ვერა პუტინა: „ისე არ მინდა მოვკვდე, ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ...“ - კვირის პალიტრა

ვერა პუტინა: „ისე არ მინდა მოვკვდე, ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ...“

ინტერნეტში გავრცელდა ცნობა ვერა პუტინას გარდაცვალების შესახებ. ვერასთან ინტერვიუ 2004 წლის ოქტომბერში ჩავწერე.­ ალბათ მე ვიყავი ის ჟურნალისტი, რომელსაც ვერა გულწრფელად ესაუბრა. წლების მერე მინდოდა მეტეხში ჩავსულიყავი და მენახა, მაგრამ მითხრეს, რომ იქ აღარ იმყოფებოდა.­ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ საწოლს მიეჯაჭვა თურმე და საპატრიარქოს ერთ-ერთ თავშესაფარში­ გადაიყვანეს, სადაც მოვლა-პატრონობას არ აკლებენო... ყველა სიკვდილის შვილები ვართ, მით უმეტეს, ვერა 97 წლის იყო უკვე, მაგრამ ძალიან დამენანა და იცით, რატომ? მთელი ცხოვრება ტკივილამდე დარდობდა­ სიყრმის შვილთან განშორებას. ვერა და ვერ მოინელა თავისი საქციელი, რომ 10 წლის ვოვა ისევ რუსეთში, თავის მშობლებთან წაიყვანა, რათა ქართველ ქმართან­ დაძაბული ურთიერთობა აღარ ჰქონოდა. ლამის­ გული ამოაყოლა ამ სიტყვებს: სიზმარშიც არ მცემს ხმას ჩემი ვოვა, გაბრაზებულია, რომ მოვიშორე და ბებია-ბაბუასთან დავტოვე... ვიფიქრე, მშვიდად გაიზრდება მამინაცვლის თვალს მოშორებული. მეც ხშირად ჩავალ და მოვინახულებ-თქო, მაგრამ გამინაწყენდა. მიუხედავად მამინაცვლის ხასიათისა, მაინც ჩემთან და და-ძმასთან ყოფნა ერჩივნაო... ინტერვიუს დასასრულს ვკითხე, რაზე ოცნებობთ-მეთქი? ისე არ მინდა მოვკვდე, ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამო... ამ ქვეყნიდან ვერა ოცნებააუხდენელი წავიდა, გულში იარით, ტკივილით და შეუმშრალი ცრემლით. არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ დღეს მსოფლიოს მიერ აღიარებული ბოროტების იმპერიის პირველი პირი, ვლადიმირ პუტინი, ჩემი რესპონდენტის შვილია. დარწმუნებული ვარ, რაც მაშინ ვერამ მიამბო, ყველაფერი სიმართლეა. 2004 წლის ინტერვიუში ბევრი დეტალი სტატიის მიღმა აღმოჩნდა. ახლა კი თავიდან ბოლომდე მინდა გავიხსენო ყველა ეპიზოდი.

როგორ აღმოვჩნდი ვერა პუტინასთან? ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ეპიზოდით დაიწყო. ჩემმა ძმამ ვარკეთილის დასახლებაში ოროთახიანი ბინა შეიძინა და ძველ მეპატრონესთან მოსალაპარაკებლად გაყოლა მთხოვა. თავის დროზე კორპუსი სამხედრო პერსონალისთვის აშენებულა და სახლიკაციც ყოფილი სამხედრო აღმოჩნდა. დიასახლისმა­ თავი წარგვიდგინა:­ ლუბა ოსეფაშვილი ვარო. თბილად დაგვხვდნენ, უცებ სუფრაც გაგვიშალეს და კარგა ხანს შემოვრჩით. სახლიკაცმა რამდენიმე ჭიქის შემდეგ ამაყად გვითხრა: ჩემს ცოლს დააკვირდით, აბა რომელ ცნობილ რუს პოლიტიკოსს გაგონებთო. ღიმილით დავაცქერდი: ლუბას ცისფერი თვალები და ქერა თმა ჰქონდა, მაგრამ ვერცერთ პოლიტიკოსს ვერ მივამსგავსე. ხანმოკლე პაუზა ისევ მისმა მეუღლემ დაარღვია, - ჩემი ცოლი ვლადიმირ პუტინის ნახევარდააო. ჯერ მეგონა, ხუმრობდა, მაგრამ მერე ლუბამ დაიწყო ლაპარაკი და სმენად ვიქეცი:

