„ვთხოვ უფალს, შეწყდეს ეს ომი და ამ მართლაც ღვთაებრივმა ხალხმა მიიღოს სიმშვიდე“
უკრაინული რად არ ვიცი, უკრაინულად ვიტირებდიო, მეუბნება ქალბატონი ეთერ თათარაიძე... უკრაინაში ოკუპანტი რუსეთის შეჭრის დღიდან მან უნიკალური ლექსი დაწერა, რომელიც ითარგმნა კიდეც: "ვერ ვიც უკრაინულ, რა ხმით დაგიტირებდით, ზარით, ზათქით, უცოდველ-უმანკონო, განამწარ ქალ-ბალღნ".
- პირველი რეაქცია იყო ნამდვილი შოკი, ვერ დავიჯერე, რომ ეს XXI საუკუნეში ხდება. ეს უსამართლო ომი ჩვენ თვალწინ ხოცავს ბავშვებს, ქალებს, უძლურ მოხუცებს. გტკივა, მაგრამ ვერაფერს შველი... რაც ომი დაიწყო, არაფერი გამხარებია. სულ ვგრძნობდი, რომ ადამიანზე დაუნდობელი არავინაა, მაგრამ ახლა დავრწმუნდი - გაავებულ და გახარბებულ ადამიანზე საშიში არც ერთი მტაცებელი ცხოველიც კი არ არის. ვთხოვ უფალს, შეწყდეს ეს ყველაფერი და ამ მართლაც ღვთაებრივმა ხალხმა მიიღოს უდიდესი სიმშვიდე. ისეთი ღონივრები აღმოჩნდნენ, რომ გაოგნებისაგან აღარ ვარ. ძალიან ბევრი რამ მქონდა მათზე წაკითხული, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ნეტავ მთელ სამყაროში ეგეთი თავგანწირული და თავისი ქვეყნის მოყვარული ხალხი მეორე არის თუ არა. ერი, რომელიც ქალ-ბალღიან-კაციანად ომობს! ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის, მთელი სამყაროს ომია. სულ ვამბობ, რომ პუტინი ეშმაკად გააჩინა უფალმა. ამბობენ, თავის ჭკუაზე აღარ არისო... აბა, ჭკუაზე მყოფს, ხომ არ შეიძლება ასე ემეტებოდეს სიცოცხლე, აკივლებული ბავშვები... ღამეები მეღვიძება და მეფიქრება, ნეტა რას შვრებიან, ეს ჯოჯოხეთი კიდევ გრძელდება? ასეთ განცდებში ვარ, მხოლოდ ომზე ვფიქრობ. ამ უდანაშაულო ხალხს რისთვის კლავ, რომ სამშობლო გამოგლიჯო? როგორც ჩვენ ვართ მტრისგან ოდითგან ნახევრად წართმეული, დაპატარავებული, შეკუმშული სამშობლოს ამარა... ახლა მობობღავს გორთან. გზიდან ჩანს, რომ გადმოსწიეს და გადმოსწიეს ის საზიზღარი ეკლიანი ღობეები. რუსეთი მთელ დედამიწას არის მოდებული, შხამავს სამყაროს. ამ ჯოჯოხეთისა და შხამიანი არსების პარალელურად, რა გმირობას სჩადის ეს პატარა ბიჭი, ზელენსკი. ან ეს ერი რა ერი ყოფილა?! მარტო იმ დახოცილების სულებს ვთხოვ პატიებას და მგონია, რომ როგორც ზღაპარში, ეს ომიც უკრაინის საკეთილდღეოდ დასრულდება.
- ახლახან გამოიცა თქვენი ლექსების ქართულ-უკრაინული კრებული "ლექს ვარ ჯერაც გასაშიფრ", კრებულზეც გვიამბეთ.
- ეს კრებული არაჩვეულებრივმა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა უკრაინელმა ქალმა, ნატალია ტროხიმმა თარგმნა. დარწმუნებით ვიცი, რომ კარგ სათქმელს წაიღ-წამოიღებს ორივე ქვეყანას შორის. და თუ იქ ერთი ჩემი პატარა ფრაზაც იქნება, ძალიან ბედნიერი ვიქნები... მადლობა ნატალიას ამისთვის. უკრაინელებს აქვთ უდიდესი ფოლკლორი როგორც მუსიკალური, ხალხური, ასევე პოეტური და კარგია, რომ ამ ენამ თუშური ბგერაც უნდა დაიჭიროს. ნატალიამ ქართული ისწავლა და ეს დასაფასებელია. მადლიერი ვარ უზომოდ ყველასი, ვინც ითავა ეს უზარმაზარი საქმე.
"მე მინდა ომის შესახებ სიმართლე გავავრცელო"
ჩემი და ეთერ თათარაიძის საუბრისას შემოგვიერთდა ქალბატონი ნატალია ტროხიმი, უკრაინელი პოეტი, მთარგმნელი და გამომცემელი: - ჩემთვის ეთერ თათარაიძIის ლექსების თარგმნა ძალიან საამაყოა. სურვილი მაქვს უკრაინული ლიტერატურა ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდეს და გამორჩეული უკრაინული ტექსტები ვთარგმნო... მე მინდა ომის შესახებ სიმართლე გავავრცელო. სამი შვილი და 6 შვილიშვილი მყავს. ჩემი უფროსი შვილიც იბრძვის, იარაღი არასოდეს სჭერია, მაგრამ ომში მაინც წავიდა. ყოველდღე ვურეკავ ან ვწერ, რადგან მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ამ ომის მსხვერპლია ყველა დედა. ახლახან ჩემს მეგობარ გაგა ნახუცრიშვილთან ერთად თბილისში გამომცემლობა გავხსენი. უკვე გამოვეცით პირველი ორენოვანი ქართულ-უკრაინული წიგნი, ეთერ თათარაიძის ლექსები, და ხუთი უკრაინული ხალხური სიმღერის თარგმანი. ძალიან გვინდა გავხსნათ უკრაინული ლიტერატურის საგანძური მკითხველისათვის. მჯერა, რომ ამ ფორმით ჩემს ქვეყანას დავეხმარები. ახლა ჩვენი ერთადერთი ოცნება გამარჯვებაა. როცა ხალხი მშვიდობას მისურვებს ხოლმე, ვამბობ, რომ მშვიდობა გამარჯვების გარეშე შეუძლებელია. გამარჯვება ჩვენი ერთადერთი მიზანია. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება გმირებს! ჩვენ ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ.
რუსუდან შაიშმელაშვილი