რა არის ადევნება და ვინ ითვლება მსხვერპლად? - კვირის პალიტრა

რა არის ადევნება და ვინ ითვლება მსხვერპლად?

როცა თანხა გასესხებული გაქვთ სესხის ხელშეკრულებით, მაგრამ ფულს ვერ იბრუნებთ; ან რა პროცედურების გავლაა საჭირო, რომ პირმა სახელი და გვარი შეიცვალოს. ამ და სხვა კითხვებზე სისხლის სამართლის საქმეების, ასევე სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა გვიპასუხებს.

- თანხა მქონდა გასესხებული სესხის ხელშეკრულებით, რომელიც ოფიციალურად გავაფორმე ნოტარიუსთან. გავიდა განსაზღვრული ვადა და თანხა არ დამიბრუნეს. სულ მთხოვდა, დრო მიმეცა. მეც ვენდე, მაგრამ ვხვდები, რომ გადამხდელი არ არის. სესხის ხელშეკრულებას ვადა უკვე გაუვიდა, როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში?

- თუ თქვენ სესხის ხელშეკრულება გაქვთ დადებული და ვადა გაგივიდათ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ რისკის ქვეშ ხართ და სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ მევალის ქონებაზე ყადაღის დადება. გახსოვდეთ, თუ სესხის ვადის გასვლიდან სამი წლის განმავლობაში არ მოითხოვთ სესხის დაბრუნებას, თუ მსესხებელიც არ გიბრუნებთ ვალს და თქვენ ამ პერიოდში არ მიმართავთ სასამართლოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს ვალის გამარტივებული წესით დაბრუნებაზე, მაშინ თქვენი მოთხოვნა ხანდაზმული გახდება და უკვე სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობასაც დაკარგავთ - ანუ ამ 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ დაკარგავთ ფულის დაბრუნების შესაძლებლობას. თუ სამწლიანი ვადა უკვე გასულია, მაშინ ერთადერთი გზა გრჩებათ, სასწრაფოდ მსესხებელი მიიყვანოთ ნოტარიუსთან და მან აღიაროს, რომ თქვენგან ისესხა ეს თანხა, აღიარებს, რომ თანხა ნამდვილად გადაცემული გაქვთ და, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ხელშეკრულების განახლებას.

- შემიძლია ადვოკატის გარეშე სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანა?

- თუ უკვე არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ შეიტანთ სააპელაციო სასამართლოში საჩივარს. სააპელაციო საჩივრის შემტან პირს ეწოდება აპელანტი. მან უნდა შეიტანოს სააპელაციო საჩივარი წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებასაც ასაჩივრებს. საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება, აღდგენა დაუშვებელია და ათვლა იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა ან ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კონკრეტულ მოსამართლეს ევალება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებამდე შეამოწმოს მისი დასაშვებობა. სააპელაციო საჩივრის შესვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლო ამოწმებს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. რაც შეეხება კითხვას, შესაძლებელია თუ არა სააპელაციო სასამართლოში მხარე წარმოადგინოს იმ პირმა, რომელიც არ არის ადვოკატი, პასუხია - არა. პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების შესრულება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

- რა პროცედურების გავლაა საჭირო, რომ პირმა სახელი და გვარი შეიცვალოს?

- თუ გსურთ სახელის და გვარის შეცვლა, უნდა მიმართოს იუსტიციის სახლებს. ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს ან იმ პირს, რომელიც არის მოქალაქეობის არმქონე, მაგრამ მისი დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, შეუძლია შეიცვალოს გვარი. 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის სახელის, გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მშობლის თანხმობით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის დახმარებით. სრულწლოვან პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია შეიცვალოს სახელი/გვარი. რაც შეეხება გვარის მიღება-შეცვლას, ადამიანს შეუძლია მიიღოს­ მშობელთა, პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი, მეოთხე თაობის ჩათვლით; ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი; მშვილებლის გვარი; მამობის დადგენის შემთხვევაში მამის გვარი; ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი; სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული გვარი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაბადების აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა. შეუძლია ასევე აღიდგინოს ისტორიული გვარი; მოახდინოს მისი გვარის კანონიერად აღიარება; განცხადება უნდა დაიწეროს იუსტიციის სახლში სახელის ან/და გვარის შეცვლის თაობაზე; საჭიროა: პირადობის დამადასტურებელი საბუთი; დაბადების მოწმობა; ქორწინების მოწმობა (ქორწინებაში ყოფნის შემთხვევაში); არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (თუ არასრულწლოვანი შვილები გყავთ); მშობელთა წერილობითი თანხმობა (თუ 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი ხართ); მეორე მშობლის თანხმობა, თუ სახელს ან/და გვარს იცვლის 16 წლამდე არასრულწლოვანი. არასრულწლოვნის თანხმობა, თუ სახელს ან/და გვარს იცვლის 10 წლის ასაკს მიღწეული პირი. აქედან იმ დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას. ასევე აუცილებელია სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოწმობა გაიცემა 60 კალენდარულ დღეში და საფასური შეადგენს 75 ლარს, საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან იძულებით გადაადგილებული, დევნილად ცნობილი პირები, ხოლო მომსახურების საფასურის 10%-ით გადახდისაგან თავისუფლდებიან სტუდენტები.

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ პირის სახელის ან/და გვარის შეცვლა, გვარის დადგენა, გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელია, თუ ეს პირი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ. თუ მოხდა დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში და დეპორტაციის, ამ რეადმისიიდან 5 წელი არ გასულა; დაინტერესებული პირის წინააღმდეგ თუ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, ამ გარემოების აღმოფხვრამდე. ისიც უნდა იცოდეთ, რომ სახელის/გვარის შეცვლის შემდეგ თქვენ მოგიწევთ შეცვალოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.