ნატოში გაწევრების ნაჩქარევი შეპირება საქართველოსა და უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების მიზეზი გახდა - კვირის პალიტრა

ნატოში გაწევრების ნაჩქარევი შეპირება საქართველოსა და უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების მიზეზი გახდა

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო დღეებში ოპოზიცია-ხელისუფლების უწყვეტ სიტყვიერ პაექრობაში აქტუალური გახდა საკითხი, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების სურვილმა ხომ არ განაპირობა რუსეთის სამხედრო აგრესიები ამ მეზობელ ქვეყნებში?

პრინციპში დიდად სადისკუსიო არც არაფერია, რადგან ისედაც ცხადი იყო, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ასევე 2022 წლის თებერვალში რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში მიზნად ჰქონდა ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები არც ახლო და არც შორეულ მომავალში არ გამხდარიყვნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრები. ამისთვის კრემლმა თავად ნატოს მთავარი და ძლიერი არგუმენტი - ალიანსის დებულების მეხუთე პუნქტი მისივე სუსტ წერტილად აქცია. საქმე ის არის, რომ მეხუთე პუნქტი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს და მის ერთ წევრზე თავდასხმა მთლიანად ნატოზე შეტევას გულისხმობს. შესაბამისად, თუკი რუსეთთან ომის მდგომარეობაში მყოფ საქართველოს ან უკრაინას ნატო თავის რიგებში მიიღებს, მაშინ ალიანსს მოუწევს ამ მეხუთე პუნქტის ანუ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის ამოქმედება და ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც რუსეთის ფედერაციასთან ომში აღმოჩნდება. გასაგებია, რომ ბირთვული პოტენციალის მქონე რუსეთისა და ნატოს ერთმანეთთან სამხედრო დაპირისპირება მესამე მსოფლიო ომის დაწყების დიდ საშიშროებას შეიცავს, რადგან, როგორც წესი, ავტომატებით დაწყებულ ომში მერე ტანკები, არტილერია, ავიაცია და რაკეტები ერთვებიან და საქმე შეიძლება თვით ბირთვული იარაღის მასობრივ გამოყენებამდეც მივიდეს.

სად დაუშვა მთავარი და, შეიძლება ითქვას, ისტორიული შეცდომა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოსა და უკრაინის საკითხში? შეცდომა იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში გაწევრების ნაჩქარევი შეპირება,­ რაც არ იყო გამაგრებული დასავლეთის კონკრეტული სურვილებითა და ქმედებებით. მართალია, მაშინ ბუქარესტის სამიტზე ალიანსს არ დაუკონკრეტებია, როდის მიიღებდა თავის რიგებში საქართველოს და უკრაინას, მაგრამ "ნატოში შესასვლელი ღია კარის" თემის მუდმივმა მუსირებამ დათვური სამსახური გაგვიწია ქართველებსაც და უკრაინელებსაც. ნატოში გაწევრების ფართოდ გაპიარებული საკითხი ერთგვარ წითელ ნაჭრად გადაიქცა რუსეთისთვის, რომელმაც კონკრეტული გეგმა შეიმუშავა და წარმატებით შეასრულა კიდეც - საომარ მდგომარეობაში ჩაითრია საქართველოც და უკრაინაც, რათა ნატოს უვადოდ გაეჯანჯლებინა ბუქარესტის სამიტის ნაჩქარევი დანაპირების შესრულება ჩვენი ქვეყნების ალიანსში მიღების თაობაზე, მით უმეტეს, მას არ სურს მეხუთე პუნქტის ამოქმედება.

რა საჭირო იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე იმის გამოცხადება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ალიანსის წევრები, თუკი ნატოს წევრი რიგი ქვეყნების (მათ შორის გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების და სხვა) ლიდერები­ იმავე სამიტის დახურულ შეხვედრაზე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს და უკრაინის ალიანსის რიგებში მიღებას? დიდი ალბათობით, ეს იყო პოლიტიკური სვლა, რომლის ინიციატორიც შეიძლება აშშ-ც იყო, იმის შესამოწმებლად, თუ რა რეაქცია ექნებოდა პუტინის რუსეთს. რუსეთის რეაქცია კი საქართველომ იწვნია აგვისტოს ომში, თანაც­ ისე, რომ მსოფლიომ კინაღამ თავად საქართველო მიიჩნია ომის წამომწყებად.

