რას ისახავს მიზნად რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის გახშირებული საპასუხო დარტყმები - კვირის პალიტრა

რას ისახავს მიზნად რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის გახშირებული საპასუხო დარტყმები

ომის დაწყებიდან მე-16 თვეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არა ტელევიზორების ეკრანებიდან, არამედ საკუთარი ბინების ფანჯრებიდან უყურებენ ყოველდღიურ აფეთქებებს მათი ქალაქების ქუჩებში - რუსეთის ხელისუფლების წამოწყებული ომი რუსებს რუსეთშივე უბრუნდებათ. ამ მხრივ განსაკუთრებით "გაუმართლა" რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის მოსახლეობას, რომელიც უკრაინას უშუალოდ ესაზღვრება და ხუთასჯერ მეტად დაბომბა უკრაინულმა არტილერიამ, ხოლო სასაზღვრო პუნქტ "შებეკინოს" უკრაინელებმა ტანკებითაც შეუტიეს.

რა არის ეს, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩანაფიქრი, რომ საბრძოლო მოქმედებები რამენაირად აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზეც გადაიტანოს, რათა რუსეთის მრავალრიცხოვანი მოსახლეობის ნაწილმა მაინც იგრძნოს ომის საშინელება, თუ უკრაინის გენშტაბის გათვლა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვრის ჩრდილოეთ მიმართულებაზე, სადაც ერთი წელია აღარ მიდიოდა საბრძოლო მოქმედებები, ახალი შეიარაღებული დაპირისპირების კერები შეიქმნას, რათა "დაგრძელდეს" ფრონტის ხაზი და რუსი ოკუპანტები იძულებული გახდნენ დონეცკისა და ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზზე კონცენტრირებული ძალების ნაწილი გადაისროლონ ბელგოროდის ოლქში სახელმწიფო საზღვრის გასამაგრებლად?

როგორც ჩანს, უკრაინის სტრატეგიულ გათვლებში ეს ორივე ჩანაფიქრია - რუსეთის მოსახლეობას აგრძნობინონ, რომ პუტინის დაწყებული აგრესია უკან უბრუნდებათ და რაც მეტად "გაიბნევიან" რუსული საოკუპაციო ძალები ისედაც თითქმის ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე, მით უფრო გაუძნელდებათ მოიერიშე ძალების თავმოყრა უკრაინის მორიგი ქალაქების დასალაშქრად.

ვინც რუსეთ-უკრაინის ომს პირველი დღეებიდანვე ადევნებს თვალს, ემახსოვრება, რომ სწორედ ჩრდილოეთიდან წამოწყებული შეტევებით აპირებდნენ რუსები ომის ელვისებურად დამთავრებას, როდესაც ბელარუსისა და რუსეთის ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებიდან დაძრული რუსული ჯავშანკოლონები კიევისკენ მიიწევდნენ. მაშინ კრემლს ჩაუვარდა ბლიცკრიგი და იძულებული გახდა გაეყვანა თავისი საოკუპაციო ძალების შენაერთები უკრაინის ჩრდილოეთი რაიონებიდან, მათ შორის სუმიდან და ჩერნიგოვიდან... ეს არ იყო "კეთილი ნება", როგორც კრემლი ცდილობდა წარმოედგინა. ეს რუსეთის გენშტაბმა იძულებით გააკეთა, რადგან ძალები აღარ ჰყოფნიდა 2000-კმ-იან ფრონტის ხაზზე შედეგიანი შეტევებისთვის.

რუს ოკუპანტებს მაშინ რომ არ მოეხსნათ ძალები ბუჩიდან, ჰოსტომელიდან, ჩერნობილიდან, სუმიდან, ჩერნიგოვიდან და ხარკოვიდან, დღემდე შეიძლება ვერც გაეძლოთ და რუსული ფრონტი აქამდეც ჩამოშლილიყო... მაგრამ მაშინ რუსეთის გენშტაბმა ეტყობა შეძლო კრემლის მთავარი ბინადრის დარწმუნება ამის აუცილებლობაში, რის შემდეგაც პუტინმა მიიღო მისთვის პოლიტიკურად ძალზე მძიმე, უკვე დაპყრობილი უკრაინის ჩრდილოეთი ნაწილებიდან და უშუალოდ კიევიდან ოცდაათიოდე კმ-ში მდგარი რუსული არმიის შენაერთების მოხსნისა და რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნების გადაწყვეტილება.

მართალია, ამით კრემლმა საბოლოოდ დაკარგა უკრაინის დედაქალაქის აღების იმედი, სამაგიეროდ, ინტენსიურად შეუდგა გეგმა-მინიმუმის შესრულებას - ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას. უკრაინის ჩრდილოეთი ნაწილიდან გამოსვლისა და აღმოსავლეთ მიმართულებაზე ძალების გადასროლის შემდეგ რუსეთის გენშტაბმა ნაწილობრივ შეძლო ძალების კონცენტრაცია ფრონტის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, სადაც დღესაც ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს.

სამხედრო ანალიტიკოსების სიმცირეს არც უკრაინის გენშტაბში უჩივიან და, სავარაუდოდ, შემუშავდა გეგმა, რომელიც ფრონტის ახალი მონაკვეთების გახსნას ითვალისწინებს ჩრდილოეთ მიმართულებაზე, ოღონდ ახლა უკვე არა კიევისა და ჩერნიგოვის სიახლოვეს, არამედ რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ, განსაკუთრებით კი ბელგოროდის სასაზღვრო ტერიტორიებზე. შეიძლება ამ ახალ ფრონტზე უკრაინის არმიას დიდი წინსვლა არ ჰქონდეს, სამაგიეროდ ორ უპირატესობას შეიძენს - ნაწილობრივ რუსეთის ტერიტორიაზეც გადაიტანს საბრძოლო მოქმედებებს და ამასთანავე, რუსეთს აიძულებს დონეცკისა და ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზებიდან მოხსნას და იქით გადაისროლოს დამატებითი ძალები. ეს ყველაფერი ჯდება უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაციის გეგმაში, რათა მოწინააღმდეგეს გაუჭირდეს იმის გამოცნობა, თუ საით წარიმართება კონტრშეტევის ძირითადი მიმართულებები.