"ჩვენ გვაქვს ისეთი საერთო საყრდენი, რაც აუცილებლად დაგვაბრუნებს აფხაზეთში"
აფხაზეთი საქართველოა. ეს ერთობა ერთადერთია, რისთვისაც ასე გათითოკაცებულებსაც კი შეგვიძლია გაერთიანება და სიცოცხლის გაწირვა, მაგრამ ამაზე რთული ჩვენი ცნობიერებიდან იმ სიძულვილის ამორეცხვაა, რომელიც მუდამ მზად არის მტრობისთვის. რა სიტუაციაა ამ მხრივ დღეს აფხაზეთში, ამ თემაზე ვესაუბრებით ადამიანს, რომელსაც აფხაზეთსა და აფხაზებთან კავშირი ომიდან დღემდე არ გაუწყვეტია, თბილისის სახელმწიფო და სოხუმის უნივერსიტეტების პროფესორს მურმან კვარაცხელიას:
- ბატონო მურმან, რა ხდება დღეს აფხაზეთში? როგორია განწყობა ქართველების მიმართ?
- ეს მარტივი თემა არ არის. აფხაზეთში ამჟამად დაახლოებით 250 000 კაცი ცხოვრობს, მათ შორის დიდი ნაწილი არ არის ეთნიკურად აფხაზი. აფხაზებს შორის არიან ისინიც, ვისაც საქართველოს გაგონება კვლავ არ სურთ. ეს ეხება იმ ხალხის განწყობას, რომელსაც რუსეთი სისტემატურად აფინანსებს ქართველთა სიძულვილისთვის. თუმცა არის სხვა, აფხაზთა ინტელექტუალური ნაწილიც, რომელიც კარგად გრძნობს საზოგადოების განწყობას და ობიექტურად გადმოსცემს მას. თუ ამ ხალხს მოვუსმენთ, დავინახავთ იმედგაცრუებას იმის გამო, რომ რუსეთს დაუჯერეს და თავი დიდ ხაფანგში გაყვეს. ხანდახან ეს იმედგაცრუება იქამდე მიდის, რომ ზოგი აფხაზ ერს დაღუპულ ერად მიიჩნევს. ეს ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთმა აფხაზები ბუნებრივ განვითარებას ჩამოაშორა. ასეთი მოვლენის შესახებ შეგვიძლია სიტყვა "გამოფხიზლებაც" გამოვიყენოთ. ამას აფხაზეთთან ჩემს კავშირებზე დაყრდნობით გეუბნებით. თუმცა არც ომამდე და მით უფრო ომის შემდგომ ასე არ ფიქრობდნენ. განსაკუთრებით ომის შემდგომ პირველ წლებში, როდესაც ერთმანეთთან სიტყვის თქმაც შეუძლებლად მიგვაჩნდა. ჩემს მაგალითზე გეტყვით: 1994 წელს თურქეთში, ქუჩაში ჩემს ყოფილ აფხაზ მეგობარს გადავაწყდი და ერთმანეთს ისე ჩავუარეთ, სალმის თქმაც ვერ წარმოვიდგინეთ. გამიარა, შემომხედა და რუსულად ჩაილაპარაკა, "მდაა" და წავიდა. არადა, კარგი მეგობრები ვიყავით, ერთმანეთთანაც, ოჯახებში არაერთი დღე და საათი გაგვიტარებია... მერე ეს ყინული თითქოს გალხვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ტკივილი ისევ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთად ცხოვრებას ვერ შევძლებთ. ჩვენ ბევრი გვაქვს ისეთი რამ, რაც ერთმანეთთან ცხოვრებას გაგვიადვილებს. ამიტომ, როდესაც აფხაზეთზე წიგნი დავწერე, ყველა ის შემთხვევა აღვწერე, როდესაც აფხაზმა ქართველი გადაარჩინა და პირიქით. დღეს უკვე იმ აფხაზებსაც ველაპარაკები, რომლებიც ჩვენ გვებრძოდნენ. რამდენიმე ხნის წინ შევხვდი ერთ ასეთს, ჩემს მოგვარე კვარაცხელიას, რომელიც აფხაზად იწერება. ის ჩვენმა საერთო ნათესავმა დაპატიჟა თბილისში ქორწილში და ჩამოვიდა. ჩვენ განვცალკევდით და ვისაუბრეთ. არადა, ხომ თავადაც იცოდა, რომ ქართველთა გენოციდში მონაწილეობდა და მეც ვიცოდი. ამის მიუხედავად, გულწრფელად ვისაუბრეთ. ვკითხე, ოდესმე თუ გიფიქრია, რა მოიგეთ აფხაზებმა ქართველების გამოდევნით-მეთქი. მითხრა, არაფერიც არ მოგვიგია, რეალურად დაღუპული ერი ვართ, რუსეთმა მოგვატყუა, რიცხობრივადაც შევმცირდით და ვერც ვერაფერი მივიღეთ. თუ აფხაზს ოდესმე რაიმე შეცდომა ჩაუდენია, ყველაზე დიდი შეცდომა საქართველოსგან ჩამოშორებაა. მხოლოდ მე არ ვფიქრობ ასე, აფხაზების უმეტესობა ამ აზრზეაო. თქვენ წამოიდგინეთ, ამ საუბრისას ნიშნის მოგების ნატამალიც არ მიგრძნია, პირიქით, გაბრიყვების გამო შემეცოდა.
