"ჩემს ბანკეტზე იყვნენ ჩემი ძმა - მამუკა და ირაკლი ჭანტურია - პოეტ ტარიელ ჭანტურიას შვილი, რომელიც ძალიან კარგად მღეროდა და გოგოებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა" - კვირის პალიტრა

"ჩემს ბანკეტზე იყვნენ ჩემი ძმა - მამუკა და ირაკლი ჭანტურია - პოეტ ტარიელ ჭანტურიას შვილი, რომელიც ძალიან კარგად მღეროდა და გოგოებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა"

სკოლაში სწავლის ბოლო დღეები, "ბოლო ზარი" და გამოსაშვები საღამო უმეტესობისთვის მშვენიერ, თბილ მოგონებად რჩება. ეს დღეები ემოციური და დაუვიწყარია... ჟურნალი "გზა" დაინტერესდა, როგორ იხსენებენ ცნობილები თავიანთ სკოლას და გამოსაშვებ საღამოს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

დათო ოქიტაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი:

"სკოლის პერიოდში აუტანლად ცელქი ვიყავი! მასწავლებლები ჩემს მშობლებს ხშირად ეუბნებოდნენ, ამ ბავშვისგან არაფერი გამოვაო... გავიდა წლები, მეც დავმშვიდდი და რამდენად მართლები იყვნენ ჩემი მასწავლებლები, მკითხველმა განსაჯოს. რაც შეეხება სკოლის დამთავრებას, ეს ეტაპი ჩემს ცხოვრებაშიც განსაკუთრებული იყო: სკოლის მეგობრებს დავემშვიდობე და სულ სხვა, საკუთარი შესაძლებლობების გააზრების წლები დაიწყო..."

ზალიკო სულაკაური, მხატვარი:

"სკოლის დამთავრება და "ბოლო ზარი" ბავშვების უმეტესობას იმიტომ უხარია, რომ სკოლაში სიარული აღარ მოუწევს. ყველა ვიცნობთ მოსწავლეებს, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როგორმე სკოლას მოსწყდნენ. რა თქმა უნდა, ეს ზოგიერთი პედაგოგის "დამსახურებაა". მასწავლებელმა რაც შეიძლება მეტი სიყვარული უნდა გამოავლინოს პატარების მიმართ, რადგან ყველა კლასში არის სულ ცოტა, ერთი "ოროსანი", რომელიც მერე იყოჩაღებს და ძალიან მაგარი კაცი დადგება. სხვათა შორის, ჩვენი კლასი რომ შეიკრიბა, რამდენიმე ასეთი "ოროსანი" მოვიდა, რომელმაც სკოლის შემდეგ ბევრი იშრომა, თავისი ბიზნესი ააწყო და ახლა ყოფილ ხუთოსნებზე ბევრად უკეთ ცხოვრობს..."

ლიკა ყაზბეგი, სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელი:

"გოგონებისთვის ეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ბავშვური ასაკი სრულდება, უკვე ქალი ხდები და გინდა, ამ დღეს განსაკუთრებულ ფორმაში იყო. ისე, მე სკოლაშიც ვცდილობდი, გამორჩეულად მცმოდა და ამის გამო პედაგოგოები ხშირად მტუქსავდნენ, მაშინ სხვა ბავშვებისგან გამორჩეული არ უნდა ყოფილიყავი... მე კი ეტყობა, მომავალი პროფესია არ მასვენებდა და სულ მინდოდა, რაღაც განსხვავებული ჩამეცვა. სამწუხაროდ, ჩემი მცდელობა ყოველთვის კონფლიქტით სრულდებოდა. ალბათ ამიტომ, სკოლის დამთავრება ძალიან მიხაროდა და ის წლებიც არ მენატრება..."

თაკო ჩარკვიანი, პოლიტიკოსი:

"ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ათწლედი დავამთავრე, მანამდე 61-ე სკოლაში ვსწავლობდი, ამიტომ, ორივე კლასმა დამპატიჟა გამოსაშვებ საღამოზე. ორივე კლასში ძალიან გამიმართლა, რადგან ყველანაირად გამორჩეული ბავშვები სწავლობდნენ - ძალიან მეგობრული და კარგი კლასელები მყავდა. მაშინ გოგონები ბანკეტისთვის კაბებს საგულდაგულოდ იკერავდნენ. მეც დედაჩემის მეგობარმა შემიკერა ულამაზესი, მუქი ვარდისფერი კაბა, რომელიც შავი არშიებით იყო გაწყობილი. ბანკეტზე ყველას თავისი მეგობარი ჰყავდა დაპატიჟებული, მათ შორის იყვნენ ჩემი ძმა მამუკა ჩარკვიანი და ირაკლი ჭანტურია - პოეტ ტარიელ ჭანტურიას შვილი, რომელიც ძალიან კარგად მღეროდა და გოგოებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის დღე ძალიან კარგად მახსენდება, რადგან პირველად მაშინ გავიკეთე მაკიაჟი და გულმოდგინედ გამოვიპრანჭე..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 8 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე