ბაღაშვილების ფერადოვანი ბაღი მშვიდობიანში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობიანში ბაღაშვილების კარ-მიდამო სამოთხის ბაღს ჰგავს. მათი სახლის ჭიშკართან პატარა რუ მოჩხრიალებს, იქვე ალუჩას დაუხუნძლავს ტოტები, საოცარ ყვავილნარში მიმოფანტული წეროები, ჭიამაიები, გედები და ცემენტისგან დამზადებული ლამაზი ქმნილებები გეგებებიან.
მავრა ბაღაშვილი:
- მარადმწვანე, დიდი მცენარეები მიყვარს, მაგრამ სახლის წინ ვაზის დიდი ხეივანი გვქონდა და მის ქვეშ არ გაიხარებდა. ამიტომ ყვავილნარის გაშენება გადავწყვიტე. თავდაპირველად ბზის ტოტები დავკალმე, უკვე დიდი ბუჩქებია. სხვათა შორის, არასდროს გაგვისხლავს, თავად მიიღო ბურთის ფორმა.
პირველად ქოთნის ყვავილები შევაგროვე და რამდენიმე თვეში ბალბების დიდი კოლექცია შევქმენი - ორმოცი ქოთანი ბალბა გავახარე. ერთნაირი ყვავილი არც ერთს არ ჰქონია, ყველა ერთდროულად რომ აყვავდა, მის სანახავად ვინ არ მოდიოდა.
გაზონების ყვავილები მომწონს. შთამბეჭდავი სანახავია სხვადასხვა ფერის ყვავილებით შექმნილი დეკორაციები. ინტერნეტით ხშირად ვნახულობ მსოფლიოს დიდ ქალაქებში ყვავილნარებს და ცხადია, მეც მსურს, ჩემი ბაღიც მშვენიერი იყოს.
ნიადაგი კარგად დავამუშავებინე და შუაგულში წითლად შეღებილი ქვებით გულის ფორმის ქოთანი ავაშენე. ახლა მასში ლამაზი ბაიები იწონებენ თავს. ყველა ვარდი კალმით გავახარე. სისხლისფერი ვარდი ჩემს დისშვილს გამოუგზავნეს რუსეთიდან. როცა აყვავდა, ტოტი მოვჭერი და ჩავრგე. ამ ვარდის რამდენიმე ძირი მაქვს და გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით ყვავილობს.
- მცენარეების დაკალმების თქვენი მეთოდი გაქვთ?
- ვარდის ტოტს ირიბად ვჭრი და კარტოფილში ან ბანანში ვარჭობ, შემდეგ სილაში ვრგავ. ამ მეთოდით ვარდი სწრაფად ფესვიანდება. ერთხელ ვარდმაც გაიხარა და კარტოფილიც ამომივიდა. დასაკალმებლად საუკეთესო პერიოდი შემოდგომაა, თუმცა ზაფხულში ჩარგული ტოტიც გამიხარებია. ახლა 10-15 სახეობის ვარდი მაქვს, უიშვიათესი შავზოლიანი წითელი ვარდიც. მომწონს ჰორტენზიები - დიდ, ბურთულა თეთრ ყვავილს იკეთებს და ბაღის მშვენებაა. მის მოსარწყავად ძმრიან წყალს ვიყენებ და ძალიან მოსწონს. ასეთი უცნაურობებიც არსებობს, მაგალითად, თუ გინდა ბროწეულმა კარგი მოსავალი მოგცეს, რკინა უნდა ჩაატანო ფესვში. ერთწლიანი ყვავილების ნერგებს ვყიდულობ ან თესლს ვიწერ და ჩითილი გამომყავს. სანამ ჩითილი მექნება, წინდაწინვე ვგეგმავ, რომელი სახეობა სად დავრგო. მაქვს იები, იაჟუჟუნები, ბაიები... ზოგ ყვავილს მეტსახელებს ვარქმევ, მათი ნამდვილი სახელებით არც ვინტერესდები.
ოჯახში გამოუსადეგარ ნივთებს ქოთნებად ვიყენებ. ჩემს ბაღში ნახავთ ჯამებში, ჭიქებში, ტაშტებში, ქვევრებში, კალათებში ჩარგულ ყვავილებს. ერთგან გოდორი წავაქციე და ისე გავაფორმე, თითქოს კალათიდან ყვითელი ყვავილების ნიაღვარი მოედინება. ბავშვის სარწეველა ხეივნის ძელებზე ჩამოვაბი, შიგ მიწა ჩავყარე და მასში ჯუჯა, მოყვავილე მცენარეები დავრგე. ზოგიერთ მცენარეს ჯირკებში მივუჩინე ბინა. ყელიანი ფეხსაცმელებიც არ გადავყარე, სხვადასხვა ფერად შევღებე და ყვავილები ჩავრგე.
