გურული ჩაი და საგვარეულო სახლის ახალი სიცოცხლე - კვირის პალიტრა

გურული ჩაი და საგვარეულო სახლის ახალი სიცოცხლე

ბოლო დროს წინაპრების კერას ჩვენი მოქალაქეები სულ უფრო ხშირად უბრუნდებიან და თავიანთი საქმეებით იქაურობას ახალ სიცოცხლეს სძენენ. ლიკა მეგრელაძე ოჯახთან ერთად სოფელ წითელმთაში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) მამაპაპისეულ ეზო-კარს დაუბრუნდა. იქ დღეს ოთხი თაობა ერთ კომლად ცხოვრობს: ლიკას დედა, ლიკა და მისი მეუღლე, მათი შვილები და შვილიშვილები. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ამ ეტაპამდე დიდხანს მოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პროფესიის მქონეს დედაქალაქში შესანიშნავი საქმეები ჰქონდა. დღეს მათ ოჯახს ჩაი მოჰყავს, ამუშავებს და უმასპინძლდება ვიზიტიორებს, რომლებიც მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან სტუმრობენ.

ლიკა მეგრელაძე:

- ზაფხული არ ყოფილა, მამაპაპისეულ სახლში არ ჩამოვსულიყავით. 2017 წელს ჩემი შვილების (ამერიკული განათლება აქვთ) ინიციატივა, სურვილი და წაქეზებაც იყო, მოდი, აქაურობას მივხედოთ და ტურიზმის საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთო. მათ დაინახეს ამ ადგილის პერსპექტივა, რაც გურიას, ამ წინაპრების სახლს და იმ სულს აქვს, გურიაში რომ ტრიალებს. მოგვიანებით მივხვდი, რომ მართალი იყვნენ შვილები, როცა ამისკენ მიბიძგეს. ვერც წარმოუდგენია აქაურ მოსახლეობას, როგორი "მილიონერები" არიან ამ საოცარი გარემოს დამსახურებით. შეუფასებელია ის, რაც ჩვენ გარშემოა, რაც საქართველოში ჩვეულებრივად მიგვაჩნია, უცხოელებისთვის აღფრთოვანების საგანია.

- დასანანია, რომ ამ სიმდიდრეს სათანადოდ ვერ ვაფასებთ... პანდემიაში გააქტიურდით?

- პანდემიამდე დავიწყეთ. ევროკავშირის ერთ-ერთ პროექტში ჩავერთე. საკითხი ასეთი იყო, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო გურიაში ისეთი, რაც ვიზიტიორებს მოიზიდავდა. დავფიქრდი: სვეტიცხოველი, ჯვარი, ნიკორწმინდა, გელათი აქ არ არის, სამაგიეროდ, გვაქვს ჩაი, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ამ პროდუქტის მასობრივად წარმოება შეწყდა. ამ თემის წინ წამოწევა გადავწყვიტე და მოვიფიქრე ჩაის ტურის გაკეთება. ჩვენდა გასახარად იდეამ გაიმარჯვა.

mamul7-1685875846.jpg

ჩაისთან ჩვენი ოჯახი თავიდანვე "ახლოს" იყო: დედა მეცნიერია, ანასეულში ჩაისა და სუბტროპიკული კვლევების საკავშირო მნიშვნელობის ინსტიტუტში 55 წელიწადს მუშაობდა. ასპირანტები მთელი მსოფლიოდან მოდიოდნენ. მაშინ ამას ვერ აღვიქვამდი, აშშ-ში რომ მოვხვდი და ვნახე აკადემიური ქალაქები, მაშინ გავაცნობიერე. ეს იყო ტიპური, უმაღლესი დონის აკადემიური ქალაქი თავისი საბავშვო ბაღით, კულტურის სახლით, მაღაზიებით...

ვინც აქ მოდის, ჯერ ვუამბობ საქართველოში ჩაის შემოტანისა და დანერგვის ისტორიას. მერე ვნახულობთ ჩაის ბუჩქებს, უმეტესობას არც აქვს ნანახი, მით უმეტეს ახალგაზრდებს. ვასწავლით, როგორ მოკრიფონ. თუ 2-3 დღითაა მოსული, შეუძლია ნახოს ჩაის დამზადების პროცესიც. სტუმარს შეუძლია თავისი ხელით დაკრეფილი და დამზადებული ჩაი იგემოს.

ჩვენს ოჯახში ხელით მოგრეხილი ჩაი ყოველთვის იყო. მაღაზიაში ჩაი არასოდეს გვიყიდია. ჩვენს მხარეში ჩაი თითქმის ყველამ ამოძირკვა, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ და ახლა ჩემი დიდი სიამაყის საგანია.

mamul2-1685875845.jpg

- მეურნეობაში კიდევ რაზე მუშაობთ?

