"რუსეთს პირველი სამი რუსი მმართველი უღებს ბოლოს"
"ისინი მუდმივად აყალბებენ ისტორიას, მათი ისტორია თავიდან დასაწერი იყო და დაიწერა კიდეც - ბორის აკუნინის რუსული სახელმწიფოს ისტორიის მრავალტომეული არის ყველაზე მართალი ისტორია, რაც კი ოდესმე დაწერილა. მოგეხსენებათ, აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი) პროფესიით ისტორიკოსია, აღმოსავლეთმცოდნე, და სანამ ის ამ ისტორიას დაწერდა, რუსების უსაყვარლესი მწერალი იყო. მას შემდეგ, რაც სიმართლე დაწერა, ის რუსეთში ვეღარ ჩადის, მოიძულეს იმიტომ კი არა, რომ წარმოშობით ქართველია, არამედ იმიტომ, რომ სიმართლე თქვა, ანათემას გადასცეს. რუსეთი არის ქვეყანა, რომლის მმართველებიც და მოსახლეობაც აცრილია სიმართლეზე, სძულთ სიმართლე", - ამბობს ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი და რუსეთის ისტორიის მითებსა და რეალობაზე გვესაუბრება:
თვითონ სახელმწიფო - ფეიკი, როგორც ასეთი
- მთავარი ფეიკი (ცდომილება) რუსეთის შეფასებისას იმაშია, როდესაც დღევანდელ რუსეთსა და ყოფილ სსრკ-ს შორის ტოლობის ნიშანს სვამენ. დღევანდელი რუსეთის ძირითადი სამხედრო ძალა ის ხალხია, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები სლავები, რომლებიც 21-ე საუკუნემდე რუსეთის სამხედრო ისტორიაში, პრაქტიკულად, როლს ვერ თამაშობდნენ. საუკუნეთა განმავლობაში მათი 95% იყო ე.წ. კრეპასტნოი კრესტიანინი - "ყმა გლეხს" იმიტომ არ ვამბობ, რომ ქართული გაგებით ყმა და რუსული "კრეპასტნოი" აბსოლუტურად სხვადასხვაა, უფლებრივი და სოციალური თვალსაზრისით რუსი ყმა გაცილებით დაბლა იდგა მაგალითად, რომაელ მონაზე (ისინი ისეთივე ტანსაცმლით დადიოდნენ რომის ქუჩებში, როგორითაც რომაელი დიდებულები, გარეგნულად მათ ვერც გაარჩევდით ერთმანეთისგან, იმპერიის ხანაში რომაელი მონები იმპერატორის აპარატში წარმატებულ პოზიციებზე იყვნენ და მდიდრდებოდნენ კიდეც). რუსეთის "კრეპასტნოის" არავითარი სოციალური უფლება, სახლიც არ ჰქონდა, მისთვის ცოლიც კი არ იყო ცოლი, მას ისევე ექცეოდნენ, როგორც საქონელს. ეს მდგომარეობა რუსეთში ოფიციალურად გაგრძელდა 1861 წლამდე, თუმცა აქედან 1907 წლამდე რუსეთის გლეხობას არ მიუღია სრული სამოქალაქო უფლებები - უმეტესობას არც კერძო საკუთრება მიუღია, არც პასპორტი და ა.შ. მათ 1907 წელს მიიღეს მოქალაქეობა და 1927 წელს, როცა კოლექტივიზაცია დაიწყო, ისევ დაკარგეს. რუსეთის ზოგიერთ რეგიონში 1979 წლამდე გაგრძელდა კოლმეურნეობის იძულებითი წევრობა, მათ პასპორტები არ ჰქონდათ და მიმდებარე ქალაქში თავისუფლად შესვლაც კი არ შეეძლოთ. შესაბამისად, ადამიანების ეს კატეგორია, სამხედრო თვალსაზრისით, არაფერს წარმოადგენდა. მართალია, რუსეთის არმიაში პერიოდულად