- ვოვა 5 წლის იყო, როცა მე გავჩნდი. ჩემამდე სოფიკო დაიბადა, მერე მე, მერე ავთანდილი, მარინა და ლია. ვოვას ჩემი მხარზე შემოსმა უყვარდა. პატარა ვიყავი და მათამამებდა. კნუტივით ავეტორღიალებოდი ხოლმე და ასე დამატარებდა. მშობლებმა სახლის მშენებლობა წამოიწყეს, დილიდან გვიანობამდე სულ იქ იყვნენ. მე უფროსი ძმის და დის იმედად მტოვებდნენ. ერთხელ ვოვას შემთხვევით მხრიდან ჩამოვუვარდი. თავით დავასკდი ქვას და გავიტეხე. სისხლი თქრიალით მომდიოდა, ვერაფრით მიჩერებდნენ. ვოვას და სოფიკოს ისე შეეშინდათ, რომ დიდ წყლიან გობში თავით ჩამაყუდეს. წყალი მაშინვე წითლად შეიღება. როგორღაც შემიჩერეს. შინ მობრუნებულმა მშობლებმა სისხლიანი გობი რომ დაინახეს, გული გაუსკდათ და როცა გაიგეს, რაც მოხდა, ვოვა დასაჯეს. იმ შემთხვევის მერე იმხელა ნაიარევი დამრჩა, თმა აღარც მეზრდება (აი, ნახეთ, მეუბნება ლუბა და ხელს იმ ადგილზე მადებინებს,­ სადაც მართლაც დიდი ნაწიბურია).D და-ძმას შორის ყველაზე მეტად მე ვგავდი ვოვას. არა მარტო გარეგნობით, ჩვევებითაც. მაგალითად, ვოვასაც ორი ყბით უყვარდა­ ჭამა და მეც. მამა მიწყრებოდა ხოლმე: იმ ბიჭზე ვბრაზობ, ასე რომ ჭამს და ახლა შენ დამიწყეო. დედა დაკომპლექსებული იყო. მამას გულზე არ ეხატებოდა გერი, ხშირად ტუქსავდა, ზოგჯერ თვეობით ხმას არ სცემდა. თუ დაუყვირებდა, დედა იქაურობას გაარიდებდა ჩემს ძმას და მეზობელთან უშვებდა. როცა ვოვა თავის მშობლებთან წაიყვანა, ძალიან გვენატრებოდა, მაგრამ ვერაფერს ვეკითხებოდით. ვატყობდით, რომ დედა რაღაცას გვიმალავდა. ხშირად გვინახავს, განმარტოებული როგორ ტიროდა. ოჩორადან წერილს რომ მიიღებდა, არავის გვაკითხებდა, ჩუმად იცრემლებოდა. ერთხელ ვეღარ მოვითმინეთ და ვკითხეთ დედას, ვოვა რატომ არ ჩამოდის ჩვენთან-თქო. უცებ გამოვიდა მწყობრიდან და დაგვი­ცაცხანა, თქვენი საქმე არაა, ის ახლა სამხედროა და შორეულ აღმოსავლეთში მსახურობსო­. როცა ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გახდა, ატყდა ერთი ამბავი. ჩვენს სახლთან სულ ხალხმრავლობა იყო. ვინ აღარ მოდიოდა - ხან ჩვენი, ხან ჩეჩნეთის, ხან რუსეთის უშიშროებიდან. ჩეჩნები ყველაზე ხშირი სტუმრები იყვნენ მეტეხში. შეწუხდნენ ჩვენები. სხვათა შორის, პირველად ჩეჩნებმა გადაიღეს ფილმი და მერე წიგნიც დასტამბეს. იქ ბევრი რამ იყო გაყალბებული,­ სამაგიეროდ, კარგად იყო წარმოჩენილი მსგავსება დედასა და ვოვას შორის: ტანადობა და სიმაღლე, თვალები, სახის ნაკვთები, მიმიკები, სიარულის მანერა... თურმე, გარდა დნმ-ისა, ფოტოთიც შეიძლება დადგინდეს გენეტიკური კოდი, ჰოდა, ჩეჩნეთის უშიშროების ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაგვიდასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტი სწორედ ჩვენი ვოვა იყო, თუმცა ამას ხმამაღლა არ ამბობდნენ. უშიშროების ხშირი­ ვიზიტების მერე ნელ-ნელა გაქრა ვოვას­ ყველა ფოტო, რაც კი ოჯახში გაგვაჩნდა. ორიღა შემოგვრჩა: ერთი, რომელიც მეზო­ბელსა და თანაკლასელს აჩუქა ლამაზი­ ქართული კალიგრაფიით დაწერილი: "სახსოვრად გაბრიელს ვოვასგან", მეორე კი ოჩორადან გამოგზავნილი უკვე წამოზრდილი ვოვასი. ეს ორივე ფილმის გადაღებამდე ჰოლანდიელების ჯგუფს მივეცით. როგორც კი ვოვა გამოჩნდა რუსეთის ხელისუფლებაში და ტელევიზიითაც აჩვენეს, პირველმა მე ამოვიცანი ძმა და და-ძმას გადავურეკე, ეს ჩვენი ვოვაა-თქო. თავიდან დედას ვერ ვუმხელდით, რადგან ვოვას კვალი დაკარგული იყო და დედამ არ იცოდა უფროსი შვილის ასავალ-დასავალი. ბოლოს ვაჩვენეთ პუტინის კადრები. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ვალოდია ამბობს, რომ პატარაობიდან ბებიის ნაჩუქარ ჯვარს ატარებს... ქალი ლამის გადაგვერია, დედაჩემმა აჩუქა ეგ ჯვარიო. თურმე ბებო ძალიან მორწმუნე იყო.…დედამ იმდენი იტირა, ცუდად გახდა და ძლივს მოვაბრუნეთ. მამაჩემი რამდენიმე წლის წინ სარკომით გარდაიცვალა. ბოლო თვეს ლოგინად ჩავარდა, დედას გარდა ვერავის გვცნობდა. მე რომ შევიდოდი მის ოთახში, ვოვა ეჩვენებოდა და დედას ეუბნებოდა: ბიჭი (სახელს არ ეძახდა არასოდეს!) დგას კუთხეში და დაუძახე, მოვიდეს, პური ჭამოსო...

