"ლიას ასთმა აწუხებდა და როცა შეტევა მოსვლია, სახლში არავინ ყოფილა" - როგორ იხსენებენ ახლობლები მაიორ ქალს?
ამერიკაში, ნიუ-იორკში ქართველი ემიგრანტი, პოლიციის მაიორი ლია პარკაული გარდაიცვალა. მაიორი ლია პარკაული 1987 წლიდან 2013 წლის 8 ოქტომბრამდე შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მსახურობდა. მისი საქმიანობა სს სამძებრო განყოფილებიდან დაიწყო (სადაც გამომძიებლად მუშაობდა), პრეზიდენტის ესკორტში გაგრძელდა და საპატრულო პოლიციაში ათწლიანი სამსახურით დასრულდა. ბოლო წლებში ის ვაკე-საბურთალოს რაიონში პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა და ამ სფეროში პიონერი ქალი იყო.
ლია პარკაული ქვეყნის დატოვებამდე იმჟამინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალწლიანი ერთგული სამსახურისთვის მედლით - "20 წელი უმწიკვლო სამსახურისთვის" დააჯილდოვა.
გამოცდილმა პოლიციელმა საქართველოს შს სამინისტროს უწყებიდან წასვლა ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ სფეროში საქმიანობის გაგრძელების მიზნით გადაწყვიტა, 2013 წელს საქართველო დატოვა და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა.
"მსურს ოკეანის გაღმა ვცადო ბედი და ძალები მოვსინჯო, სანამ ახალგაზრდა ვარ და მუხლი და გონება მიჭრის. ოთხი წლის წინ გავიარე სპეციალური კურსები ამერიკაში, ექსტერნად ჩავაბარე გამოცდა და მაქვს სერტიფიკატი. 2008 წელს მოვხვდი 50-დან 5 წარჩინებულ სტუდენტს შორის და FBI-დან აშშ-ს საელჩოში ხუთივეზე მოვიდა მოწვევა. საბუთები გამზადებული მქონდა და 2008 წლის 9 აგვისტოს მივფრინავდი, თუმცა მოგეხსენებათ, 8 აგვისტოს ომი დაიწყო და ეს პროექტი შეჩერდა. ამის შემდეგ სულ ამაზე ვფიქრობდი, ახლაც მივიღე შემოთავაზება და გადავწყვიტე გავიარო ექვსთვიანი გადამზადების კურსები FBI-ში, პარალელურად კი ვიმუშავებ" - ამბობდა ლია პარკაული წასვლამდე ჩვენთან ინტერვიუში.
AMBEBI.GE ლიას დას, ლალი პარკაულს ესაუბრა:
"ლიკა ამერიკაში10 წლის წინ FBI-ის კურსებისთვის წავიდა და დარჩა. გადამზადება მოახერხა, მაგრამ იქ ვერ დასაქმდა, საბუთები არ ჰქონდა წესრიგში და ამის გარეშე სახელმწიფო სამსახურში არავინ დააწყებინებდა მუშაობას. ლიკა ფიქრობდა, ამ კვალიფიკაციით რომ ჩამოვიდოდა, საქართველოში გააგრძელებდა მუშაობას, თან მაიორი იყო. მისთვის ეს პროფესია ყველაფერი იყო, ამისთვის იყო დაბადებული და ისეთი საგმირო საქმეები აქვს ჩადენილი, მამაკაცებსაც შეშურდებოდათ. ის მოწოდებით პოლიციელი იყო. ბოლო დროს ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს, ასთმა აწუხებდა, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა ალერგიულ ფონზე, განსაკუთრებით გაზაფხულ-შემოდგომაზე უმწვავდებოდა მდგომარეობა. ლიკას ჩამოსვლა გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ... უბედურება ისაა, სახლში არავინ იყო, რომ მიხმარებოდა. ნაქირავებ ბინაში ორნი ცხოვრობდნენ, მეორე ქალბატონი დილით დაბრუნდა სამსახურიდან და ლიკა გარდაცვლილი დახვდა. ჩემი და აივანზე ნახეს, თითზე სატურაციის აპარატი ეკეთა და მეორე ხელში „სალბუტამოლის“ აეროზოლი ეჭირა. ეტყობა, თვითონ შეისხურა, მაგრამ არ უშველა. ლიკას ერთი წლის წინაც ჰქონდა შეტევა, ქუჩაში იყო მეგობრებთან ერთად, მათ დროულად გამოიძახეს სასწრაფო და უშველეს. ახლა რადგან მარტო იყო, ვერავინ დაეხმარა. ლიკა ერთ ოჯახში მუშაობდა, საბუთები ვერ გააკეთა, რადგან ძვირია, თან დიდი დროც უნდა. დიდხანს დარჩენას აღარ აპირებდა, სადღაც 1 - 2 თვეში უნდა წამოსულიყო. ლიკას უყვარდა სიურპრიზები, ვფიქრობ, წინასწარ არც გვეტყოდა, ისე დაგვადგებოდა თავზე. გააგრძელეთ კითხვა