ყმა გლეხებიც მიჰყავდათ, მაგრამ მათი მებატონეები ჯარში ყველაზე უვარგის გლეხებს გზავნიდნენ და ისინი, როგორც წესი, ძალიან მალე იღუპებოდნენ. რუსეთის მთელი ისტორიის განმავლობაში ძირითადი დამრტყმელი ძალა პირველად ვიკინგური ნაწილი იყო (რომელიც მე-8-9 საუკუნეებიდან რუსეთს მართავდა) - არა მარტო მთავრები, კნიაზები რიურიკოვიჩები (რიურიკები - ძველი რუსეთის მთავართა დინასტია), მათი დრუჟინაც საუკუნეთა განმავლობაში, ძირითადად, ვიკინგებისგან შედგებოდა. შემდგომში, განსაკუთრებით, პოსტმონღოლურ პერიოდში, ძირითადი სამხედრო ძალა იყო კაზაკობა (სეგმენტი, რომელსაც წარმოადგენენ უკრაინელები ან რუსეთის სამხედრო 4 ოლქის - დონის როსტოვის, ბელგოროდის, კურსკისა და ვორონეჟის მკვიდრები. ყუბანის კაზაკები წარმოშობით ზაპოროჟიედან იყვნენ). დონის კაზაკების ენა, ისევე როგორც აღმოსავლეთ უკრაინელების ენა, აბსოლუტურად ერთი იყო, მათ ვერც გვარებით, ვერც ცხოვრების წესით გაარჩევდი - ანუ ამ სეგმენტს, რომელიც რეალურად მეორე მსოფლიო ომის ჩათვლით რუსეთის ყველაზე მთავარი დამრტყმელი სამხედრო ძალა იყო, შეგვიძლია ვუწოდოთ უკრაინელები. რაც შეეხება ხელმძღვანელობას, გენერალიტეტსა და მმართველებს, მე-8 საუკუნიდან მოყოლებული 1610 წლის ჩათვლით, ეს იყო რიურიკების (ვიკინგების) დინასტია, გამონაკლისს წარმოადგენენ ბორის გოდუნოვი და მისი ვაჟი, რომლებიც წარმოშობით მონღოლები იყვნენ. შემდეგ იყვნენ გერმანული, პრუსიული წარმოშობის რომანოვები, შემდეგ - პეტრე პირველი, რომლის შესახებაც არის მონაცემები და თვითონ რუსებიც ამტკიცებენ მის ქართულ წარმოშობას. პეტრეს ქალიშვილის შემდგომ რუსეთში, ნიკოლოზ II-ის ჩათვლით, გერმანული დინასტია იყო, ეკატერინეც გერმანელი იყო და ბოლოს იყო ქართველი სტალინი. ასე რომ, რუსეთის სათავეში გორბაჩოვამდე (ბრეჟნევი, ხრუშჩოვი, მალენკოვი, ანდროპოვი და ჩერნენკო) არც ერთი რუსი არ ყოფილა. რეალურად, რუსეთის სათავეში პირველი რუსი გორბაჩოვი იყო და იმანაც სსრკ დაანგრია. რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება არასდროს ყოფილა რუსული, მუდმივად შვედურ-გერმანულ-ქართული იყო, არისტოკრატიის ქვედა ფენის უდიდესი პროცენტიც ან რიურიკოვიჩი, ან ლიტვური წარმოშობის გედინინოვიჩები - ლიტვა-პოლონეთის მეფეთა შთამომავალი (ტრუბეცკოები, გოლიცინები და ა.შ.), ან მონღოლები იყვნენ - არა მარტო გოდუნოვები, კარამზინები და სხვა უამრავი. ტოლსტოი და სუვოროვი წარმოშობით შვედები იყვნენ, ბარკლაი დე ტოლი შოტლანდიელი და ა.შ. პეტრე პირველის დროს რუსეთში უკრაინული ელიტა დაწინაურდა, ისინი კაზაკთა წრიდან იყვნენ. პრაქტიკულად, რუსულ სინამდვილეში სანთლით საძებარი იყო რუსული, სლავური წარმოშობის არისტოკრატია.
