"ჯო ბაიდენი სი ძინპინის სატელეფონო ზარის მოლოდინში: "ცისქვეშეთს" ვაშინგტონის დიპლომატიურ თამაშებში მონაწილეობა აღარ სურს" - კვირის პალიტრა

"ჯო ბაიდენი სი ძინპინის სატელეფონო ზარის მოლოდინში: "ცისქვეშეთს" ვაშინგტონის დიპლომატიურ თამაშებში მონაწილეობა აღარ სურს"

ჩინეთის ინგლისურენოვან გაზეთ South China Morning Post-ში (იბეჭდება ჰონკონგში) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ჯო ბაიდენი სი ძინპინის სატელეფონო ზარის მოლოდინში: "ცისქვეშეთს" ვაშინგტონის დიპლომატიურ თამაშებში მონაწილეობა აღარ სურს" (ავტორი - ალექს ლო, ჰონკონგის უნივერსიტეტის ლექტორი).

აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული გაზეთი ჰონკონგის უძველეს ინგლისურენოვან ბეჭდვურ გამოცემას წარმოადგენს, მისი მფლობელი მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტურ ხელისუფლებას. რადგანაც „საუზ ჩაინა მორნინგ პოსტი“ ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი, მრავალტირაჟიანი გაზეთია და, შესაბამისად, დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, საინტერესოდ ჩავთვალეთ ჩვენი მკითხველისათვის ჩინური პროსამთავრობო მედიის მოსაზრება გაგვეცნო.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამას წინათ განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთის ურთიერთობაში "მალე დათბობა მოხდება". აშშ-ის მეთაური აშკარად თვლის, რომ ჩინელ კოლეგას მასთან შეხვედრა გულისფანცქალით სურს, მოუთმენლად ელოდება და თან ფიქრობს - გაუწვდის თუ არა ჯო ბაიდენი სი ძინპინს მშვიდობის სიმბოლოს.

მაგრამ სინამდვილეში თეთრი სახლის ბინადარს, საბოლოო ჯამში, ჩინეთისათვის ზეთისხილის რტოს გაწოდების არავითარი სურვილი არ აქვს.

საქმე მთლად ისე არ არის, როგორც ჯო ბაიდენი ფიქრობს. საერთოდ, ჩინელებს ამერიკელები გულზე არ ეხატებათ, მაგრამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სიტუაცია გაამძაფრა.

საქმე ეხება "ცისქვეშეთის" თავდაცვის მინისტრის, გენერალ ლი შანფუს უარს აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე "შანგრი-ლას დიალოგის" ფარგლებში (აზიის უსაფრთხოების ფორუმი, რომელიც ყოველწლიურად იმართება სინგაპურის სასტუმრო "შანგრი-ლას" კონფერენც-დარბაზში). პრობლემა ისაა, რომ ჩინელი გენერალი, რომლის ფუნქციებში, მინისტრად დანიშვნამდე, ჩინეთის არმიის მოდერნიზება და გადაიარაღება შედიოდა, 2018 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროიდან.

რით გამოხატება მისი დანაშაული? - იმით, რომ მან რუსული თვითმფრინავები (Су-35-ები) და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები - С-400-ები შეისყიდა. რა ესაქმება ამერიკას ჩინეთის კონტრაქტთან? თურმე, ვაშინგტონს მსგავს შესყიდვებზე სანქციები ჰქონია დაწესებული ანუ ამერიკა ცალმხრივად აცხადებს შეზღუდვებს და აცხადებს, - ჩვენი ნებაა, რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო.

პეკინმა მიანიშნა ვაშინგტონს, რომ შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ აშშ გენერალ ლი შანფუს სანქციებს მოუხსნის. ამის პასუხად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დიდსულოვნად განაცხადა, რომ "მინისტრების შეხვედრა სანქციების მოხსნის გარეშეც შეიძლება". მოგვიანებით ვაშინგტონმა, პენტაგონის პირით, პირდაპირ განაცხადა, რომ ჩინელი მინისტრის მიმართ შემოღებულ სანქციებს არავითარ შემთხვევაში არ გააუქმებს. ჰოდა, პეკინიც გაბრაზდა და შეხვედრაზე უარი თქვა.

