"უსაქმური იყო, კომპიუტერთან ჯდომის გარდა, არაფერი უკეთებია... მარიტას სამსახურში აკითხავდა, მუქარები, როგორც ჩანს, მოგვიანებით დაიწყო" - რას ჰყვება ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი?
ახალგაზრდა ქალის მორიგი სასტიკი მკვლელობა თბილისში მოხდა, 27 წლის მარიტა მაზიაშვილი 31 წლის ყოფილმა მეუღლემ თოკით გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი საბარგულში ჩადო, ხევისაკენ გაემართა და იქ გადააგდო. საქმე მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ახლობლები მარიტა მაზიაშვილს დადებით და თბილ ადამიანად ახასიათებენ, რომელიც არა ერთ მათგანს ამოსდგომია მხარში. გოგონა გამუდმებით მუშაობდა, ამ გზით ცდილობდა უზრუნველეყო 11 წლის შვილი, რომელსაც მეუღლესთან განქორწინების შემდეგ ზრდიდა.
რამდენიმე ხნის წინ მარიტა მაზიაშვილმა პირად ფეისბუქ-გვერდზე დაწერა: "ოცნებები სხვადასხვაგვარია, ისევე, როგორც მისი ასრულების გზები. გამოდის, რომ არასწორი გზის არჩევის გამო შეგიძლია, ოცნებას დაემშვიდობო ისე, რომ მას ვერც მიუახლოვდე".
მარიტა მაზიაშვილის ერთ-ერთი ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, საქმის დეტალებზე საუბრობს:
- არა მგონია, მხოლოდ მე ვიყო შოკში მარიტას გარდაცვალების გამო. ვინც მას იცნობდა, დამეთანხმება, რომ ასეთი ლაღი, სიკეთით სავსე, მუდამ დასახმარებლად მზადმყოფი ადამიანი იშვიათია, ასევე - უსაზღვროდ მშრომელი და მოსიყვარულე დედა. თავისი 11 წლის თეკლასთვის არაფერი ენანებოდა. ერთადერთი შეცდომა, რაც მან დაუშვა, ალბათ, 16 წლის ასაკში იმ ნაძირალაზე გათხოვება იყო, რომელმაც შეიწირა. მარიტა მას შემდეგ ამ შეცდომის გამოსწორებას ცდილობდა თავისი შრომით. ბოლოს ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში მუშაობდა, სადაც ასევე ყველას სიყვარული დაიმსახურა. შვილის გაზრდაში კი მას მშობლები ეხმარებოდნენ. ქმართან განქორწინების შემდეგ ის მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. რაც შეეხება მკვლელს, მასთან მარიტა დიდი ხნის გაშორებული იყო. ამ დროს პატარა თეკლა საბავშვო ბაღის დაბალ ჯგუფში დადიოდა. მარიტა მაშინ ამბობდა, თეკლა ბაღს ჯერ კიდევ შეუჩვეველია, ალბათ, მე ვენატრებიო და ბავშვი ბაღიდან დროზე ადრე გამოჰყავდა, სამსახურში მიჰყავდა ხოლმე, შემდეგ დედა-შვილი ერთად მიდიოდა შინ.
- ამ დროს ყოფილი ქმარი თუ კონტაქტობდა მასთან, თუ მიდიოდა მარიტას სამსახურში?
- გაშორების შემდეგ მას მარიტასთან მისვლა-მოსვლა არ შეუწყვეტია. ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ სამსახურში აკითხავდა. მარიტას არ სიამოვნებდა, მაგრამ კონტაქტს ვერც შეწყვეტდა, რადგან საერთო შვილი ჰყავდათ, სხვა მასთან საერთო არაფერი ჰქონდა. თანაც, ეს ნაძირალა არც ემუქრებოდა, უბრალოდ, მიდიოდა და მარიტას ამაზე ნერვები ეშლებოდა.
მუქარები, როგორც ჩანს, მოგვიანებით დაიწყო, თუმცა, სხვებმა ამაზე არაფერი იცოდნენ, მარიტა ამაზე არ ლაპარაკობდა.
- გარდაცვლილის ყოფილმა ქმარმა აიყვანა ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ ბრალდებული ფსიქიკურად არის დაავადებული და ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა.
- თუ ამას იმიტომ აკეთებს, რომ პატიმრობა აარიდოს, მაშინ უსამართლო კანონმდებლობა გვქონია და ყველა საფრთხის ქვეშ ვართ. პირადად ვიცნობ ამ კაცს, ის გამორჩეული იმით არის, რომ არამზადა და უსაქმურია; თავის სიცოცხლეში, კომპიუტერთან ჯდომის გარდა, არაფერი გაუკეთებია და არც აპირებდა გაკეთებას. ფსიქიკურად გაუწონასწორებლობას არ ამჟღავნებდა. ყოველ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ადამიანმა ამდენი რამ მოიფიქროს - ავტომანქანა იქირაოს, თოკი მოიმზადოს ყოფილი ცოლის დასახრჩობად; მანამდე კი ისე დატკბეს, რომ ყოფილი ცოლი, რომელსაც მასთან კონტაქტი არ სიამოვნებს, ავტომანქანაში ჩაჯდომაზე დაითანხმოს.
ასეთი ფსიქიკურად გაუწონასწორებლობა ჩემთვის წარმოუდგენელია.
ფსიქიკურად გაუწონასწორებელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი იმდენს როგორ მოიფიქრებდა, რომ გოგო დაახრჩო, გვამი მანქანაში მანამდე დამალა, სანამ შეუმჩნეველ ადგილას, ღრმა ხევში არ გადააგდებდა, სადაც უამრავი ძაღლი დადის. ძაღლებისთვის?! როგორც ვიცი, გვამი შემთხვევით გამვლელმა აღმოაჩინა, თორემ რამდენიმე ხანში, ძაღლების გამო, ალბათ იქ აღარც იქნებოდა.
ოჯახი სამი დღის განმავლობაში ეძებდა მარიტას და მხოლოდ მეოთხე დღეს იპოვეს ასეთ მდგომარეობაში.
- გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელის კვალიც მაშინვე მოიძებნა.
- როგორც ვიცი, ის სახლში იჯდა, იმ იმედით, რომ მარიტა სამუდამოდ გააქრო. ახლა ამ კაცის ფსიქიკურ დაავადებაზე და პატიმრობის აცილებაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, არამედ იმაზე, რომ ასეთი დამნაშავე ციხიდან ვერასოდეს გამოვიდეს.
(სპეციალურად საიტისთვის)