"შაჰიდებზე" მონადირენი ანუ როგორ დაიბრუნა საზენიტო ფუნქცია ტყვიამფრქვევმა... - კვირის პალიტრა

"შაჰიდებზე" მონადირენი ანუ როგორ დაიბრუნა საზენიტო ფუნქცია ტყვიამფრქვევმა...

ომების ისტორიებში ხშირად უცნაურობები ხდება...

თავად განსაჯე, ვინ წარმოიდგენდა, რომ პირველ და განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომში საზენიტო მიზნებისთვის ფართოდ გამოყენებული ტყვიამფრქვევები ისევ აქტუალური გახდებოდნენ 21-ე საუკუნის ოცდაათიან წლებში?

გასული საუკუნის შუახნიდან, მას შემდეგ რაც რეაქტიული საბრძოლო ავიაცია გამეფდა ბრძოლის ველზე, საზენიტო ტყვიამფრქვევების ლულებს შალითები ჩამოაცვეს - მათი საშუალებით ძალიან რთული გახდა სწრაფმფრენი რეაქტიული თვითმფრინავების დაზიანება და საჰაერო თავდაცვის ფუნქციები თითქმის მთლიანად თავის თავზე საზენიტო რაკეტებმა აიღეს.

მართალია საზენიტო ტყვიამფრქვევების მეტ-ნაკლებად წარმატებით გამოყენება ჯერ კიდევ შეიძლებოდა 200-250 კმ/სთ სიჩქარით დაბალ სიმაღლეზე მფრენი შვეულმფრენების წინააღმდეგ, მაგრამ აქაც წინა პლანზე გადასატანმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა გადმოინაცვლეს, რომელთაგან გაშვებული სითბური დამიზნების რაკეტა კარგი დაგეშილი ძაღლივით „აედევნებოდა“ შვეულმფრენს თუ თვითმფრინავს...

მაგრამ, დაიწყო რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი და უკრაინელებმა მალევე დაიწყეს ტყვიმფრქვევების ძებნა საწყობებში-თავისი ქვეყნის ცის დასაცავად.

2-saz-1685893996.png
საზენიტო ДШКМ-ებიდან გაშვებული ტყვიების ჯერებით „შაჰიდების“ ხშირი ჩამოგდება უკრაინის არმიისთვის „ღირებულება - ეფექტიანობის“ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გაზრდის...

არა, ტყვიამფრქვევით ფრთოსან და მითემეტეს ბალისტიკურ რაკეტას ვერ ჩამოაგდებ, მაგრამ სამაგიეროდ დრონებს შეიძლება შავი დღე აყარო...

ეს ომი პირველია, რომელშიც ორივე მხარე ძალზე მასიურად იყენებს ყველა სახეობისა და დანიშნულების უპილოტო საფრენ აპარატებს, მათ შორის, მზვერავებს, საარტილერიო ცეცხლის მაკორექტირებლებს, რეტრანსლიატორებს, მინიბომბების ჩამომყრელებს, კამიკაძეებს...

ეს დრონები, როგროც წესი, დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ და შესაბამისად, გაჩნდა იმის აუცილებლობა, რომ გამოძებნილიყო ახალი საზენიტო საშუალებები მათთან ეფექტიანად საბრძოლველად, რადგან 3-5 ათას დოლარიანი ნახევრადკუსტარული დრონების ჩამოსაგდებად ასჯერ ძვირადღირებული საზენიტო რაკეტების მასიურ გამოყენებას ვერცერთი, ყველაზე მდიდარი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტიც კი ვერ გაუძლებს.

ყველაზე იაფი საზენიტო საშუალება დაბალ სიმაღლეზე მცირე სიჩქარით მფრენი ობიექტების დასაზიანებლად და ჩამოსაგდებად, საზენიტო ქვემეხის ჭურვია, მასზე იაფი კი ჩვეულებრივი ტყვიია, რომელთა გრძელი ჯერებით სროლა ყველა კალიბრის ტყვიამფრქვევს უპრობლემოდ შეუძლია.

უკრაინელების მთავარ თავის სატეხად ირანული წარმოების „შაჰიდი“ კამიკაძე-დრონები იქცნენ, რომლებსაც მასიურად იყენებენ რუსი ოკუპანტები.

ირანული Shahed 136 უკრაინის ცაში, როგორც წესი 150-170 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე და შედარებით ადვილ საჰაერო სამიზნეს წარმოადგენს მეტყვიამფრქვევებისთვის, რადგან საბჭოთა „დე-შე-კა“-თი თუ ამერიკული „ბრაუნინგით“ შეიარაღებულ უკრაინელ მეზენიტეებს 12,7 მმ კალიბრის ტყვიების მიღწევა 1,5 კმ სიმაღლემდეც შეუძლიათ.

დღისით ირანული „შაჰიდის“ ვიზუალური აღმოჩენა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, ღამით კი მას შიდაწვის ძრავის ძალზე ხმამაღალი მუშაობა ნაადრევად „ყიდის“ და მეზენიტეებს უაადვილებს ღამისეულ ცაში „შაჰიდის“ ფრენის მიმართუელბის დადგენას.

უკრაინელმა სამხედროებმა თავდაპირველად „შაჰიდების “ ჩამოგდება ძვირადღირებული საზენიტო რაკეტებით დაიწყეს,მაგრამ შემდგომ ეს პრაქტიკა შეწყვიტეს,რადგან ძალიან ბევრი დეფიციტური საზენიტო რაკეტა ეხარჯებოდათ.

გამანადგურებელი თვითმფრინავების პილოტებისთვისაც არ წარმოადგენდა „შაჰიდი“ ძალიან რთულ საჰაერო სამიზნეს,მაგრამ მას შემდეგ,რაც ერთი უკრაინული МиГ-29-ის მფრინავმა ძალზე ახლო მანძილიდან სცადა მისი ჩამოგდება, „შაჰიდის“ 50 კგ-იანი საბრძოლო მუხტის დეტონაციის შედეგად გატყორცნილმა ნამსხვრევებმა ამ „მიგის“ კაბინა დააზიანა და მფრინავი იძულებული გახდა კატაპულტირება განეხორციელებინა თავის გადასარჩენად.

20 ათასი დოლარის ღირებულების “შაჰიდში“ 20 მლნ-იანი „მიგის“ „შეწირვის“ შემდეგ უკრაინის გენშტაბმა დააჩქარა მობილური საზენიტო ჯგუფების დაკომპლექტება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ასეთი მობილური საზენიტი ჯგუფი მაღალი გამავლობის პიკაპის ძარაში დამონტაჟებულ მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევსა და მძლავრ პროჟექტორს იყენებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს გადამღობი საზენიტო ცეცხლი გაუხსნას არა მარტო „შაჰიდის“ ტიპის კამიკაძე-დრონებს, არამედ, თვით ფრთოსან რაკეტებსაც კი,მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელნი მართალია დაბალ,50-100 მ-ის სიმაღლეზე მიფრინავენ, მაგრამ 800-900 კმ/სთ სიჩქარით და მატთვის ტყვიების მორტყმა ურთულესია.

ბოლო პერიოდში უკრაინელებმა კიდევ ერთი ნოუ-ჰაუს გამოყენება დაიწყეს - მათ საზენიტო ტყვიამფრქვევის ლულაზე ლაზერული მიზანმომნიშვნელიც დაამაგრეს და როდესაც ღამისეულ ცაში ამ ტყვიამფრქვევის მსროლელი ლაზერით „მონიშნავს“ მფრინავ ობიექტს, სხვებიც სწორედ იქითკენ მიმართავენ გამანადგურებელ მასიურ ცეცხლს...