როდის შეძლებს საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტით თვითუზრუნველყოფას?! - კვირის პალიტრა

როდის შეძლებს საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტით თვითუზრუნველყოფას?!

უკრაინაში რუსეთის ომმა კიდევ ერთხელ კარგად გამოაჩინა, რომ სასურსათო უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების არსებითი ნაწილია. აქვს თუ არა ჩვენს ქვეყანას სოფლის მეურნეობის განვითარების პოტენციალი, რათა ამგვარი საფრთხეები შეამციროს და ეკონომიკა გაზარდოს, ამ საკითხებზე გვესაუბრება "საქართველოს განვითარების პლატფორმის" თავმჯდომარე, ეკონომისტი თენგიზ შერგელაშვილი.

- 2013 წლამდე, განსაკუთრებით 2003 წლიდან, ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ მოდელად შემოთავაზებული იყო ე.წ. ლიბერტარიანული მიდგომა, რომელიც სახელმწიფოს მინიმალურ როლს გულისხმობდა. მათ შორის იმასაც, რომ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონოდა რაიმე ტიპის სექტორული პოლიტიკა და მთლიანად ბაზარზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული ამა თუ იმ სექტორის განვითარება. უფრო მეტიც, სოფლის მეურნეობა და აგრარული სექტორი ქვეყნის ჩამორჩენილობასთანაც კი იყო ასოცირებული. თუმცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლად ცხოვრობს და უშუალო კავშირი აქვს სოფლის მეურნეობასთან. ამიტომ საჭირო იყო პოლიტიკური ნაბიჯებიც და ეტაპობრივად სულ უფრო მეტი კამპანიური ნაბიჯი იდგმებოდა. მივიღეთ ის, რომ 2004-2012 წლებში სოფლის მეურნეობაში ჯამურად 20%-ზე მეტი იყო ვარდნა, ბევრი მიმართულებით უკუსვლა გვქონდა ან ერთ ადგილს ვტკეპნიდით. 2013 წლიდან ახალი ხელისუფლება დეკლარაციულად სექტორული პოლიტიკის იდეებით მოვიდა. თუმცა კამპანიურობა შენარჩუნდა, მაგალითად, დახვნის პროგრამა, მექანიზაციის პროგრამა და ა.შ. თითქოს კონტრასტული ნაბიჯები იყო, მაგრამ არა სისტემური. მოხნული ფართობი 2013 წელს ერთ-ერთი ყველაზე რეკორდული იყო, მაგრამ ამას სოფლის მეურნეობაში არსებითი გარღვევა არ მოუტანია. ისინი დღემდე რჩება და წარუმატებლობასაც განაპირობებს. მოკლედ, კამპანიური პოლიტიკიდან ნახევრად სისტემურ პოლიტიკაზე გადავედით. ამოქმედდა სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ოცამდე პროგრამა (მათი ნაწილი შეჩერებულია). ეს იძლევა რაღაც მხარდაჭერის საშუალებას, მაგრამ მთლიანობაში აგრარული სექტორი ვერ აღწევს მდგრადი სისტემური განვითარების მაჩვენებელს სხვადასხვა პრობლემის გამო.

- დღეს სოფლის მეურნეობაში მწარმოებლურობა გაზრდილია თუ არა?

- მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის კომპონენტს თუ დავაკვირდებით, 2013 წლის შემდგომ მცირე ზრდა გვაქვს, წლიურად 2-3%-ის ფარგლებში. ეს მცირე ზრდაა და არ არის დაკავშირებული მთლიანად სფეროში არსებით გაუმჯობესებასთან. რაც მთავარია, სხვადასხვა პროგრამაზე ფულის ხარჯვისა და შედეგების კორელაცია საკმაოდ დაბალია, რადგან ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, რაც დღეს აგრარულ სექტორში არსებობს, არის ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური ფერმერების ბევრი კარგი წარმატებული ისტორია გვაქვს, ჯამში ვითარება ვერ უმჯობესდება. მაგალითად, მეცხოველეობაში, ღორების მოშენებისას, არ არის დაცული სტანდარტები და ხშირია ცხოველთა ავადობის პრობლემები, ამიტომ ღორის ხორცით თვითუზრუნველყოფა ძალიან მერყეობს და ახლა 50%-ზე ნაკლებია. საქონლის ხორცში შედარებით კარგი მდგომარეობაა, მერძევეობაში კი საშუალო წველადობა 8-10-ჯერ ჩამორჩება ნიდერლანდებში ან ისრაელში საშუალო წველადობას. აღარაფერს ვამბობ მარცვლეულ კულტურაზე. ასევე პრობლემაა მასალების, საშუალებების ხარისხი, არ არის ცოდნა, როგორ წარიმართოს აგროტექნოლოგიური სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააკეთა ე.წ. ექსტენციის ცენტრები, ეს არ არის ძლიერი ორგანიზმი და ძალიან ფორმალურ ხასიათს ატარებს. საჭიროა დეტალურად გაწერილი გაიდლაინები, შესაბამისი სამეცნიერო ბაზები, ცოდნის გადაცემის მოტივაცია, რათა შედეგი მივიღოთ.

- ყოველწლიურად ხდება სოფლის მეურნეობაში ზოგიერთი მიმართულების სუბსიდირება. თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის მხოლოდ მოსავლის გასაღების კომპენსირება. სუბსიდირებას მიმართავენ ევროკავშირი და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები. რით განსხვავდება ჩვენი სუბსიდირება მათგან და როგორ უნდა გამოიყენონ ეს მექანიზმი, რომ ეკონომიკური შედეგი მოიტანოს და არ ჰქონდეს მხოლოდ სოციალური დატვირთვა?

- ცალკე აღებული სუბსიდირებით, როდესაც მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ჩამორჩენა გაქვს, მხოლოდ და მხოლოდ ამ ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის შენარჩუნებას ახალისებ. ამ მხარდაჭერის პროგრამას, სუბსიდირება იქნება თუ სხვა ფორმა, თუ არ მოჰყვება შესაბამისი სახელმძღვანელო მასალები, რამაც უნდა მოიტანოს ტექნოლოგიების დანერგვა, თუ არ მოჰყვება შესაბამისი მონიტორინგის სისტემა, შედეგი ვერ იქნება. რადგან თუ მხარდაჭერაა, უნდა იყოს აგრარული ვალდებულებებიც. ფულის, ტექნოლოგიისა თუ ტექნოლოგიური ცოდნის გადაცემის შემდეგ საჭიროა ფერმერის დაინტერესება, რომ ამ ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე პრობლემური გახდება წვდომა სახელმწიფო მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე.

- რა არის ძირითადი პრობლემები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას უშლის ხელს და რა გამოსავალი არსებობს?

- 1990-იანი წლების პრივატიზაციის დროს მცირე ნაკვეთებად დანაწილებული მიწა კვლავ დიდი პრობლემაა. ამის დაძლევის საშუალებაა, ერთი მხრივ, კოოპერატივების ხელშეწყობა, მეორე მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაში მიწის დიდი ფართობებია დარჩენილი და გამოსავალი იქნება მათი პრივატიზაციის ეფექტურად წარმართვა და მიწის ბაზრის სრულყოფილი ჩამოყალიბება. სახნავი მიწა დაახლოებით 800 ათასი ჰექტარი გვაქვს და ვამუშავებთ მხოლოდ 200-250 ათას ჰექტარს. ათი წელიწადი გავიდა, რაც ეს სფერო პრიორიტეტად გამოვაცხადეთ. ყოველწლიურად ვხარჯავთ ჩვენს ფულს, დონორების ფულს და ვერ მივაღწიეთ, რომ ამ 800 ათასი ჰექტრიდან არსებითი ნაწილი მაინც იყოს დამუშავებული და არა მარტო მეოთხედი. და მეორეც, რაც მუშავდება, იქაც საშუალო მოსავლიანობა საკმაოდ დაბალია. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა მრავალწლიან ნარგავებთან დაკავშირებით, თუმცა მაღალია მარკეტინგული რისკები, რადგან აქ უკვე საერთაშორისო კონკურენციაში შევდივართ. ცხადია, ეს ერთწლიან კულტურებსაც ეხება, მაგრამ მრავალწლიანში უფრო მკაფიოდ არის გამოხატული, რადგან აქ თითქოს რაღაც განვითარება გვაქვს, მაგრამ სტაბილურობასა და მდგრადობას ვერ მივაღწიეთ.

