უმისამართო ქუჩები თბილისში - კვირის პალიტრა

უმისამართო ქუჩები თბილისში

უსახელო ქუჩები და ქუჩაში ადრესატის­ ძებნით დაღლილი და გათანგული ადამიანი,­ რომელსაც უკვე დაკარგული აქვს პოვნის იმედი. ამ დროს კი ადრესატი იქნებ იქვეა და რამდენჯერმე აუარ-ჩაუარა კიდეც მხოლოდ იმიტომ, რომ იქ აბრა არ იყო გამოკრული. ხშირად არც არავინ გხვდება ისეთი, რომ გაჭირვებისაგან გიხსნას და ობიექტი მიგითითოს. არც მობილური ტელეფონის "გუგლის" რუკების იმედად ყოფნა შეიძლება - უეცრად აღმოჩნდება, რომ ქუჩას თუ ობიექტს სახელი­ შეცვლილი აქვს და "გუგლის" რუკის ჩიჩქნაც­ ამაოა. სწორედ ასე ვეძებე ამას წინათ ვაკეში ერთ-ერთი ობიექტი, რომელსაც თურმე რამდენჯერმე ავუარ-ჩავუარე, და ბოლოს დასიცხული და უმწეო, კინაღამ ავტირდი. ბედად, ერთ ღვთისნიერ ქალს დავემგზავრე და, როგორც იქნა, ვიპოვე, რასაც ვეძებდი. მოკლედ, თუ როგორ ხდება თბილისის ქუჩებისა და ჩიხების სახელდება და ნუმერაცია, რატომ აკარგვინებს მოთმინებას ეს პრობლემა ჩემსავით არაერთ ჩვენს თანამოქალაქეს, ამის გასარკვევად თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის­ კომისიის თავმჯდომარეს ნინო ვარდოსანიძეს­ ვესაუბრე.

- ალბათ, თავადაც გამოგიცდიათ, რამდენად ძნელია თბილისის უმისამართო ქუჩებში­ სასურველი ობიექტის პოვნა. რატომ არის ისევ იმდენივე უსახელო და აბრაგაუკვრელი ქუჩა, რამდენიც თუნდაც ხუთი წლის წინ იყო? გვპირდებოდნენ, რომ ამ ეტაპისთვის თბილისის ქუჩები დამისამართებული უნდა ყოფილიყო.

- არის კიდეც. უკვე ვუახლოვდებით იმ ეტაპს, როდესაც თბილისის ქუჩებისა და ჩიხების სახელების დარქმევა დასრულდება. ეს ნამდვილად არ იყო ადვილი სამუშაო. ამაში იგულისხმება ის პროცესიც, როდესაც წლების წინ სახელდებული ქუჩების სახელები გადასარქმევი გახდა.

- ალბათ, საბჭოთა სახელდების ქუჩების ახალ სახელდებას გულისხმობთ, მაგრამ პროცესი­ მაინც გაჭიანურდა.

- გეთანხმებით. ნამდვილად არ არის ამხელა ქალაქში უმისამართოდ ძებნა ადვი­ლი. პროცესი ორი ეტაპისაგან შედგება: ჯერ ქუჩის სახელდება ხდება, რისთვისაც ქუჩის სახელის დარქმევის ინიციატივით­ ჩვენი გმირების ან საზოგადო მოღვაწეების ოჯახის წევრები შემოდიან, ან ინიციატივას და სახელს თავად სახელდების კომისია წარადგენს. ორივე შემთხვევაში ინიციატივებს განიხილავს საკრებულოს კომისია, რის შემდეგაც გადაწყდება, ეწოდოს თუ არა ქუჩას ესა თუ ის სახელი. როგორც ვთქვი, თბილისის ქუჩების სახელდება დასასრულს უახლოვდება, მათ შორის იმ ქუჩებისაც, რომელთაც ახალი სახელი ვუწოდეთ.