იმ საღამოს შთაბეჭდილებებით დახუნძლულმა დავტოვე მასპინძლების ბინა და გამომშვიდობებისას ლუბას ვთხოვე ვერა­ს­თან შეხვედრა. ლუბამ კი, არც აცია, არც აცხელა, მოსაწვევი გადმომცა და მითხრა: ზეგ არის ჰოლანდიელების ფილმის პრემიერა, იქ მოდი, დედაც იქნება, მე ვთხოვ და ინტერვიუს მოგცემსო...

vera2-1685872488.jpg

კინომსახიობთა თეატრში დროზე ადრე მივედი. მოწვეული სტუმრები ნელ-ნელა­ იკრიბებოდნენ. ფილმი ჰოლანდიელმა რეჟისორმა ინეკე სმიტმა გადაიღო გიორგი ოვაშვილთან ერთად. დავინახე ლუბა და მისი დები როგორ შემოვიდნენ დარბაზში,­ მათ პატარა ტანის ქალი ხელკავით მოჰყავდათ. ლუბამ დედამისთან მიმიყვანა, ეს ჩემი ნაცნობი ჟურნალისტია, შეგიძლია ყველაფერი გულახდილად უამბო, გარანტიას გაძლევ, არაფერს შეცვლისო. ვერამ თავი დამიკრა და ძალიან კარგიო, ჩაილაპარაკა. ფილმი ცალკე თემაა, რომელმაც მთელი დარბაზი­ გააოგნა. ვერას ნაამბობს პუტინის აღზევების კადრები ცვლიდა. აჩვენებდნენ ქალის აჩქარებული სიარულის მანერას, მერე კი რუსეთის პრეზიდენტისას, დედა-შვილის მარჯვენა ხელის უცნაურ მოძრაობებს, მიმიკებს, თვალების ჭრილსა და ფერს... და მაინც, ყველაზე ემოციური ვერას მოგონებები იყო, რომელიც მერე ჩემთანაც სიტყვა-სიტყვით გაიმეორა... ფილმში მეზობლები იხსენებდნენ, როგორ უყვარდა ვოვას ჭიდაობა. თუ დამარცხდებოდა, ვერ ეგუებოდა ამას და ისევ მეტოქისკენ იწევდა. თავისი ხელით გაკეთებულ "ლაგატკას" ისე ხმარობდა, როგორც სნაიპერი იარაღს. სამეზობლოში ქათმების­ კრიახი რომ ატყდებოდა, უკვე იცოდნენ, რომ ვოვა სროლაში ვარჯიშობდა... ფილმი დასრულდა, დარბაზში კი კარგა­ ხანს სიჩუმე სუფევდა. მერე, ჯერ ერთმა გამოხატა ოვაცია, მას სხვებიც აჰყვნენ და კარგა ხანს ტაშს უკრავდა მთელი დარბაზი­ გადამღებ ჯგუფს (და არა მარტო მათ)... შეპირების თანახმად, ლუბამ დედამისის გვერდით დამაჯინა, თვითონაც მომიჯდა­ და საუბარიც დავიწყეთ. კითხვებით თავს აღარ შეგაწყენთ, ვერა პუტინას ნაამბობს თავიდან ბოლომდე შემოგთავაზებთ:

