"საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 პუნქტი " - რას აცხადებს ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე? - კვირის პალიტრა

"საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 პუნქტი " - რას აცხადებს ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე?

საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტი , - ამის შესახებ ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ განაცხადა.

მისი თქმით, „სლავკოვის სამეულის“ ფორმატის ქვეყნებს - ჩეხეთის რესპუბლიკას, სლოვაკეთსა და ავსტრიას - 12 რეკომენდაციის კუთხით, შეუძლიათ საქართველოს დახმარება, მაგრამ საქართველომ უნდა შეასრულოს სამუშაო და აჩვენოს რეალური ერთგულება.

როგორც მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ განაცხადა, მას და სლოვაკეთისა და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ მათ ქართველ კოლეგასთან, შალვა პაპუაშვილთან.

პეკაროვა-ადამოვას თქმით, მოელიან, რომ ნაყოფიერი შეხვედრები ექნებათ საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთანაც.

„საქართველოს, მისი მოქალაქეებისა და ლიდერების გადასაწყვეტია საკუთარი მომავალი. ჩემი ქვეყანა ძალიან ღიაა ამასთან დაკავშირებით - ევროკავშირში ინტეგრაცია მოითხოვს ბევრ მუშაობას, ბევრ კომპლექსურ რეფორმას, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს. ეს რეფორმები ევროკავშირისთვის კი არაა გასატარებელი, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, რომლითაც ყველა მოქალაქე სარგებელს ნახავს. ყველა პოლიტიკურმა ძალამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა იმუშაონ როგორც მათ შემუშავებაში, ისე განხორციელებაში. ეს არ არის პოლიტიკური სპექტრის მხოლოდ ერთი ნაწილის ექსკლუზიური სფერო. ჩეხეთის რესპუბლიკამ გაიარა ეს პროცესი, ასე რომ, ჩვენ ვიცით, რომ ეს ადვილი არ არის“, - აღნიშნა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის ხელისუფლების მიერ საჭირო სამედიცინო დახმარებაზე წვდომის მიცემა დადებითი სიგნალი იქნება ოპოზიციისთვის.

„ყველა ჩვენს ქვეყანას აქვს პოლარიზებული პოლიტიკის პრობლემები. გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადვილი არ არის, მაგრამ მოვუწოდებ საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, იმოქმედოს პასუხისმგებლობით და მიიღოს გარკვეული ზომები ნდობის აღდგენის მხრივ. ბატონი სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე წვდომის მიცემა არა მხოლოდ ვალდებულებაა - ეს ასევე დადებითი სიგნალი იქნება ოპოზიციისთვის“, - განაცხადა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

მარკეტა პეკაროვა-ადამოვას თქმით, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი საქართველოს მომავლის მიმართ.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააგრძელებს თავის ევროპულ გზას. ჩეხეთი და სლავკოვის ქვეყნები ყველაფერს გააკეთებენ თქვენს მხარდასაჭერად“, - დასძინა პეკაროვა-ადამოვამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, საქართველოში "სლავკოვის სამეულის": სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები იმყოფებიან.

"ინტერპრესნიუსი"