სხვათა შორის, ახლახან აფხაზ ქალებსაც შევხვდი და მათაც იგივე მითხრეს: დღეს აფხაზეთი ჩიხშია, აქ ჩვენი შვილებისთვის საიმედო არაფერია, პირიქით, რუსეთის ომში სიკვდილი ელითო. მართლაც ასეა. 30 წელი გადის აფხაზეთის ომიდან და აფხაზეთში რუსული ინვესტიციის ნატამალიც არ არსებობს. რაში აწყობს რუსეთს აფხაზეთის აღორძინება. არადა, ჰპირდებოდნენ, ქართველებს რომ გარეკავთ, აფხაზეთში მეორე შვეიცარიას ავაშენებთო. რომელ შვეიცარიაზეა საუბარი, როდესაც ომის დროს დამწვარი აფხაზეთის მთავრობის შენობაც არ აღადგინეს. ჩემთვისაც უთქვამთ აფხაზებს ომის წინ, აფხაზეთში მეორე შვეიცარიას ავაშენებთო. მაშინ ვერ წარმომედგინა, რომ ამაზე სერიოზულად მსჯელობდნენ, ამიტომ მეცინებოდა და ვეუბნებოდი, მოდი, ეგ შვეიცარია ერთად ავაშენოთ-მეთქი. მიპროტესტებდნენ, არა, ქართველებთან ერთად არ ავაშენებთო! ხომ თითქოს არასერიოზულია, მაგრამ ეს ბოდვაც დაედო რუსების ხელდასხმით აფხაზეთიდან ქართველების გამოდევნას. ახლა ის შვეიცარიის ამბავი ძალიან მწარედ მახსენდება და სულ მინდა ვიკითხო, აბა, თქვენი შვეიცარია სად არის-მეთქი?!
- როგორია აფხაზეთში საშუალო ხელფასი ლარის ეკვივალენტით?
- ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 300 ლარია. ამ ფულით ადამიანური არსებობა შეუძლებელია. ესეც არის აფხაზეთიდან აფხაზების გადინების მიზეზი. იქ აფხაზები და ქართველები ხშირად უახლოვდებიან ერთმანეთს, იქ სივრცე არ არის გაჯერებული აფხაზ-ქართველთა სიძულვილით.
- ობიექტურად თუ განვსჯით, ჩვენთანაც ხელფასი მხოლოდ ფიზიკურად არსებობის საშუალებაა, რის გამოც უცხოეთში მიდის მოსახლეობის დიდი ნაწილი.
- გეთანხმებით. თუმცა, რაც უნდა პარადოქსულად ჩანდეს, ფაქტია, ჩვენ ვვითარდებით, აფხაზეთი კი ვერა. მაგალითად თუნდაც ბათუმი მოვიყვანოთ, რადგან აფხაზები გაფაციცებული ადევნებენ თვალს იქ რა ხდება. რატომ? იმიტომ, რომ ბუნებრივად ებადებათ კითხვა, საქართველოს ზღვისპირა ქალაქი ბათუმი თუ ასე განვითარდა, რომ ჰაბად იქცა, სოხუმიც რომ საქართველოსთან ყოფილიყო, ისიც ხომ განვითარდებოდაო და კითხვა ლოგიკურია.
ვიცი, ვინ ადევნებს თვალს აფხაზეთში ქართულ ტელევიზიებს, მით უფრო, როდესაც საქართველოს მთავრობა ან აფხაზეთიდან დევნილი ქართველობა საუბრობს. ქართული ვისაც ახსოვს, მათ სპეციალურად ათარგმნინებენ მათ გამოსვლებს, ჩვენზე ხომ არაფერს ამბობენო. კი, შიშიც არის, მაგრამ უფრო საქართველოს მიმართ ინტერესია და ეს ბუნებრივია. ამას ხმამაღლა ვერავინ იტყვის, რადგან რუსული სპეცსამსახურები ხალხს მკაცრად აკონტროლებენ. საქართველოში მორჩენილ-განკურნებული აფხაზებიც ვერ იღებენ ხმას საქართველოზე.
იმავდროულად, არსებობს ის, რასაც ვერავინ მოერევა - აფხაზურ-ქართული საერთო ცნობიერება. რატომ დაიწყო ომის შემდეგ ჩვენი კონტაქტები მიცვალებულების გადმოსვენებით აფხაზეთიდან? იმიტომ, რომ ეს ჩვენთვისაც და აფხაზებისთვისაც სიწმინდის დონეზეა ასული, საერთოა. ასეა ჩემთვისაც. აფხაზეთში მამა და და მყავს დასაფლავებული და მათი საფლავები წმინდა ადგილად მეგულება,A მათი საფლავები კი დაბრუნების იმედში მეხმარება. ჩვენ იავნანაც კი საერთო გვაქვს. აფხაზების ერთ-ერთ იავნანას, "შიშ ნანის" ვერასოდეს ვისმენ ემოციების გარეშე. "შიშ ნანი" აფხაზეთის მუჰაჯირობის დროს არის შეთხზული, როდესაც რუსეთმა მუსლიმანი აფხაზობა გემებში ჩასხა და თურქეთს გადაულოცა. ამ დროს ერთ-ერთ გემში ჩვილი მოუკვდათ. მუჰაჯირების გემებს თურქი ჯარისკაცები, იანიჩარები აცილებდნენ და ისინი გარდაცვლილებს ზღვაში ყრიდნენ. ამიტომ ბავშვის სიკვდილი რომ არ გაეგოთ, აფხაზმა დედამ მკვდარი ჩვილი გულში ჩაიკრა და აფხაზური იავნანა დაიწყო: "შვილო, დაიძინე, ნურაფრის გეშინია, დედა შენთან არის" (აფხაზურად "ნანი" შვილია, "შიშ" კი შიში). ასე მღეროდა დედა "შიშ ნანას" თურქეთში ჩასვლამდე და გაყინული ჩვილი გულში ჩაკრული ჰყავდა...