"დავიბადე და გავიზარდე პერმის­ ოლქის ქალაქ ოჩორაში... მამაჩემი გავლენიანი­ და თანამდებობის კაცი იყო. სტალინი არ უყვარდა, რადგან ერთი სიტყვის გამო დააპატიმრეს და ციხეშიც გამოამწყვდიეს. დიდხანს არ მჯდარა, მაგრამ სტალინიც სამუდამოდ შეიძულა და ქართველებიც. სასწავლებელი რომ დავამთავრე, პრაქტიკაზე ტაშკენტში გამგზავნეს. იქ ერთი ბიჭი გავი­ცანი, პლატონი ერქვა (ვერას არ უთქვამს, საიდან იყო პლატონი). შეგვიყვარდა ერთმანეთი. პლატონი ცოლად შერთვას მპირდებოდა. ორსულად ვიყავი, როცა თავისი­ ქალაქიდან ამანათი მივიღეთ. მარტო ვიყავი­ და გავხსენი. შიგ წერილი იდო. იქიდან შევიტყვე, რომ პლატონი ცოლშვილიანი ყოფილა. საშინლად გავბრაზდი, მისი დანახვაც აღარ მინდოდა, მაგრამ რა მექნა ბავშვისთვის, რომელიც სამ თვეში უნდა დაბადებულიყო?! ბევრი მეხვეწა პლატონი, მაგრამ გული ვეღარ მოვიბრუნე მისკენ. ძალიან მემძიმებოდა ოჩორაში დაბრუნება, თუმცა ტაშკენტშიც ვერ გავჩერდებოდი. სამი ძმა მყავს, მე მათზე უფროსი ვარ. მამაც და ძმებიც კარგა ხანს არ მელაპარაკებოდნენ. ჩვენს ქალაქში სამხედრო გარნიზონი იყო. ბევრი ჩემი მეგობარი სამხე­დროს ცოლი გახდა. ზოგი უკრაინელს გაჰყვა, ზოგი ბელორუსს და უზბეკს... მამამ მითხრა: თუ ვინმეს შეუყვარდები და შენი შვილიანად წაგიყვანს, ნებისმიერი ეროვნების სიძეს მივიღებ, მაგრამ იცოდე, ქართველისგან თავი შორს დაიჭირე, თორემ არასოდეს გაპატიებო... დავპირდი, ქართველს არ გავეკარები-თქო. ბედის ირონიით, მაინცდამაინც ქართველს გადავეყარე. ერთხელ მე და ჩემმა მეგობრებმა­ მკითხაობა გადავწყვიტეთ. ხომ გაგიგიათ ასეთი რამ, წყლიან ჭიქაში ქორწინების ბეჭედს აგდებენ, მერე კი იმ ბეჭდის რგოლში რჩეულის სახე ჩნდება. გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, რომ ჩავიხედე, ულვაშებიანი სამხედრო დავლანდე. გაბრაზებულმა ჭიქა მოვისროლე, ეს კიდევ ვინ ოხერია-თქო. ზუსტად მეორე შაბათს, გოგოები შემიჩნდნენ, "ტანცპლაშადკაზე" წავიდეთ, იქ სამხედროებიც მოვლენ და ბევრს ვიცეკვებთო. პატარა ვოვა დედას დავუტოვე და წავედი. სწორედ იქ გავიცანი ულვაშებიანი ქართველი ჯარისკაცი, გიორგი ოსეფაშვილი. ის უკვე ამთავ­რებდა სამხედრო სამსახურს. სიყვარულში­ მალევე გამომიტყდა, ცოლობა მთხოვა დაD დამპირდა, შენს შვილს მამობას გავუწევ, თბილისში "კაროჟნასავით" გაცხოვრებ და ცივ ნიავს არ მოგაკარებო. იმდენად მობეზრებული მქონდა მამისა და ძმების ცივი დამოკიდებულება, რომ მაშინვე დავ­თანხმდი, მით უმეტეს, რომ გარეგნობით ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირდა. როცა მასთან ერთად საქართველოში წამოვედი, მამაჩემი გაცოფებული ყვიროდა თურმე, ჩემს ჯინაზე მოიქცა ეს გოგოო... ვოვას მერე 5 შვილი გავაჩინე, საქა­რთველოში კი ერთხელაც არ ჩამოსულან მამა და ძმები. ოჩორაში იშვიათად მიწევდა­ სტუმრობა და მაშინაც არ მელაპარაკებოდნენ. რაც შეეხება გიორგის, მან თბილისის­ ნაცვლად მეტეხში ჩამიყვანა და დიდი სახლის მაგიერ ნახევრად დანგრეული ქოხი დამახვედრა. "კაროჟნობაზე" ზედმეტია ლაპარაკი... სოფიკოზე ვიყავი ორსულად და სადღა წამესვლებოდა? გიორგის­ ვუყვარდი, ჩემ გარეშე ერთი დღეც ვერ ძლებდა, მაგრამ მექალთანე აღმოჩნდა და ამის გამო ხშირად ვჩხუბობდით. გიორგის­ რომ გამოვყევი, ვოვა დედასთან დავტოვე. მოგვიანებით დედას შევუთვალე, ვოვა ჩამომიყვანე-მეთქი. სამი წლის იყო ბავშვი, როცა ნაცნობს გამოაყოლეს. ვოვამ უცებ აითვისა ქართული და მალე რუსული სულ დაავიწყდა. გიორგიმ არც ის პირობა შეასრულა, რომ დამპირდა, ვოვას მამობას გავუწევო. უხეშად ექცეოდა. ფიზიკურად არ შეხებია, იცოდა, ამას არ ვაპატიებდი, მაგრამ­ ხშირად უყვიროდა,­ სჯიდა, კუთხეში აყენებდა. გული გაგლეჯაზე მქონდა. როცა ცოლ-ქმარი წავკამათდებოდით, ვატყობდი, რომ გოგოებზე მეტად ვოვა დარდობდა. ათის რომ გახდა, გადავწყვიტე ამ დაძაბული გარემოსთვის მომეცილებინა. დედაჩემი მითვლიდა, რომ ჩავსულიყავი და ვოვა მათთვის დამეტოვებინა. ასეც მოვიქეცი. მამამ ისიც კი შემომთავაზა, რომ ორ გოგონასთან ერთად მეც დავრჩენილიყავი ოჩორაში და გიორგისკენ აღარ გამეხედა, მაგრამ ვერ გავაკეთე­ ეს. ჯერ ერთი, მიუხედავად ყველაფრისა, გიორგი მაინც მიყვარდა, მეორეც, ოჯახი მყავდა, ახალი სახლი ავაშენეთ ერთობლივი­ შრომით, მშობლიურ სახლში კი რა მელოდა? მამის და ძმების ცივი დამოკიდებულება, მეორეჯერ დანგ­რეული ოჯახი და კიდევ ვინ იცის, რამდენი პრობლემა. იმედი მქონდა, როცა წამოიზრდებოდა ვოვა, აუცილებლად ჩემთან მოვიდოდა.

