საიდან შემოდის საქართველოში არალეგალური იარაღი?! - კვირის პალიტრა

საიდან შემოდის საქართველოში არალეგალური იარაღი?!

საქართველოში მკვლელობების, სხეულის დაზიანების დიდი ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით ხდება. მოსახლეობაში დიდი რაოდენობით იარაღია, როგორც რეგისტრირებული, ასევე არარეგისტრირებული. მართალია, იარაღის რეგისტრაციის წესები გამკაცრდა, მაგრამ ფაქტია, პრობლემა ვერა და ვერ მოგვარდა. სპეციალისტების თქმით, ქვეყანაში 90-იანი წლებიდან არის დალექილი იარაღი, ამას დაემატა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შემოსული იარაღიც. მაშინ მთელი შიდა ქართლი დაკავებული ჰქონდათ ოკუპანტებს და უკანონო იარაღი შემოდიოდა. ჩვენმა სამხედრო ძალებმაც დაკარგეს იარაღის ნაწილი და ექსპერტების ვარაუდით, ესეც ხალხის ხელში აღმოჩნდა. კიდევ ერთი წყარო იარაღის შემოდინებისა ოკუპირებული ტერიტორიებია. სპეციალისტების თქმით, უკონტროლო ტერიტორია იარაღის, ნარკოტიკისა და კონტრაბანდის ბუდეა. ექსპერტი დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ უცხოური სპეცსამსახურების ინტერესშია, რაც შეიძლება მეტი იარაღი შემოვიდეს ქვეყანაში თუნდაც შიდა დესტაბილიზაციისთვის.

- ბატონო დავით, როგორ ხვდება ამ რაოდენობის იარაღი ხალხის ხელში? თითქმის­ ყოველდღე გვესმის, რომ ვიღაც მოკლეს, დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით.

- დანაშაული ხდება როგორც რეგისტრირებული, ისე არარეგისტრირებული იარაღით. ყოფილი ხელისუფლების დროს, როცა მომსახურების სააგენტო შეიქმნა, მეც და კიდევ არაერთს მიგვაჩნდა, რომ იარა­ღის შენახვის უფლება გამარტივებული წესით ყველა მოქალაქეს არ უნდა ჰქონოდა­. სანამ პირზე იარაღი გაიცემოდა­, მანამდე მას ფსიქოლოგიური ტესტი და გამოცდები უნდა ჩაებარებინა, თუმცა მაშინ ჩვენი მოსაზრება უარყვეს. ამ ხელისუფლების წყალობით მეტ-ნაკლებად მოგვარდა ეს პრობლემა­ - დღეს უკვე აუცილებელია გამოცდების ჩაბარება, რათა სახლში იარაღის შენახვის უფლება მოგცენ. სახელმწიფომ, მისმა კონტრდაზვერვამ და შესაბამისი მიმართულების სამეცნიერო კვლევითმა ცენტრებმა, რომელშიც ვგულისხმობ ფსიქოლოგებსაც, უნდა განსაზღვრონ, რამდენად მიზანშეწონილია ცეცხლსასროლი იარაღის მასობრივად შენახვის უფლება მიეცეთ მოქალაქეებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტატისტიკურ მონაცემებსაც, რამდენჯერ არის ჩადენილი­ დანაშაული რეგისტრირებული იარაღით.

ოპერატიული ვითარება ყოველთვის ცვალებადია და როცა სახელმწიფო ხედავს, რომ უარყოფითი მაჩვენებლებისკენ მიდის, უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს, ან საერთოდ ნეიტრალიზაციას მოახდენს.

რაც შეეხება არალეგალურად იარაღის შემოდინებას, სამწუხაროდ, ეს ფაქტია­. ჩვენ ვართ უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ძლიერ ზეგავლენაში მყოფი სახელმწიფო. ოპერატიულ ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ საქართველოს მიწაზე ორი, ე.წ. ბუფერული სეპარატისტული სახელმწიფოა. მათი სტატუსიდან გამომდინარე, სწორედ ეს ტერიტორიები გამოიყენება იარაღის შემოსატანად. ასეთი ვითარების დროს სახელმწიფო ვალდებულია დაადგინოს, კონკრეტულად საიდან შეიძლება შემოდიოდეს არალეგალურად იარაღი და აღკვეთოს ეს გზები. ბოლო დროს გახშირდა ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები და სახელმწიფო განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა იყოს, რადგან უკვე გვაქვს ნიშნები არალეგალური იარაღის გამოყენებისა და ალბათობის მაღალი ხარისხით ეს ზონები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ცეცხლსასროლი იარაღისა და სხვადასხვა საშუალების შემოსაზიდად, რომლებიც მობილიზებული იქნება სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი დამხობისათვის.