რუსეთის ძლევამოსილება - მთავარი ფეიკი
დღევანდელ დღეს მთავარი ცდომილება რაშია - დღეს რასაც წარმოადგენს რუსული სახელმწიფო, რუსულ არმიას, მის ხელმძღვანელობას, სსრკ-ის ჩათვლით ისტორიაში რუსეთთან, მის არმიასთან, მის სარდლობასა და მთავრობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. მეტსაც გეტყვით: თვით ატომის მამამთავრები წარმოშობით რუსები არ ყოფილან, ხოლო სარაკეტო წარმოების ყველა წარმომადგენელი, ერთი კაცის გარდა, კოროლიოვით დაწყებული, ყველა უკრაინელი იყო. ერთადერთი კაცი იყო ქართველი - რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შემქმნელი სერგო ბერია, ლავრენტის ვაჟი. დღეს რომ გვიკვირს, რუსებს რაკეტებში ჩიპები არა აქვთო, რაკეტებს აკეთებდნენ ებრაელები, ქართველები, გერმანელები და დიდი დოზით - უკრაინელები, მაგრამ არასოდეს რუსები. ამ დროს რა ქნა პუტინის ხელისუფლებამ - ორი ომი აწარმოა, ერთი საქართველოსთან, მეორე უკრაინასთან - ანუ გადაეკიდა იმ ორ უმთავრეს ერს, რომლებითაც საუკუნეების განმავლობაში, მინიმუმ, მე-17 საუკუნიდან, რუსეთის არმიის უდიდეს ნაწილს და მთავარსარდლობის ძირითად ნაწილს აკომპლექტებდა. ეს იმ ტოტის მოჭრა იყო, რომელზეც რუსეთი შეიძლებოდა მჯდარიყო.
დასკვნა: ეს არის ისტორიის არცოდნა, სიბრიყვე, ისტორიის უარყოფა და სიძულვილი და შესაძლოა შურიც. სახიფათოა, როცა რუსეთს სათავეში არცთუ ბრძენი ხალხი ჰყავს და მას ატომური იარაღი აქვს, მაგრამ ეს იცით, როგორი საფრთხეა? - ამით პირველ რიგში შეუძლია რუსეთმა საკუთარი თავი დაიზიანოს. უკრაინის საზღვრიდან მოსკოვამდე 500 კმ-ია, პუტინი ისვრის ბირთვულ რაკეტას უკრაინისკენ და მოხვდება თვითონ. პრაქტიკულად, ამ ორი ქვეყნის გადამტერებით რუსეთმა ხარაკირი გაიკეთა. წინასწარმეტყველად ვერ გამოვდგები, მაგრამ ის ძველი რუსეთი, რომელიც ისტორიიდან გვახსოვდა, სამუდამოდ გარდაიცვალა, პუტინმა მას ჰარაკირი ჩაუტარა - ორჯერ ორი ოთხია. რუსეთის ჰარაკირი დაიწყო რუსმა გორბაჩოვმა, განაგრძო რუსმა ელცინმა და ასრულებს რუსი პუტინი. რუსეთს პირველი სამი რუსი მმართველი უღებს ბოლოს. ამ სამმა პერსონამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა იმ ფენომენს, რასაც ერქვა ძველი რუსეთი (სსრკ). რასაც დღეს რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური თვალსაზრისით, აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა. წარმოიდგინეთ, ამხელა ქვეყანაა და არა აქვს ატლანტის ოკეანეზე გასასვლელი. რეალურად, მას ბალტიის ზღვაზე გასასვლელიც დაეკეტა - ფინეთი ნატოს წევრი გახდა და შავი ზღვის მარცხენა სანაპიროზე ნატოს ქვეყნებია (თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი). მას ხმელთაშუა ზღვაში გასვლაც არ შეუძლია, არათუ ატლანტის ოკეანეში, რუსეთი ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვაზეც კი ვერ გადის თავისუფლად და უნებართვოდ. წყნარი ოკეანეა და, ჩაკეტილი აქვს (აქ აშშ-ის, იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ჩინეთის სამხედრო ფლოტები დომინირებენ). აქედან გამომდინარე, დედამიწის 1/6 რომ ხარ და არსად გასასვლელი არა გაქვს, ამ მდგომარეობაში დღევანდელი რუსეთი სსრკ-ის აჩრდილიც კი აღარ არის. წარმოიდგინეთ, დღევანდელ რუსეთს კენინგსბერგამდე (კალინინგრადამდე) პირდაპირი გზაც კი ჩაკეტილი აქვს. რუსეთის ძლევამოსილება - ეს არის მთავარი ფეიკი. რუსეთის მთავარი ძალა რაც იყო, მან იმ ძალას თავად გამოუცხადა ომი (უკრაინა-საქართველო).