ხშირად ვერ ვახერხებდი ოჩორაში ჩასვლას. დედისგან ვიგებდი­ ვოვას ამბებს.­ ბოლოს მწერდა, მამაშენმა სამხედრო სასწავლებელში­ მიაბარა, ოღონდ მეც არ ვიცი სადაა ეს სასწავლებელიო. გვიან გავიგე, რომ თავის ნათესავთან წაუყვანია ლენინგრადში (რუსეთში პუტინის მშობლებად რომ ასაღებენ. - მ.ბ.). ვოვას ოჩორაში დატოვების მერე კიდევ სამი შვილი გავაჩინე და კარგა ხანს ვერ მოვახერხე ბავშვის მონახულება. როცა ჩავედი, ვოვა უკვე გაგზავნილი ჰყავდათ სადღაც და ცოცხალი თავით არ მითხრეს, სად. ვეჩხუბე ყველას და გულგახეთქილი დავბრუნდი საქართველოში. მეორედ მაშინ ჩავედი, როცა დედას ინსულტი დაემართა და ლოგინად ჩავარდა. მაშინ მამა უკვე გარდაცვლილი იყო. დედა ვეღარ ლაპარაკობდა, თუმცა ვატყობდი, რომ რაღაცის თქმა უნდოდა. ძმები ხმას არ მცემდნენ. რძლებიც დარიგებული იყვნენ, რომ ზედმეტი არაფერი დასცდენოდათ. სამი Dდღე და ღამე ცრემლი არ შემშრობია, მეოთხე დღეს უკვე ვბრუნდებოდი და უმცროსი ძმის ცოლმა გამომშვიდობებისას გამიმჟღავნა: მამაშენმა ვოვა ერთ-ერთ ინტერნატში მიაბარა, საიდანაც სამხედრო ატაშეები გამოდიან და ასე თქვა, ეს ბიჭი დიდი კაცი დადგებაო. ასე რომ, ნუღარ ინერვიულებ, წადი და შენს ქართველ შვილებს მიხედე, ვოვა გაიზრდება და თვითონვე მოგაკითხავსო. ამ იმედით ვსულდგმულობდი მთელი ცხოვრება... გავიდა წლები, მაგრამ ჩემი შვილი არც გამოჩენილა, არც შემხმიანებია. ვიცი, გულნატკენია და ჩემს თავს ვერ ვპატიობ, არ უნდა მომეშორებინა ჩემი კალთიდან..."

