"როგორ დაემხობა პუტინის რეჟიმი" - რას წერს გერმანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"როგორ დაემხობა პუტინის რეჟიმი" - რას წერს გერმანული გამოცემა

გერმანული სამაუწყებლო კომპანია "დოიჩე ველე" (Deustche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატია-რეპორტაჟს სათაურით - "როგორ დაემხობა პუტინის რეჟიმი: რუსული ოპოზიციის ახალი ნაბიჯები" (ავტორი - ქსენია პოლსკაია), რომელშიც მიმოხილულია ბრიუსელში შეკრებილი რუსული ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა. მასალაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის ერთ ნაწილს რუსეთში პუტინის ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის მიზნით დემოკრატიული სტრატეგიის შემუშავება სურს, მაგრამ არის მეორე ნაწილიც - შეიარაღებული ოპოზიცია, რომელსაც სხვა გეგმები აქვს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობაში, 5 ივნისს ფორუმ "ბრიუსელის დიალოგის" მონაწილეები ორი დღით შეიკრიბნენ - რუსული დემოკრატიული ძალების წარმომადგენლები, ოპოზიციონერები, რომლებიც დღეს საზღვარგარეთ ცხოვრობენ და მოღვაწეობენ: არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ - აქტივისტები, ჟურნალისტები, პუბლიცისტები, იურისტები, ექსპერტ-პოლიტოლოგები. ფართო დარბაზში ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავთ - აქაა მიხეილ ხოდორკოვსკი, ჟანა ნემცოვა, დიმიტრი გუდკოვი, ვლადიმერ მილოვი, მაქსიმ კაცი, ბორის აკუნინი, გალინა ტიმჩენკო, ევგენი კისელევი, ეკატერინე შულმანი. ვიდეოკავშირით ერთვებიან გარი კასპაროვი და დიმიტრი მურატოვი. თუმცა ყველას "თვალში აკლდა" ალექსი ნავალნის მხარდამჭერები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო უარი განაცხადეს ფორუმში მონაწილეობაზე.

ბევრი გამომსვლელი ციტირებდა "ბერლინის დეკლარაციას", რომელიც რუსმა ოპოზიციონერებმა გასული წლის 30 აპრილის შეკრების დროს მიიღეს. ამ დოკუმენტში რუსული დემოკრატიული მოძრაობის 68 წარმომადგენელმა უკრაინის ომს დანაშაულებრივი უწოდა და ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ლიკვიდაცია მოითხოვა. მათი განცხადებით, აუცილებელია რუსეთმა უკრაინას რეპარაცია გადაუხადოს მიყენებული ზარალის გამო. რუსი ოპოზიციონერები მოითხოვენ, აგრეთვე, თავიანთი ქვეყნის ხელისუფლების დასჯას სამხედრო დანაშაულის ჩადენის გამო, აგრეთვე, პოლიტპატიმრების ციხეებიდან გამოშვებას და სამხედრო ტყვეების გათავისუფლებას.

რასაკვირველია, ოპოზიციონერებს ერთმანეთისაგან განსხვავებული აზრებიც აქვთ, რაც მიხეილ ხოდორკოვსკიმ თავისი გამოსვლის დროს დააფიქსირა: "არის საკითხები, რომელთა მიმართ ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს და ასეთებად დავრჩებით, რადგან სწორედ ესაა თანამედროვე დემოკრატიის არსი. მართალია, ჩვენ რუსეთის მთლიან მოსახლეობას არ წარმოვადგენთ, მაგრამ ვართ რუსული საზოგადოების ომის მოწინააღმდეგე დემოკრატიული ნაწილი, რომელიც, იმედი მაქვს, ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს".

