უკრაინელების კომბაინების აფეთქება შოიგუმ გერმანული "ლეოპარდების" განადგურებად გაასაღა... - კვირის პალიტრა

უკრაინელების კომბაინების აფეთქება შოიგუმ გერმანული "ლეოპარდების" განადგურებად გაასაღა...

რუსეთის არმიაში დიდი ჯილდო აქვთ დაწესებული მათთვის, ვინც ბრძოლის ველზე პირველ "ლეოპარდი-2"-ის ტიპის ტანკს გაუნადგურებს უკრაინელებს.

ალბათ ამიტომაც, რუს ოკუპანტებს ყველგან ეს "ლეოპარდები" ელანდებათ და პირველი მათგანი ჯერ კიდევ სამი თვის წინ "ააფეთქეს", მაშინ, როდესაც ამ ტიპის ტანკები ჩატანილიც კი არ იყო უკრაინის მიწაზე.

მაგრამ ერთია, რომელიმე რუსი პროპაგანდისტის "ყვირილი" სოციალურ ქსელებში "ლეოპარდის" მორიგ "აფეთქებაზე" და სულ სხვა დონეა, როდესაც თავად რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ ოფიციალურად აცხადებს 8(რვა) განადგურებული "ლეოპარდის" შესახებ და ამის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავისი მინისტრის სიტყვების დამადასტურებელ ვიდეოკადრებს ავრცელებს, სადაც თითქოს სწორედ ამ "ლეოპარდების" აფეთქების მომენტებია გამოსახული...

ვიდეო გადაღებულია რუსული Ка-52 "ალიგატორის" ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენის ოპტიკურ-ელექტრონული სამიზნე მოწყობილობის მიერ, შორი მანძილიდან და აჩვენებს "ალიგატორიდან" გაშვებული მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის მოხვედრას მინდორში უძრავად მდგარ რაღაც ტექნიკაზე...

2-trak-1686115732.jpg
რუსული „ალიგატორის“ ოპტიკურ სამიზნეში აღმოჩენილი უკრაინელების გერმანული „ტანკები“, რომლებიც სინამდვილეში ამერიკული კომბაინები აღმოჩნდნენ...

სულ მცირეოდენი ანალიზი დასჭირდათ სამხედრო საქმეში მეტნაკლებად გათვითცნობიერებულ ბლოგერებს, მათ შორის - თავად რუსების რიგებში, რომ თავიანთი თავდაცვის მინისტრისა და მისი სამინისტროს სამარცხვინო ტყუილი გამოეაშკარავებინათ...

რუსული "ალიგატორიდან" გაშვებული მართვადი რაკეტა მართლაც ხვდება და აფეთქებს მინდორში უძრავად მდგარ ტექნიკას, მაგრამ ისინი "ლეოპარდ-2"-ის ტიპის ტანკები კი არა, არამედ... ჩვეულებრივი კომბაინები არიან...

ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი - რუსული წარმოების ოპტიკურ-ელექტრონული სამიზნე მოწყობილობები მაღალი ხარისხით არასდროს გამოირჩეოდნენ, მაგრამ როგორ მოხდა, რომ ჯერ რუსული "ალიგატორის" ეკიპაჟმა კომბაინი ტანკისგან ვერ გაარჩია (რაც ასე თუ ისე დასაშვებია ექსტრემალურ სიტუაციაში, როდესაც რუსი პილოტები ყოველ წამს "სტინგერის" საზენიტო რაკეტის მოხვედრას ელოდებიან), ხოლო შემდეგ რუსეთის გენშტაბში, კომპიუტერებთან მსხდომი მაღალჩინოსანი ოფიცრები ვერ მიხვდნენ, რომ "ალიგატორის" ოპტიკურ სამიზნეში ამოღებულ ტექნიკას ბორბლები ეყენა, ხოლო რაც მათ ტანკის ლულად მიიჩნიეს, სინამდვილეში კომბაინის გრძელი "მკლავი" გახლდათ, აღებული ხორბლის სატვირთო მანქანების ძარაში ჩასაყრელად...