მითი რუსეთის არმიის უძლეველობისა და გამარჯვებად გასაღებული მარცხი
რუსეთის არმიის უძლეველობის ამბავი მითია და ფეიკი. ყირიმის ომი და რუსეთ-იაპონიის ომიც კატასტროფა იყო... ნაპოლეონთან ომშიც რუსებს ბრძოლა არ მოუგიათ, თვითონ რუსი ისტორიკოსებიც წერენ, როცა ნაპოლეონი ტოვებდა რუსეთს, გადამწვარი მოსკოვისა და ბოროდინოზე გამარჯვების მერე, მხოლოდ 30 ათასი ჯარისკაცი ჰყავდა დარჩენილი, კუტუზოვის არმიაში კი 20 ათასი ჯარისკაციც აღარ იყო. ამასთან, იყო ზამთარი. ფაქტია, ნაპოლეონმა მიზანს ვერ მიაღწია, ომი ვერ მოიგო, ანუ კონტინენტურ ბლოკადაზე ვერ დაიყოლია რუსეთის იმპერატორი, ხელი ვერ მოაწერინა. ეს ომი რუსეთმა კი არ მოიგო, ნაპოლეონმა წააგო იმით, რომ მოსკოვში არ უნდა შესულიყო, ჯობდა, უკან დაბრუნებულიყო, ბალტიისპირეთი დაეკავებინა და ამით ევაჭრა - მაგალითად, ამას ვერ მიიღებ, ხელს თუ არ მომიწერო, მაგრამ მან რატომღაც ჩათვალა, რომ თუკი ისტორიულ დედაქალაქს დაიკავებდა, რუსებისთვის ეს იმდენად მძიმე დარტყმა იქნებოდა, ელემენტარული პირობის დაცვაზე დათანხმდებოდნენ (რაც 1807-ში ჰქონდათ ნათქვამი). როგორც ჩანს, ნაპოლეონი რუსეთს სათანადოდ არ იცნობდა - ასეთი თემები მოქმედებს იმ ხალხზე და იმ სიტუაციაში, როდესაც არსებობს რაღაც სხვა საზომები, ღირსება და ღირებულება. ამ შემთხვევაში კი არც ალექსანდრე I-ისთვის და არც კუტუზოვისთვის, როგორც ჩანს, ისტორიული დედაქალაქი არაფერს წარმოადგენდა, როცა კორსიკელი ნაპოლეონისთვის პარიზი შეიძლება ყველაფერი იყო.
ალექსანდრე ნეველიც გავიხსენოთ, რომელიც მონღოლების ყმა იყო და იმ პერიოდში ჯვაროსნებს ებრძოდა. ჩვენი მეფის, რუსუდან დედოფლისა და რომის პაპის წერილებიდან ჩანს, რომ ჯვაროსნები და რომის პაპი ჩვენი ნომერი პირველი პარტნიორები იყვნენ. ჩვენ მონღოლებს ვებრძოდით. იმ ეპოქაში ქართველი ერი გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო, საქართველო კი ლიდერი სახელმწიფო, როცა რუსეთის არსებობა ნახევარმა ევროპამ არც იცოდა. გარდა ამისა, ისეთივე საფრთხეს, როგორიც ჩვენთვის ისლამი იყო, რუსების წარმოდგენით, მსგავს საფრთხეს კათოლიციზმი წარმოადგენდა. რეალურად, იმ პერიოდში რუსები რომ გაკათოლიკებულიყვნენ, რუსეთი აღარ იარსებებდა, რუსეთის ნაცვლად პოლონეთი იქნებოდა - ანუ იდენტობის შესანარჩუნებლად რუსეთისთვის მთავარი იყო კათოლიკეებთან ჰქონოდა განხეთქილება, ჩვენთვის კი რუსეთთან შეერთებამდე კათოლიციზმი პრობლემა არ ყოფილა. ყველა ერს აქვს თავისი საზომი, თუმცა ალექსანდრე ნეველის მსოფლიო მასშტაბით სარდლად გამოცხადება, გასაგებია, რომ ეროვნული თვითმყოფადობის გრძნობის ამაღლებას ემსახურებოდა, მაგრამ აშკარად გადაჭარბებული იყო. ბოროდინოს ბრძოლის გამარჯვებად წარმოჩენა, რა თქმა უნდა, არასწორია, ახალდაბადებულმა და მასთან შედარებით ერთი ბეწო იაპონიამ ისეთ დღეში ჩააგდო რუსეთი (რუსეთ-იაპონიის ომი), ამაზე პიპინია ერისთავი მახსენდება - რუსეთის ოფიცრობა იქიდან საკუთარ ცხენს რომ ასწრებდა. მეორე მსოფლიო ომშიც ყველაზე დიდი ფეიკი ის გახლავთ, რომ გამარჯვების