"მანდარინების“ შემდეგ სამი შემოთავაზება მქონდა რუსეთიდან და უარი ვთქვი“
"ამ ფილმმა ბეჭედი დასვა და აფხაზეთში ჩადენილ ჩვენს შეცდომას პატიების ძეგლი დაუდგა“ კახი კავსაძე
დღეს, როცა ასეთ რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება, როცა მოძმე უკრაინაში სასტიკი ომია, საინტერესო იქნება ისეთი ადამიანის მოსმენა, რომელიც უშუალო მონაწილე იყო 90-იანი წლებიდან დღემდე ქვეყნისთვის ყველა გარდამტეხი მოვლენის. "კვირის პალიტრის" სტუმარია მსახიობი გიორგი ნაკაშიძე, რომელმაც ფილმში "მანდარინები" ჩეჩენი ახმედის როლი შეასრულა. ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ მან გოგა ხაინდრავას ფილმში "ოცნებების სასაფლაო" დაუვიწყარი სახე შექმნა. ასევე, ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი", მისმა გმირმა ზუსტად გადმოსცა ომის საშინელი ტრაგედია:
- სანამ "ოსკარზე" გავიდოდით, მანამდე "მანდარინებს" 25 საერთაშორისო ფესტივალზე ხვდა უდიდესი წარმატება. "ოსკარი" ბოლო ნაბიჯი იყო. ვინც ამ ფილმზე იმუშავა, უდიდესი შრომა გასწია. საშინლად გული მტკივა ჩემი მეგობრის, ზაზა ურუშაძის ნაადრევად წასვლის გამო. კიდევ ბევრს იტყოდა, რომ ეცოცხლა.
- გიორგი, დიდი ხანია ეკრანზე არ გამოჩენილხართ...
- 16 წლიდან, როცა მუშაობა დავიწყე თეატრში, "ოცნებების სასაფლაოდან" მოყოლებული, 44-45 წლამდე არ გავჩერებულვარ. მსახიობობა ურთულესი პროფესიაა და როცა ადიხარ სიმაღლეზე, მეტი პასუხისმგებლობაც გეკისრება. ასეთ დროს პირადსაც გვერდზე დებ და მთელი არსებით იხარჯები. ცოტა არ იყოს, გადავიღალე. სცენა ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს, ფიზიკურსაც და ფსიქოლოგიურსაც. გადავწყვიტე ცოტა ხანს პაუზა ამეღო. ამ დროს იფეთქა "კოვიდმაც" და ყველანი ჩავიკეტეთ სახლებში. მსოფლიო შეიცვალა. სამყარო ტურბულენტური გახდა. ამას დაემატა მოძმე უკრაინაში სასტიკი ომი. თანამედროვე ჰიტლერს თუ მოვესწრებოდი... "მანდარინების" შემდეგ სამი შემოთავაზება მქონდა რუსეთიდან და უარი ვთქვი, არ იქნებოდა სწორი საქციელი. ჩემი თაობა შეეწირა იმ დაუნდობელ ომს, რომელიც ჩვენ გავიარეთ. "ოცნებების სასაფლაო" ლევან აბაშიძეს მიეძღვნა, რომლის პროტოტიპი მე განვასახიერე და ამის მერე რა მოხდა? ბედის ირონია ნახეთ, "მანდარინებში" ჩეჩენი ვითამაშე...
- აფხაზეთის ომის დროს სად იყავით?
- "ოცნებების სასაფლაოს" სამი თვის განმავლობაში ვიღებდით გაგანია ომში. ეს ფილმი ერთადერთია, რომელიც ნამდვილ ომშია გადაღებული. გადამღები ჯგუფი პირველად რომ ჩავიდა, მეომრებით დაწყებული, მოსახლეობით დამთავრებული, ყველა გაგიჟდა. გახსოვთ ის კადრი, თოფით რომ გავდივარ ცენტრში? ამ დროს უხილავი კამერა დააყენეს ცაგერას თავში, ერთი შენობის თავზე, გოგა ხაინდრავამ დამიძახა, გადი ქუჩაში და იმ მომენტში რაც მოხდება, ყველაფერს გადავიღებო. როგორც კი წავედი ცენტრისაკენ, მაშინვე დამესივნენ მეომრები ავტომატებით, ბეტეერებით და ის სცენა გენიალური გამოვიდა, რადგანაც ნამდვილი იყო... სამი თვის მერე ჩამოვედი ომიდან და ჩემი მეუღლე, ეკა ანდრონიკაშვილი დამხვდა ფეხმძიმედ ჩემს ბიჭზე, ლევან-ლუკა ნაკაშიძეზე, რომელიც ახლა 29 წლისაა. ეს ფილმი ჩემთვის ძალიან ტრაგიკულია. უახლოესი მეგობრები დავკარგე აფხაზეთში და დღეს თვალები მიწყლიანდება, როცა ვაცნობიერებ, რას შეეწირნენ ის სასწაული ბიჭები...
ამ ფილმს მოჰყვა ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით სპექტაკლი, "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი", რომელიც თბილისის ომის შედეგებს ასახავს. მთელი ცხოვრება ჩემს თაობასთან ერთად ომში ვარ.
- თქვენ თავისუფლად შეგეძლოთ საზღვარგარეთ წასულიყავით...