- როგორ უნდა ამოიღოს მოსახლეობიდან იარაღი ხელისუფლებამ?

- საჭიროა აგენტურულ-ოპერატიული საქმიანობის გააქტიურება და კანონმდებლობის დახვეწა, რათა კონტრდაზვერვასა და შსს-ს უფრო აქტიური ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა მიეცეს. ვფიქრობ, გასაუმჯობესებელია სასაზღვრო ზონის დაცვის ხარისხიც როგორც ტექნიკური, ასევე­ აგენტურულ-ოპერატიული საშუალებებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელი იქნება.

მაღალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოები, მათი პოლიციური უწყებები და სპეცსამსახურები საგანგებოდ შემუშავებული მეთოდოლოგიით ააშკარავებენ იმ პირთა ჯგუფებს, რომლებიც დაინტერესებული არიან იარაღის უკანონო შეძენით და მარტივად გამოვლინდება ის არხებიც, საიდანაც შემოედინება არალეგალურად იარაღი. ვფიქრობ, ამ მოდელის აქტიურ ამუშავებაზე უნდა გადავიდეს სახელმწიფო­. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომაც და საზოგადოებამაც იზრუნონ, რომ შსს და კონტრდაზვერვის უწყება არ იყვნენ დემორალიზებული და დათრგუნვილი.

- სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ დღეს ინტერნეტითაც­ თავისუფლად იყიდება იარაღი.

- ამიტომაც უნდა გამკაცრდეს როგორც იარაღის ტარების, ასევე­ შენახვის შესახებ კანონმდებლობა, მით უმეტეს, რომ ჩვენ გვყავს­ მოწყვლადი ფენები, რომლებიც თავიანთი ფსიქოლოგიური ან სხვა მდგომარეობით საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ადამიანთა­ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ისეთი სრულყოფილი კანონმდებლობა­ უნდა გვქონდეს, რომ არ აღმოჩნდეს ცეცხლსასროლი იარაღი იმგვარი ადამიანების ხელში, რომლებიც მას გამოიყენებენ ადამიანთა სიცოცხლის მოსასპობად, ასევე შესაძლოა ხელისუფლების ძალადობრივად დასამხობად.

ამ პრობლემას თუ ვერ მოვერევით, გვექნება არა მარტო კრიმინალური, არამედ ეკონომიკური დესტაბილიზაციაც. ასეთი ფაქტები უარყოფითად მოქმედებს ტურიზმზეც. ხშირად ამის გამო მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტების მოგზაურობა გამოირიცხება ხოლმე.

რასაკვირველია, ეს საქმე სპონტანურად არ გაკეთდება. ამას სჭირდება ოპერატიული ინფორმაცია, მისი დამუშავება და მუშაობა იმისთვის, რათა ამოიღო იარაღი. საჭიროა ჯგუფური მუშაობა პროფესიონალების ჩართულობით, რათა შეიქმნას მნიშვნელოვანი კლასიფიკატორი და იარაღის ფლობის უფლება ჰქონდეთ ისეთ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს. საჭიროა იმ პირთა ოპერატიული კონტროლი, რომლებიც ტარებით ან შენახვით ფლობენ იარაღს. აგენტურული საქმიანობით შესაძლებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა კონკრეტული პირის ფსიქოლოგიური ცვალებადობის, კონკრეტული კონფლიქტების არსებობის შემთხვევაში აქტიურად იმუშაოს შს სამინისტრომ და ასეთ პირს აღარ ჰქონდეს იარაღი.

- როგორც ამბობენ, 2008 წლის ომის დროს მოსახლეობის ხელში დიდი რაოდენობით არარეგისტრირებული იარაღი აღმოჩნდა.

