"ზეზვა გაფრინდაულის ეროვნულ გმირად აღიარებას ვერაფრით მივაღწიეთ" - რატომ მიივიწყა სახელმწიფომ სახალხო გმირი... - კვირის პალიტრა

"ზეზვა გაფრინდაულის ეროვნულ გმირად აღიარებას ვერაფრით მივაღწიეთ" - რატომ მიივიწყა სახელმწიფომ სახალხო გმირი...

ბახტრიონის ბრძოლაში თუშების მიერ შეტანილი დიდი წვლილი დაედო საფუძვლად თუშთა გმირის - ზეზვა გაფრინდაულის მამაცობასა და ალონის ველის თუშებისთვის გადაცემას... თუშების სახალხო დღესასწაული "ზეზვაობა" 1950-იანი წლებიდან ყოველწლიურად იმართება მაისის ბოლო კვირას და ეძღვნება თუში ბელადის - ზეზვა გაფრინდაულის სახელის უკვდავყოფას... წელს, 28 მაისს, ,,ზეზვაობის" მასპინძელი იყო ადგილობრივი მოსახლეობა - მეწარმეები, საჯარო სკოლები, ფორმალური და არაფორმალური სახელოვნებო სივრცეები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ჯგუფები. დაჯილდოვდნენ წარჩინებული მოსწავლე ახალგაზრდები თუშეთის განვითარების ფონდისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის მიერ... ღონისძიების აქტიური მხარდამჭერი იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია.

გიორგი ცოცანიძე, ეთნოლოგი, მწერალი:

- ზეზვა გაფრინდაულმა გადამწყვეტი როლი ითამაშა 1659 წლის, ბახტრიონის აჯანყებაში...

არსებობს ხალხური გადმოცემა და წიგნებშიცაა გავრცელებული, რომ თათრებმა ორი მღვდელი შეურაცხყვეს და მათ ზაალ არაგვის ერისთავთან იჩივლეს. თითქოს, ასეთივე შეურაცხყოფა ზეზვა გაფრინდაულისთვის მიუყენებიათ თათრებს ალვანის ველზე და ამბობენ, რომ ზეზვა ამის გამო ძალიან განაწყენებული ამოვიდა თუშეთში...

თუშებს გომეწრის ხეობაში სათემო სალოცავი აქვთ, ხითანას ეძახიან აღნიშნულ ადგილს. აი, იმ ხითანის მიმდებარედ, როგორც ჩანს, გომეწრელების საკრებულო იყო. იქ ერთი დიდი ქვა დევს, ამ ქვას კი ზეზვაის ქვას ეძახიან... როცა ზეზვა გაფრინდაული ავიდა ამ თათრებთან კონფლიქტის შემდეგ, იქ დღესასწაული იყო... აღდგომიდან მეთოთხმეტე კვირა დღეს არის ლაშარობა და ლაშარობის მეორე დღეს - ხითანობა... დღეობაზე ხალხი რომ მოდიოდა, დაინახეს, მათი რჩეული პიროვნება - ზეზვა გაფრინდაული პატარძლის ტანსაცმელში ჩაცმული იმ ლოდზე იჯდა. მიზეზი რომ ჰკითხეს, რა ხდებაო, ზეზვამ უთხრა, კახეთს გვართმევენ, ჩვენ ხელი ვერ გამოგვიღია, ქალები ვართ, აბა, რაო... აი, მაშინ, თურმე, გომეწრელებმა ფიცი დადეს, შეხვედრის ადგილი გადაწყვიტეს და იქვე დაადგინეს, რომ საშველად მოეხმოთ ფშაველებისა და ხევსურებისთვის. ყველანი პანკისში შეიყარნენ... აი, იქიდან მიიტანეს ბახტრიონზე იერიში, ეს არის ზეპირი გადმოცემები, რაც ლექსებშიც არის ასახული... როგორც ჩანს, ზეზვა იმ ომში არ მომკვდარა... ამ ომის შემდეგ, მოგეხსენებათ, ყაენმა დამსჯელი ექსპედიცია გამოგზავნა.

ზეზვა გაფრინდაულის მეთაურობით კახეთის პატრიოტები, თუშები, ციხე-სიმაგრეში გამაგრდნენ. კახეთსა და თუშეთს შორის არის ციხე-სიმაგრე - თორღვაი, იქ იყვნენ გამაგრებულნი და პარტიზანული ომებით გამოდიოდნენ კახეთში...

თათრებმა განიზრახეს, რომ ზეზვა ტკბილი ენით ჩაეგდოთ ხელში...

ბახტრიონის აჯანყების გმირები, ერისთავები თვითონ ეახლნენ ყაენის კარზე, შეწყალების იმედი ჰქონდათ, ზეზვაც, როგორც ჩანს, მათ გაჰყვა და იმის მერე ზეზვას შესახებ აღარაფერი ისმის... არავის დაუწერია, მაგრამ ჩემი ვარაუდია, რომ ისიც იქ დაიღუპა, დასჯილი...

ოფიციალურად ეროვნული გმირის, წამებულის წოდება ზეზვა გაფრინდაულისთვის არავის მიუნიჭებია. რა თქმა უნდა, ეკუთვნის! ისე კი, სახალხო, ზეპირ გადმოცემებში ზეზვა გმირია!

ეთ­ნოგ­რა­ფი ნუგ­ზარ იდო­ი­ძე, ომა­ლო­ში თუ­შე­თის მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მის და­მა­არ­სე­ბე­ლი:

- მოგეხსენებათ, ბახტრიონის აჯანყებას თავადები შეეწირნენ, რომლებიც წმინდანებად არიან შერაცხულნი. ზუსტად იგივე წოდებას იმსახურებდა ზეზვა გაფრინდაული, ჩვენ ეს მოთხოვნა სახელმწიფო დონეზე, ეკლესიასთან გვქონდა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ არის... ზეზვა გაფრინდაულზე ფოლკლორში ძალიან ბევრი რამ არის ცნობილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ისტორიულ წყაროებში არ არის, რადგან ისტორია უფრო თავადებზე ინახავდა ცნობებს.

