როგორ მოხვდა ქართველი მხატვრის ნამუშევრები რომის პაპსა და ჯორჯ ბუშთან? - კვირის პალიტრა

როგორ მოხვდა ქართველი მხატვრის ნამუშევრები რომის პაპსა და ჯორჯ ბუშთან?

ჩვენი სტუმარია ქეთი მატაბელი - მხატვარი, რომლის შემოქმედება არავის ჰგავს, ხოლო მისი განუმეორებელი ფოლიანტები მთელ მსოფლიოში მარგალიტებივით არის გაბნეული. მის ნამუშევრებს ნახავთ ცნობილ მუზეუმებსა და გალერეებში, ერთ-ერთი პრეზიდენტ ბუშის რეზიდენციაშიც მოხვდა. როგორ დაიწყო მოგზაურობა ხელოვნების ფერად სამყაროში, ამის შესახებ თავად მხატვარი გვიამბობს:

- ბავშვობიდან ვხატავდი, თუმცა მუსიკოსობაზე ვოცნებობდი. მხოლოდ სკოლის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე, რომ მხატვარი გავმხდარიყავი.­ ბებიამ ხიტა ქუთათელაძის სახელოსნოში მიმიყვანა და იმ დროიდან დაიწყო ჩემი ზიარება მხატვრობასთან. იქ დავხატე ჩემი პირველი ნატიურმორტი, შემდეგ კი სამხატვრო აკადემიის სტუდენტიც გავხდი. მხატვრები ყველაფერს თავისებურად აღიქვამენ: არიან მხატვრები, რომლებიც ფორმით ან ხაზით აზროვნებენ. ვინც ხაზით­ აზროვნებს, ხშირად გრაფიკოსი ხდება, ის, ვინც ფორმით აზროვნებს, ქანდაკებაში იწყებს მუშაობას, ხოლო ვინც ფერს გრძნობს, ფერწერის ერთგული რჩება. არსებობს ადამიანის აურაც, რომელიც გამუდმებით იცვლება და ჩემი ფერთა გამაც ამის მიხედვით იქმნება.

- თქვენი გაფორმებული "ვეფხისტყაოსანი"­ განსაკუთრებულია...

- ამ საოცარ ქმნილებაზე ფიქრი ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დავიწყე. ყოველთვის­ ვგრძნობდი, რომ "ვეფხისტყაო­სანში" იყო კოდი, რომელიც მიბიძგებდა, ყველა სტროფი სულ სხვაგვარად აღმექვა. 1980-იან წლებში ვიქტორ ნოზაძის აკრძალული წიგნები ჩამივარდა ხელში, მათ შორის "ვეფხისტყაოსნის ღვთისმეტყველება",­ რამაც ჩემი მსოფლმხედველობა ძირეულად შეცვალა. იგივე უნდა ვთქვა ზვიად გამსახურდიას წიგნზე "ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება". 2011 წელს მანანა კარტოზიამ ნახა ჩემი ნამუშევრები, რომელიც "ვეფხისტყაოსანს" ეძღვნებოდა და შემომთავაზა, დავბეჭდოთ და მინიშნებები გავუკეთოთო. ასე დაიბეჭდა ხუთტომეული, მეოთხე ნაწილი ჩემი იყო. ამის შემდეგ ჩემი ნამუშევრებით პატრიარქი ილია II-ც დაინტერესდა. როცა ვუთხარი, რომ ბიბლიაზე მუშაობა­ მსურდა­, დამლოცა და კურთხევა მომცა. რუსთაველს ვერ გაიგებ, თუ ბიბლია ზედმიწევნით არ იცი. ეს ამოუწურავი პროცესია, დღესაც ვაგრძელებ ამ ორი საოცრების შესწავლას.

- როგორ მოხვდა თქვენი ნამუშევრები რომის პაპთან, მსოფლიო პატრიარქსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან?

- ახლობელმა ვატიკანიდან ჟურნალი ჩამომიტანა, რომელშიც იოანე-პავლე II-ის ცხოვრება იყო აღწერილი. იმ დღეებში სიზმარი ვნახე: რომის პაპი ისე მკაფიოდ მესიზმრა, რომ საოცარი შთაგონება მეწვია - მეორე დღესვე გადავწყვიტე ამ შთაბეჭდილების კარნახით ფოლიანტის შექმნა. ყველაფერს თითქოს უცნაური ძალის კარნახით ვაკეთებდი! ეს ნამუშევარი ნინო კობახიძემ ნახა, რომელიც მაშინ კულტურის მინისტრის მოადგილე იყო და მითხრა, იოანე-პავლე II თბილისში უნდა ჩამოვიდეს და ეს ფოლიანტი საჩუქრად გადავცეთო. 2000 წელი იდგა. ჩემი ფოლიანტი შეამოწმეს, ედუარდ შევარდნაძემაც ნახა და ხელი მოაწერა, რომ ის პაპისთვის გადაეცათ და კრწანისის რეზიდენციაში სტუმრად მისულ იოანე-პავლე II-ს ვაჩუქეთ.

ჯორჯ ბუში კი საქართველოს 2005 წელს ესტუმრა. ნინო ბურჯანაძე მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო და მთხოვა, "ვარდების რევოლუციის" დღეებიდან შემონახული ვარდი, რომელიც უკვე დამჭკნარი იყო, ფოლიანტად მექცია - ვარდი ჩარჩოში ჩავსვით და ჯორჯ ბუშს ვაჩუქეთ.

2013 წელს, საქართველოში მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს I ჩამოვიდა. მას სოფელ ბაშში შევხვდი, სადაც მამუკა ხაზარაძემ მიიწვია. მსოფლიო პატრიარქი ბაშში ჩვენს უწმინდესთან ერთად ჩამოვიდა. ქართული ხატებით შექმნილი ჩემი ნამუშევარი ბართოლომეოს I-ს მამუკა ხაზარაძემ გადასცა. პატრიარქი ყველა ხატს ეამბორა, რომლის მიხედვითაც კოლაჟი მქონდა შექმნილი. ეს უბედნიერესი წუთები იყო! მიხარია, რომ ჩემი პროფესიის წყალობით ცხოვრებაში ბევრი ასეთი წუთი მქონია.

ხათუნა ჩიგოგიძე