ამის შემდეგ დაიწყება სახელდების მეორე ეტაპი, რომელიც ბევრად რთულია და რომლის გარეშეც სახელდება ვერ დაინერგება - ეს არის მისამართის მანიშნებელი აბრების გაკვრა, რაც სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხთან არის დაკავშირებული. აბრებს უკვე ამზადებს და აკრავს მერიის კონტრაქტორი კომპანია, რომელსაც აბრების დასამზადებლად სჭირდება ფინანსები, საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება და დრო. ამიტომაც არის, რომ აბრების გაკვრა გვიანდება, თორემ წელიწადში დედაქალაქში 150 000 აბრას ვაკრავთ. პროცესი განუწყვეტელია და იმედია, მალე უკმაყოფილების საფუძველი აღარ იქნება.

- ქალაქის მერია გვპირდებოდა, რომ პროცესს დააჩქარებდა. სხვა საქმეა ქუჩების სახელების შერჩევა, ხანდახან ისეთ სახელს გაიგონებ, რომ გაოცდები, ვინ არისო.

- ქალაქის ქუჩების სახელდება მიმდინარეობს ჩვენი გმირებისა და საზოგადო მოღვაწეების სახელებით. ეს წერია ჩვენს შინაგანაწესში. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მოსახლეობამ მათ შესახებ არ იცოდეს.

- მერედა, რატომ არ აცნობთ, ვისი სახელის დარქმევა გსურთ მათი ქუჩისთვის?

- რა თქმა უნდა, ვაცნობთ, მივდივართ, ვესაუბრებით. გარდა ამისა, ქუჩების შერჩეული სახელების შესახებ საკრებულოს ვებგვერდზეც ვათავსებთ განცხადებას და შენიშვნებსაც ვითვალისწინებთ. საკრებულოს ნამდვილად არ სურს რომელიმე ქუჩას მოსახლეობის დაწუნებული სახელი დაარქვას.

- თუ რომელიმე ქუჩის მოსახლეობა სახელის გადარქმევის წინააღმდეგია, სახელი მაინც იცვლება? მაგალითად, მე მახსოვს მოსკოვის პროსპექტის სახელის გადარქმევის გამო მასშტაბური პიარკამპანია, თუმცა პროსპექტს იგივე სახელი დარჩა.

- ასე იყო. იმიტომაც მოვიარეთ პროსპექტი და გამოვკითხეთ მოსახლეობა, სურდათ თუ არა სახელის გადარქმევა. წარმოიდგინეთ, ბევრად მეტი იყო წინააღმდეგი სახელის შეცვლისა, ვიდრე მომხრე. განა იმიტომ, რომ რუსეთის დედაქალაქის სახელი მოსწონდათ, არამედ იმიტომ, რომ ამ ხალხისთვის პროსპექტისთვის სახელის გადარქმევა დისკომფორტული იყო თუნდაც იმის გამო, რომ ეს დაკავშირებული იყო უამრავ დოკუმენტთან. ამიტომაც გადაწყდა, რომ პროსპექტს იგივე სახელი დარჩენოდა. ასე რომ, მოსახლეობის პროტესტის შემთხვევაში ახალი სახელდება არ ხდება, თუ მაინცდამაინც ეს ობიექტური გარემოებით არ არის გამოწვეული, მაგალითად, ქუჩის ახალი დაგეგმარებით.

- სახელდებისას ისეთი შემთხვევები თუ გქონიათ, როდესაც სახელის მინიჭება განსაკუთრებულ ემოციასთან იყო დაკავშირებული.

- როგორ არა. როდესაც თბილისის­ ერთ-ერთ ქუჩას 2008 წელს დაღუპული 17 შინდისელი გმირის სახელი მივანიჭეთ. ამ დღეს ბიჭების დედებმა ბიჭების სამოსი და სახსოვარი ნივთები მოიტანეს და პატარა გამოფენა გავმართეთ. თვალები ყველას ცრემლით გვქონდა სავსე. ქუჩების ასეთ სახელდებას განსაკუთრებული და დაუვიწყარი დატვირთვა აქვს.