ავტორად გამოაცხადეს უნიჭო კაცი - გიორგი ჟუკოვი და ამ დროს აბსოლუტურად დაიგნორებული აქვთ 1944 წელს სტალინისა და როკოსოვსკის მიერ ჩატარებული "ოპერაცია "ბაგრატიონი", რომელიც მსოფლიო ისტორიაში ყველა დროის ყველაზე გრანდიოზული სამხედრო ოპერაციაა (ასეთი მასშტაბის ოპერაცია არც არასდროს ჩატარებულა). მას სტალინმა ოფიციალურად დაარქვა ოპერაცია "ბაგრატიონი" და რუსები ამ სახელსაც აქრობენ, ბელორუსიის ოპერაციას არქმევენ. რუსეთს რას დავეძებთ, ეს დეტალი საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებიდანაც კი ამოღებულია. წარმოიდგინეთ, ერთი თვის განმავლობაში სტალინის არმიამ მთელი ბელორუსიის, ბალტიისპირეთის დიდ ნაწილში, აღმოსავლეთ პოლონეთსა და უკრაინაში მდგარი გერმანული ძირითადი შენაერთები გაანადგურა, ეს ტერიტორიები დაიკავა და ასეთ გრანდიოზულ ოპერაციას, როგორიც მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, დღეს ცდილობენ ბელორუსიის ოპერაცია დაარქვან და ქართული ტერმინი "ბაგრატიონი" ისტორიიდან გააქრონ. რუს ისტორიკოსებს ძალიან არ სიამოვნებთ, რომ ოპერაცია "ბაგრატიონი" ორი არარუსის - სტალინისა და როკოსოვსკის დაჟინებული მოთხოვნით დაიგეგმა და ჩატარდა, ხოლო ე.წ. რუსი გენერლები მათ არ ეთანხმებოდნენ. "ბაგრატიონის" წარმატებამ წარმოაჩინა, რომ ამ ომის მომგები მხოლოდ და მხოლოდ ქართველი სტალინი იყო. მეორე, გარდამტეხი ბრძოლა, რომელმაც მსოფლიოს დაანახა, რომ ჰიტლერის დამარცხება შესაძლებელი იყო, სტალინგრადის ბრძოლა გახლდათ. ფილმებს იღებენ, რომელთაც სტალინგრადის ბრძოლა ჰქვია და სტალინგრადს სახელი გამოუცვალეს. უმაღლესი მთავარსარდალი სტალინი იყო, მისი მოადგილე - ბერია, ასევე, მარშალი, რომელიც რუსებს დღემდე კრიმინალად და ჯალათად ჰყავთ გამოცხადებული, თან ბრალდებულად ისეთ რამეში, რასაც ნამდვილად არ იმსახურებს - 1937-1938 წლების დიდი ტერორი, "ეჟოვშჩინა" ბერიამ დაამთავრა და 1938-39 წლებში ეჟოვის დაჭერილი ხალხი, ნახევარი მილიონი კაცი, გაათავისუფლა. მაინც ბერიაა გამოცხადებული ჯალათად იმიტომ, რომ ქართველი იყო. სტალინია დაგმობილი, ვითომ რუკაში ვერ ერკვეოდაო, და წითელ მოედანზე ჟუკოვს დაუდგეს ძეგლი (იმ ჟუკოვს, რომელიც ჩვეულებრივი უნიჭო კაცი იყო, რაც ბერლინის ოპერაციაშიც გამოჩნდა - ტყუილად ჩახოცა იმდენი ხალხი) და ეს იმიტომ, რომ რუსად ითვლება. ერთადერთი სწორი გეგმა ნაპოლეონის შემოტყუების, არმიის გადარჩენისა და ზამთარში უკვე ბონაპარტის იძულების, რომ რუსეთი დაეტოვებინა, ეკუთვნოდა გენერალ-ფელდმარშალ ბარკლაი-დე-ტოლის. ამ დროს რუსები მას ბრალს სდებენ და აბსოლუტურად უნიჭო კუტუზოვს აღმერთებენ, ვინაიდან ის რუსი იყო, ბარკლაი-დე-ტოლი კი წარმოშობით შოტლანდიელი. ასე რომ, რუსების ისტორიულ ცდომილებებს ხშირად მეწვრილმანე და მდაბიო დამოკიდებულება, ასევე შური განაპირობებს. რუსები ცდილობენ სხვას აღარ დაუტოვონ ადგილი დედამიწის 1/6-ზე და ვხედავთ, რა შედეგიც აქვთ - აგერ, 10 თვეა, რაც "გენიალურ რუს სარდლებს" სოფელი ბახმუტი ვერ აუღიათ, რაღაზე ვლაპარაკობთ?