თუმცა მორიგ სერიოზულ ტყუილში გამოჭერილ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთი რამ მაინც დარჩა სანუგეშოდ - "ლეოპარდების" ნაცვლად შეცდომით აფეთქებული უკრაინელების კომბაინები და შესაწამლი მანქანები... ამერიკული წარმოებისა გახლდათ და ეს რომ თავიდან სცოდნოდა შოიგუს, გერმანული "ლეოპარდების" ნაცვლად, ალბათ, ამერიკული "აბრამსების" "განადგურებას" მიახარებდა რუსეთის მოსახლეობის იმ უდიდეს ნაწილს, რომელიც სრულ მხარდაჭერას უცხადებს პუტინის რეჟიმს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში, ისევე, როგორც 80 წლის წინ აკეთებდა ამას გერმანიის თითქმის მთელი მოსახლეობა ჰიტლერის მხარდაჭერისას და როგორ დაამთავრა მაშინ ჰიტლერმა და მთლიანად მესამე რაიხმა, ისტორიაში კარგადაა ცნობილი...

დღეს, როდესაც თითქმის ყველა მობილურ ტელეფონს ვიდეოკამერა უყენია, მათი მფლობელები ერთგვარ "მინიტელესტუდიებად" გადაიქცნენ და წამებში შეუძლიათ არა მარტო დააფიქსირონ კონკრეტული შემთხვევა, არამედ - სოციალური ქსელების საშუალებით მთელი მსოფლიოს სანახავად გაავრცელონ...

ამიტომაც დღეს ობივატელს ნაკლებად სჯერა ომში მონაწილე ერთი თუ მეორე მხარის მტკიცება, მოწინააღმდეგის ამდენი ტანკის აფეთქებისა თუ იმდენი თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, თუკი ეს ინფორმაცია არ არის გამყარებული ამის დამადასტურებელი შესაბამისი ფოტოვიდეომასალით.

ბრძოლის ველზე ვიდეოკამერებით აღჭურვილი დრონების მასობრივი გამოყენების პირობებში, სამიზნის დაზიანების ვიდეოფიქსაციის პრობლემა თითქმის გადაწყდა, თუმცა ვიდეოკადრების ხარისხი ხშირად მოიკოჭლებს.

გარდა ვიდეოკამერიანი დრონებისა, ფრონტის ხაზის გაყოლებით მოწინააღმდეგე მხარეები ხშირად ამონტაჟებენ შენიღბულ კოშკურებს და მათზე მძლავრ სათვალთვალო ოპტიკურ-ელექტრონულ მოწყობილობებს ათავსებენ.

ამას ემატება საბრძოლო მოქმედებების რაიონების თითქმის ონლაინ რეჟიმში მიმდინარე ფოტოვიდეოკონტროლი, რაც სადაზვერვო თანამგზავრებიდან ხორციელდება და მათ თავიანთი თანამედროვე აპარატურით დედამიწაზე არათუ ტანკის, თითოეული ადამიანის სხეულის გარჩევაც კი შეუძლიათ.

მოკლედ, თანამედროვე ომები უკვე ერთგვარ ონლაინ-ვიდეოთამაშს ემსგავსება, რომელშიც თითქმის ყველა, ასე თუ ისე მნიშვნელოვანი მოქმედება აუცილებლად იქნება დაფიქსირებული და დაარქივებული შემდგომი ანალიზისთვის და ასეთ დროს კომბაინის აფეთქების გასაღება ტანკის განადგურებად ძნელად თუ ვინმეს გამოუვა...

3-dron-1686115754.jpg
ანექსირებული ყირიმის თავზე რუსი მეზენიტეების მორიგი „მეგობრული ცეცხლით“ ჩამოგდებული ირანული წარმოების იმ Mohajer-6-ის ფრთის ფრაგმენტი, რომელიც ქუჩის ძაღლმა „მონიშნა“...

P.S. სანამ შოიგუ ცდილობდა, აფეთქებული კომბაინი განადგურებულ "ლეოპარდად" შეესაღებინა რუსი ობივატელისთვის, მისმა ხელქვეითმა მეზენიტეებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი "მეგობრული ცეცხლით" და ანექსირებული ყირიმის თავზე საზენიტო რაკეტით მოზრდილი დრონი ჩამოაგდეს, მაგრამ მათი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, როდესაც ხელში ირანული წარმოების ის Mohajer-6-ი შერჩათ, რომელიც მოსკოვმა ფარულად შეიძინა თეირანისგან...