა-გინება რომ დაიწყეს, შარლ მიშელი წინ და უკან რომ არბენინეს და მერე შეთანხმებული ხელშეკრულება თავზე გადაახიეს, კანდიდატის სტატუსს ვინ მოგვცემდა?! ამის მერე 12-პუნქტიანი რეკომენდაციების საბოტაჟს მიმართავენ და რეფორმებს არ ატარებენ. ამათ სასამართლო კლანი, მურუსიძე და კანდიდატის სტატუსი ერთდროულად უნდათ?! არ გამოვა! აუცილებლად უნდა აღვნიშნო კიდევ ერთი საკითხი - ესენი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე რომ გაბუქებულად ლაპარაკობენ, სინამდვილეში რუსეთს საერთოდ არა აქვს დღეს სადმე ახალი ინტერვენციის საშუალება. ჩემი თუ არ გჯერათ, თქვენც შეგიძლიათ ააფრინოთ დრონები და ნახავთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ოთხი ტანკი დგას და რამდენიმე ასეულ ახალწვეულს დაარბენინებენ დილაობით წინ და უკან, მაგრამ დავანებოთ ამას თავი... რატომ არ ითხოვს საქართველოს ხელისუფლება "პეტრიოტებსა" და "ჰაიმარსებს"? რუსეთისთვის კუდის ქიცინი კი არა, თანამედროვე შეიარაღებაა მშვიდობის გარანტია. გვაქვს ასეთი შეიარაღების შესაძლებლობა? ეროვნული მთავრობა რომ გვყავდეს, გვექნებოდა.
- პრემიერმა თქვა, ევროპელ კოლეგებს ვუთხარი, რომ სტატუსის მონიჭება ავტომატურად შეამცირებს, მინიმუმამდე დაიყვანს ქვეყანაში პოლარიზაციასო. თქვენ, როგორც ოპოზიციონერი ლიდერი, რას იტყვით ამის შესახებ?
- ღარიბაშვილის ამ გზავნილს ჩალის ფასი აქვს ევროპელებისთვის, იმიტომ, რომ ის მათ რეკომენდაციებს არ ასრულებს, 12 პუნქტიდან მხოლოდ ერთი შეასრულეს, ისიც სანახევროდ. ეს არის შიდა აუდიტორიისთვის გათვლილი განცხადება. ვითომ კანდიდატის სტატუსი უნდათ, მაგრამ პარტნიორების არ ესმით არაფერი, ეუბნებიან რეფორმები გაატარე და მომღერალი მურუსიძე გაუშვი სასამართლოდან, სანქცირებულიაო. ყველას ყელში აქვს ამოსული ამათი სიგიჟეები.
- ოპოზიციის ნაწილი, მაგალითად, გიგა ბოკერია ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ამ ხელისუფლების ხელში. მეორე ნაწილის აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში კანდიდატის სტატუსი "ქართულ ოცნებას" რაღაც ჩარჩოში მაინც მოაქცევს.
- 2024 წელს ეს ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. შარშან რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, წევრობამდე უფრო მოკლე გზა გვექნებოდა. ჩემი ინფორმაციით, წელს ევროკავშირის გაფართოება გადაწყვეტილია. ბალკანეთის ამბავი უკვე გარკვეულია, ის მოქცეულია ამ საზღვრებში. საქართველოს ყველა გულშემატკივრობს, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული.
ხათუნა ბახტურიძე