პუტინმა კახოვკის კაშხალი ააფეთქებინა უკრაინის არმიის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე დესანტირების ჩასაშლელად... - კვირის პალიტრა

პუტინმა კახოვკის კაშხალი ააფეთქებინა უკრაინის არმიის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე დესანტირების ჩასაშლელად...

მოხდა ის, რაც პროგნოზირებადი გახლდათ - უკრაინის მიერ კონტრშეტევების დაწყებისთანავე რუსმა ოკუპანტებმა მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს, რითაც დაიწყო მდინარის უფრო დაბალი, მარცხენა სანაპიროს დატბორვა, სწორედ იმ სანაპიროსი, რომელზეც ხერსონიდან დესანტირება აქვთ დაგეგმილი უკრაინის მოირიშე დანაყოფებს...

2-kaxovka-1686033935.png
კახოვკის კაშხალი აფეთქებამდე...

კრემლი, რა თქმა უნდა, არ აღიარებს კახოვკის კაშხალის აფეთქებას და რაღაც მითიურ საჰაერო დარტყმებზე საუბრობს უკრაინელების მხრიდან, მაგრამ ეს აბსურდია:

პირველი - კაშხლის აფეთქებით დაზიანება და დატბორვა მხოლოდ თავდაცვაში მყოფ რუს ოკუპანტებს აწყობდათ;

მეორე - საავიაციო დაბომბვით კაშხლის ასე დაზიანება შეუძლებელია და კარგად ჩანს, რომ კაშხალი ნაწილობრივ დაანგრია იმ აფეთქებების სერიამ, რაც უშუალოდ კაშხლის კონსტრუქციაში წინასწარ ჩადებულმა რამდენიმე ტონა ტროტილმა გამოიწვია;

მესამე - კახოვკის კაშხალს დღემდე რუსი ოკუპანტები აკონტროლებდნენ, ასე რომ, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ ვინ შეიტანა ტონობით ტროტილი კაშხლის შონორებში (ჩამკეტებში).

აფეთქების შედეგად კახოვკის კაშხლის 28 სადინარიდან 11 ჩამოიშალა და დაგუბებული დნეპრის წყალი საათში 15 სმ-ით იკლებს კაშხლის წყალსაცავში, რამაც შეიძლება 80-მდე დასახლებული პუნქტი დატბოროს, მარცხენა სანაპიროზე, ასევე - დნეპრის დელტაში მდებარე კუნძულების ნაწილი.

ფაქტობრივად, პუტინმა მიბაძა კრემლის კიდევ ერთ, ისტორიულ ბინადარს - სტალინს, როდესაც, მისი ბრძანებით, 82 წლის წინ იმავე დნეპრზე უზარმაზარი „დნეპროჰესის“ კაშხალი ააფეთქეს...

სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2022 წლის 24 ოქტომბრის ჩემს ბლოგში - „ხერსონიდან გაქცევისას რუსები კახოვკის კაშხალს ააფეთქებენ?“ ვწერდი: „…ეტყობა, რუსი ოკუპანტები ისე არ დატოვებენ დნეპრის მარჯვენა სანაპიროს, უკრაინას უდიდესი, თითქმის გლობალური მასშტაბის პრობლემა არ დაუტოვონ.

ლაპარაკია კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის შესაძლო აფეთქებაზე, რის შემთხვევაშიც 80-მდე უკრაინული დასახლება დაიტბორება და რაც მთავარია, უკრაინის არმიის მძიმე ჯავშანტექნიკას ძალზე გაუჭირდება კონტრიერიშების გაგრძელება.

3-kaxovka-1686033969.png
მდინარე დნეპრის დინება კახოვკის კაშხლის ქვემოთ, მის აფეთქებამდე...

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე რუს ოკუპანტებს დაყენებული ჰყავთ ტროტილით დატვირთული ორი "კამაზი", რამდენიმე ათეული ტონა ტროტილის აფეთქება კი კაშხალს შუაზე გახლეჩს...

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის სიგრძე (მიწაყრილი დამბების გარეშე) ნახევარ კმ-ზე მეტია და აკავებს 18 კუბ/კმ მოცულობის წყალსაცავს. რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რა კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს აფეთქებების შედეგად გარღვეული კაშხლიდან ამ მოცულობის წყლის გადმოხეთქვას.

