"მაპატიე, ლენო, რომ აღარ ვტირი ამდენს, რომ აღარ ვფიქრობ ამდენს, რომ არ მოვდივარ ხშირად შენთან" - ლულუ კახიანი
ტელეწამყვან ლულუ კახიანისა და მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის 14 წლის ქალიშვილის, ლენოს გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა. შვილის შესახებ ლულუ კახიანი წერს:
"მაპატიე, ლენო, რომ აღარ ვტირი ამდენს, რომ აღარ ვფიქრობ ამდენს, რომ არ მოვდივარ ხშირად შენთან; მაპატიე, რომ ვერ ვიხსენებ როგორ დამესიზმრე, მაპატიე რომ გელოდები, რომ ვეძებ პასუხებს. მაპატიე, რომ ხანდახან ისევ გადანაშაულებ, რომ ბოლომდე ვერ გპატიობ, რომ ვთვლი, რომ მიღალატე და გამწირე უსასრულო ტკივილისთვის.
მაპატიე, რომ ვარ ეგოისტი, არც ისე კარგი დედა. მაპატიე, რომ ვერ დაგიდექი სათანადოდ გვერდით, არ დაგიცავი, არ შევეწინააღმდეგე ყველას და ყველაფერს.
მაპატიე ყველაფრისთვის რისი თქმაც და გაკეთებაც ვერ მოვასწარი. მაპატიე, რომ ვერ შეგინარჩუნე, რომ გაგიშვი, რომ ვერ ჩაგკიდე მაგრად ხელი, რომ არ გადაგეფარე, რომ არ გამოგტაცე სიკვდილს ხელიდან, რომ დავიძინე, რომ ხელი შეგიწყვე, რომ მიგატოვე", - წერს ლულუ კახიანი.
ლენოს ტრაგიკულმა ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. 2019 წლის 4 ივნისს მე-9 კლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა.