"აღარ მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი ასეთი ბედნიერი" - რას წერს გიორგი კეკელიძე? - კვირის პალიტრა

"აღარ მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი ასეთი ბედნიერი" - რას წერს გიორგი კეკელიძე?

"ჩემთვის ურთულეს დროს, ეს ადამიანი, ზუსტად ერთ დღეში გარდაისახა და წერდა: "კეკელიძე, დიდი ხანია ვიცოდი, რომ უსაშინელესი ადამიანი იყო და აუცილებელი ჩაქოლვა ეკუთვნისო", - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში და მომხმარებლებს ერთ ამბავს უზიარებს:

"წუხელ ჩემი ცხოვრების ერთი უდიდესი გამარჯვების საღამო გამოდგა. მოულოდნელად და დაუგეგმავად.

რაღაც მიღებაზე ვიყავი. ერთი უცხოელი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამომეცნაურა. რუტინული ლაპარაკი გავაბით - სკოლებზე, განათლებაზე. დასასრულს მითხრა - ,,ესა და ეს ადამიანი, თავის დროზე თქვენი რეკომენდაციით მოვიდა ჩვენთან და რა კარგი თანამშრომელიაო".

როცა ვხედავ ვინმეს, ახალგაზრდაა და თავის დამკვიდრებას ცდილობს, მით უფრო, თუ რეგიონიდან არის, საკუთარი გზა მახსენდება და ალბათ ნაწილობრივ ამ სუბიექტური განცდითაც, თვითონ რომ არ მომაკითხოს, მე ვეძახი და ვცდილობ, რამე მცირედი მაინც შევძინო მის ბრძოლას.

ჰოდა, უცხოელის მიერ ხსენებულ ადამიანს თავის დროზე მუშაობა დავაწყებინე ეროვნულ ბიბლიოთეკაში - უმსუბუქეს და დისტანციურ საქმეზე, რომ პარალელური სამსახურიც შეძლებოდა. ჩვენთან თანამშრომლობის შემდეგ, ახალი ვაკანსიის ძიებაში როცა იყო, რამდენჯერმე დავურეკე და უმნიშვნელოდ წავეშველე. თქვენობით მიმართვას და ზრდილობიან, უიშვიათეს კომუნიკაციას არ გასცდენია ჩვენი ურთიერთობა - მიმოწერას, სადაც ის ხშირად აღნიშნავდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი იქნებოდა ჩემი და მისთანანი (მერე, რამდენჯერ ჩამიხედავს ტექსტებისთვის - მისი და სხივისი მოწერილებისთვის - სევდიანადად და გაოგნებით).

ბოლოს იყო ეს რეკომენდაცია და სულ ბოლოს საოცრება: ჩემთვის ურთულეს დროს, ეს ადამიანი, ზუსტად ერთ დღეში გარდაისახა და წერდა: ,,კეკელიძე, დიდი ხანია ვიცოდი, რომ უსაშინელესი ადამიანი იყო და აუცილებელი ჩაქოლვა ეკუთვნისო". სადაც შეეძლო, ყველგან და გამორჩეული ომახიანობით.

განა ვინმესადმი სოლიდარობის გამო ხდებოდა ეს საქმე, ან რამე გლობალური სატკივარი ახუჭინებდა თვალს უახლოეს წარსულზე.

არა!

მთავარი იმ ვიწრო წრეში დამკვიდრების სურვილი იყო და ფიქრობდა, რომ დაზეპირებული ფრაზების ტრიალით იოლად მიიღწეოდა სასურველ ადგილამდე. და ალბათ მიაღწია კიდეც. შემდეგი განვითარებისთვის მე ყურადღება აღარ მიმიქცევია - უკვე ჯოჯოხეთში მივაბიჯებდი.

უბრალოდ, მაშინ დადასტურებით მივხვდი, რომ სამყარო სამართლიანობის განცდას არ ეფუძნება, რომ მადლიერებას ნებისმიერი ადამიანი იოლად აუქმებს საჭიროებისამებრ, თვით საოცრად ჰუმანური იდეოლოგიის წევრიც კი და სამწუხაროდ.

ჰოდა, ვუყურებდი ამ უცხოელს და მთელი წელიწადი ტრიალებდა თავში. გამახსენდა, როგორ ვიჯექი საავადმყოფოს აბაზანაში იატაკზე - 57 კილო, აცახცახებული. როგორ ვიჯექი დეპრესიით, დერეალიზაციით, შფოთვით და შიშით შეპყრობილი. ვიჯექი საათობით, ტრანკვილიზატორებით გამოწვეული შეუჩერებელი სლოკინის თითით შეჩერებას ვცდილობდი, ღრმად, ყელში ვაგნებდი რაღაც წერტილს, რომელზე შეხებისასაც ეს სლოკინი ერთი წუთით ჩერდებოდა და მერე ისევ გრძელდებოდა. რაღაც განწირული და უიმედო გეენა იყო და ასე გრძელდებოდა დღეები. თვეები. თავბრუ დამეხვა და მივხვდი, რომ უცებ მომინდა უცხოელისთვის რაღაც საშინელება მეთქვა - სიმართლე, მაგრამ საშინელება. ძალიან მომინდა.

დავალაგე აზრი, რომელიც ისედაც დიდი ხანია თავში მიტრიალებს. დავალაგე, თავი ავწიე, თვალებში ჩავხედე, გავიღიმე და ვუთხარი: ,,დიახ, სრულიად შესანიშნავი ადამიანი და პროფესიონალია!"

აღარ მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი ასეთი ბედნიერი.

საუკეთესო კვირას გისურვებთ ყველას.

თქვენი #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze"