რატომ არის სანთლით საძებნი ნამდვილი ყველი და როგორ ერჩის მას ფალსიფიკაცია
ჩვენში პატიოსანი შრომით ცხოვრება მარტივი რომ არ არის, ყველამ ვიცით. ისიც ვიცით, რომ ზოგჯერ შემოსავალიც არ შეეფერება გაწეულ შრომას. თუმცა ღირსეულ და შრომისმოყვარე ადამიანთან წარმატება მაინც აუცილებლად მოდის. საბედნიეროდ, ამის მაგალითი ბევრია. გიორგი დალაქიშვილი ახალგაზრდა ფერმერია თეთრიწყაროში, რომელმაც ჯერ კაკლისა და მაყვლის ბაღები გააშენა, ახლა კი რძის საწარმოც აამუშავა სოფელ ჯორჯიაშვილში, თანაც არა სახელმწიფოს, არამედ მხოლოდ ერთგული მეგობრის გვერდში დგომის იმედად შეეჭიდა ამ ზოგიერთისთვის წარმოუდგენლად რთულ საქმეს. საწარმოს შექმნიდან ერთი წლისთავზე აქ დღეში უკვე 1500 ლიტრ რძეს იბარებენ, საიდანაც დაახლოებით 200 კგ ყველი მზადდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1 კგ ყველის დასამზადებლად დაახლოებით 7-8 ლიტრი რძეა საჭირო.
საწარმოს იდეა გიორგის მეგობარ ირაკლი ფაცურიას დაებადა. მან თქვა, მოდი, რძის საწარმო გავაკეთოთ, საიდანაც თუ ვიშრომებთ, შემოსავალიც გვექნებაო. ასე გაჩნდა რძის მცირე ქარხანა სოფელ ჯორჯიაშვილის შესასვლელთან.
„ჩვენ პროდუქციის აკრძალვას კი არ ვითხოვთ, არამედ ხარისხის შემოწმებას“
გიორგი დალაქიშვილი:
- სოფელში გავიზარდე და რაც თავი მახსოვს, სულ ვშრომობ. კაკლის ბაღიც გავაშენე და მაყვლისაც, რძის საწარმოც შევქმენი. ვიბრძვი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბიზნესში ფეხზე დადგომა რთულია. ამის მიზეზი კი ჩვენი სახელმწიფოა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მივიდა იმ დონემდე, რომ მეწარმეს გვერდში მყარად დაუდგეს, რათა ის მუდმივად ჩაძირვის რისკის წინაშე არ იყოს.
საწარმოს გახსნისას რძის ქარხნის რისკები და სარგებელი გავთვალე და ისე გადავწყვიტე აშენება. მერე ბანკიდან კრედიტი გამოვიტანე. სოფელში სახლს ნაგებობა მივაშენე და საწარმო გავხსენი. ცხადია, რძის დასამუშავებელი უახლესი ტექნოლოგიები შევიძინეთ. ყველისთვის რძის მოგროვება თეთრიწყაროს შვიდ სოფელში დავიწყეთ. ამ რეგიონის თითქმის ყველა სოფელი მაღალმთიანია, მთაში მოსული ბალახი კი საუკეთესოა ყველის მაღალი გემოვანი თვისებებისთვის. სწორედ ამიტომ არის ამ რეგიონში რძის არაერთი საწარმო, მათ შორის არის ჩემიც.
- საწარმოთა მრავალრიცხოვნება მაღალ კონკურენციას განაპირობებს. ამასთან ერთად კი ყველის რეალიზაციის სირთულესაც.
- კონკურენციის ნამდვილად არ შეგვშინებია, თორემ ამ საქმეს არც შევეჭიდებოდით. ამ საქმეში ჩაუხედავი კაცი ვერც წამოიდგენს, რა სიხშირით ამოწმებს სახელმწიფო ჩვენი საწარმოს ჰიგიენურობას, რისი მომხრეც ვარ, მით უფრო, რომ ჯერ არ გვქონია შემთხვევა, კონტროლს ჩვენი რძის პროდუქტების ხარისხი ეჭვქვეშ დაეყენებინოს. ალბათ, იმიტომ ვშრომობთ ასე, ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ საქმეში ჰიგიენას. ჩვენთან დამზადებული ყველი და სულგუნი მაღალი ხარისხის რომ ყოფილიყო, საწარმოში მუშაობა გამოცდილ რძის ტექნოლოგს შევთავაზეთ. მასთან ერთად მთელი ოჯახი ვშრომობთ, ჩემი და ჩემი მეუღლის ჩათვლით. საქმეში დაახლოებით 10 კაცი ვართ ჩართული.
