"ვცდილობდი, სწრაფად გადამეღო. იქ ყოფნა, სუნთქვა მომწამვლელი და შეუძლებელი იყო. ასეთი მძიმე ჰაერი არსად მიგრძნია" - კვირის პალიტრა

"ვცდილობდი, სწრაფად გადამეღო. იქ ყოფნა, სუნთქვა მომწამვლელი და შეუძლებელი იყო. ასეთი მძიმე ჰაერი არსად მიგრძნია"

ქართველმა მოყვარულმა ფოტოგრაფმა და მოგზაურმა სოსო ჭავჭავაძემ საქართველოს უამრავი სოფელი შემოიარა, ულამაზესი ბუნება ფოტოებზე აღბეჭდა... ამჯერად მან რუსთავი დღე-ღამის სხვადასხვა პერიოდში გადაიღო, სადაც ფოტოებზე გამონაბოლქვი და საგანგაშო მდგომარეობაა ასახული. ამის შესახებ ის "კვირის პალიტრასთან" საუბრობს:

- რუსთავში 17 ქარხანა ფუნქციონირებს, აქედან მხოლოდ ოთხს აქვს თვითმონიტორინგის სისტემა (ფილტრაციის სისტემა) და ეს უკვე ამძიმებს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას, საქართველოს მასშტაბით, რუსთავში ჰაერი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. როდესაც ქალაქს ვიღებდი, ეს იყო გამთენიისას, საღამოს და გვიან ღამით, რაც ფოტოებშიც ჩანს... იქ ყოფნის დროს, მცირე დისკომფორტი მქონდა, ჟანგბადის სიმძიმე იგრძნობოდა. ეს როდესაც ქარხნებიდან მოშორებით ვიდექი. ქარხნებს როცა გადასაღებად მიუახლოვდი, ვცდილობდი, სწრაფად გადამეღო ეს ყველაფერი, რადგან იქ ყოფნა, სუნთქვა მომწამვლელი და შეუძლებელი იყო. ასეთი მძიმე ჰაერი არსად მიგრძნია.

348355125-796998911774582-7380219820418392203-n-1685905864.jpg

მე მხოლოდ ფოტოგადაღებით შემოვიფარგლე, მაგრამ მაინც იმოქმედა და წარმოიდგინეთ, რუსთავის მოსახლეობა რამდენად შეწუხებულია ამ პრობლემით, რადგან ყოველდღიურად შეხებაშია. ამას მოძრაობა "გავიგუდეთ" ძალიან მკაფიოდ ებრძვის.

- როგორც ფოტოგრაფი, რას აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებაში, რომ მოსახლეობას მიეხმაროთ?

- გამოფენაზე ვფიქრობ... იდეაში მაქვს, მაგრამ არ ვიცი, ზუსტად როდის ვიქნები ამისთვის მზად... რუსთავში ნამყოფი ვარ, მომწონს ბევრი რამ გაკეთდა, შეიცვალა, გალამაზდა და ძალიან საინტერესოა ძველიც და ახალი რუსთავი. ფოტოგრაფიისთვის ძველი რუსთავი, რა თქმა უნდა, უფრო საინტერესოა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს გამონაბოლქვების გადაღებაც ძალიან ეფექტური და განსხვავებულია ყველა ქალაქისგან.

345865272-104831132622526-2167846219070540988-n-1685905886.jpg

- თბილისი თუ გადაგიღიათ ამ მიმართულებით და როგორი ვითარებაა?

- თუ რუსთავში ძირითად დაბინძურების წყარო საწარმოებია, თბილისში ჰაერს გაუმართავი ტრანსპორტი და მშენებლობით გამოწვეული მტვერი აბინძურებს...

რაც შეეხება რუსთავში დამძიმებულ სიტუაციას, რუსთავში ჰაერის ხარისხზე გავლენას ოთხი ძირითადი საწარმო ახდენს. საქართველოში ჰაერის დაბინძურებას სპეციალური სადგური ზომავს. მისი მონაცემები კი ვებ-პორტალზე აისახება. ყველას აქვს წვდომა ჩაწეროს თავისი ქალაქი და გაიგოს, რა მდგომარეობაშია ჰაერის ხარისხი. მონაცემებში არის ინფორმაცია მტვერზე, გოგირდზე და ნახშირორჟანგზე.

348354814-5883781018398161-8152558965630527662-n-1685905911.jpg

რუსთავში გარემოს დაცვას აქვს დაყენებული სადგური, რომელიც ჰაერის ხარისხს ზომავს. მწვანე ზოლში დგას და არა - უშუალოდ ქარხნების ტერიტორიაზე, სადაც მონაცემები განსხვავებულია. ეს სადგური მტვრის ნაწილაკებს, მყარ ნაწილაკებს და აზოტის ოქსიდებს ზომავს. სადგური არ ზომავს მძიმე მეტალებს. რუსთავის თავზე ინტენსიური მტვერია, მტვრის მყარი ნაწილაკები რუსთავში ნორმაზე მაღალია. 2020 წლიდან დღემდე ეს მონაცემები არ გაუმჯობესებულა. რუსთავში 130 000 ადამიანი ცხოვრობს, ამდენი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე ყოველდღიურად ექმნება.

345802145-1438125553673622-7374660053977480311-n-1685905935.jpg

თბილისში 4 სადგური დგას - ყაზბეგის გამზირზე, წერეთლის გამზირზე, აღმაშენებლის გამზირზე და ვარკეთილში, სადაც ყველაზე დაბინძურებული ჰაერი სადგურის მონაცემებით არის აღმაშენებლის გამზირზე.

(სპეციალურად საიტისთვის)