"ჯერ უკრაინის გამარჯვება, შემდეგ - რუსეთის დემოკრატიზაცია"

მიხეილ ხოდორკოვსკის თქმით, რუსეთის დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფის მიზნით, დღეს აუცილებელია ერთობლივი, კოალიციური მუშაობის სწავლა - უკრაინის დახმარების მაგალითზე: ომის საწინააღმდეგო აქციების ერთობლივად ჩატარება, ბრძოლა დეზინფორმაციისა და ყალბი პროპაგანდის წინააღმდეგ. "ვლადიმერ პუტინთან გრძელი ან საშუალოვადიანი შეთანხმების დადება ჩვენს ინტერესებში არ შედის. კრემლის რეჟიმი უნდა დაირღვეს და განადგურდეს. სხვა გზა მშვიდობიანი და ნორმალური მომავლის მისაღწევად არც რუსეთისათვის, არც ევროპისათვის და არც მსოფლიოსათვის არ არსებობს", - განაცხადა მიხეილ ხოდორკოვსკიმ.

"რუსეთში ნებისმიერი ცვლილების განხორციელების პირობას კი უკრაინის გამარჯვება წარმოადგენს", - თქვა თავის მხრივ გარი კასპაროვმა და აღნიშნა: "რუსეთში დემოკრატიის დამყარების გზა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის არმიის სრული დამარცხების შედეგად იქნება გაკვალული". მისი თქმით, გარანტია, რომ რუსეთი აუცილებლად დემოკრატიული გახდება, დღეს არ არის, მაგრამ ოპოზიციამ ამისთვის ევროპასთან, დასავლეთთან ერთად უნდა იმუშაოს. "ჩვენთვის ამჟამად მთავარია შევიმუშაოთ ერთობლივი მოქმედების სტრატეგია და მოვემზადოთ იმ მომენტისათვის, როცა უკრაინა პუტინის არმიას გაანადგურებს", - აცხადებს ოპოზიციონერი მოღვაწე.

დასავლური იარაღი უკრაინისათვის: რუსეთის ოპოზიციის აზრი

ფორუმზე განიხილეს ავტორიტარიზმიდან დემოკრატიაზე რუსეთის გადასვლის სხვადასხვა სცენარი, მაგალითად: თუ რუსეთი მთლიანად ან ნაწილობრივ დამარცხდება უკრაინასთან ომში, მას ვლადიმერ პუტინის რეჟიმის კრახიც უნდა მოჰყვეს. მართალია, არც ერთ გამომსვლელს არ უთქვამს, თუ კონკრეტულად რომელ მომენტში და როგორ მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც ევროდეპუტატმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, ამ საკითხში კოლოსალური როლი რუსული ოპოზიციიის კონსოლიდაციამაც უნდა შეასრულოს.

მისი ლოგიკა ასეთია: დასავლეთს რომ იმ ქაოსის არ შეეშინდეს, რომელიც შეიძლება რუსეთში დაიწყოს მოსკოვის დამარცხების შედეგად, ამისათვის მან [დასავლეთმა] უნდა დაინახოს ომისშემდგომ რუსეთში დემოკრატიის განვითარების შესაძლებლობა. თუ ამას ვერ დაინახავს, მაშინ ყოყმანს დაიწყებს და უკრაინას საკმარის იარაღს არ მიაწოდებს, რუსეთის დასამარცხებლად.

"ასე რომ, რუსეთში დემოკრატიაზე გადასვლის შესაძლებლობა დამოკიდებულია უკრაინის გამარჯვებაზე. თავის მხრივ, უკრაინის გამარჯვება დამოკიდებულია დასავლური იარაღის მიწოდებაზე, ხოლო მიწოდებას განაპირობებს დასავლეთის რწმენა იმის შესახებ, რომ რუსეთი დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნება. ეს რწმენა დამოკიდებულია რუსეთის ოპოზიციის უნარზე, დააჯეროს დასავლეთი ამ მიზნის მისაღწევაში თავის სტრატეგიითა და ერთიანობით", - ხაზი გაუსვა ანდრიუს კუბილიუსმა, რომელიც ფორუმის ერთ-ერთ ორგანიზატორსაც წარმოადგენს.