- ოჯახის წევრები ბაღის მოვლაში გეხმარებიან?
- შვილსა და რძალთან ერთად ვცხოვრობ. ბოლო დროს რამდენიმე ურთულესი ოპერაცია გავიკეთე, მეუღლე ნერვიულობას გადაჰყვა. ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს, მაგრამ ჩემს ლამაზ ყვავილებს მაინც ვერ ვღალატობ. ოჯახის საქმეებს ჩემი შვილი უძღვება, ხელმარჯვეც აღმოჩნდა, ბევრი რამ ამ ბაღში მისი გაკეთებულია. ძალიან მინდოდა დიდი საქანელა გვქონოდა და ოცნება რეალობად მიქცია. რკინის საქანელას საბურავებისგან პუფები მიაყოლა, რომლებიც ბაღში დავაწყვეთ. ხის მაგიდა და სკამებიც, მისი ნახელავი საბურავის წეროც გვყავს. ქვევრი გადაჭრა და მასში ლამაზი ყვავილი ჩავრგე, რომელსაც კრუხ-წიწილას ვეძახი. ასევე გააკეთა ორი თოჯინაც, რომლებიც ერთმანეთს ემალებიან. მასალად პენოპლასტი და ბამბა გამოიყენა. თოჯინებს ქეთო და კოტე დავარქვით და ეზოს გვიმშვენებს. საბურავებისგან დამზადებულ გიგანტურ ყავის ჭიქებში, რომლებსაც ლამბაქებიც აქვს, ქრიზანთემები და გვირილები ჩავრგეთ.
ჩიტების სახლები ჩემი რძლის ნახელავია. სახლში ბეღურები შეფრინდნენ და უკვე ბარტყებიც ჰყავთ. თამუნა ცემენტისგან სხვადასხვა ფორმის ქოთნებსა და ფრინველებს აკეთებს. ინტერნეტში ნახავს დამზადების წესს და მშვენივრად გამოსდის. საახალწლოდ ნაძვის ხის საოცარი მოსართავები დაამზადა და გაყიდა, ბაღისთვის კი ცემენტით სოკოები გააკეთა, მერე ჭიამაიები და იხვიც, მაგრამ სანამ გაშრებოდა, იხვი ორჯერ დაიმტვრა. მაინც არ გადავაგდეთ და "დახეიბრებულ" ფრინველში ყვავილი ჩავრგეთ. მისი დამზადებული ფერადფრთებიანი თუთიყუშიც გვყავს და წყვილი ფლამინგოც. ამჯერად სპილოს "შეკვეთა" მივეცი, დამპირდა, რომ გააკეთებს. მუხლუხა ჭიებს ვერ ვიტან და ერთ დღესაც ვხედავ, ჩემს ბაღში ცემენტის უშველებელი მუხლუხები "მიცოცავენ". ისეთ ლამაზ ფერებში მოხატა, მომეწონა. ვგეგმავთ აუზის გაკეთებასაც, წყალმცენარეების გასახარებლად.
ხშირად მეკითხებიან, ტურისტების მიღებას ხომ არ აპირებ, ასეთი წალკოტი რომ მოაწყვეო. ბაღი იმიტომ მინდა, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრებმა ვისიამოვნოთ, მეგობრები, ახლობლები დატკბნენ. როცა ფეისბუქზე ჩვენი ბაღის ფოტოებს ნახულობენ, მწერენ, შეიძლება მოვიდეთ და დავათვალიეროთო? ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვისაც ყვავილი და სილამაზე უყვარს. ყოველ დილით, სანამ საქმეს დავიწყებ, ეზოში გამოვდივარ და ყვავილებს ადამიანებივით ვესაუბრები. ეს ბაღი ჩემთვის ამქვეყნიური სამოთხეა.
- როგორც შევიტყვე, სიმღერაც ყვავილებივით გიყვართ...
- ჩემს ახლობლებსა და მეგობრებს ძალიან მოსწონთ ჩემი ნამღერი, მე კი მიხარია, რომ მათ ვახალისებ. ისეთი რთული ცხოვრება გვაქვს, პოზიტივი თავად უნდა გამოვძებნოთ. სიმღერა ჩემი სულის თერაპიაა. ასე მგონია, სიმღერისა და ყვავილების გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ.
ნელი ვარდიაშვილი