ტერიტორიების ხელოვნური დატბორვა მოწინააღმდეგის შეტევების შესაფერხებლად დღეს არ მოუგონიათ. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინაში უკანდახეულმა საბჭოთა ჯარმა 1941 წლის 18 აგვისტოს ააფეთქა "დნეპროჰესის" უზარმაზარი კაშხალი, რის შედეგადაც დაიტბორა ზაპოროჟიეს ნაწილი, თუმცა გერმანელებზე მეტად თავად საბჭოთა არმიის დანაყოფები დაზარალდნენ, ვეღარ დაიხიეს სწრაფად უკან და იძულებული გახდნენ, დანებებოდნენ მოწინააღმდეგეს. ამასთან, დაიღუპა ევაკუირებული მოქალაქეების დიდი ნაწილი, რომლებისთვისაც მოულოდნელობად იქცა კაშხალზე მძლავრი აფეთქებების სერია.

მეორე მსოფლიო ომის დროს მოწინააღმდეგის წყალსაცავებზე კაშხლების დანგრევასა და ტერიტორიების ხელოვნურად დატბორვას ბრიტანელებმაც მიმართეს. 1943 წელს გერმანიაში, მდინარე ედერზე, ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული სპეციალური „მხტუნავი“ ბომბებით გაარღვიეს მიონეს კაშხალი და რურის ველზე წყალდიდობა გამოიწვიეს, რასაც 1 600-მდე ადამიანი შეეწირა.

საერთოდ, ფრონტის ხაზი ხშირად ეწყობა მდინარეების კალაპოტის გასწვრივ, რადგან თავად მდინარე წარმოადგენს ბუნებრივ დაბრკოლებას შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგისთვის - მდინარის გადასალახავად მას სპეციალური საინჟინრო საშუალებები - პონტონები სჭირდება.

სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც რუსი ოკუპანტების კოლონები ცხინვალს მოადგნენ, მათ შემადგენლობაში პონტონიანი სატვირთო "კრაზებიც" იყო - ანუ მოწინააღმდეგე არ გამორიცხავდა, რომ ქართველ სამხედროებს შეიძლება აეფეთქებინათ საავტომობილო ხიდი ცხინვალამდე, დიდ გუფთასთან და შეტევის გასაგრძელებლად რუსებს პონტონები დასჭირდებოდათ. თუმცა ხიდები არავის აუფეთქებია“.

ამ ომის დასაწყისში, როდესაც რუსეთის არმია ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან მიადგა უკრაინის დედაქალაქს და მის დაპყრობას ცდილობდა, უკრაინულმა მხარემაც გახსნა წყლის სადინარები კიევის წყალსაცავიდან და დატბორა გარკვეული ტერიტორია, რამაც მნიშვნელოვნად გაუძნელა შეტევა რუსი ოკუპანტების მძიმე ჯავშანტექნიკას...

4-kaxovka-1686034005.png
კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად წყალსაცავიდან გადმოღვრილი წყლის დიდი მასების მიერ დნეპრის მარცხენა სანაპიროსა და დელტის კუნძულების დატბორვის სავარაუდო ფართობი...

კახოვკის კაშხლის აფეთქებამ და წყალსაცავიდან წყლის დიდი მასის გადინებამ შეიძლება გარკვეული პრობლემები შეუქმნას ზაპოროჟიეს ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს, რადგან მისი ექვსი ატომური ენერგობლოკის გაგრილების სისტემა სწორედ დნეპრის წყალს იყენებს და მდინარეში წყლის დონის მნიშვნელოვნად დაცემამ შეიძლება გაართულოს გაგრილების სისტემის საშტატო მუშაობა.

აფეთქების შემდეგ გავრცელებულ ფოტოვიდეოკადრებში მოჩანს, რომ მიუხედავად დიდი სიმძლავრის აფეთქებისა, დანგრევას გადაურჩა კახოვკის კაშხლის ფუნდამენტი და მდინარის წყლის ნაკადი მასზე გადადის ანუ ეს ფუნდამენტი კიდევ აკავებს წყალსაცავში დაგროვებულ წყლის დიდ მოცულობას. ეს ფუნდამენტიც რომ დაენგრია აფეთქების ძალას, წყალსაცავში დაგროვებული წყლის უზარმაზარი მოცულობა დიდი სისწრაფით წალეკავდა ყველაფერს თავის გზაზე...