"კირილ ბუდანოვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია "ფეიკია" - რას აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო
რუსები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვისდაღუპვის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის (CPC) პრესსამსახური იუწყება.
მათი განმარტებით, რუსი პროპაგანდისტების მტკიცებით, ბუდანოვი ბოლო სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა და მიმდინარეობს მზადება მისი დაკრძალვისთვის.
„ინფორმაცია მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის „დაღუპვის“ შესახებ არის მტრის მორიგი „შემოგდებული“ ინფორმაცია. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლის, ალექსანდრ სირსკის ვითომდა გარდაცვალების შესახებ წარუმატებელი საინფორმაციო კამპანიის შემდეგ, რუსული პროპაგანდა კიდევ ერთხელ ცდილობს, მოსახლეობაში პანიკის დათესვას ასეთი "ფეიკის" გავრცელებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მაისში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია სამი უკრაინელი გენერლის - ვალერი ზალუჟნის, ალექსანდრ სირსკის და ტერიტორიული თავდაცვის ძალების მეთაურის, იგორ ტანციურას დაღუპვის შესახებ.
IPN