- დიახ, 2008 წლის მოვლენების დროს ბევრი იარაღი დაკარგეს შეიარაღებულმა ძალებმა და ისინი, სავარაუდოდ, ხალხის ხელში აღმოჩნდა. რომც არ აღმოჩენილიყო, მოწყვლადობის კოეფიციენტი იმდენად მაღალია, იარაღის შემოტანა არალეგალური გზებით პრობლემა არ არის. ძირითადად, ფიგურირებს პისტოლეტი, რევოლვერი, სანადირო თოფები და ა.შ. დიდი ზომის იარაღი შეიძლება დაშლილი უპრობლემოდ შემოიტანო.

იმდენად ბევრი იარაღია მოსახლეობაში, ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა დააწესოს კონკრეტული ვადა და მოუწოდოს მოქალაქეებს, ჩააბარონ იარაღი. ეს გაკეთდა წლების წინ, მაგრამ ახლაც უნდა გაკეთდეს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომის გარეშე მოქალაქეებს შეეძლოთ იარაღის ჩაბარება, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს იმ იარაღებს, რითაც ჩადენილია დანაშაული.

რა პროცედურების გავლაა საჭირო იარაღის დასარეგისტრირებლად

2015 წლის 1-ლი ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდების ჩაბარება უწევთ იმ პირებს, რომლებიც იარაღის ყიდვას აპირებენ. საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი. იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის გავლის შემთხვევაში შეძლებს. შსს-ს მომსახურების სააგენტოში ბარდება სამი სახის გამოცდა: გამოცდა თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში; გამოცდა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში; გამოცდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში. საგამოცდო ტესტი 15 კითხვისგან შედგება და გამოცდა ჩაბარებულად 13 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება. იარაღის შეძენის მსურველს თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 20 წუთი ეძლევა. გამოცდაზე გასასვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. რაც შეეხება იმას, თუ რა ასაკის პირს შეუძლია იარაღის შეძენა, ასაკი დამოკიდებულია იარაღის ტიპზე. 18 წლიდან შესაძლებელია სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, ხოლო თავდაცვის ტიპის მოკლელულიანი და გაზის/აირის იარაღის შეძენა - 21 წლიდან. სპეციალისტების თქმით, მაღაზიებში დაურეგისტრირებელი იარაღი ვერ მოხვდება. ქვეყანაში შემოტანის შემდეგ, იარაღს შსს-ს მომსახურების სააგენტოში ბალისტიკური ექსპერტიზა უტარდება. ფასი იარაღის ხარისხზეა დამოკიდებული, შესაბამისად, 1.000-დან, 6.000-7.000-დან 10.000 ლარამდე მერყეობს. დიდი მოთხოვნაა პისტოლეტებზე. იარა­ღის შეძენით დაინტერესებული, ძირითადად, 30-35 წლამდე ასაკის მოქალაქეები­ არიან. კიდევ ერთი გზა იარაღის შეძენისა ინტერნეტია. თუ მოქალაქე საკუთრებაში არსებულ იარაღს ყიდის, ვალდებულია, განაცხადი შეიტანოს შსს-ს მომსახურების სააგენტოში და შემდეგ ახალ მფლობელს გადაუფორმოს. იარაღის გამოწერა უცხოური ინტერნეტსაიტებიდანაც შეიძლება, მაგრამ თუ პირი უცხოეთში შეიძენს იარაღს, საქართველოში შემოსატანად, ნებართვა მომსახურების სააგენტოში უნდა აიღოს. სარეგისტრაციო მონაცემებში ასახული ნებისმიერი მონაცემის შეცვლის შემთხვევაში პირი ვალდებულია ხელახალი რეგისტრაცია გაიაროს სააგენტოში 10 სამუშაო დღის ვადაში.­ ვისაც იარაღი რეგისტრირებული აქვს, თითოეულმა მათგანმა უნდა იცოდეს, რომ არასოდეს არ უნდა მიმართოს იარაღის ლულა ადამიანისკენ, თუკი თავდაცვის მიზნით სროლას არ გადაწყვეტს! გასროლამდე თითი არ უნდა გედოთ სასხლეტზე! არ იაროთ გადატენილი პისტოლეტით (ეს არ ეხებათ ოპერატიულ თანამშრომლებს) - მის გადატენას ყოველთვის მოასწრებთ, თანაც იარაღის გადატენამ შეიძლება თქვენს მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიურად იმოქმედოს, მისი აგრესია დააცხროს და გასროლა აღარც დაგჭირდეთ!