მთელი ინტერვიუს მანძილზე ხან ცრემლს­ იწმენდდა, ხან ვერ ახერხებდა ემოციების დაფარვას და აკანკალებულ ხელებს­ სახეზე იფარებდა. ეს არ გამოპარვია ერთ-ერთ ქალიშვილს, მოგვიახლოვდა და ცოტა განაწყენებულმა მითხრა: ხომ ხედავთ, რა დღეშია, მთელი ცხოვრება ასეთს ვუყურებთ­ დედას. იტირებდა, თვალებს დაისივებდა და მერე ლოგინად ჩავარდებოდა. მაშინ ახალგაზრდა იყო და რაღაცნაირად უძლებდა, თავი ხელში აჰყავდა. ახლა მოხუცდა და შეიძლება გულმა უმტყუნოს, ნუღარ ეკითხებით ნურაფერს, ისედაც ძალიან ემოცი­ური დღე ჰქონდაო. დავეთანხმე და დავემშვიდობე. დარბაზიდან რომ გამოვდიოდი, კიდევ ერთხელ გავხედე ვერას. მის ირგვლივ ყველა მიმოფანტულიყო, ალბათ, ნანახ ფილმზე ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს. ვერა კი მარტო იჯდა ყვავილების დიდი თაიგულით ხელში და სადღაც შორს სივრცეში იმზირებოდა.

ხშირად მიფიქრია ადამიანურ ტკივილებზე და დიდ ტრაგედიებზე. ცხოვრება ხომ ამით სავსეა. ძნელია სამშობლოდან შორს ყოფნა, ურთულესია, როცა სხვა გეცილება შენს მიწა-წყალზე, გაუსაძლისი ტკივილია მშობლის ან ახლობლის გარდაცვალება, მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგედია მაინც დედისგან უარყოფილი შვილი და შვილისგან ხელნაკრავი დედა ყოფილა...