გიორგი ლეონიძეს ჰქონდა სტატია ზეზვა გაფრინდაულის შესახებ. ეს ადამიანი არსებობდა, იგი სახალხო გმირი იყო, მისი სახელობის დღესასწაული არსებობს, მისი სახლის ნანგრევები არის შემორჩენილი, რომელიც აღსადგენია და იმ სოფელში მოგვარეები, ზეზვას ნათესავებიც ცხოვრობენ... ოდესმე უნდა მოხდეს ამ გმირის დაფასება და მივიწყებული არ უნდა იქნას! როგორც ის თავადები იყვნენ წამებულები და ეროვნული გმირები, ისეთივე იყო ზეზვა გაფრინდაული. ამას ვერაფრით მივაღწიეთ და ეს სწორი არ არის!

ჩვენთვის, თუშებისთვის, ზეზვა ცოცხალია, გმირია, მაგრამ საზოგადოდ მისი გმირად აღიარება არა და არ გადაწყდა!

პო­ე­ტის - იო­სებ ლონ­გიშ­ვი­ლის ("რა ლა­მა­ზია თუ­შე­თი­სა" და "შა­ტი­ლის ასუ­ლოს" ავ­ტო­რი) შვი­ლი, ქრის­ტი­ნე ლონ­გიშ­ვი­ლი 12 წე­ლია, ემიგ­რა­ცი­ა­შია, იტა­ლი­ა­ში და ამ თემაზე იქიდან გვესაუბრება:

- ზეზვაობას მეც იტალიიდან ვადევნებდი თვალს... რაც შეეხება მასშტაბურობას, მოგეხსენებათ, ზეზვას დედიძმები ზემო ალვანიდან იყვნენ და ყოველ წელს ტრადიციულად დოღის მონაწილენი ამოიდიან ზემო ალვანში, დაილოცებიან და უკანვე ბრუნდებიან. ეს დახვედრა კულტურის სახლის ეზოში ხდებოდა, მცირე მასშტაბით. წელს განსაკუთრებით მოეწყო მთლიანი ეზო ტრადიციული სამზარეულოთი და ქვემო ალვანში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვით, სადაც ძირითადი ზეიმი იმართება, ხდება ზემო ალვანის პირველი, ზემო ალვანის მეორე და ქვემო ალვანის საჯარო სკოლების წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. დაჯილდოებას ახდენს თუშეთის განვითარების ფონდი, ზეიმზე წარმოდგენილია: თუშეთის დაცული ლანდშაფტი, თუშეთის ეროვნული პარკი, თუშეთის სასტუმროები, სკოლები და ინდივიდუალური მეწარმეები, ვინც თუშურ საქმეს ემსახურებიან.

ზეზვა გაფრინდაულზე მამას დაწერილ ლექსს გაგაცნობთ...

იოსებ ლონგიშვილი,1984 წელი, 26 მაისი. წაკითხულია ზეზვაობაზე:

დაგლოცავ გაფრიდაულო, ლექსის ღვინიან ყანწითა

სულით და გულით ჯილაგო ჭანგებუცვეთელ არწივთა.

გულში ფოლადი ჩაგისხა მშობელი დედის მანდილმა

და ელვის ფრთები შეიბი ქარიშხლის ფრთებზე გაზრდილმა.

ბრძოლის ქალღმერთმა დალოცა ვაკისძირს შენი აკვანი

დედა გმირის სულს გიდგამდა პატარას ხელში აყვანილს

მტერთან ბრძოლაში ბარის ხალხს მთის ფიცით დაემწყემსურე

ძმობის დროშის ქვეშ ეძახდი ფშავლებს და მამაც ხევსურებს.

ცხენის ტახტაზე გეძინა, ცხენის ტახტაზე ათევდი

ზეზვას ფრანგულის ელვის ქვეშ კანკალს იწყებდნენ თათრები,

თათრის სისხლით პირს იბანდა შენი ფრანგული მართალი

მხარიღლივ სხეპდი ურჯულოს, უტეხ მთიელთა სარდალი.

აი ის მხარე დენ ცხენმა ნალით რომ დაჰკრა ბეჭედი

ირხევა ორი ალვანი, როგორაც შენი ბეჭები.

შენზე სიმღერით მიარღვევს დღეს თუში მწყემსი მწვერვალებს

და ობელისკი ბახტრიონს შენი ხმალივით ელვარებს.

შენი ჯილაგის მართვები დღეს უსისხლო გზით მიდიან

მშვიდობის მთვარე ლურჯ ცაზე შენი ფარივით ჰკიდია.

თუშურ გარმონზე დავმღერით დღეს შენთვის დაწნულ სიმღერას

დღეს თუშთა მშვიდი ცხოვრება შენს საღარივით მიღელავს,

დღეს შენს სიცოცხლეს აპურებს შენი ამაგი პიტალო,

ამაყი მთების ლეგენდავ, ქართული ბრძოლის ტიტანო.

დაგლოცავ გაფრინდაულო ლექსის ღვინიან ყანწითა

შავი კლდის ორბის თვალებავ, ჯილაგო მამაც არწივთა.

ყვავის ის მხარეშენ ცხენმა ნალით რომ დაჰკრა ბეჭედი,

ირხევა ორი ალვანი, როგორაც შენი ბეჭები.

(სპეციალურად საიტისთვის)