"სკოლა რომ დავამთავრე, 87 კილოგრამს ვიწონიდი, ძალიან ფუმფულა ვიყავი... ერთი ფოტო დედაჩემმა გადამალა, რომ არ გავანადგურო"
მომღერალ სოფო ბედიას ვთხოვეთ, სკოლის "ბოლო ზართან" დაკავშირებული ემოციები გაეხსენებინა: როგორ ჩაიარა ღონისძიებამ, როგორი დრო გაატარა ბანკეტზე და აშინებდა თუ არა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა...
- სკოლის დამთავრება ჩემთვის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, სტუდენტობის მოლოდინი იყო... მიუხედავად იმისა, რომ კლასელები ურთიერთობას დღემდე ვაგრძელებთ, სკოლაში სწავლის პერიოდს თავისი ხიბლი და ლაზათი აქვს - ნოსტალგია მეუფლება ხოლმე.
- ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა ხომ არ გაშინებდათ კიდეც?
- ნამდვილად არა. ყოველთვის წარჩინებული მოსწავლე ვიყავი. საერთოდ, ძალიან ოპტიმისტი ვარ, ცუდზე არასდროს ვფიქრობ... სტუდენტობისთვის ვემზადებოდი, ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებდი.
- "ბოლო ზარის" საღამოში აქტიურად მონაწილებდით?
- რასაკვირველია. მახსოვს, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული ყოველთვის აქტიური ვიყავი - ცეკვით, სიმღერით... ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო!.. სკოლა 22 წლის წინ დავამთავრე. მაშინ ასეთ ამბავს რესტორნებში დიდად არ აღნიშნავდნენ. მგონი, კლასელის სახლში შევიკრიბეთ, მანამდე სკოლაში "ბოლო ზარის" ოფიციალური ცერემონია გვქონდა. დამრიგებელთან შეთანხმებით, ღონისძიებაზე ცეკვის, სიმღერის ნომრებიც იყო. მე და ჩემი ძმა კლასელები გახლდით. საღამო ერთად მიგვყავდა. ძალიან კარგი იყო! რა თქმა უნდა, ვიმღერეთ კიდეც - ამის გარეშე ღონისძიება არ ჩაივლიდა (იღიმის).
- ვიცით, პაროდირების ნიჭი გაქვთ. მასწავლებლების პაროდიებს არ აკეთებდით?
- მაშინ მასწავლებელს პაროდიას ვინ გაუბედავდა?! ძალიან დიდი ასაკისაც არ ვარ, მაგრამ ჩემი მოსწავლეობის პერიოდში, მასწავლებლის მიმართ მეტად მოწიწებული დამოკიდებულება გვქონდა. ახლა პედაგოგი დიდთან დიდია, პატარასთან - პატარა. ეს თემა უფრო მეტად განვითარდა, რაც კარგია, მომწონს...
- სკოლის ბანკეტისთვის კაბა როგორ შეარჩიეთ?
- ბანკეტის ამბავი არ გამახსენოთ, რადგან 87 კილოგრამს ვიწონიდი. სკოლა რომ დავამთავრე, ძალიან ფუმფულა ვიყავი. ყველა მაშინდელი სურათი გავანადგურე. მგონი, ერთი ფოტო დედაჩემმა გადამალა, რომ არ ვნახო და არ გავანადგურო (იცინის). მეუბნებიან, - მაინც ლამაზი იყავიო, მაგრამ არ მომწონს. ყველა ფოტო ამიტომ გავანადგურე.
- იმ პერიოდში გარეგნობასთან დაკავშირებული მიუღებლობა გქონდათ?
- კომპლექსიანი არასოდეს ვყოფილვარ. უშნო მსუქანი მართლა არ გახლდით. უბრალოდ, იმაზე მეტი წონის ვიყავი, ვიდრე შეიძლებოდა, სკოლის მოსწავლე ყოფილიყო. ყოველთვის იმას ვიცვამდი, რაც მიხდებოდა, მაგრამ მაინც, ახლა რომ ვუკვირდები, წონაში საკმაოდ "კარგად" ვიყავი და რაღაც პროტესტის განცდები მაქვს, რა თქმა უნდა, თუმცა მაშინ არ მიმაჩნდა, რომ ჩემი ზედმეტი წონა რაღაც "ისეთი" ამბავი იყო... წონას დღემდე ვებრძვი, რომ არ მოვიმატო და სულ ფორმაში ვიყო. ჩემი თავი ყოველთვის მომწონდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ის პატარა, პუტკუნა სოფო არ მომწონს, რადგან ჩვეულებრივზე მეტი წონის იყო, თორემ დანარჩენი ყველაფერი კარგად მქონდა (იცინის).