- 43 ქვეყანაში ვყოფილვარ და არასოდეს გამჩენია რომელიმეში დარჩენის სურვილი. ინგლისში შემომთავაზეს დარჩენა და მე ვუთხარი, მე იქ მყავს დედ-მამა, რამე რომ გაუჭირდეთ, ვინ დაეხმარება, წყალს ვინ მიაწვდის და კიდევ, სამშობლოს სიყვარულს ვერაფერში გავცვლი-მეთქი. ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, როგორც ღმერთმა გადაწყვიტა და არც ვნანობ. შეიძლება რამხელა შრომა და ენერგიაც ჩავდე ჩემს პროფესიაში, დალაგებულ ქვეყანაში უფრო კარგად მეცხოვრა. სხვათა შორის, ინგლისელებმა მითხრეს, რასაც თქვენ ამბობთ, ჩვენს საზოგადოებაში სისუსტედ ითვლება. თქვენ კარიერას ხაზს უსვამთ იმ მიზეზების გამო, რომლებიც ჩამოთვალეთო... ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - ღმერთი მაღალია, ჩემთვის ჭეშმარიტება ერთია - სამშობლო! კარიერისტი არა ვარ. მე ვარ ხელოვანი, რომელსაც სამშობლო ყველასა და ყველაფერზე მეტად უყვარს. ყველა პროფესიონალი რომ გაიქცეს, ვინღა დარჩება აქ. ვინ იტყვის ამ ქვეყნის სათქმელს სცენიდან, ეკრანიდან ან ინტერვიუში? ყველა დავიღალეთ გადარჩენის მოლოდინში ყოფნით, დაწყებული 9 აპრილით და გაგრძელებული ნოემბრის შიმშილობით, აფხაზეთისა და თბილისის სამოქალაქო ომებით, ცხინვალის დაკარგვით და ასე შემდეგ... ჩვენ ახლა გადარჩენაზე ვართ, ოღონდ ომი არ ატყდეს. როგორც რიგითი მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ქვეყანაში ტყვია არ გავარდეს. მე ომი ნანახი მაქვს და ვიცი, რა სასტიკია. დღეს ნიადაგი ისეა მომზადებული ომისათვის, რომ ერთი პატარა ნაპერწკალი და, აფეთქდება. აქ რომ რაიმე მოხდეს, ჩათვალეთ, რომ ქართველი აღარ იარსებებს. თუ უკრაინის აღება სამ დღეში უნდოდათ, ჩვენ ერთ დღეში მოგვერევიან. მე მილიონებზე იმიტომ ვთქვი უარი და არ წავედი რუსეთში, რომ რუსმა ამდენი თანამემამულე დამიხოცა. როგორც ძირძველი ქართველები იტყოდნენ, მათ ჩვენი სისხლი მართებთ!
- რადგან პოლიტიკაზე ჩამოვარდა საუბარი, დღევანდელობაზე რას მეტყვით?
- არასოდეს არავისტი არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემს სამშობლოს როცა უჭირდა, როგორც შემეძლო, ისე ვედექი გვერდით. დღეს ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ომი არ მოხდეს. ჩვენი ბედი უდიდესი მოთამაშეების, იმპერიების ხელშია. სად, რომელ ქვეყანაში დევს ოქროს გასაღები, არ ვიცი. როგორც რიგითი მოქალაქე, მივმართავ ოპოზიციას: არ შეიძლება ახლა ისარი ესროლო ადამიანებს, რომლებმაც ჩემზე და თქვენზე უკეთესად იციან, ამ სიტუაციაში როგორ მოიქცნენ და ომი ააცილონ საქართველოს. როცა რაღაცნაირად ჩაიფარცხება ეს ომი და მსოფლიო ნელ-ნელა დაიწყებს დალაგებას, მერე შეიძლება ნებისმიერი სოციალური მოთხოვნით მივიდეთ ვიღაცებთან და მეც დავდგე მიტინგზე. ნათქვამია, "ციხე შიგნიდან ტყდებაო" და ნუ გავახარებთ მტერს. სიმშვიდისა და ერთსულოვნების მეტი ახლა არაფერი გვიშველის.
- როდის გიხილავთ ეკრანზე ან სცენაზე?
- თუ ვინმე შემომთავაზებს საინტერესო პიესას, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს თეოლოგიით ვარ გატაცებული. მინდა გავიცნო ბერები, ვიარო მონასტრებში... ჩვენ, მსახიობებს, ორი ტაიმი გვაქვს სათამაშო - პროფესიული და ცხოვრებისეული. მგონი, პირველი ტაიმი 5 თუ არა, 4 მაინც ვითამაშე.
- მეორე ტაიმში, ანუ ცხოვრებისეულში, ბევრმა არ იცის, რომ ფოტოგრაფიითაც ხართ გატაცებული...
- ერთხელ ჩემმა მეგობარმა "ქენონის" აპარატი მაჩუქა და მეც დავიწყე თბილისის ქუჩებში ხეტიალი: ჯერ ლაქები დავინახე კედლებზე, მერე ბუმბული ქუჩაში და მისგან ადამიანი ავაწყვე... ერთ დღესაც მეგობრების დახმარებით გამოფენაც გავმართე. მივხვდი, რომ ერთ წამში გაჩერებული კადრი გაცილებით საინტერესოა, ვიდრე საშუალო დონის სპექტაკლის ყურება.
- ვის ითამაშებდით ახლა?
- ალბათ, ჩემივე თავს.
- რას შეცვლიდით?
- ყველა ადამიანი ისეა მოწყობილი, ადრე თუ გვიან, სინანული მოდის. ბოროტ გმირებსაც კი აქვთ სინანულის დიდი მონოლოგი, როცა მარტო რჩებიან თავიანთ თავთან. არც მე ვარ გამონაკლისი. იმაზე მეტად სულიერი და ძლიერი გავხდებოდი, ვიდრე ახლა ვარ. ვფიქრობ, ახლა ყველაზე მეტად სულიერება გვაკლია.
რუსუდან შაიშმელაშვილი