- მეუღლეში გაგმართლებიათ - ახალგაზრდა ქალი, თანაც მცირეწლოვანი შვილების დედა, მეუღლეს ყოველთვის ვერ აჰყვება ასეთ შრომაში.
- ძალიან გამიმართლა. იმიტომაც ჰქვია ჩვენს პროდუქციას ჩემი მეუღლის სახელი, არადა, იქნებ შრომის ასეთი სტიმული არც მქონოდა. ის კი ნამდვილად საჭიროა ყველა საქმეში, მით უფრო ქართული პროდუქციის შექმნაში, სადაც უამრავი სირთულე გღლის.
ამ ეტაპზე, მაგალითად, ყველის რეალიზაცია ისეა გართულებული, როგორიც მთელი წლის განმავლობაში არ გვქონია. საფუძველი გაზაფხულზე რძის პროდუქციის სიჭარბეა. ბაზარზე უამრავი რძის ნაწარმი შემოდის და ქარხნის ყველის გაყიდვა ძალიან ჭირს. თუმცა მიზეზი მხოლოდ რძის მოჭარბება არაა, საქმე ის არის, რომ ბაზარზე მასობრივად შემოტანილი ყველი და სულგუნი თბილისში საბითუმოდ, ჩვენს ყველთან შედარებით ძალზე იაფად, 7-8 ლარად ბარდება ობიექტებს. ამ ფასს ჩვენ კონკურენციას ვერ ვუწევთ, უბრალოდ, წაგებაზე წავალთ. კერძო პირებისგან განსხვავებით, რძის საწარმოებს ვალდებულებები აქვთ, მაგალითად, გადასახადები. გარდა ამისა, კერძო მეწარმეებისგან განსხვავებით, საწარმოები რძეს ყიდულობენ, რაშიც იმაზე ნაკლებს ვერ გადაიხდიან, ვიდრე ახლა იღებენ. თავად ლიტრ რძეში დღეს 1,5 ლარს ვიხდი, გლეხს უფრო იაფს ვერ შევთავაზებ. ვიცი, რამდენი შრომა სჭირდება ჯერ 1 ლიტრი რძის მიღებას, მერე კი გაყიდვას. ყველის მასობრივ ბაზარს კი მსგავსი პრობლემები არა აქვს და ყველს, როგორც სურს, იმ ფასად გაყიდის.
- ყველის საბითუმო დაბალი ფასის წინააღმდეგი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ მიკვირს, რატომ უნდა აბარებდნენ თბილისში რეგიონებიდან ჩამოტანილ ყველს, მაგალითად, 7 ლარად, როცა სოფლებში უფრო ძვირია. ბოლოს და ბოლოს, ყველის ფასს ტრანსპორტირების ხარჯიც ხომ ემატება.
- იმიტომ, რომ ის ნამდვილი ყველი არ არის, ღმერთმა იცის, რომელი ფხვნილისგან ამზადებენ.
სახელმწიფო რძის ქარხნებს მასობრივად აკონტროლებს, ხოლო ბაზარზე შეტანილ ყველს არავინ ამოწმებს, მომხმარებელი სიიაფით ტყუვდება და ყიდულობს. სწორედ ამ სიიაფის გამო მეც მითხრა რამდენიმე ობიექტმა უარი პროდუქციის მიღებაზე. ყველი 7-8 ლარად შევიძინეთ, ასე გვირჩევნიაო. სინამდვილეში ყველი კი არა, გაურკვეველი პროდუქცია შეიძინეს. როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენლებს ეს ვუთხარით, გვიპასუხეს, რა ვქნათ, ხალხს რომ იაფი პროდუქციის გაყიდვა ავუკრძალოთ, შიმშილით დაიხოცებიანო.
ჩვენ პროდუქციის აკრძალვას კი არ ვითხოვთ, არამედ ხარისხის შემოწმებას. მაშინ ხომ ასეთი დაბალი ფასიც აღარ ექნებოდა.
თავად ამ ვითარებაში საშველს იმ კლიენტების მოძიებაში ვხედავ, რომელთაც ხარისხიანი პროდუქცია სურთ. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქციით საზღვაო კურორტზე გასვლასაც ვაპირებთ.