ასევე ძალიან არსებითია ინფრასტრუქტურა. ირიგაციის სისტემაში კი დაიწყო პროექტების განხორციელება, მაგრამ მეტი რესურსის გამოყოფა შეიძლებოდა. რაც მთავარია, უნდა ვიცოდეთ, რამდენ წელიწადში მივაღწევთ შედეგს. ყველა პრობლემის სათავე ის არის, რომ წინასწარ არ არის განსაზღვრული, როდის სად უნდა მივიდეთ - ანუ დღეს ჩვენი სოფლის მეურნეობა, ისევე როგორც ეკონომიკის ბევრი სხვა დარგი, საბჭოთა სისტემის მსგავს შეფასებას ექვემდებარება, თუ ვინ როგორ სიტყვაკაზმულად ილაპარაკებს პრეზენტაციებზე. ეს არ არის შეფასების მეთოდი. უნდა ვიცოდეთ, მაგალითად, რა საშუალო მოსავლიანობას უნდა მივაღწიოთ 3 წელიწადში; რამდენი ფართობი უნდა იყოს დამუშავებული და რამდენი პროდუქცია უნდა მივიღოთ, მერე ამ პროდუქციის გაყიდვას არ უნდა შეექმნას საფრთხე...

სოფლის მეურნეობა არ უნდა განვიხილოთ განყენებულად, არამედ აგრობიზნესის თვალსაზრისით, რაც გულისხმობს ღირებულებათა ჯაჭვის შექმნას - პირველადი ნედლეულის რეალიზაციით კი არ ვიყოთ მხოლოდ დაკავებული. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას ორი მხარე აქვს: ერთია ე.წ. შემავალი სერვისები - საქონელი და მომსახურება, რომელიც ამ პროდუქციის მოყვანას სჭირდება, და გამომავალი სერვისები - მიღებული და მოყვანილი პროდუქციის გადამუშავება, შენახვა, მარკეტინგი და სხვ. პირველადი პროდუქციის წილი ყველგან, მათ შორის დაწინაურებული ეკონომიკის ქვეყნებშიც კი მცირეა, მაგრამ გაცილებით მეტია გადამამუშავებელი სექტორების. საქართველოში აგრობიზნესი და ამას დამატებული კვებითი ინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 8-9%-ია, მაგრამ რეგიონებში ხშირად 20-30%-მდე აღწევს სოფლის მეურნეობის წილი ადგილობრივ დამატებით ღირებულებაში.

- რა უნდა გაკეთდეს პრობლემების მოსაგვარებლად.