აფხაზური სტუმარმასპინძლობა გავიხსენოთ, რაშიც აფხაზებიც უნიკალურები არიან. აფხაზ მწერალს ვადიმ ლაკერბას (ლაკერბაიას) აქვს აღწერილი, როგორ შეიფარა მოხუცმა აფხაზმა კაცი, რომელსაც მოსაკლავად მოსდევდნენ. ცოტა ხანში მოხუცს შინ შვილი მოუსვენეს, რომელიც მისგან შეფარებული კაცის მოკლული აღმოჩნდა, მაგრამ მოხუცი მამა მაინც მანამდე უზიდავდა საკვებს გადამალულ შვილის მკვლელს, სანამ შვილი არ დაკრძალა - არ დაგვავიწყდეს, რომ აფხაზებს ხანგრძლივი დაკრძალვის რიტუალი აქვთ - როდესაც შვილი დაკრძალა, მოხუცმა შვილის მკვლელი გაუშვა და უთხრა, სტუმარს ვერ მოგკლავ, ღმერთს მივანდობ, ჩემი შვილის სიკვდილისთვის მოგიზღასო.…
მსგავსს რომ აცნობიერებ, სწორედ მაშინ ხვდები, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი საერთო საყრდენი, რაც აუცილებლად დაგვაბრუნებს აფხაზეთში. ეს დღე აუცილებლად დადგება. დგება დრო, როცა აღარც რუსეთს შეუძლია ვინმე თავისი კარნახით აცხოვროს და წარმოიდგინეთ, აღარც ამერიკას. ეს არის ჩვენი ეპოქის ნიშანი - ბუნებრივმა წინააღმდეგობებმა მთელ მსოფლიოში გაიღვიძა. უფრო დიდი სიძულვილის მაგალითები ჰქონია მსოფლიოს, მაგრამ შერიგება მაინც შედგა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული ფაშიზმის დაახლოებით 60 მილიონ მსხვერპლს თუ გავითვალისწინებთ, გერმანიას აღარავინ უნდა მიჰკარებოდა, მაგრამ დღეს გერმანია ევროკავშირის წევრია. თუნდაც ის გავიხსენოთ, როგორ დაუბრუნდა 1839 წელს დაკარგული და ბრიტანეთის კოლონიად ქცეული ჰონკონგი ჩინეთს. ეს მოხდა 1997 წელს, როდესაც მარგარეტ ტეთჩერი და ჩინეთის ხელისუფლება რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. საკითხი ასე იდგა: ჰონკონგი განვითარებული კაპიტალიზმის ნიმუშია, ჩინეთი კი ჯერ კიდევ ღარიბი სოციალისტური სახელმწიფო. როგორ იარსებებდა ეს განვითარებული რეგიონი სოციალისტურ ჩინეთში. ჩინეთმა კი თქვა, რომ ჰონკონგის განვითარებას ხელს არ შეუშლიდა, ფორმალურად ასე იყო, მაგრამ რეალურად საკითხი მსოფლიო პოლიტიკამ გადაწყვიტა. ასევე გადაწყდება აფხაზეთის საკითხიც და ვფიქრობ, იქამდე არც ისე დიდი დრო გვაშორებს, მაგრამ აფხაზები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ეს მოხდება მშვიდობიანად.
- არაერთხელ მსმენია საუბარი ქართულ-აფხაზურ მისიაზე. რა არის ეს, უბრალოდ თემა შერიგებისთვის თუ რეალური საკითხი?
- სავსებით რეალური თემაა და განვმარტავ რატომაც: კავკასია, ისევე როგორც, მაგალითად, ინდოეთი, სუბკონტინენტია. სუბკონტინენტი რას ნიშნავს? ხმელეთის იმ ნაწილს, რომელსაც ისტორიული ან გეოტექტონიკური მიზეზები გამოარჩევს "დედობილი" კონტინენტისაგან და აქვს ყველა პირობა განვითარებისთვის - ანუ ევროპა-აზიის კონტინენტს "შეფარებულ" კავკასიასაც აქვს ყველა პირობა, დამოუკიდებლად განვითარდეს. ორ ზღვას შორის მდებარეობის გარდა, აქვს ყველა ნედლეული და პირობა განსავითარებლად. ბოლოს და ბოლოს, მენდელეევის ქიმიური ტაბულიდან 97 ელემენტი სწორედ კავკასიაში მოიპოვება. გარდა ამისა, არსებობს დნმ - საერთოკავკასიური ნათესაობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ იდგა და დგას კავკასიის გაერთიანების იდეა ყველა დროში, რაც რუსეთს, რა თქმა უნდა, არ აწყობს. მაგრამ მოვა დრო, როცა ვის რა აწყობს, უმნიშვნელოდ იქცევა და კავკასიის გაერთიანების იდეა ისევ აქტიურად დადგება დღის წესრიგში. ამ იდეასა და არეალში კი საქართველოს ყოველთვის ჰქონდა დომინანტური როლი, რაც აფხაზეთთან შერიგებით მხოლოდ გაძლიერდება. ასე რომ, თავად კავკასიისთვის არის მნიშვნელოვანი ქართულ-აფხაზური ერთობა. იმედია, მომავალში ამას აფხაზებიც გააცნობიერებენ.