სხვათა შორის, 2022 წელს რუსეთის შეჭრა უკრაინაში დროში რამდენჯერმე იმიტომაც გადაიდო, რომ პუტინი ელოდებოდა ზელენსკისგან იმავე შეცდომის გამეორებას (რაც აგვისტოს ომის წინ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა) - უკრაინის არმიის შეტევას დონეცკის მიმართულებით, რათა უკრაინა აგრესორად გამოეცხადებინა, ხოლო რუსეთის არმიის შეჭრა "მშვიდობისთვის უკრაინის იძულებით" გაემართლებინა. მაგრამ 2022 წელს პუტინმა ვეღარ შეძლო 2008 წლის "ეშმაკობის" გამეორება, ვერ წამოაგო უკრაინა­ იმავე ანკესზე, რაც კარგად გამოუვიდა 14 წლით ადრე საქართველოში, და იძულებული გახდა უკრაინის საზღვრებთან თვეობით მომლოდინე რუსეთის არმია უკრაინისთვის შეესია, რამაც მთელ მსოფლიოს დაანახა რუსეთის აგრესიული სახე.

საქართველოში აგვისტოს ომამდე უკვე გამოკვეთილი იყო ის სამი მიზეზი, რომელთა გამოც რუსეთი შეეცდებოდა საქართველოში სამხედრო აგრესიის დაწყებას: პირველი იყო 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობა ნატოს წევრი რიგი ქვეყნების მიერ, რაც კრემლისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო და მაშინ პუტინი დაიმუქრა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს პასუხს "ადეკვატურად" გასცემდა, რაც შეასრულა კიდეც ექვს თვეში ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ჯერ ოკუპირებით, შემდეგ კი მათი "დამოუკიდებლობის" ცნობით; მეორე - 2014 წლისთვის რუსეთი სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად ემზადებოდა და პუტინს სურდა ეს სპორტული ღონისძიება­ დიდ პოლიტიკურ მოვლენად გადაექცია მსოფლიოში რუსეთის საერთაშორისო პრესტიჟის ასამაღლებლად. თუმცა ამ ოლიმპიური თამაშების ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში იმ საქართველოს საზღვარი გადიოდა, რომლის მაშინდელი ხელისუფლება სეპარატისტულ აფხაზეთში კონსტიტუციური წყობის აღდგენით იმუქრებოდა. პუტინს არანაირად არ სურდა უმაღლეს დონეზე გაპიარებული სოჭის ოლიმპიადის დღეებში მის სიახლოვეს საბრძოლო მოქმედებები დაწყებულიყო და ამიტომაც თავის დაზღვევა ამჯობინა; მესამე და მთავარი მიზეზი იმისა, რომ რუსეთს რაც შეიძლება სწრაფად "მოერჯულებინა" ურჩი საქართველო, 2008 წლის 4 აპრილს "დაიბადა", როდესაც ბუქარესტის სამიტზე ნატომ საქართველოსა და უკრაინის თავის რიგებში მომავალში მიღების შესახებ მთელ მსოფლიოს აცნო. ამას დაემატა საქართველოში მაშინდელი ხელისუფლების დავალებით დაწყებული გრანდიოზული პიარკამპანია, თითქოს საქართველო­ უკვე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ხდებოდა, რამაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში ცრუ იმედი გააღვივა, რამდენიმე წელში ნატოში შევალთ და რუსეთი ვეღარაფერს დაგვაკლებსო.

ნატოს ბუქარესტის სამიტიდან 15 წელი გავიდა, მაგრამ არც საქართველო და არც უკრაინა არ გამხდარან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები, პირიქით, ორივეს ტერიტორიების ნაწილები რუსეთს აქვს ოკუპირებული. უკრაინაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები ისევ გრძელდება და ვისი გამარჯვებით დამთავრდება, პროგნოზირება დღეს ძნელია.ერთ თვეში ვილნიუსში ნატოს მორიგი სამიტი უნდა გაიმართოს და ოფიციალურ კიევს დიდი იმედი ჰქონდა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრების "გაყინული" საკითხი სამიტზე წინ წაიწევდა, მაგრამ ნატოს წარმომადგენლების წინასწარმა განცხადებებმა უკრაინის ამ დიდ სურვილს კვლავ "ცივი წყალი" გადაასხა - ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ნატო თავის რიგებში ვერ მიიღებსო, ასეთია მათი ვერდიქტი. თუმცა კომპენსაციად ნატო გააგრძელებს უკრაინისთვის დიდ პოლიტიკურ, ფინანსურ და რაც მთავარია, სამხედრო დახმარებას რუსეთთან ბრძოლაში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.