- მნიშვნელოვანია, გვქონდეს გეგმა და ინდიკატორები. 2013 წელს ვთქვით, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენი პრიორიტეტია და მას სადმე ინდიკატორად ჰქონოდა, რომ 10 წლის მერეც სახნავი მიწის კვლავ მეოთხედი იქნებოდა დამუშავებული, მორწყვის სისტემა 100-110 ათას ჰექტარზე მეტს არ დაფარავდა - ესეც ძალიან ოპტიმისტური გათვლებით - ეს სწორი გეგმა იქნებოდა? დღეს შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რაღაც წარმატება გვაქვს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ბალანსი გაუმჯობესებულია, შეიქმნა ბევრი კარგი ფერმა, ბევრი პროექტი დაფინანსდა, მაგრამ ჯამურად სექტორი განვითარების თანამედროვე, მოდერნიზებულ რელსებზე ვერ გადავიყვანეთ. ყველაზე თვალსაჩინოა, რომ არა გვაქვს საშუალო მოსავლიანობაში არსებითი ზრდა, არ გვაქვს მეცხოველეობაში თვითუზრუნველყოფის მკვეთრი ზრდა და არა გვაქვს დამუშავებული მიწის ფართობები და სამეცნიერო და ტექნოლოგიური მხარე მინიმალურიც არ არის. ამ ყველაფრიდან გამოთიშული გვაქვს თვითმმართველობა და მუნიციპალიტეტებს, ფაქტობრივად, არანაირი შეხება არა აქვთ სოფლის მეურნეობასთან. ამ ყველაფრის მოგვარებაა საჭირო, უნდა გვქონდეს გეგმა, განსაზღვრული სამიზნე და ინდიკატორები, როგორ ვაღწევთ და ვზომავთ. როდესაც ტექნოლოგიურ მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ამას ახლდეს ვალდებულება და ფერმერისა და გლეხის დაინტერესება. აუცილებელია, სასოფლო სექტორში გაიზარდოს ცხოვრების დონე და შეიქმნას სათანადო პირობები. მოკლედ, ევროპული ტიპის სოფლებია საჭირო.

- ხვალვე თუ დაიწყო ამის გაკეთება, რა დრო და თანხები დასჭირდება, ბიუჯეტი გასწვდება თუ დონორების დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნება?

- საშუალოვადიან დაგეგმვას თუ ავიღებთ, 3-4-წლიან პერიოდში შესაძლებელია პირველად სისტემა შექმნა, დაიწყო პილოტირება, გადაისროლო რესურსები, ანუ გარდატეხის შეტანისთვის საუბარია წლებზე და არა ათწლეულებზე. რაც შეეხება თანხას, მხოლოდ ხარჯებს არ უნდა ვუყუროთ. ფულს რომ დავხარჯავთ, ამან მოსავლიანობა, დამუშავებული ფართობები უნდა გაზარდოს. თუ ყოველ წელს, მაგალითად, 1 მილიარდი დავხარჯე, 3 წლის მერე 3 მილიარდი მაქვს დახარჯული, 800 ათასი ჰექტრიდან კი ისევ 200 ათასი მაქვს დამუშავებული და საშუალო მოსავლიანობა ზოგიერთ კულტურაში ისევ 1910 წლის დონის მაქვს, მაშინ ფული არასწორად დაგვიხარჯავს. ფული უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რომ გამოიწვიოს დამატებითი ღირებულების მკვეთრი, დასაქმების, ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა. სისტემა ისე უნდა აეწყოს, რომ ყოველ მომდევნო წელს მხოლოდ ხარჯად არ აღიქმებოდეს. უნდა ვიცოდე, როდისთვის რას ვაკეთებ და ამას როგორ ვაღწევ. ამასთან, არსებობს დონორებისა და მათ შორის, ევროკავშირის პროგრამები, რომელთა შედეგიანად გამოყენება შესაძლებელია, ხოლო ინფრასტრუქტურის შექმნა დონორების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია, ეს მხარდაჭერა გვაქვს, სათანადოდ გამოყენებაა საჭირო. უნდა იცოდე, რით იქნება განსხვავებული 4-5 წლის შემდგომი მდგომარეობა დღევანდლისგან და რა ნაბიჯებმა უნდა მიგიყვანოს იქ, რა რესურსები უნდა დახარჯო ამაზე და რა რისკები გექნება ამ გზაზე. ეს თუ კარგად გაქვს გააზრებული, მაშინ მიხვდები, რომ ამას სჭირდება სისტემის შექმნა, რომელიც, ქვესისტემებს მოიცავს. ამ ყველაფერს სხვადასხვა დრო და თანხა სჭირდება, საუბარია წლებზე და საქართველოს დღევანდელი ფისკალური შესაძლებლობებისთვის ასატან რესურსებზე.

რუსა მაჩაიძე

TOP.GE