რუსეთის ისტორია თავიდან დასაწერი იყო და დაიწერა კიდეც, თუმცა...
რუსეთში სიცრუე ცხოვრების წესია. ჩერჩილს ჰქონდა ორი ასეთი ფრაზა: "რუსეთის ხელმოწერილ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ის ფასი, რაც ღირს ის ქაღალდი, რომელზეც ეს დოკუმენტია შესრულებული" და მეორე - "რუსები იმიტომ ამბობენ სიტყვას და წერენ ხელშეკრულებას, რომ რაც შეიძლება მალე დაარღვიონ". ჩერჩილის თქმით, რუსეთის ნათქვამ სიტყვას ფასი არასდროს ჰქონდა, მათ მიმართ ნდობა არასდროს იყო. თავიდან ბოლომდე აყალბებენ ისტორიას, უყვართ ტყუილი. მთავარს გეტყვით, მე-18 საუკუნიდან დაწყებული, როცა პეტრე I-ის მერე რუსეთი ფეხზე დადგა, ამტკიცებდნენ, რომ ნორმანული თეორია, ანუ ვიკინგებმა რომ შეგვიქმნეს სახელმწიფო, სიცრუეაო. ჩვენც ასე გვასწავლეს, მაგრამ 2014 წელს ჩატარდა რიურიკოვიჩების შთამომავლების (ვისაც ივანე მრისხანე ეკუთვნოდა) დარჩენილ წარმომადგენელთა გენეტიკური კვლევა და 100%-ით დადასტურდა, რომ ეს ხალხი არის გენეტიკურად შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის სიახლოვეს მდებარე პატარა ოლქიდან, იმ ტერიტორიიდან, რომელსაც როსების მიწა, დღესაც როსლანდი ჰქვია. რამდენი მოიტყუეს, რამდენი მალეს, ჩქმალეს, რომ ასე არ იყო, მაგრამ გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა სიმართლე. მაგალითად, ბრიტანელებს არასდროს დაუმალავთ, რომ მთელი მათი სამეფო დინასტიები ან ნორმანული, ანუ ვიკინგური წარმოშობის იყო, ან ფრანგული თუ გერმანული, მაგრამ ეს მათ იდენტობას არ უკარგავდა. არც ჩვენ დაგვიმალავს, არაქართველი წარმოშობის ქართველი მეფე თუ გვყავდა. რუსეთის ისტორია თავიდან დასაწერი იყო და დაიწერა კიდეც - ბორის აკუნინის რუსული სახელმწიფოს ისტორიის მრავალტომეული არის ყველაზე მართალი და მნიშვნელოვანი ისტორია, რაც კი ოდესმე დაწერილა. მოგეხსენებათ, აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი) პროფესიით ისტორიკოსია, აღმოსავლეთმცოდნე, და სანამ ამ ისტორიას დაწერდა, რუსების უსაყვარლესი მწერალი იყო. მას შემდეგ, რაც სიმართლე დაწერა, ის რუსეთში ვეღარ ჩადის, მოიძულეს, არადა, ფანტასტიკურად ახსნა და დაწერა ყველაფერი. მე თუ მკითხავთ, ეს წიგნი ყველა რუსი პოლიტიკოსისთვის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს - წარსულზე სიმართლე უნდა იცოდე, ხვალინდელ დღეს ნაბიჯი სწორად რომ გადადგა. აკუნინი მოიძულეს იმიტომ კი არა, რომ წარმოშობით ქართველია, იმიტომ, რომ სიმართლე თქვა და ანათემას გადასცეს.