პუტინის რეჟიმის დამხობა იარაღით

რასაკვირველია, გამომსვლელებს დარბაზში მყოფი რუსული შეიარაღებული ოპოზიციის პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენელი ალექსი ბარანოვსკიც უსმენდა, რომელმაც დემოკრატები გააკრიტიკა: "რისთვის შეიკრიბეთ, არავითარი კონკრეტული წინადადება არ გაქვთ, უბრალოდ, ლაპარაკობთ და - მეტი არაფერი". მან დადებითად შეაფასა უფრო ადრე მიღებული "ბერლინის დეკლარაცია", მაგრამ აღნიშნა, რომ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა გვიანდება: "დღეს რეალურ პოლიტიკას მხოლოდ შეიარაღებული ხალხი ახორციელებს - "თავისუფალი რუსეთის ლეგიონი", "რუს მოხალისეთა კორპუსი" ანუ ისინი, რომლებმაც რუსეთის ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე უკვე შექმნეს კრემლის რეჟიმის კონტროლისგან გათავისუფლებული ანკლავი. მთავარი ისაა, რომ რუსეთში უკვე არსებობს პუტინიზმისაგან თავისუფალი ტერიტორია - აი, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ანკლავში აუცილებელია დროებითი ადმინისტრაციის შექმნა, აუცილებელია მისი მართვა, კანონების გავრცელება... აი, ამაზე უნდა დავიწყოთ დისკუსია და არა იმაზე, რომ ოპოზიცია რუსეთში დაბრუნდება და არჩევნებს მოიგებს".

ალექსი ბარანოვსკის თქმით, რუსული ოპოზიციის უმრავლესობას ეშინია იმაზე საუბარი, რომ რუსეთში დემოკრატიის დამყარება იარაღით უნდა მოხდეს. კითხვაზე, ვის წინააღმდეგ უნდა იქნეს მიმართული იარაღი, მან განაცხადა, რომ უპირველესად ევგენი პრიგოჟინის "ვაგნერ-ჯგუფის" წინააღმდეგ: "რუსეთის რეგულარულ არმიას უკრაინის არმიაც დაამარცხებს კონტრშეტევის შედეგად. როცა უკრაინელები ყირიმს გაათავისუფლებენ, სისტემა პარალიზდება. რუსმა გენერლებმა და ძალოვნებმა მშვენივრად იციან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ სიტუაციაში: ისინი იტყვიან, რომ მათ ბრძანება არ მიუღიათ. მოხდება ისე, როგორც მოხდა ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმის დაცემა. აი, რაც შეეხება ევგენი პრიგოჟინს, ის ასე იოლად ხელისუფლებას არავის არ ჩააბარებს და მას იარაღით ჩვენ გავუსწორდებით", - პროგნოზირებს ალექსი ბარანოვსკი. მისი მტკიცე რწმენით, რუსული ძალოვანი სტრუქტურები და არმია ბრძოლაში გამარჯვებულის მხარეზე გადავლენ.

რა განაპირობებს რუსეთის მომავალს

ცხადია, კონკრეტიკა ფორუმზე მაინც გამოჩნდა: მაგალითად, რუსმა ოპოზიციონერმა იურისტებმა და უფლებადამცველებმა მოამზადეს "ბრიუსელის დეკლარაცია", რომელშიც გათვალისწინებულია საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა რუსეთის ხელმძღვანელი დამნაშავე პირების დასასჯელად, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყების გამო. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიაა და დასავლეთმა რუსი საზოგადოების ხმა აუცილებლად უნდა მოისმინოს", - ხაზი გაუსვა დეკლარაციის ერთ-ერთმა ავტორმა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა გლებ ბოგუშმა, - "სრულფასოვანი მშვიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება, როცა რუსეთი საერთაშორისო სამართალს დაუბრუნდება - იმ სამართალს, რომელიც დამნაშავეების დასჯას ითვალისწინებს. მშვიდობა მართლმსაჯულების გარეშე შეუძლებელია".

ექსპერტმა აღიარა, რომ რომ ეს მხოლოდ პირველ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, თუმცა დარწმუნებულია, რომ თითოეული ყველაფერს გააკეთებს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. "ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის პოზიციას საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საკითხში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკრაინასთან შესარიგებლად. ამის საწინდარს კი ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის განხორციელება წარმოადგენს", - დაასკვნა იურისტმა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