- ბანკეტის საღამო როგორ გაატარეთ? თქვენი მეწყვილე ვინ იყო?
- მეწყვილე ჩემი ძმა გახლდათ. ყველაფერი ძალიან ლამაზი, ფანტასტიკური იყო! კარგი დრო გავატარეთ. მხიარული კლასი ვიყავით. კლასელებს დღემდე დაძმური, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.
- ბანკეტის საღამოზე დამოუკიდებლობის შეგრძნება პირველად დაგეუფლათ?
- გარკვეულწილად შეიძლება, ასეც ითქვას, რადგან უკვე უფრო მეტი მოგვეთხოვებოდა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდიოდით, წინ გამოცდები გველოდა, რომ სტუდენტები გავმხდარიყავით, ვიზრდებოდით... მეტი ენთუზიაზმი გვქონდა.
- ოდესმე ამ პროფესიით გიმუშავიათ?
- არა, რადგან სტუდენტობის დროსაც, ნელ-ნელა სცენაზე გამოჩენას ვიწყებდი. შესაბამისად, სიმღერამ მძლია... მახსოვს, უნივერსიტეტში დისერტაციის თემებზეც ვმუშაობდი. ლექტორები მეხვეწებოდნენ - სიმღერას თავი დაანებე და პროფესორს გაგხდითო, მაგრამ სიმღერა ძალიან მიყვარდა... მერე გავთხოვდი... განათლებას დრო ვეღარ დავუთმე, რომ ხარისხი დამეცვა, თორემ ამისთვის ყველანაირი მონაცემები მქონდა. მართლა კარგად ვსწავლობდი. უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული...
- სკოლის გამოსაშვები საღამოს წინსაფარი შენახული გაქვთ?
- კი, სათუთად ვინახავ, რადგან ეს არის ისტორია, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს.
- წინსაფარზე დაწერილი სამახსოვრო სურვილები ზრდასრულობისას გადაგიკითხავთ?
- კარგა ხანია, არ "გადმომიქექავს" (იცინის). არც მცალია, რომ წინსაფარი გადმოვიღო და წავიკითხო. ერთი, უნდა გადავხედო, ბავშვობა გავიხსენო...
- ვინმეს სურვილი განსაკუთრებულად ხომ არ დაგამახსოვრდათ ან მოტივაციის მომცემი ხომ არ გახდა თქვენთვის?
- ყველა მასწავლებელი, ვინც კი წინსაფარზე სურვილს აწერდა, განსაკუთრებულად მიყვარს და პატივს ვცემ... რა თქმა უნდა, კეთილი სურვილები იყო, ლექსადაც დამიწერეს... კონკრეტული წარწერა არ მახსენდება, მაგრამ ყველა კარგი იყო.
- "ბოლო ზარის", ბანკეტის ღონისძიებების დაგეგმვისას ზოგჯერ ფინანსური პრობლემა იჩენს ხოლმე თავს - ყველა ოჯახს არ აქვს საშუალება, შვილის სასკოლო ღონისძიებების ხარჯებს გასწვდეს. ამ მხრივ თქვენს კლასში როგორი სიტუაცია იყო?
- ჩვენი "ბოლო ზარის" მერე, საკმაოდ ბევრი დრო გავიდა. ისეთი ფინანსური პრობლემები, რასაც ახლა სკოლაში აწყდებიან, ჩვენი მოსწავლეობის დროს არ იყო. რასაკვირველია, ოჯახი ყოველთვის ცდილობს, შვილს გვერდით დაუდგეს. მაშინ გაჭირვების პერიოდი იყო, მაგრამ ღონისძიება მაინც შედგა, გული არავის დასწყვეტია. ერთმანეთს გვერდით ვედექით, ერთსულოვნად ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ბედნიერები ვყოფილიყავით, მთავარი ეს იყო.
- წლების მერე, კლასელები ურთიერთობის შენარჩუნებას როგორ ახერხებთ?
- ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ მაინც ვცდილობთ, ერთმანეთს ვეკონტაქტოთ, ამას სოციალური ქსელებიც ამარტივებს. გარკვეულ თარიღებს ერთად აღვნიშნავთ ხოლმე...
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"