ნიკიტა მიხალკოვმა, რომელიც დღეს პუტინის აპოლოგეტად არის ქცეული, თავის დროზე გადაიღო "მზით გათანგულის" გაგრძელება, რომელშიც ძალიან ემოციურად წარმოაჩინა მეორე მსოფლიო ომის დეტალები, მაგრამ გაცილებით რეალისტურად, ვიდრე ნებისმიერ სხვა ფილმში, ერთი ფილმის გარდა, რომელსაც ჰქვია "ჯარისკაცის მამა". რუსულმა ელიტამ მიხალკოვის ლამის აკრძალვა მოითხოვა. რუს ხალხს კარგი და ღირსეული სიმართლეც კი აღიზიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლეა.
ეს არის ქვეყანა, რომლის მმართველებიც და მოსახლეობაც აცრილია სიმართლეზე, სძულთ სიმართლე იმიტომ კი არა, რომ მწარეა, არამედ იმიტომ, რომ ტკბილ სიმართლეს მწარე ტყუილი ურჩევნიათ. რუსეთის მოსახლეობის 95% მრავალი საუკუნის განმავლობაში საქონლის მდგომარეობაში იმყოფებოდა და, როგორც ჩანს, მათში იმ პარამეტრებმა, როგორიცაა ღირსება, თავგანწირვა, პატივისცემა, ჩამოყალიბება ვერ მოასწრო. რუსებმა საბოლოოდ 1970-იან წლებში მიიღეს სრულფასოვანი მოქალაქეობა და აქედან 20 წელიწადში საბჭოთა კავშირს ბოლო მოეღო. მერე ნარკომანებივით შესხდნენ ამ გაზის დოლარებზე, კარგად ჭამეს, სვეს, მაგრამ კუჭის ამოყორვა ღირსებას არ ავითარებს. ფაქტი ერთია - გმობენ სიმართლეს იმიტომ, რომ აცრილები არიან მასზე.
ივანე მრისხანეც უნდა გავიხსენოთ - კაცი, რომელმაც რუსეთი მიიყვანა არეულობამდე, რომელმაც ათეულათასობით ადამიანი იმსხვერპლა, რომელმაც სრული ეკონომიკური კატასტროფა გამოიწვია, ქვეყანა დაანგრია და ისეთ დღეში ჩააგდო, რომ ორი წლის განმავლობაში მოსკოვში პოლონელები იდგნენ (პოლონეთს ჰქონდა დაპყრობილი). მანამდე ტახტზე იჯდა თათარ-მონღოლური წარმოშობის ბორის გოდუნოვი და საერთოდ, ამ არეულობის, შფოთის დასრულების შემდეგ არათუ ივანეს შთამომავლებმა, საერთოდ მისმა სანათესავომ სამუდამოდ დაკარგა ტახტი (რომანოვები ავიდნენ ტახტზე). ამ მეფეს მრისხანეს ("გროზნის") ეძახდნენ იმიტომ, რომ იყო სტანდარტული, ბანალური სადისტი და ამ ადამიანისგან კერპი შექმნეს. ამ დროს მისი წერილებია შემორჩენილი (სარდალი ანდრეი კულბსკი აქვეყნებს), სადაც ამბობს, ყაზანის ალყის წინ ტაძარში ვიმალებოდი, ბრძოლის წინ ძალით გამათრიეს, რომ ჯარისკაცებს დაენახათ, მეფე აქ არისო, და დიდება ღვთისმშობელს, ცოცხალი გადავრჩიო - ანუ ძალით მიათრევდნენ, იმდენად ეშინოდა, აბსოლუტური კურდღელი იყო, და ეს კაცი, რომელმაც რუსეთი დააქცია, რუსებმა რუსეთის ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს მონარქად შერაცხეს. კაცი, რომელიც იმის შიშით, რომ არ მოეკლათ, იმალებოდა, მრავალი წელი ოფიციალურად გადამდგარი იყო და მოსკოვის დიდ მთავრად ჩინგის-ხანის ჩამომავალი სიმონ ბეკბულატოვიჩი ჰყავდა დასმული. მეტი რაღა ტყუილი გინდათ? რუსები ამ ფაქტს დღემდე მალავენ ისევე, როგორც ნებისმიერ სიმართლეს, რომელიც მათთვის გაჯანსაღებისა და განვითარების გზად იქცეოდა. მალავენ სიმართლეს, რადგან ტყუილი მათი ცხოვრების წესია.