- გურულ ღვინოს ვაყენებთ უნიკალური ჯიშებისგან. საექსპერიმენტო ვენახი გვაქვს. ნიმუშებს ვრგავთ და ვაკვირდებით. გაამართლა ჩაისა და ღვინის ხაზმა. ამას გარდა, დედაჩემი შესანიშნავი გურმანი, მეოჯახე და საინტერესო ადამიანია, დიდი ბებია მართა, დედაჩემს უძველეს კერძებს, სანელებლებსა და შენელებას ასწავლიდა. ეს ყველაფერი გურიაში მართლა განსაკუთრებულია. ახლა კი მოგვეცა საშუალება წარმოვაჩინოთ და სტუმრებს შევთავაზოთ.

ყოველი ახალი სტუმარი ახალ პრაქტიკას ნიშნავს. თუმცა ჩვენი ექსკლუზიური გამოცდილება მაინც ჩაია. ვუვლით ეზოს, სადაც ჩემი წინაპრების დარგული არაერთი ხე და ბუჩქია. ახალი ნერგებიც მივამატეთ. მივდევთ პერმაკულტურას, ეზო-ყურის განვითარებას. ასევე გვაქვს საექსპოზიციო სივრცეში განთავსებული დიდი ოჯახური არქივი, ფოტო და ვიზუალური მასალა. სტუმრები სიამოვნებით ისმენენ ჩვენი ოჯახის 200-წლიან ისტორიას.

- სამეზობლომ როგორ შეაფასა თქვენი წამოწყება?

- თავიდან კი ამბობდნენ, ეს ვერააო კარგად, მაგრამ შედეგი რომ დაინახეს, მიხვდნენ, რომ სერიოზულ საქმეს შევეჭიდეთ. ახლა ჩემი ქალიშვილი და სიძე ბიონატურალურ მშენებლობაზე მუშაობენ - ნამჯის სახლს აშენებენ, ცოტა იმისგან განსხვავებული ტექნოლოგიით, რაც აქამდე ჩვენს ქვეყანაში აშენებულა.

mamul10-1685875846.jpg

- ამ ყველაფერს კომლი რატომ დაარქვით?

- დღემდე სოფლის მოსახლეობა კომლებით აღიწერება, ეს არის სოფელში ცალკეული ოჯახი. ეს სიტყვა მოდის "კვამლიდან", ანუ არის ადგილი, საიდანაც კვამლი მუდმივად, ზამთარ-ზაფხულ ამოდის. კვამლის ამოსვლა ნიშნავს, რომ იქ საჭმელი კეთდება, სითბოა, სასმელია, ჩაის ადუღებენ... გამქრალი კვამლი ჩამქრალ ცეცხლსა და გამქრალ კომლს ნიშნავს. სამწუხაროდ, გურიაში უკვე ბევრია დაკეტილი სახლი და ჩამქრალი კვამლი. ამ სახლში ჩვენი წინაპარი ცხოვრობდა, აქ გაიზარდნენ მამაჩემი და მამიდაჩემი, მეც აქ დავიბადე და გავიზარდე, მშობლების ერთადერთი შვილი ვარ. ჩემს შვილებსაც ძალიან უყვართ აქაურობა. მინდა ის კომლი აღვადგინო, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში იყო.

- კასრებიც აქაურობის ექსკლუზიური შტრიხია...

- 2019 წელს აშშ-ში ვნახე წიგნი, სადაც აღბეჭდილი იყო განსაკუთრებული ობიექტები, რომლებიც ღამის გასათევ ადგილებად მოაწყვეს. წაქცეული კასრის სურათიც იქ ვნახე, კარიც კი ჰქონდა შებმული. დავფიქრდი, ნუთუ ამას საქართველოში ვერ ვიპოვი-მეთქი, და რომ ჩამოვედი, მისი ძებნა დავიწყე. ერთმა კაცმა მეზობელ სოფელში მიმასწავლა. რომ მივაკითხე, მასპინძელი გაკვირვებული მიყურებდა, კასრის არსებობა დავიწყებული ჰქონდა. ვიყიდე კასრი თავისი რკინის სალტეებიანად, მაგრამ აღდგენას დიდი დრო დასჭირდა, დიდხანს ვიშრომეთ, რომ ახლანდელი ფორმის მიგვეღო. ასე გავმართეთ საძინებელი. იმდენად კარგი პროექტი გამოვიდა, სტუმრები სიამოვნებით რჩებიან იქ. მერე ამ იდეამ პროექტში "აწარმოე საქართველოში" გაიმარჯვა და კახეთში კიდევ ორი შევიძინე.

- მითხარით, რა არის ასეთი პროექტის დაწყებისთვის საჭირო?

- უპირველესად სურვილი. გამოკეტილი მამაპაპისეული სახლები უნდა გავაღოთ და მიწა დავამუშაოთ. დამიჯერეთ, ეს ოროთახიან ბინაში ცხოვრებას ნამდვილად სჯობია.