მოკლედ, ამერიკელებმა ჩინელები ვიწრო აზროვნებაში დაადანაშაულეს - აი, ხედავთ, რაღაც უბრალო სანქციების გამო პეკინი მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხს როგორ უდიერად ეპყრობაო. და ეს იმ დროს, როცა ჩინეთის ნაპირებთან აშშ-ის წყნარი ოკეანის მე-7 ფლოტის ხომალდები მუდმივად პატრულირებენ.

ამერიკელების გაგებით, ჩინეთი დამნაშავეა იმაშიც, რომ არადემოკრატიულ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა აქვს. მაგრამ, მოდი, ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ სიტუაციას. გეტებორგის (შვედეთის) უნივერსიტეტის მონაცემებით, გასულ წელს ამერიკამ იარაღი 142 ქვეყანას მიჰყიდა, რომელთაგან 48 ქვეყანა კლასიფიცირდება "ავტორიტარულად".

ამერიკული იარაღის გაყიდვა ისეთი დიდი მასშტაბებით ხდება, რომ ჩინეთს სრული უფლება აქვს, ვიღაც ლოიდ ოსტინებს და მის მსგავს პირებს სანქციები გამოუცხადოს. როგორ შეაფასებდნენ ამერიკელები ჩინელების ასეთ მტრულ ნაბიჯს? - ნეგატიურად, რასაკვირველია. მაგრამ ჰიპოთეტურობას და ვარაუდებს თუ გვერდზე გადავდებთ, ერთი რამ აშკარა ხდება: მთავარი ამ სიტუაციაში ისაა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მუდმივად ერთს ამბობს, მაგრამ - აკეთებს მეორეს. მკითხველმა თვითონ განსაჯოს: ვაშინგტონის მტკიცებით, მას, თითქოს და, ტაივანის სრუტეში სტატუს კვოს შენარჩუნება სურს, რეალურად კი პეკინის "წითელ ხაზებს" აბუჩად იგდებს. თეთრი სახლი ამბობს, რომ მას აწყობს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა, მაგრამ მოკავშირეებს აქეზებს, ჩინეთის ეკონომიკას ძირი გამოუთხარონ, განსაკუთრებით, მაღალი ტექნოლოგიების დარგში - "ჩიპების" (ინტეგრალური სქემების) წარმოებაში.

ჯო ბაიდენმა "დათბობა" გამოაცხადა, მაგრამ წამიც არ გასულა და ჰიროსიმაში "დიდი შვიდეულის" სამიტზე ჩინეთს "ფრონტალურად" შეუტია ყველა სპექტრის საკითხებში - პეკინის არადემოკრატიულობით დაწყებული, დასრულებული "ცისქვეშეთის" პოზიციით უკრაინის მიმართ, რომელსაც იარაღს თვითონ "შვიდეულის" წევრები აწვდიან. პროამერიკულმა მასმედიამ მყისვე აიტაცა ჯო ბაიდენის პოლიტიკური ხაზი და ამერიკა დიპლომატიურად გახსნილ ქვეყნად გამოაცხადა, ჩინეთი კი - ჯიუტ და ვიწრო აზროვნების ქვეყნად.

შეიძლება ითქვას, რომ ამერიკა ეშმაკურ დიპლომატიურ თამაშს ეწევა, რომლის საკვანძო იდეა ასე ჟღერს: "ბურთი თქვენს მოედანზეა" (ანუ "ეს თქვენი არჩევანია"). ჩინელები წინა შეხვედრების რამდენიმე რაუნდის შემდეგ ყველაფერს მიხვდნენ და განაცხადეს, რომ "ცისქვეშეთს" არ სურს იმ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, რომელიც მუდმივად ყველას ქედმაღლურად უყურებს და მათთვის სახელის გატეხვას ცდილობს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